სომალი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ნოემბერი, 2017

თაუფიყი აღნიშნული ტრანსკრიფციით: Towfiq, წარმოადგენს სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ერთ-ერთ დასახლებას/რაიონს. ანგარიშებში არ არის ცალკე გამოკვეთილი იქ არსებული მდგომარეობა, შესაბამისად მასზე გავრცელდება ზოგადად მოგადიშუში არსებული ვითარება.

სომალიში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტის 2017 წლის 6 სექტემბრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 8 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც სომალის პრეზიდენტი გახდა მოჰამედ აბდულლაჰი მოჰამედ ფარმაჟო და მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება, წარმოადგენს სომალიში მშვიდობიანი ძალისხმევებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარების/კონსოლიდაციის დადასტურებას. სახელმწიფოში კვლავ აგრძელებენ ყოფნას  სომალიში გაეროს სადამხმარებლო მისიისა (United Nations Assistance Mission in Somalia) და აფრიკის კავშირის მისიის (African Union Mission in Somalia) წარმომადგენლები. მათი ადგილზე ყოფნა წარმოადგენს გარდამტეხ ფაქტორს სტაბილიზაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. სომალიში 2017 წლის 11 მაისს გამართულ ლონდონის კონფერენციის (London Conference) წარმატებით ჩამთავრებამ, გამოკვეთა შემდგომი რეფორმების საჭიროება და ფედერალურ და სახელმწიფო დონეზე მმართველობის, უსაფრთხოების, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სექტორში, ასევე პოლიტიკური ჩარჩოებისთვის მხარდაჭერის საჭიროება. დაწყებულია ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის დაარსება, რომელიც დაფუძნებულია 2016 წლის 6 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებულ ბრძანებაზე, რომელზედაც ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰასან შეიხ მოჰამუდმა 2016 წლის აგვისტოს მოაწერა ხელი. 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე სომალიში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება და მიღწევა, რომელსაც გავლენა ჰქონდა სახელმწიფოში ადამიანის უფლებებით სარგებლობაზე. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მშვიდობიანი და სანდო საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით განხორციელდა. აღნიშნულმა პროცესმა აჩვენა, რომ სომალელი ხალხი მზადაა დემოკრატიული მმართველობისთვის. მათზე არ იმოქმედა შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფის ალ-შაბააბის მუქარამ არჩევნების ჩაშლის შესახებ.[1]

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ზიანის მომტანი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების წინააღმდეგ განხორციელებული პროგრესული პოლიტიკისა და ფედერალურ და სახელმწიფო დონეზე მიღებული კანონმდებლობისა, სომალის საზოგადოებაში არსებული კლანური სისტემა, რომელზედაც დიდი გავლენა აქვს ტრადიციების დამცველ მამრობითი სქესის წარმომადგენელ უხუცესებს, კვლავ დაბრკოლებებს უქმნის ქალთა უფლებებით სარგებლობას. სომალიში გრძელდება ალ-შაბააბის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები, რომელიც ასუსტებს, საფრთხეს უქმნის და უკუაქცევს მიღწევებს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობის კუთხით. ალ-შაბააბი განაგრძობს ტერაქტებს სამოქალაქო პირებზე და სამოქალაქო სამიზნეების, როგორიცაა სასტუმროები და ბაზრები, დაბომბვის კამპანიას. სომალის ეროვნული არმიისა და აფრიკის კავშირის მისიის (AMISOM) ძალების წარმატებულმა ოპერაციებმა განაპირობეს კონტროლირებადი ტერიტორიების დაბრუნება. აღნიშნულ ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ სამწლიანმა გვალვამ გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც აისახა ნახევარზე მეტ მოსახლეობაზე. დაიღუპა შინაური საქონელის 60%, რამაც გამოიწვია მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემები. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ანგარიშში ნახსენებია, რომ აფრიკის კავშირის მისიის ძალებმა და სომალის ეროვნულმა არმიამ გაანთავისუფლეს სომალის ტერიტორიის დიდი ნაწილი. დამოუკიდებელი ექსპერტის აზრით, უკანასკნელი პოლიტიკური მიღწევებიდან გამომდინარე, ალ-შაბააბი, ტერაქტების გასაძლიერებლად, სავარაუდოდ კონცენტრირდება მოგადიშუზე, კონკრეტულად ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა სასტუმროები და ბაზრები.[2]

სომალიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიერ 2017 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სომალიში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აღინიშნებოდა სერიოზული დარღვევები, რომელსაც, მიმდინარე შიდა კონფლიქტისა და დაუსჯელობის ვითარებაში, ახორციელებდნენ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები. საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესმა განაპირობა პროგრესი 2016 წელს, რომელიც  ძირითადად იყო მშვიდობიანი, თუმცა, გახშირებული იყო ალ-შაბააბის თავდასხმები, მათ შორის სამოქალაქო პირებზე. ხშირი ფაქტები ფიქსირდებოდა სამოქალაქო მსხვერპლისა და შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვების ჩართვის შესახებ. ენდემური რჩებოდა სექსუალური სახის ძალადობა. ასევე ძალიან შეზღუდული იყო ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე. ჟურნალისტების დამცველი კომიტეტის წლიური ინდექსის მიხედვით, მეორეჯერ, სომალი დასახელდა ჟურნალისტობისთვის  მსოფლიოში ყველაზე ცუდ ადგილად. გრძელდებოდა სიკვდილით დასჯის ფაქტები, მათ შორის სომალილენდში.[3]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისი ურჩევს ყველა მოგზაურს, რომ არ იმოგზაურონ სომალიში, მათ შორის არც სომალილენდში. მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების დროს დასაშვებია მოგზაურობა სომალილენდის ქალაქ ბერბერასა და ჰარგეისაში. 13 ნოემბერს სომალილენდში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. აღნიშნული წყაროს მიხედვით, ტერორისტებს სურთ სომალიში ტერორისტული აქტების განხორციელება, მათ შორის გატაცებები. ტერორისტები მუქარას ახორციელებენ დასავლეთელებზე და იმ პირებზე, რომლებიც მუშაობენ დასავლურ ორგანიზაციებში. მოგადიშუში არსებობს ტერორისტული თავდასხმების მუდმივი საფრთხე და ტერორისტები განაგრძობენ დასავლეთელებზე თავდასხმებს სომალის დანარჩენ ნაწილებში, მათ შორის სომალილენდში.[4]

[5] 2017 წლის 14 ოქტომბერს მოგადიშუს ცენტრალურ ნაწილში (ჰოდანის რაიონში) განხორციელდა ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტი. ეს იყო სომალიში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც შეიწირა დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე და რამდენიმე ასეულობით ადამიანის დაშავება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიხედვით, ტერორისტული თავდასხმები შეიძლება იყოს განურჩეველი, განხორციელდეს ხალხმრავალ ადგილებში, მაღალი რანგის ღონისძიებებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, სადაც ჩართულნი არიან მთავრობის წევრები და იმ ადგილებში, სადაც სტუმრობენ უცხოელები. იმის გამო, რომ მთავრობის წევრები იყენებენ სასტუმროებს, აღნიშნული ობიექტები მიიჩნევიან ტერორისტების ლეგიტიმურ სამიზნეებად. ტერორიზმის მაღალი საფრთხე არსებობს სომალის ტერიტორიულ და საერთაშორისო საზღვაო წყლებში. მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება მეკობრეობა ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში. სომალის ყველა მხარეში შეინიშნება საკვების დეფიციტი, რაც იწვევს ათასობით სომალელის გადაადგილებას. მოგადიშუში ბრიტანეთის საელჩო ვერ უზრუნველყოფს საკონსულო დახმარებას.[6]

აღნიშნულ წყაროზევე დაყრდნობით, სომალიში რეგულარულად აქვს ადგილი შიდა კლანურ ძალადობას. ალ შაბააბი და სხვა ოპოზიციური ჯგუფები, თითქმის ყოველდღიურად, აგრძელებენ თავდასხმებს მოგადიშუსა და მის ფარგლებს გარეთ.[7]

