დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივლისი, 2019

აშშ-მა „ბალუჩისტანის გათავისუფლების არმია“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბალუჩისტანის გათავისუფლების არმია“ არის შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფება, რომელიც ძირითადად ბალუჩებით დასახლებულ რაიონებში მოქმედებს და თავს ესხმის სამართალდამცველებსა და სამოქალაქო პირებს. 2018 წელს დაჯგუფებამ რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ჩინელ ინჟინერებზე აგვისტოში, თავდასხმა ჩინეთის საკონსულოზე კარაჩიში ნოემბერში და თავდასხმა სასტუმროზე ქალაქ გვადარში უკვე 2019 წლის მაისში.[1]

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელაში სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი რაფაელ აკოსტა მოკლეს. ოპოზიცია სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს ადანაშაულებს. ხუან გუაიდოს განცხადებით, მადუროს რეჟიმი ოფიციალურ პირებს იტაცებს და წამებით კლავს. მანამდე მადურომ განაცხადა, რომ ოპოზიცია და უცხოელი პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო ოფიცრების დახმარებით მისი მთავრობის ჩამოგდებას გეგმავენ. ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ 30 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 17 ადამიანს ბრალი წაუყენა. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.[2]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვენესუელა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის წინააღმდეგ სიკვდილის ესკადრონების შექმნაში დაადანაშაულა. გაერო მოუწოდებს ვენესუელას შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ვითარებას აზარალებს. გაეროს მოწოდებას ნიკოლას მადუროს ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია.[3]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ქაბულში ტერაქტი თავდაცვის სამინისტროს მახლობლად დიპლომატიური წარმომადგენლობის უბანში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 16 და დაშავებულია სულ მცირე 105 ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქების შემდეგ ინციდენტის ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[4]

5 ივლისს, ავღანეთის ქალაქ ღაზნის შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს აფეთქება მოხდა. ინციდენტს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[5]

მომდევნო დღეს მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამჯერად ასაფეთქებელი მოწყობილობა ღაზნის ცენტრში ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 სამხედრო. გარდა ამისა, დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სტუდენტია. აფეთქებების სერიას დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განხორციელდა.[6]

[1] US Department of State; Terrorist designation of Balochistan Liberation Army and Husain Ali Hazima and amendments to the terrorist designations of Jundallah; Media Note; Office of the spokesperson; 2 July, 2019; available at: https://www.state.gov/terrorist-designations-of-balochistan-liberation-army-and-husain-ali-hazzima-and-amendments-to-the-terrorist-designations-of-jundallah/

[2] BBC; Venezuela crisis: Outrage over navy captain’s death in custody; 1 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48821322

[3] BBC; Venezuela’s rulers accused by UN of death squads and policy of fear; 5 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48873500

[4] Al Jazeera; Taliban attack in Kabul kills 16, wounds dozens of children; 1 July, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/07/explosion-hits-kabul-diplomatic-district-media-reports-190701043918371.html

[5] Reuters; Islamic State says it carried out attack at Shi’ite mosque in central Afghanistan; 6 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/islamic-state-says-it-carried-out-attack-at-shiite-mosque-in-central-afghanistan-idUSKCN1U109O

[6] The Guardian; Afghan car bomb kills 14 and wounds dozens, including students; 7 July, 2019; available at: https://www.theguardian.com/world/2019/jul/07/afghan-car-bomb-kills-wounds-dozens-including-school-students?fbclid=IwAR3hIkgNDKOBKfQmWOONyHbSixN7jvYceSjAq8OdcCsKVzOkofQ9l8nGgSI

მსოფლიო. ნუსრას ფრონტი (ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ). დეკემბერი, 2017

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის არაკომერციული, არაპარტიული, საერთაშორისო პოლიტიკის ორგანიზაცია „Counter Extremism Project“ (CEP)  ნუსრას ფრონტის დაარსების და საქმიანობის შესახებ აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას:

სახელი: ნუსრას ფრონტი (ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ)

ორგანიზაციის ტიპი: მეამბოხე არასახელმწიფო აქტორი, ტერორისტული, ტრანსნაციონალური, ძალადობრივი.

იდეოლოგია და წევრობა: ალ-ქაიდას შვილობილი დაჯგუფება; ისლამისტური ჯიჰადი; კუტბისტურ სალაფიტური სუნიზმი.

წარმოშობის ადგილი: სირია, ერაყი.

დაარსების წელი: ჩამოყალიბდა 2011 წელს, ოფიციალურად გამოცხადდა 2012 წლის იანვარში.

