ერაყში დემონსტრანტებმა მძევლები აიყვანეს – ერაყელმა დემონსტრანტებმა „ლუკოილის“ თანამშრომლები ბასრას მახლობლად, საბადო „კურნა-2“-ზე თავდასხმისას, მძევლად აიყვანეს. ერაყის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული, პროტესტის ტალღა რამდენიმე კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები აპროტესტებენ ინფრასტრუქტურის და ელექტროენერგიის არარსებობას, ასევე კორუფციას. 2-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა უწყლობასაც უჩივის და ამბობს, რომ მათ სახლებში მარილიანი წყალი მოდის. დემონსტრანტებმა ბასრაში მდებარე ირანის საკონსულო დაწვეს და თავს დაესხნენ სახანძრო მანქანებს. არეულობის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.[1]
ერაყის პარლამენტმა სუნიტი თავმჯდომარე აირჩია – ერაყის პარლამენტმა სუნიტი კანონმდებელი, მუჰამედ ალ-ჰალბოსი თავმჯდომარედ აირჩია. ჰალბოსის არჩევა ნიშნავს იმას, რომ ერაყის პარლამენტს უკვე შეუძლია, აირჩიოს სხვა ოფიციალური პირები. ეს პროცესი 90 დღეს მოიცავს. კანონმდებლებმა სამომავლოდ პრეზიდენტიც უნდა აირჩიონ. ჰალბოსი 37 წლისაა და ის ერაყის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარეა. ჰუსეინის რეჟიმის შემდეგ, ტრადიციულად, პარლამენტის თავმჯდომარე სუნიტია, ქვეყნის პრემიერი შიიტი, ხოლო პრეზიდენტი ქურთების წარმომადგენელი. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობდა 29 საარჩევნო ბლოკი, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც რადიკალი შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.[2]
ტერაქტები ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანი ემხვერპლა, 25 კი დაშავდა. ტერორისტმა თავი დემონსტრაციაზე აიფეთქა, რომელიც ეროვნული გმირის აჰმად შაჰ მასუდის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნად იმართებოდა. აფეთქება ტაიმანის რაიონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტერორისტი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.[3]
ავღანეთში აქციაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 68 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვმა 165-ს მიაღია. შემთხვევა პაკისტანის საზღვართან მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში 11 სექტემბერს მოხდა, სადაც აქციის მონაწილეები ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვნენ. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.[4]
ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს 75 წევრს სიკვდილით დასჯიან – მათ შორის არიან საძმოს ლიდერები, ესამ ელ ერიანი და მუჰამედ ბელთაგი. ისინი 2013 წელს დააპატიმრეს. საძმოს წევრებს ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს. ცნობილ ფოტოგრაფს მაჰმუდ აბოუ ზეიდს (მეტსახელად Shawkan) ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 2013 წელს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გაშუქების გამო დააკავეს. ერთი თვის წინ ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.[5]
ჟენევაში იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა – სამოქალაქო კონფლიქტში ჩართული შიიტი ჰუსიტები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ გამოცხადდნენ. ამის შესახებ იემენის საკითხებში, გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, მარტინ გრიფიტმა განაცხადა. ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ გაეროს დიპლომატი ამბოხებულ ჰუსიტებთან სანააში შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. მარტინ გრიფიტის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაიმართება. ამასთან, გაეროს დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჰუსიტების ქმედებას სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგ დაწყებულ ფუნდამენტურ ბლოკადად არ აფასებს და მოლაპარაკებების გაგრძელების იმედი აქვს. იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟევენაში 6 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. მასში მონაწილეობა სახელისუფლებო და ამბოხებულთა დელეგაციებს უნდა მიეღოთ. თუმცა ამბოხებული ჰუსიტების დელეგაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მათ სანაას საერთაშორისო აეროპორტის დატოვება ვერ მოახერხეს. მათი თქმით, კოალიციურმა ძალებმა თვითმფრინავს აფრენის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით კოალიციურმა ძალებმა ინფორმაცია უარყვეს.[6]
საუდის არაბეთში კაცი ქალთან სადილობის გამო დააკავეს – საუდის არაბეთში ეგვიპტელი მიგრანტი „უხამსი ქცევის| გამო დააკავეს. კაცმა ინტერნეტში განათავსა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ის ქალთან ერთად სადილობს. საუდელები აღშფოთდნენ იმით, რომ ნიქაბში ჩაცმული ქალი კაცს ხელით აჭმევს. ეგვიპტელი, რომელიც ბაჰაიზმის მიმდევარია, სასტუმროში დააკავეს. მას ქალთან სადილობის გარდა სასტუმროში მუშაობაშიც დასდეს ბრალი – იმიგრანტებისთვის სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობა აკრძალულია. საუდის არაბეთის შრომის სამინისტრომ დაკითხვაზე სასტუმროს მფლობელიც დაიბარა.[7]
ეთიოპიასა და ერიტრეას შორის საზღვარი 20 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა – ერიტრეას პრეზიდენტი ისაიას აფევერკი და ეთიოპიის ახალი რეფორმატორი პრემიერმინისტრი, ები აჰმედი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ერიტრეის პირველმა პირმა ეთიოპიის პრემიერს ახალი წელი მიულოცა (ეთიოპური კალენდარი გრიოგორიანულ კალენდარს დაახლოებით 8 წლით ჩამორჩება. ის 13 თვისგან შედგება, რის გამოც ახალი წელი ეთიოპიელებისთვის სექტემბერშია). ლიდერებმა ჩრდილოეთ ეთიოპიაში, ქალაქ ზალამბბესაში სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნეს. 14 ივლისს ერიტრეას პრეზიდენტი, ქვეყნებს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ეთიოპიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ცოტა ხნის წინ გაუქმდა. 18 ივლისს ეთიოპია-ერიტრეას შორის პირველი ავიარეისი შესრულდა. ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[8]
[1] Daily Sabah; Likoil employees held hostage by protesters in Iraq’s Basra freed; 8 September, 2018; available at: https://www.dailysabah.com/mideast/2018/09/07/lukoil-employees-held-hostage-by-protesters-in-iraqs-basra-freed
[2] Reuters; Iraq parliament elects Sunni lawmaker al-Halbousi as speaker, breaking deadlock; By Raya Jalabi, Ahmed Rasheed; 15 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-politics/iraq-parliament-elects-sunni-lawmaker-al-halbousi-as-speaker-breaking-deadlock-idUSKCN1LV0BH?feedType=RSS&feedName=worldNews&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Reuters%2FworldNews+%28Reuters+World+News%29
[3] Tolo News; Suicide bomber targeted Massoud supporters in Kabul; 9 September, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/suicide-bomber-targeted-massoud-supporters-kabul
[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 70-ს მიაღწია; 12 სექტემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/77234/avganetshi-teraqtis-mskhverplta-ritskhvma-70s-miagtsia
[5] Aljazeera; Egypt sentences 75 to death over Rabaa protests; 9 September, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/09/egypt-sentences-75-death-rabaa-protests-180908092058638.html
[6] Reuters; Yemen peace talks collapse in Geneva after Houthi no-show; By Stephanie Nebehay; 8 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-un/yemen-peace-talks-collapse-in-geneva-after-houthi-no-show-idUSKCN1LO08Z
[7] Reuters; Saudi Arabia holds Egyptian who ate breakfast with female coworker; 10 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-saudi-women/saudi-arabia-holds-egyptian-who-ate-breakfast-with-female-coworker-idUSKCN1LQ16T
[8] BBC; Ethiopia-Eritrea border reopens after 20 years; 11 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-45475876