სომალიში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ბატონმა კიტინგმა თავის ბრიფინგზე, 2017 წლის 13 სექტემბერს, განაცხადა, რომ სომალის დედაქალაქ მოგადიშუში აღინიშნებოდა გაუმჯობესება უსაფრთხოების კუთხით, თუმცა დაამატა, რომ ალ-შაბააბის ტერორისტული დაჯგუფება კვლავ წარმოადგენდა ძლიერ საფრთხეს და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით, სომალიში კვლავ იყო არამდგრადი ვითარება.[8]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მონაცემებით, სომალიში, მათ შორის მოგადიშუში ადგილი ჰქონდა რამდენიმე თავდასხმას სასტუმროებზე.[9] საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის მიხედვით (ICG), 14 ოქტომბრის ტერაქტის უკან, დიდი ალბათობით, დგას ალ-შაბააბი, თუმცა, აღნიშნულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა ტერაქტზე. უცნობია ტერაქტის სამიზნეები, თუმცა, შესაძლებელია სამიზნეებად ყოფილიყო სამთავრობო შენობები და აფრიკის კავშირის ძალების ბაზა.[10] გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR), გადარჩენილების მხარდასაჭერად, მოგადიშუში, ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა დახმარება.[11]

სომალიში ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 19 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომალიში აფრიკის კავშირის მისიის, ალ-შაბააბის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო დარტყმების, ძირითად ქალაქებში სამართალდამცავი ოპერაციებისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეშვეობით, ქვეყანაში გრძელდება ზომების გატარება უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის კუთხით. მიუხედავად უსაფრთხოების კუთხით არსებული მიღწევებისა (პუნტლანდში ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის წინააღმდეგ და სამხრეთ სომალიში ალ-შაბააბის თავშესაფრები), აფრიკის კავშირის მისიის ძალებმა, სომალის ეროვნულმა არმიამ და სხვა მოკავშირე ძალებმა ვერ შეძლეს ალ-შაბააბის შესაძლებლობის აღმოფხვრა, რომ დაეგეგმა და აღესრულებინა ტერაქტები. აღნიშნულ ანგარიშში ნახსენებია, რომ მათ, ახალი მეომრების რეკრუტირებისთვის აქვთ ცუდი ეკონომიკური შესაძლებლობები. აღნიშნული ფაქტორი დაეხმარა აფრიკის მისიის ძალებსა და სომალის ეროვნულ არმიას ტერიტორიების მოპოვებაში. ფედერალურ, ადგილობრივ და რეგიონულ უსაფრთხოების ორგანოებს აკლდა საკმარისი ქმედუნარიანობა ალ-შაბააბის თავდასხმების კონტროლისა და პრევენციისთვის.[12] [13] [14]