დამფუძნებლები: აბუ მუჰამმად ალ-გოლანი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

მოქმედების არეალი: სირია და ლიბანი

ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით:

  • ალ-ნუსრას ფრონტი
  • ალ-ნუსრას ფრონტი ლევანტის დაცვისთვის
  • ალ-ნუსრას ფრონტი ლევანტის ხალხისთვის
  • ალ-ნუსრას ფრონტი ლიბანში
  • ანსარ ალ-მოჯაჰედინას ქსელი
  • ჰაიათ თაჰრირ ალ-შამ
  • ჯაბჰათ ალ-ნუსრა
  • ჯაბჰათ ალ-ნუსრა ლი-აჰლ ალ-შამ
  • ჯაბჰათ ალ-ნუსრა ლი-აჰლ ალ-შამ მინ მოჯაჰედინ ალ-შამ ფი საჰათ ალ-ჯიჰად
  • ჯაბჰათ ფათჰ ალ-შამ
  • ლევანტის დაპყრობის ფრონტი
  • ლევანტის მოჯაჰედები ჯიჰადის ბრძოლის ველზე
  • ლევანტის ხალხის მხარდამჭერი ფრონტი
  • თავდაცვის ფრონტი
  • სირიელი ხალხის დაცვის ფრონტი
  • ჯიჰადის ტერიტორიებზე სირიელი მოჯაჰედებისგან სირიელი ხალხის მხარდამჭერი ფრონტი
  • გამარჯვების ფრონტი

ნუსრას ფრონტი – ასევე ცნობილი, როგორც ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ (ლევანტის დაპყრობის ფრონტი) – წარმოადგენს საერთაშორისო სანქცირებულ ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც სირიაში რიგით მეორე ყველაზე ძლიერი მეამბოხე დაჯგუფებაა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) შემდეგ და ასევე, ალ-ქაიდას  ყოფილი  ღიად გაცხადებული შვილობილი დაჯგუფება. მის მიზანს წარმოადგენს ასადის რეჟიმის შეცვლა ისლამური სახელმწიფოთი. 2017 წლის იანვრიდან, მოქმედებს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის კოალიციის ფარგლებში, რის გამოც ადანაშაულებენ, რომ, როგორც ბაზა, ემსახურება ალ-ქაიდას გლობალურ ოპერაციებს. 2011 წლიდან მოყოლებული, ნუსრას ფრონტმა თანდათანობით დაიმკვიდრა ტერიტორიები სირიის მასშტაბით. 2017 წლის დასაწყისისთვის ნუსრას ფრონტის კონტროლის ქვეშ იყო ტერიტორიები სირიის ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით, მათ შორის იდლიბის პროვინციის დიდი ნაწილი.

ალ-ქაიდასგან გამოყოფის განცხადებამდე, წლების განმავლობაში, გოლანი ადასტურებდა აღნიშნული დაჯგუფებისადმი ერთგულებას. ნუსრას ფრონტის დამაარსებელი,  ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, აცხადებს, რომ გოლანი და სხვები – იმ დროისთვის ერაყის ალ-ქაიდის (AQI)  მებრძოლები – სწორედ მან გადაიყვანა სირიაში 2011 წელს, იმ მიზნით, რომ სამოქალაქო ომის შედეგად გამოწვეული ძალაუფლების ვაკუუმში უპირატესობა მოეპოვებინათ. 2013 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ალ-ბაღდადი ცალმხრივად აცხადებდა ნუსრას ფრონტის AQI-ის შემადგენლობაში გაერთიანებას, რომელიც დღეს ISIS-ის სახელითაა ცნობილი, გოლანმა გაწყვიტა კავშირები ბაღდადთან და დაადასტურა ცენტრალური ალ-ქაიდისადმი ერთგულება.

დასაწყისიდანვე ალ-ქაიდას ოფიციალურად აღიარებულმა შვილობილმა დაჯგუფებამ ნუსრას ფრონტმა განაცხადა, რომ მთლიანად გამოეყო საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას. 2016 წლის 28 ივლისს, ალ ქაიდამ გამოაქვეყნა აუდიო განცხადება, სადაც ნუსრას ფრონტს აძლევდა მათგან გამოყოფის ფორმალურ ნებართვას. ნუსრას ფრონტის ლიდერმა აბუ მუჰამმად ალ-გოლანმა მადლობა გადაუხადა მოძმე ალ-ქაიდას მმართველებს და ოფიციალურად გამოაცხადა გამოყოფა, რის შემდეგაც გადაირქვა სახელწოდება და ჯაბჰათ ალ-ნუსრას (გამარჯვების ფრონტი) ნაცვლად, დაირქვა ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ (ლევანტის დაპყრობის ფრონტი). ანალიტიკოსები დიდი ხნით ადრე ვარაუდობდნენ, რომ ალ-ქაიდასგან გამოყოფა, რომელიც ხელოვნურია, ნუსრას ფრონტს საშუალებას მისცემდა უფრო მეტი დაფინანსება მოეზიდა სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან, როგორიცაა კატარი, მოეპოვებინა ადგილობრივი მხარდაჭერა და საკუთარი თავი წარმოედგინა, როგორც ლეგიტიმური მეამბოხე დაჯგუფება სირიაში. ნუსრას ფრონტმა სწორედ აღნიშნული სტრატეგია აირჩია, 2017 წლის 28 იანვარს განაცხადა, რომ მისი გამოყოფა მოხდა იმის გამო, რომ შეერთებოდა სირიის უფრო დიდ ისლამისტურ გაერთიანებას, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს (ლევანტის გათავისუფლების ასამბლეა, იგივე HTS), რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი ისლამისტური ფრაქციის აჰრარ ალ-შამის ლიდერი, ჰაშიმ ალ-შეიხი. HTS არის კოალიცია, რომელიც, ათობით პატარა ისლამისტური დაჯგუფებების და სეკულარული თავისუფალი სირიის არმიის გვერდით, აერთიანებს ხუთ ძირითად ისლამისტურ ფრაქციას – ნუსრას ფრონტს, ჰარაქათ ნურ ალ-დინ ალ-ზენქის, ლივა ალ-ჰაქქის, ანსარ ალ-დინს და ჯაიშ ალ-სუნნას – რომელთა სამხედრო მიმართულებასაც ხელმძღვანელობს გოლანი.

