მედია საშუალება „The Moscow Times“ 2022 წლის 20 მაისს აქვეყნებს სტატიას [სტატია გამოქვეყნებულია The Financial Times მიერ და ნათარგმნია The Moscow Times მიერ] რუსების მხრიდან უკრაინელების დახმარების შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ მოხალისეები, რომელთა შორის არიან როგორც ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები, ასევე, უბრალოდ, ის ხალხი, ვინც ვერ რჩება გულგრილი, თავიანთი საქმიანობის ორგანიზებას ეწევიან პირადი კონტაქტებისა და „Telegram“ სოციალური მედია აპლიკაციის გამოყენებით. ისინი ათასობით უკრაინელ ლტოლვილს რუსეთიდან გასვლაში ეხმარებიან. ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტი ბალტიის ქვეყნებია. მოხალისეებმა კარგად იციან, რომ უკრაინელების დახმარება დიდი რისკის მატარებელი საქმიანობაა, რადგან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში რეპრესიები გაძლიერდა. ერთერთი აქტივისტის თქმით, „[…] ტელეფონის ნომრები ხელიდან ხელში გადადის, რადგან, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ღია განცხადებების გავრცელება […]“. რუსეთში ბევრი უკრაინელი ლტოლვილია, ვისაც რუსეთში მოხვედრა საერთოდ არ უნდა და ისინი ძალით გაიყვანეს საბრძოლო მოქმედებების რეგიონებიდან რუსეთის მიმართულებით. სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაცია ეხმარება ასეთ ხალხს – აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, პოულობს მანქანებს და მძღოლებს, ანაზღაურებს მატარებლის ბილეთების საფასურს, პოულობს ღამის გასათევს ოჯახებისთვის, ვინც მოსკოვისა და პეტერბურგის გავლით, დასავლეთისკენ მიემგზავრება.[1]
მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“ 2022 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსები ასევე ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს; მაგრამ მათ ეშინიათ ამის შესახებ საუბარი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის რისკის გამო. სტატიაში ნათქვამია, რომ ხალხს – როგორც ლტოლვილებს, ასევე რუსებს – ეშინიათ, რომ „მოღალატეებად“ შერაცხავენ; და რომ ბრალსაც კი წაუყენებენ. მათ შიშს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იწვევს. უკრაინელებს ეშინიათ „რუსეთთან თანამშრომლების შესახებ“ კანონის, რადგან არ არიან დარწმუნებული, რუსეთში გაქცევა აღქმული იქნება თუ არა ღალატად. რუსებს კი ეშინიათ „რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ“ კანონის და იმ მასობრივი მანიის, რამაც ჯაშუშობასთან დაკავშირებით დაისადგურა. სტატიაში საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე [რუსებზე] ვინც ამა თუ იმ ფორმით, დახმარება აღმოუჩინა უკრაინელ ლტოლვილებს. მათ შორისაა მოსკოვური ბარის ერთერთი დამფუძნებელი ნიკიტა ფომკინი. ის ყვება, რომ ყოველთვის აქტიური პოზიცია ჰქონდა. „[…] ახლაც, როდესაც ვიხედები ირგვლივ, ვფიქრობ, ნუთუ ჩვენ, მოსკოველებს, ეს არ გვადარდებს; ჩვენთვის სულერთია? აქ ხომ ხმას არავინ იღებს. გადავწყვიტე, ვაჩვენო, რომ ჩემთვის არაა სულერთი. მოველაპარაკე ფონდს „მეორე სუნთქვა“ და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე განცხადება უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების შესახებ“. ბარში უამრავი ადამიანი მივიდა, სხვადასხვა ასაკის და ყველა მათგანი ამბობდა, რომ ისინი არ ემხრობიან „სპეცოპერაციას“, მაგრამ მიტინგებზე გასასვლელად მზად არ არიან; მაგრამ მზად არიან გაიღონ ტანისამოსი თუ სხვა ნივთები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. საბოლოოდ, ბარის თანამშრომლებმა და 30-მდე მოხალისემ 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და როსტოვის ოლქში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს გადასცა. ნიკიტა ფომკინის თქმით, ის აპირებს კიდევ ერთხელ გაუწიოს ორგანიზება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას.[2]
ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“, მედია საშუალებაზე „Reuters“ დაყრდნობით, 2022 წლის 11 მაისს ავრცელებს სტატიას რუსების ჯგუფების შესახებ, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. სტატიის თანახმად, აღნიშნული ჯგუფები მალულად აკეთებენ თავის საქმეს, რადგან არ სურთ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. მოხალისეების საქმიანობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. რუსებს, ვინც ღიად არ ეთანხმება ომს, აწყდება ფულად ჯარიმებს და სასამართლო დევნას.[3]