სომალიში დაბრუნება

სომალიში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად არსებული არამდგრადი ვითარებისა,  2014 წლის შემდგომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მოგადიშუში, გაუმჯობესდა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, რამაც საშუალება მისცა ზოგ ლტოლვილსა და დიასპორის წევრს დაბრუნებულიყვნენ მოგადიშუში. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პიროვნება აღმოჩნდება ისეთი ზიანის წინაშე, რომელიც არღვევს მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(გ) მუხლს.* მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ არსებობს აღნიშნული მუხლის დარღვევის რისკი, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პირის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს თუ არა კონკრეტული ფაქტორები, რაც მათ დააყენებდა რისკის ქვეშ. მოგადიშუს ფარგლებს გარეთ, სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში ბრძოლები იყო არარეგულარული და ლოკალიზებული და არ ჰქონდა ისეთი სახე, რომელიც აღნიშნულ ნაწილში ნებისმიერ პიროვნებას დააყენებდა ისეთი რეალური ზიანის წინაშე, რომლითაც დაირღვეოდა 15(გ) მუხლი. უმეტეს ურბანულ არეალებს ამჟამად აკონტროლებს სომალის ხელისუფლება, აფრიკის კავშირის მისიის ძალების დახმარებით. ალ-შაბააბს არ შეუძლია იმ ადგილების დაკავება, რომლის დაკავებასაც გადაწყვეტენ და რომელზე კონტროლსაც შეინარჩუნებენ აფრიკის კავშირის მისიის ძალები, თუმცა, თუ რესურსების გამო აფრიკის კავშირის მისიის ძალები გამოვლენ რაიმე ტერიტორიიდან, ალ-შაბააბი, დიდი ალბათობით, მაშინვე დაიკავებს იმ ტერიტორიას და გაატარებს სადამსჯელო ზომებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ალ-შაბააბს აქვს შეზღუდული რესურსები და წყაროებზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ შეძლებს ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების აღებას, როგორიცაა მოგადიშუ. უმეტესად, ალ-შაბააბი აკონტროლებს სოფლებს სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში და მიუხედავად სამხედრო ძალების არყოფნისა, ზოგან ის „მართავს“ ამ მხარეებს შიშისა და დაშინების ხარჯზე. 2011 წელს  საქმეში: AMM and others v Secretary of state for the Home Department (00445) გადაწყვეტილების* მიღების შემდეგ, ზოგადად, გაუმჯობესდა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.[15] ქალები, რომლებიც მოგზაურობენ სომალიში მამაკაცის გარეშე, ზოგადად არიან სექსუალური ძალადობის რეალური რისკის წინაშე. სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში განურჩეველი ძალადობა არ არის ისეთი სახის, რომ პირის დაბრუნება გამოიწვევს მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(გ) მუხლის დარღვევას, თუმცა, პირის ინდივიდუალურმა მახასიათებლებმა შეიძლება ის დააყენოს რისკის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში აღინიშნება შიმშილობა, ეს არ არის ფართოდ გავრცელებული და შიდა გადაადგილება არის გონივრული არჩევანი, თუმცა, თითოეული საქმე უნდა იყოს განხილული ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით.[16]

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, შესაძლებელია სომალის მოქალაქეების დაბრუნება მოგადიშუში, ან ზოგიერთ შემთხვევაში პუნტლანდსა და სომალილენდში, იმ პირებისთვის, ვინც ადრე ცხოვრობდა აღნიშნულ ტერიტორიებზე და გააჩნია კლანური კავშირები. თუმცა, სომალილენდსა და პუნტლანდამდე, პირველ რიგში უნდა შეფასდეს იქნება თუ არა აღნიშნული პიროვნება რისკის ქვეშ მოგადიშუში დაბრუნების შემთხვევაში.[17]

სომალიში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია საქმე: MOJ & Ors (Return to Mogadishu) Somalia CG v. Secretary of State for the Home Department, [2014], სადაც ტრიბუნალმა განაცხადა, რომ ზოგადად, „ჩვეულებრივი მოქალაქის“ (ანუ პირი, რომელიც არ ასოცირდება უსაფრთხოების ძალებთან, ხელისუფლებასთან ან რაიმე არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან) გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნება მოგადიშუში არ გამოიწვევს ისეთი რეალური ზიანის რისკს ან დევნას, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლს (წამების აკრძალვა) ან მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(გ) მუხლს. ასევე ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ 2011 წლის აგვისტოში ალ-შაბააბის მოგადიშუდან გაყვანის შემდგომ, უსაფრთხოების კუთხით, განხორციელდა მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ცვლილებები და არ არსებობს რეალური პერსპექტივა იმისა, რომ ალ-შაბააბი ხელახლა დამკვიდრდეს ქალაქში.[18]