სირიაში ადგილობრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ნუსრას ფრონტი იყენებს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯიჰადისტის, აბუ მუსაბ ალ-სურის, სამხედრო და მოქმედების არეალის სტრატეგიებს, როგორიცაა სირიაში დაფუძნებულ მრავალრიცხოვან კოალიციებში მონაწილეობა, ასევე თანამშრომლობა სხვა ისლამისტებთან და ზოგჯერ, სეკულარულ მეამბოხე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი თავდასხმები განახორციელონ ასადის შეიარაღებულ ძალებზე. ნუსრას ფრონტი, ამჟამად უკვე  HTS, ასევე ხელმძღვანელობს სამოქალაქო ადმინისტრაციულ ფრთას „საჯარო სერვისების ადმინისტრაციას“, რომელიც უზრუნველყოფს საბაზისო ადმინისტრაციულ საჭიროებებს და უსაფრთხოებას. ასევე, ისლამური სამართლის სხვადასხვა ფორმით მართავს მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არსებულ ზოგიერთ ქალაქს.

დაარსების დღიდან, ნუსრას ფრონტს განხორციელებული აქვს ფორმალური სამხედრო კამპანიები, მკვლელობები, მძევლების აყვანა, „მარტოხელა მგლის“ ოპერაციები, მათ შორის ალ-ქაიდას ცნობილი საფირმო ნიშანი – თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქება. 2013 წლის ივნისის მონაცემებით, ნუსრას ფრონტმა პასუხისმგებლობა აიღო, სირიის სამოქალაქო ომის დროს მომხდარ, 70-დან 57 თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმაზე. აღნიშნულის შემდეგაც, დაჯგუფება აგრძელებდა თვითმკვლელი ტერორისტული ხასიათის თავდასხმებს სირიაში და ასევე, გააფართოვა მოქმედებების არეალი ლიბანშიც, მას შემდეგ, რაც, 2013 წლის შუა პერიოდიდან, ჰეზბოლა შეუერთდა ომს. ლიბანში, ნუსრას ფრონტი აღვივებს სექტარიანულ დაყოფას, რასაც ახორციელებს ბეირუთში სამოქალაქო ცენტრებზე და ჰეზბოლას დასაყრდენ ტერიტორიებზე, როგორიცაა ჰერმელი (ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი სირიასთან) თვითმკვლელი ტერორისტული თავდასხმების გზით.

2016 წლის შუა პერიოდის მონაცემებით, ნუსრას ფრონტი ყველაზე ძლიერ მეამბოხე გასამხედროებულ ძალად მიიჩნევა სირიაში, რომელსაც დაახლოებით 5,000-დან 10,000-მდე მებრძოლი ჰყავს, მათ შორისაა დაახლოებით 7,000 მებრძოლი მხოლოდ იდლიბის პროვინციაში. აღნიშნულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ISIS-ის შემდეგ, ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოელ მებრძოლთა კონტიგენტი მიიზიდა საკუთარ რიგებში.

დოქტრინა

ნუსრას ფრონტი სალაფისტური ჯიჰადის იდეოლოგიის მიმდევარია, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიებზე ისლამური მმართველობის დამყარებას. 2012 წლის იანვარში, დაჯგუფების ინაუგურაციის ვიდეოში, ნიღბიანი წარმომადგენელი განმარტავდა მათ რეგიონულ მიზნებს. მისი თქმით, ნუსრას ფრონტი წარმოადგენს სირიელ მოჯაჰედებს, რომლებიც ჯიჰადის სხვადასხვა ფრონტიდან გაერთიანდნენ, რათა დედამიწაზე აღადგინონ ღმერთის კანონი [ისლამური სამართალი] და შური იძიონ სირიელების შელახული ღირსებისთვის და დაღვრილი სისხლისთვის.