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში რამდენიმე კანონი მიიღეს, რომელიც უკრაინაში ომთანაა დაკავშირებული. რუსეთი კრძალავს სიტყვა ომის ხესენებას და თავის შეჭრას უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა კანონს „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ და მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ. ამის შემდეგ, რუსეთში „მცდარი ინფორმაციის გავრცელება“, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა და უკრაინაში შეჭრის სხვა ფორმით შეწინააღმდეგება დასჯადი გახდა. უკრაინაში მიმდინარე ომისთვის ომის დაძახებაც შეიძლება 15 წლამდე პატიმრობად დაუჯდეს პირს, რადგან ასეთ ქმედებას, ახალი კანონებით, ხელისუფლება მცდარი ინფორმაციის გავრცელებად ჩათვლის.[4] [5]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2022 წლის 3 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციაში პოლიტპატიმრების შესახებ წერს, რომ ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს [უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ], რომლებიც მიმართულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისკენ. გამძაფრებულია ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელი მედიასა და არასამთავრობო სექტორზე. გარდა ამისა, ასამბლეა გმობს უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების მასობრივ დაპატიმრებებს.[6]
ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე 2022 წლის 23 მაისისთვის, ომის საწინააღმდეგო ქმედებების გამო, 15 ათასზე მეტი მოქალაქე იყო დაკავებული. წყაროები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის დემონსტრანტები დააკავეს პირველი კვირების განმავლობაში. ალეკსეი ნავალნის გუნდის წევრი ლეონიდ ვოლკოვი 2022 წლის მარტში, ინტერვიუში აცხადებს, რომ „[…] დასავლეთში ბევრს კიდევ არ ესმის ბევრი რამ; მათ არ ესმით, რას რისკავს რიგითი დემონსტრანტი რუსეთში. ახლა თუ შენ მიდიხარ დემონსტრაციაზე, დიდი ალბათობით დაგაკავებენ, დაგაპატიმრებენ, გაგრიცხავენ უნივერსიტეტიდან ან გაგადებენ სამსახურიდან. ახლა შენ საპატიმრო სასჯელს რისკავ და არა 10 დღეს, როგორც ეს იყო 2 წლის წინ; არამედ 15 წელიწადს. 10 წლის წინ ყველაზე დიდი რისკი იყო ჯარიმა 500 რუბლის ოდენობით. ახლა ასე არაა და მიუხედავად ამისა, 15 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე; ეს იმას ნიშნავს, რომ აქციაზე, ასობით ათასი პირი იყო გამოსული. ომის მოწინააღმდეგეები რუსეთის 130-ზე მეტ ქალაქში დააპატიმრეს. ათასობით ადამიანი კი უბრალოდ ვერ აძლევს თავს უფლებას, გარისკოს. ისინი ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობენ და ყველა ვერ ახერხებს დემონსტრაციებში მონაწილეობას […]“.[7]
[1] მედია საშუალება „The Moscow Times“; როგორ ეხმარებიან რუსები უკრაინელებს დასავლეთით გაღწევაში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.moscowtimes.ru/2022/05/20/kak-rossiyane-pomogayut-ukrainskim-bezhentsam-vibratsya-na-zapad-a20520 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]
[2] მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“; რთულია იყო ადამიანი; ავტორი: ივან ჟილინი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 22 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://novayagazeta.ru/articles/2022/03/22/trudno-byt-chelovekom [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]
[3] ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“; რუსების მიწისქვეშა ჯგუფები ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს რუსეთიდან გაქცევაში; ავტორი: კირილ კარასენი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 11 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://nokta.md/podpolnye-gruppy-rossiyan-pomogajut-ukrainskim-bezhentsam-nasilno-zavezennym-v-stranu-sbezhat-iz-rossii/ [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]
[4] მედია საშუალება „BBC“, რუსულენოვანი რედაქცია; უკრაინის მოვლენებს ომი დაუძახე? 15 წლამდე პატიმრობნა. სახელმწიფო დუმა ამზადებს კანონს სამხედრო ოპერაციის შესახებ მცდარი ინფრომაციის გავრცელების თაობაზე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/news-60594110 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]
[5] მედია საშუალება „Deutsche Welle“, რუსულენოვანი რედაქცია; სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი რუსული არმიის დისკრედიტაციის გამო დასჯის შესახებ; სტატიის ავტორი: ვიტალი კროპმანი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 4 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/gosduma-prinjala-zakon-o-nakazanii-za-diskreditaciju-vs-rf/a-61009600 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]
[6] ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა; რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური ნიშნით პირთა დაპატიმრებების შესახებ ანგარიში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს][7] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი; რუსეთის ფედერაცია: პოლიტიკური პროტესტი და განსხვავებული აზრი უკრაინაში შეჭრის კონტექსტში; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]