დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ნოემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – ქაბულში, ქორწინების სასახლესთან მომხდარი აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში სასულიერო პირების შეკრება იმართებოდა, რა დროსაც ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]

ხოსტის პროვინციაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.[2]

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის თქმით, ავღანეთში თალიბანი არ მარცხდება და ომის დასასრულებლად სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. მისი თქმით, აშშ, ნატო და მოკავშირეები მუშაობენ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მობილიზაციაზე, რომ თალიბანს ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულონ.[3]

ერაყში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ქალაქ ტიკრიტში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. მსგავსი შემთხვევები ქალაქში იშვიათობაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 201 წელს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფო დამარცხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

იემენის კრიზისი – იემენში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 5 წლამდე ასაკის, დაახლოებით, 85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა. კვლევა ორგანიზაციამ „Save the Children“ ჩაატარა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები მასობრივი შიმშილის ერთერთ მიზეზად სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილების ბლოკადას ასახელებენ.[5]

ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. თავდასხმების შეწყვეტის მიზანია, არაბულ ქვეყნებს აგრესიის და ბლოკადის გაგრძელების გამართლება შეეზღუდოთ. ამბოხებულების თქმით, ისინი მზად არიან სამართლიანი მშვიდობისთვის იმუშაონ. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს.[6]

ევროსასამართლომ სელაჰატინ დემირთაში გაამართლა – სასამართლომ მისი გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა უკანონოდ სცნო და თურქეთს მისი წინასწარი პატიმრობის დასრულებისკენ მოუწოდა. პრო-ქურთული პარტიის ლიდერი დემირთაში 2014 წელს ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. 2017 წლის იანვარში პროკურატურამ მისთვის 142-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. 2016 წლის ნოემბერში თურქეთის პროკურატურის მოთხოვნით, სახალხო დემოკრატიული პარტიის კიდევ 15 დეპუტატი დააპატიმრეს. მათ ბრალად სდებენ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირს.[7]

სამხრეთ სუდანში 16 წლის გოგო სოციალური ქსელის „Facebook“ გამოყენებით, აუქციონის წესით გაყიდეს და გაათხოვეს გოგოს „შესასყიდად“ მისი ფოტოები და საწყისი ფასი ქსელში 25 ოქტომბერს განათავსეს. ინფორმაცია სოციალურმა ქსელმა 9 ნოემბერს წაშალა; ამ დროს გოგო უკვე „გაყიდული“ იყო. მოზარდით ვაჭრობაში 5 კაცი იყო ჩართული, მათ შორის სამხრეთ სუდანის მთავრობის მაღალჩინოსანი. კაცმა შვილის გაყიდვის შემდეგ 500 ძროხა, სამი მანქანა და 10 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ორგანიზაციები სოციალურ ქსელს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.[8]

საუდის არაბეთში ქალებს ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლება მისცეს – ქვეყნის ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ტაქსის ქალი მძღოლები მგზავრების აყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ მათ შორის თუნდაც ერთი ზრდასრული ქალი იქნება. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ წინა სალონში მამრობითი სქესის მგზავრი ჩაისვან.[9]

თურქეთში 74 სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება ანკარის სასამართლომ მიიღო. მათ ბრალად ედებათ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. 2016 წელს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, სახელმწიფო უწყებებიდან კი 160 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.[10]

პაკისტანში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ კალაიაში მოხდა. დაშავდა 20 ადამიანი. პარალელურად, ქალაქ კარაჩიში მდებარე ჩინეთის საკონსულოს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაიღუპა ორი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი. კარაჩიში მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულ-გამათავისუფლებელმა ბალოჩისტანის არმიამ აიღო. ბაზარში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[11]

[1] BBC; Kabul suicide bomber kills dozens at gathering of clerics; 20 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46273612

[2] Reuters; Suicide blast at Afghanistan mosque kills at least 26 gathered to pray; 23 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/at-least-26-killed-in-a-blast-in-mosque-in-afghanistan-officials-idUSKCN1NS12A?fbclid=IwAR0tXHxxxzLeF6f3pO7G7gei9sKfLIsKLHV7HxyiDSI2JHFVAlG6lkRaxBQ

[3] იმედის ახალი ამბები; აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი: ავღანეთში თალიბანის დამარცხება ვერ ხერხდება; 18 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/85936/ashshis-gaertianebuli-shtabis-uprosi-avganetshi-talibanis-damartskheba-ver-kherkhdeba

[4] Euronews; Car bomb blast kills five in Iraq’s Tikrit; 18 November, 2018; available at: https://www.euronews.com/2018/11/18/car-bomb-blast-kills-two-in-iraqs-tikrit-police-medics

[5] BBC; Yemen crisis: 85,000 children dead from malnutrition; 21 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46261983

[6] BBC; Yemen war: Houthis halting drone and missile strikes; 19 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46256874

[7] Al Jazeera; European court urges Turkey to free Kurdish politician Demirtash; 20 November, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/11/european-court-orders-release-kurdish-politician-demirtas-181120093432466.html

[8] CNN; Facebook under fire for posts on auction of child bride; By Bianca Britton; 23 November, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/11/20/africa/south-sudan-child-bride-facebook-auction-intl/index.html

[9] Saudi Gazette; Saudi women start driving family taxis; 21 November, 2018; available at: http://saudigazette.com.sa/article/548605/SAUDI-ARABIA/Saudi-women-start-driving-family-taxis

[10] Reuters; Turkey sentences 74 to life in prison in post-coup case; 21 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-coup/turkey-sentences-74-to-life-in-prison-in-post-coup-case-anadolu-idUSKCN1NQ1Z9

[11] Reuters; Blast at market in northwest Pakistan kills at least 25; By Jibran Ahmad; 23 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-blast-market/blast-at-market-in-northwest-pakistan-kills-at-least-25-idUSKCN1NS0JF?il=0