მას შემდეგ, რაც ნუსრას ფრონტი გამოეყო ალ-ქაიდას, გოლანის განცხადებით, დაჯგუფების ძირითადი მიზნები არ შეცვლილა და ისინი, უკომპრომისოდ, კვლავ აგრძელებენ ჯიჰადს ალ-შამში [სირიაში], რათა ასადის მთავრობა ჩაანაცვლონ შარიათზე (ისლამური სამართალი) დაფუძნებული მმართველობით.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ნუსრას ფრონტი არის, როგორც იერარქიული, ასევე რეგიონული. ისტორიულად, თითოეულ რეგიონს ჰყავს საერთო ლიდერი, იგივე სამხედრო მეთაური და რელიგიური ლიდერი. მთლიანობაში ჯგუფს ხელმძღვანელობს პატარა საკონსულტაციო საბჭო, სახელად მაჯლის-აშ-შურა, რომელსაც სათავეში უდგას ემირი („მეთაური“ ან „პრინცი“), აბუ მუჰამმად ალ-გოლანი. წლების მანძილზე გოლანი ერიდებოდა საჯაროდ სახის გამოჩენას, აქვეყნებდა აუდიო ჩანაწერებს და მედია საშუალებებისთვის მიცემულ პირად ინტერვიუებში მისი სახე მუდამ ბუნდოვანი იყო. 2016 წლის ივლისში,  გოლანი გამოჩნდა ვიდეო ჩანაწერზე, რათა გაეცხადებინა მისი გამოყოფა ალ-ქაიდასგან. 2017 წლის დასაწყისში, გოლანის განცხადებით, იგი განზე გადგა ლიდერის როლის შესრულებისგან, რათა დამორჩილებოდა  HTS-ის კოალიციის ლიდერს, ჰაშიმ ალ-შეიხს, თავად კი დაჯგუფების სამხედრო მეთაურად დაინიშნა. თუმცა, შეიხისადმი ნომინალური პატივისცემის გამოხატვის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ გოლანი ინარჩუნებს, ნუსრას ფრონტის ლიდერის ავტორიტეტს.

დაფინანსება

დაარსებიდან (2011 წლიდან) ნუსრას ფრონტი კარგ დაფინანსებას იღებს. 2016 წლის აგვისტოსთვის, დაჯგუფებამ საკმაოდ დიდი დაფინანსება მიიღო სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის გადასახადებით, ტარიფებით, ჯარიმებით, გამოსასყიდებით, საერთაშორისო შემოწირულობებით, ნავთობის გაყიდვით, ძარცვით და კონტრაბანდით.

ნუსრას ფრონტის შემოსავლის ყველაზე სტაბილური წყაროა გადასახადები, ტარიფები და ჯარიმები, რომელსაც ის ადგილობრივ მოსახლეობას უწესებს. გადასახადებში იგულისხმება, შემოსავალი, ბიზნესი, მომსახურება და კომუნალური გადასახადები, მათ შორის წყალზე და ელექტროენერგიაზე წვდომა. როგორც ცნობილია, ნუსრას ფრონტი ფინანსდება ბინების გაქირავებით და ასევე უწესებს გადასახადებს იდლიბის პროვინციაში იძულებით გადაადგილებულ პირებს. გარდა ამისა, დაჯგუფებამ რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს ჩამოართვა ქონება და სხვა მეამბოხე ჯგუფებს იარაღზე დაუწესა ტარიფები. ამ მხრივ, მიიჩნევა, რომ  ნუსრას ფრონტმა შეიარაღების თითქმის ნახევარი მოიპოვა, ჩრდილოეთით, სირიის თავისუფალი არმიისთვის გაგზავნილი იარაღიდან.

დაფინანსების წყაროებია, ასევე საუდის არაბეთის, კატარის და ქუვეითის მდიდარი პირების მხრიდან პირადი შემოწირულობები, რომლებიც თანხის გადაცემას ახორციელებდნენ მცირე რაოდენობის ფულადი გადარიცხვებით ან კონკრეტულ პირს ხელზე ატანდნენ, რომელიც კვეთდა ნუსრას ფრონტის მიერ კონტროლირებად საზღვარს. 2016 წლის ივლისში, როდესაც ნუსრას ფრონტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოყოფოდა ალ-ქაიდას, აღნიშნულმა ფაქტმა მეტი მოტივაცია მისცა კატარში მყოფ დონორებს დაეფინანსებინათ ნუსრას ფრონტი ისე, რომ მათ ბრალს არ დადებდნენ ალ-ქაიდას დაფინანსებაში.

უცხოური შემოწირულობების გარდა, ნუსრას ფრონტი ფინანსდება ნავთობის გაყიდვებით და კონტრაბანდით, ასევე სიგარეტის კონტრაბანდით და გამოძალვით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები უარყოფენ ტყვეთა გაცვლის დროს რაიმე სახის გადასახადის გადახდას, ნუსრას ფრონტმა მილიონობით დოლარი მოიგო კატარის მთავრობის მიერ ორგანიზებული ტყვეთა გაცვლის მოლაპარაკებების შედეგად. ერთ-ერთი გაცვლისას, 2014 წლის მარტში, როდესაც გაათავისუფლეს ოთხი ბერძენი მართლმადიდებელი მონაზონი, დაჯგუფებამ სანაცვლოდ 4 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

რეკრუტირება

ისტორიულად, იმისთვის, რომ პირი შეერთებოდა ნუსრას ფრონტს, რეკრუტებს წინა ხაზის ორი მეთაურისგან უნდა მოეპოვებინათ თაზქია (ვაუჩერი რეკრუტის სახელზე). მას შემდეგ, რაც რეკრუტს აიყვანდნენ მას უნდა წარმოეთქვა ბაიაჰის ფიცი (ერთგულების ფიცი), რაც ნიშანი იყო მის მიერ რელიგიური ვალდებულების აღებისა.

