დემოგრაფია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] რელიგიის თავისუფლების შესახებ ტუნისში წერია, რომ 2020 წლის მდგომარეობით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 11.7 მილიონ ადამიანის, რომელთა 99 პროცენტი არიან სუნიტი მუსლიმები. ქრისტიანები, ებრაელები, შიიტი მუსლიმები, ბაჰაის რელიგიის მიმდევრები კი მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენენ.
ქრისტიანული თემის ცნობების მიხედვით ქვეყანაში დაახლოებით 7 000 ტუნისის ქრისტიანი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ანგლიკანი ან პროტესტანტია. ტუნისის რელიგიის საკითხთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 30 000 ქრისტიანი ცხოვრობს, უმეტესობა უცხოელი, რომელთა 80 პროცენტი წარმოადგენს კათოლიკეს.
დანარჩენი ქრისტიანული მოსახლეობა შედგება პროტესტანტებისგან, რუსი მართლმადიდებლებისგან, ფრანგი რეფორმისტებისგან, ანგლიკანებისგან, ბერძენი მართლმადიდებლებისგან, იეჰოვას მოწმეებისა და სხვა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებისგან.
კანონმდებლობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ კონსტიტუცია ქვეყნის რელიგიად ისლამს განსაზღვრავს, თუმცა ქვეყანას „სამოქალაქო სახელმწიფოდ“ აცხადებს.
კონსტიტუცია ქვეყანას „რელიგიის მცველად“ განსაზღვრავს და მოითხოვს, რომ პრეზიდენტი იყოს მუსლიმი. გარდა ამისა ქვეყნის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის, სინდისისა და რელიგიური პრაქტიკის თავისუფლებას.
დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში რელიგიური პროზელიტიზმის კანონით არ იკრძალება, მაგრამ კანონით ისჯება იძულებითი კონვერტაცია.
პრაქტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ქრისტიანი მოქალაქეების განცხადებით გრძელდება მათ მიმართ სამთავრობო და საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ არ განიხილონ ეკლესიის აქტივობები ან თეოლოგია საჯაროდ.
წყაროები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა აკრძალეს 2020 წლის თებერვალში დაგეგმილი რელიგიური კონფერენცია იმ მიზეზების გამო, რომლებიც არ იყო დაკავშირებული COVID-19-თან.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ტუნისის მთავრობა კვლავ უარს აცხადებს ქრისტიანი თემის მიერ იურიდიული პირის ან ასოციაციის შექმნის უფლებაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა შეექმნათ არაბულენოვანი ეკლესია და სასაფლაო. თუმცა, ქრისტიანულ თემს წლის განმავლობაში ხელახლა აღარ წარუდგენია ოფიციალური მოთხოვნა ასოციაციის ან იურიდიული სტატუსის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული სასაფლაოები ქვეყანაში განკუთვნილია უცხოელებისთვის, ხოლო ტუნისის ქრისტიან მოქალაქეებს ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვისთვის უწევთ ნებართვის მთავრობისგან აღება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში წერს, რომ ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანები განიცდიან ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ძლიერ უარყოფას. ზოგიერთმა კონვერტირებულმა ქრისტიანმა განაცხადა, რომ ცემეს და რწმენის გამო სახლი იძულებით დაატოვებინეს.
2020 წლის 3 მაისს, ქალი, რომელსაც ჯვარი ეკეთა გახდა მეზობლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. დაზარალებულმა თავდამსხმელის წინააღმდეგ წარადგინა ბრალდებები, თუმცა წლის ბოლოს აღნიშნული საქმე განუხილველი დარჩა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 18 თებერვალს ტუნისის პოლიციამ დააპატიმრა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე ქრისტიანობაზე კონვერტირების წამახალისებელი ბროშურების დარიგებისთვის.
ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით რამდენიმე ისტორიულმა ფაქტორმა იქონია გავლენა იმაზე, რომ ტუნისში რელიგიურ უმცირესობებს (ქრისტიანებს უფრო, ვიდრე ებრაელებს) აღიქვამენ, როგორც უცხოელებს ან სულ მცირე, როგორც არასრულ ტუნისელებს.[1]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Minority Rights Group International“-ის მიერ 2021 წლის ნოემბერში განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ტუნისში რამდენიმე სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მათ შორის „ტუნისის ასოციაცია უმცირესობათა მხარდაჭერისთვის“ [The Tunisian Association for the Support of Minorities], განცხადებით იზრდება ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულთა რიცხვი.
მიუხედავად იმისა, რომ კონვერტაცია ტუნისის კანონმდებლობით არ ისჯება, სოციალური ტაბუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ კონვერტირებულ ჯგუფებს ზოგადად დამალვა ურჩევნიათ. ბევრი მათგანი ოჯახის მხრიდან განდევნასა და ძალადობასაც კი ექვემდებარება კონვერტაციასთან დაკავშირებული სტიგმის გამო.
ინფორმაციის მიხედვით, კონვერტირებულები ასევე შესაძლებელია დაექვემდებარონ უსაფრთხოების ძალების მხრიდან შევიწროებას.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House”-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ტუნისში წერია, რომ კონვერტირებული ქრისტიანები ხშირად განიცდიან შევიწროებასა და დისკრიმინაციას.[3]
[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ტუნისი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს][2] Minority Rights Group International – Tunisia – Christians; განახლებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://minorityrights.org/minorities/christians-7/ [ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]
[3] Freedom House – ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ – ტუნისი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 7 თებერვალს]