ნუსრას ფრონტი ახალწვეულებს ასევე იყვანდა ონლაინ და პირადი წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე, რომელსაც ყოფილი მედია საშუალებების – ალ-მინარა, ალ-ბაიდა და ფურსან ალ-შამ – გზით იღებდა.

HTS-ის ქვეშ შეიქმნა ახალი მედია საშუალება, ებაას სააგენტო, რომელიც აქვეყნებს ამაქის (ISIS-ის მედია საშუალება) მსგავს მაღალი ხარისხის ვიდეოებს, ინფო გრაფიკას, და მედია განცხადებებს.

ნუსრას ფრონტს ასევე ადანაშაულებენ ბავშვი ჯარისკაცების რეკრუტირებაში. სირიაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნუსრას ფრონტი 2017 წელსაც განაგრძობს ბავშვი ჯარისკაცების რეკრუტირებას.

ISIS – თან კავშირი

ნუსრას ფრონტი ერაყის ალ-ქაიდას (AQI, ამჟამად ISIS), გაფართოების შედეგად შეიქმნა და AQI-ის ლიდერისგან, აბუ ბაქრ ალ ბაღდადისგან, ყოველთვიურ ხელფასს იღებდა. ამ ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობა 2013 წლის აპრილში გაუარესდა, როდესაც ბაღდადიმ ცალმხრივად გამოაცხადა მათი დაჯგუფებების შერწყმა. მას შემდეგ, ორივე მხარე ჩართულია ძალადობრივ შეტაკებებში და იბრძვიან ტერიტორიული კონტროლისთვის.

საერთაშორისო აღიარება

ნუსრას ფრონტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოცხადებულია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. 2012 წლის 10 დეკემბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნუსრას ფრონტი აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. 2013 წელს საფრანგეთმა, ავსტრალიამ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა აღიარეს ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო 2014 წელს –  რუსეთმა, საუდის არაბეთმა, თურქეთმა, გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა და ევროკავშირმა.[1]

[1] CEP – Counter Extremist Project – Nusra Front (Jabhat Fateh al-Sham), available at: https://www.counterextremism.com/threat/nusra-front-jabhat-fateh-al-sham (accessed on 27 December 2017)

პაკისტანი – თალიბანის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე- ივლისი 2017

თალიბანი ჩრდილოეთ პაკისტანში 1990-იანი წლების დასაწყისიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა შეიარაღებული ძალები გაიყვანა ავღანეთიდან. ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში, თალიბანის – რომელიც განლაგებული იყო პუშტუნებით დასახლებულ პაკისტანისა და ავღანეთის ტერიტორიებზე – მიზანს წარმოადგენდა, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენა და შარიათის, იგივე ისლამური სამართლის, საკუთარი მკაცრი ვერსიის აღსრულება.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბების თავდასხმების საპასუხოდ, პაკისტანმა შეიმუშავა მკაცრი მიდგომა (2013 წელს აშშ-ს ავია იერიშების შედეგად, პაკისტანის თალიბანის სამი მნიშვნელოვანი ლიდერი იქნა მოკლული), ქალაქ კარაჩიში მათი გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, თალიბანის ბევრი უფროსი ლიდერი თავშესაფარს იღებს პაკისტანის ქ. ქუეტტაში, საიდანაც ხელმძღვანელობენ თალიბებს.[1]

პაკისტანის თალიბანი, რომელიც ცნობილია ‘Tehreek-i-Taliban“ (TTP)-ის სახელით, სამშვიდობო მოქალაქეებისა და სამხედროების წინააღმდეგ ახორციელებს ყველაზე ძალადობრივ და სასიკვდილო თავდასხმებს, ძირთადად პაკისტანის ყველაზე დაუცველ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ავღანეთის საზღვართან. TTP-მ, საერთაშორისო დონეზე, ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია, 2012 წელს, 14 წლის მალალა იუსაფაზზე განხორციელებული თავდასხმით და 2014 წლის დეკემბერში, პეშავარის სკოლაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვით, რომლის შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 132 ბავშვი.

მათი მიზანია, პაკისტანის მთავრობის გადაყენება და შარიათის კანონის დანერგვა. ისინი უარყოფენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან პაკისტანის თანამშრომლობის გამო, პაკისტანის თალიბანი ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის ინტერესებს, როგორც პაკისტანში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან აშშ-ს შეიარაღებული ძალების არსებობას რეგიონში.

აზიის წყნარი ოკეანის ანალიტიკური ფონდის დირექტორის, საჯჯან გოჰელის განცხადებით, მათი ინტერესები გაცილებით შორს მიდის, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან ტომობრივი ტერიტორიების საქმეებში ჩაურევლობის მოთხოვნა. მათ სურთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანერგონ კონსერვატიული ისლამი, ეწინააღმდეგებიან ბავშვებისთვის დასავლური ტიპის განათლების მიცემას და ქალების დასაქმებას.

პაკისტანის თალიბანი არ არის იგივე თალიბანი, რომელსაც აშშ ებრძვის ავღანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იზიარებენ ავღანეთის თალიბების რელიგიურ ექსტრემისტულ შეხედულებებს და მხარსაც უჭერენ მათ, პაკისტანის თალიბანი ცალკე გამოყოფილი ჯგუფია. პაკისტანის თალიბანი სხვადასხვა ფრაქციებისგან შედგება და ბოლო წლებში, შეინიშნება მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებები და შიდა დაპირისპირება.[2]

2016 წლის 12 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პაკისტანის თალიბანი კვლავ აქტიური რჩება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი, სამხრეთით, ბალუჩისტანის პროვინციაში, სადაც თალიბანის ფრაქციის და ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ დაბომბვებს და შეიარაღებულ თავდასხმებს 180 პირზე მეტი შეეწირა.

ძლიერი ტომობრივი ლიდერები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მუშაობდნენ თალიბანის საწინააღმდეგო სამშვიდობო კომიტეტებში, აცხადებენ, რომ საფრთხის ქვეშ არიან, თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა. 2 000-ზე მეტი თალიბი მებრძოლი იქნა გაძევებული სვატიდან (ხაიბერ-პახტუნხვას პროვინცია) ავღანეთის მიერ კონტროლირებად მხარეს, მთიან რეგიონში. სვატის პოლიციის უფროსის, ახთარ ჰაიათ ხანის განცხადებით, დაზვერვის სამსახურმა განახორციელა ადგილობრივ ფრაქციებზე თავდასხმები და დაშალა თალიბანის მხარდამჭერთა ქსელი, რამაც შეზღუდა საფრთხის არსებობა. ივლისში, ხეობაში, პოლიციამ დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ თავდასხმების მხარდაჭერაში.[3]

პაკისტანს და ავღანეთს დაახლოებით 2,500 კმ-იანი საზღვარი ჰყოფთ, რომელიც მთიან რეგიონზე გადის და ძირითადად უკონტროლოა.

ბოლო დროს, პაკისტანის მიერ განხორციელებულმა მცდელობამ, რომელიც მიზნად ისახავდა თალიბი მებრძოლების შედინების შეზღუდვის მიზნით, დამცავი კედლის აშენებას, წინააღმდეგობა გამოიწვია ავღანეთის მხრიდან, რომლისთვისაც აღნიშნული სასაზღვრო ტერიტორია სადავოა.

თებერვალში, პაკისტანმა ერთი თვით ჩაკეტა საზღვარი ავღანეთთან, თუმცა, 20 მარტს, პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, ნავაზ შარიფმა, ბრძანა მისი ხელახალი გახსნა.

მარტში განხორციელებული აღწერისას, სამთავრობო ჯგუფები, რომლებიც აწარმოებდნენ აღწერას, გახდნენ თალიბების მხრიდან თავდასხმის ობიექტები. 5 აპრილს, ქ. ლაჰორში მათ მიმართ, მიზანმიმართულად, განხორცილებული აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა სულ მცირე 6 ადამიანი. კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა 25 აპრილს, ჩრდილო-დასავლეთით, კურრამას რაიონში, ორივე ინციდენტზე პასუხისმგებლობა „Tehreek-e-Taliban“-მა აიღო.[4]

2017 წლის 17 აპრილს, საინფორმაციო საშუალება „ალ-ჯაზირას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანის „Jamaat-ur-Ahrar“ (JuA)-ის ფრაქციის ცნობილი ლიდერი, ეჰსანულლაჰ ეჰსანი,  პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდა.

პაკისტანის სამხედრო სპიკერის, ასიფ ღაფურის განცხადებით, „პაკისტანის ხალხმა, სახელმწიფომ და ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელეს, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.[5]

ამერიკული საინფორმაციო საშუალება „VOA News“- ის მიერ 2017 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერი, ვაზირი და აშშ-ს საზღვაო კაპიტანი, ბილ სალვანი, აკრიტიკებენ რუსეთს, ირანსა და პაკისტანს თალიბებთან ურთიერთობაში და მათთვის ფარული მხარდაჭერის მიცემაში, თუმცა პაკისტანი, თავის მხრივ, უარყოფს თალიბების თავშესაფრების არსებობას საკუთარ ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ თალიბები უკვე დიდი ხანია, რაც ავღანეთში, საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ საცხოვრებლად. აღნიშნულს უარყოფს ოფიციალური ქაბული და ვაშინგტონი.[6]

გერმანული საინფორმაციო სააგენტო „Deutsche Welle“-ს მიერ 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშულია, რომ TTP-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განახორციელა ასობით თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო რელიგიურ უმცირესობებზე, ზოგადად საზოგადოებაზე და უსაფრთხოების ძალებზე, მაგრამ იმის გამო, რომ პაკისტანს ჰყავს ძლიერი ეროვნული არმია, და როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, სამხედრო გენერლები ინარჩუნებენ გარკვეული ხარისხის გავლენას  TTP-ს მეთაურებზე, დაჯგუფებამ ვერ შეძლო უსაფრთხოების ძალების დამხობა.[7]

 

საინფორმაციო საშულება BBC-ის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის მიუწვდომელი და მთიანი, ტომობრივი ტერიტორია წარმოადგენდა მოძალადე ჯიჰადისტების თავშესაფარს. პაკისტანის და ავღანეთის თალიბები, ალ-ქაიდა და ნაკლებად ცნობილი დაჯგუფება ჰაკკანის ქსელი აღნიშნულ ადგილს იყენებდნენ მძევლების დასამალად, მებრძოლების გასაწვრთნელად, იარაღის შესანახად და თვითმკვლელი ტერორისტების განსათავსებლად, რათა შემდგომში განეხორციელებინათ თავდასხმები, როგორც ავღანეთში, ისე პაკისტანში.

დღესდღეობით, შეიარაღებული დაჯგუფებები იქ აღარ არიან. პრაქტიკულად, მთელი ჩრდილოეთ ვაზირისტანი პაკისტანის არმიის ხელშია. არმიას მიაჩნია, რომ ბოევიკების დამარცხება ანტი ჯიჰადისტური კამპანიის ყველაზე წარმატებული მაგალითია, რაც დღემდე უნახავს მსოფლიოს. ორწლიანი ბრძოლის შედეგად, არმიამ დაკარგა 872 ჯარისკაცი, ხოლო მათი თქმით, მოკლეს 2,000 ბოევიკი.

გენერალ ჰასსან აზჰარ ჰაიათის თქმით, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანში  30,000 კაციან დანაყოფს ხელმძღვანელობს, 2014 წლამდე ჩრდილოეთ ვაზირისტანი წარმოადგენდა ტერორისტული აქტივობების მთავარ ცენტრს, არმიის შესვლის შემდეგ კი, ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა.

ბევრმა ბოევიკმა მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და გადავიდნენ აღმოსავლეთ ავღანეთში, რათა შემდგომში იქიდან დაეწყოთ ბრძოლა. ბევრი მათგანი დაუსჯელად აგრძელებს აქტივობას, ზოგიერთი ეხმარება ავღანელ თალიბებს ქაბულში ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნაწილი კი, მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს პაკისტანში.

2016 წელს, პაკისტანში, ჯიჰადისტების მხრიდან დაფიქსირდა 441 ძალდობრივი თავდასხმა. შედარებისთვის, 2009 წელს ფიქსირდებოდა 2,586 თავდასხმა.

ავღანეთში დაფუძნებული ბოევიკები ახორციელებენ თავდასხმებს პაკისტანში, არმია კი ცდილობს გააკონტროლოს საზღვარი. არმიის განცხადებით, 1,000-ზე მეტი დამცავი სიმაგრე აშენდა და დამონტაჟდა დახვეწილი ამერიკული სარადარო მოწყობილობა, რათა მოხდეს საზღვრისპირა გადაადგილებების მონიტორინგი. იმისთვის, რომ ხალხი საცხოვრებლად დაბრუნდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, არმია ახორციელებს ინფრასტრუქტურულ მშენებლობას. გაყვანილია ახალი გზები და აშენებულია ახალი, კეთილმოწყობილი სკოლები, რომელიც კონკურენციას უწევს პაკისტანში არსებულ სხვა სკოლებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პაკისტანში ჯიჰადისტების ძალადობა არ დამთავრებულა. ავღანეთში დაფუძნებული პაკისტანის თალიბები და სხვა დაჯგუფებები ძლიერ ძალად რჩებიან. 2017 წლის თებერვალში, სინდჰის პროვინციაში, სუფიურ სალოცავზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 80 ადამიანი დაიღუპა. კარაჩის პოლიციის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი ორგანიზებული იყო ავღანეთში დაფუძნებული დაჯგუფებების მიერ.

შემორჩენილი მცირე ძალაუფლების მიუხედავად, შეიარაღებული დაჯგუფებების დასაყრდენ ადგილებს ჩრდილოეთ ვაზირისტანში ბოლო მოეღო და ტომის წევრები, თანდათანობით, უბრუნდებიან ძველ საცხოვრებლებს.[8]

ევროპის თავისუფალი რადიოს მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანმა გაათავისუფლა ექვსი პაკისტანელი თანამშრომელი, რომლებიც პოლონურ ნავთობკომპანიაში მუშაობდნენ. მათი გატაცება 2016 წლის ნოემბერში განხორციელდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ დერა ისმაილ ხანიდან. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ ვაზირისტანში, განაცხადა, რომ ადგილობრივი ტომების ლიდერების მიერ განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის 4 ივნისს, მოხდა აღნიშნული პირების გათავისუფლება.[9]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-ის მიერ 2017 წელს, პაკისტანის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თალიბანის, ალ-ქაიდასა და მათთან დაკავშირებული სხვა დაჯგუფებების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისა და მკვლელობების სამიზნეს წარმოადგენდა პაკისტანის საზოგადოების თითქმის ყველა სექტორი, მათ შორის რელიგიური უმცირესობები, უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, ჯანდაცვის მუშაკები, ადვოკატები და ჟურნალისტები, ინციდენტებს ასობით ადამიანი შეეწირა. სამხედრო სასამართლოებმა, თავდასხმებში მონაწილე, სულ მცირე 100 ადამიანს მიუსაჯა სიკვდილი.

თალიბანი და სხვა დაჯგუფებები ემუქრებოდნენ მედია საშუალებებს და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის გამო. შეიარაღებული დაჯგუფებების სამიზნე ობიექტებს წარმოადგენდნენ ადვოკატები, სასამართლოები და მასწავლებლები. მათ მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) და პაკისტანის თალიბანის განშტოება – „Jamat-ul-Ahrar“-მა აიღო.

2016 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბავშვი თვითმკვლელი ტერორისტების გამოყენება თალიბანისა და სხვა დაჯგუფებების მიერ. აგვისტოში, აშშ-მ პაკისტანს, სამხედრო კომპენსაციის სახით, 300 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შეუჩერა, რის მიზეზადაც დაასახელა ის ფაქტი, რომ პაკისტანი არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს თალიბანთან აფილირებული დაჯგუფების ჰაკკანის ქსელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებზე და ავღანეთში NATO-ს შეიარაღებულ ძალებზე.[10]

არასამთავრობო ორგანიზაცია “Freedom House”-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება პაკისტანში 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში პაკისტანში შედარებით სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა. ტერორისტული ძალადობა მკვეთრად შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ტომობრივ ფედერალურ ადმინისტრირებად ტერიტორიებზე (FATA) შეიარაღებული მეამბოხე ძალების დეესკალაციით.

სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა  1,803 ტერორიზმთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევა, რაც 2015 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. ვაზირისტანში, არმიის მიერ განხორციელებული ტერორისტული დასაყრდენების წმენდის კუმულაციური ეფექტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზვერვის სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციები, წარმოადგენდა მთავარ მიზეზს, რის გამოც რადიკალური ისლამისტური ძალადობა პირდაპირ აღარ ემუქრებოდა ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არმია, უსაფრთხოების დამყარების მიზნით, აწარმოებდა ოპერაციებს კარაჩიში, რამაც საგრძნობლად შეამცირა იქ ძალადობის მაჩვენებელი. ძალადობის ძირითად კერას ბალუჩისტანი წარმოადგენდა, რის აღმოსაფხვრელადაც, ჯარი რანჯაპურში განლაგდა. წლის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ, დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმების  განხორციელება საკუთარ თავზე აიღეს Tehreek-i-Taliban Pakistan (TTP)-მა და მისმა განშტოებებმა, რეგიონში არსებულმა ისლამურმა სახელმწიფომ  და მისმა მოკავშირე Lashkar-e-Jhangvi-მ.[11]

 

[1] BBC: Who are the Taliban? 26 May 2016, available at: http://www.bbc.com/news/world-south-asia-11451718 (accessed 17 July 2017)

[2] CNN: Who are the Pakistan Taliban? 30 March 2016, available at: http://edition.cnn.com/2016/01/20/asia/pakistan-taliban-profile-2016/index.html (accessed 17 July 2017)

[3] Reuters: Taliban demands for cash stir fears of comeback in Pakistan’s Swat Valley, 12 December 2016, available at: http://www.reuters.com/article/us-pakistan-militants-swat-idUSKBN140156 (accessed 18 July 2017)

[4] Al-Jazeera: Pakistan-Afghanistan crossing closed after border clash, 6 May 2017, available at: http://www.aljazeera.com/news/2017/05/firing-afghanistan-pakistan-border-census-team-kills-civilian-170505070934446.html (accessed 18 July 2017)

[5] Al-Jazeera: Pakistani Taliban leader Ehsanullah Ehsan ‘surrenders’,  17 April 2017, available at: http://www.aljazeera.com/news/2017/04/pakistani-taliban-leader-ehsanullah-ehsan-surrenders-170417131146226.html (accessed 17 July 2017)

[6] VOA – Voice Of America News: US, Afghan Forces Promise to Finish IS and Contain Taliban in 2017, 6 April 2017, available at: https://www.voanews.com/a/us-afgan-forces-promise-finish-islamic-state-contain-taliban-this-year/3799097.html (accessed 18 July 2017)

[7] DW – Deutsche Welle: What is Pakistan’s militancy issue all about? 31 October 2016, available at: http://www.dw.com/en/what-is-pakistans-militancy-issue-all-about/a-36212654 (accessed 18 July 2017)

[8] BBC: North Waziristan: What happened after militants lost the battle, 8 March 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-39191868 (accessed 18 July 2017)

[9] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Pakistani Taliban Release Six Workers From Polish Company, 05 June 2017 (available at ecoi.net)
http://www.ecoi.net/local_link/342093/472780_en.html (accessed 17 July 2017)

[10] HRW – Human Rights Watch: World Report 2017 – Pakistan, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/pakistan (accessed 17 July 2017)

[11] Freedom House: Freedom in the World 2017 – Pakistan, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2017/pakistan (accessed 17 July 2017)