საქმეში R.H. v. SWEDEN (no. 4601/14), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ  აუცილებელი იყო შემოწმებულიყო გაუარესდა თუ არა სომალიში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია მას შემდეგ, რაც 2013 წლის სექტემბერში გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი საქმეში K.A.B. v. Sweden (no. 886/11), სადაც აღინიშნა, რომ განმცხადებლის სომალიში გაბრუნება არ გამოიწვევდა მე-3 მუხლის დარღვევას. ობიექტურ ანგარიშებზე დაყრდნობით, ზოგადი სიტუაცია კვლავ სერიოზული და მყიფე იყო, თუმცა, არაფერი მიანიშნებდა აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სიტუაციის გაუარესებაზე, შესაბამისად ის ძალაში უნდა დარჩენილიყო. სასამართლომ ასევე ახსენა საქმე: MOJ & Ors (Return to Mogadishu) Somalia CG v. Secretary of State for the Home Department, სადაც დაასკვნეს, რომ სიტუაცია გაუმჯობესებული იყო. განმცხადებელთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მისი მტკიცებულებები იყო შეუსაბამო და მისი განცხადებები პირად გამოცდილებასთან და დაბრუნების შემთხვევაში საფრთხესთან დაკავშირებით, არ იყო დამაჯერებელი. ასევე სასამართლომ აღნიშნა, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას ექნებოდა წვდომა ოჯახისგან მხარდაჭერაზე და ეყოლებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი მხარდამჭერი, შესაბამისად საქმეში R.H. v. SWEDEN ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის დაბრუნება მოგადიშუში არ დაარღვევდა მე-3 მუხლს.[19]

სომალიში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირების დაბრუნება მოგადიშუში გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ შორის სხვა ნაწილებში მცხოვრები პირების, რომელთაც ადრე არ უცხოვრიათ მოგადიშუში, მათი გარემოებების გათვალისწინებით, ზოგადად არ  გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლების, ასევე მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(ა)(ბ) მუხლების დარღვევას.[20]

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები

სომალიში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტის 2017 წლის 6 სექტემბრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომალიში მძიმე ეკონომიკური პირობებია და სოციალური სერვისების მიწოდება, რესურსების მხრივ, დგას გამოწვევების წინაშე. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) ახორციელებს პროგრამებს ბავშვთა ჯანდაცვისა და დედების უსაფრთხოებისთვის: პოლიომელიტის საწინააღმდეგო აცრები, მალარიის საწინააღმდეგო ქმედებები, აივ-ინფექციის შემოწმება და მკურნალობა. UNICEF-ის პროგრამები მოიცავს დაახლოებით 2.5 მილიონ ადამიანს. UNICEF-ის მიერ მხარდაჭერილია პირველადი ჯანდაცვის სერვისების 70%. საგანმანათლებლო სექტორში, განათლების სისტემის გასაძლიერებლად და მაღალი დონის განათლების სისტემის უზრუნველსაყოფად ყველაზე იზოლირებული ბავშვებისთვისაც კი, UNICEF-ი მხარს უჭერს 5 თემატურ სფეროს.[21]

ამავე წყაროში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება ადამიანის უფლებების დაცვის, მმართველობისა და მშვიდობის მშენებლობის კუთხით. მიუხედავად ალ-შაბააბის მხრიდან ისევ მომდინარე საფრთხისა, აღნიშნული პროცესები ადასტურებს მიღწეულ პროგრესს. დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე მხედველობაში იღებს სომალიში ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, რომელიც მიუხედავად არსებული ბევრი გამოწვევისა, მაინც აშკარაა. ახალმა მთავრობამ აჩვენა  დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის მზაობა, არსებული გამოწვევების გადასალახად.[22]

სომალიში არსებული ვითარების შესახებ Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სომალელ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, რადგან მთავრობამ და საერთაშორისო ძალებმა გაათავისუფლეს ტერიტორიები ალ-შაბააბის კონტროლისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგადიშუსა და სხვა ქალაქებში ფუნქციონირებს უნივერსიტეტები და უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მხარდაჭერით, აქვთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთანავე, მიუხედავად სომალის ძალებისა და აფრიკის კავშირის მისიის ერთობლივი ქმედებებისა, ალ-შაბააბი მაინც აქტიურად არის წარმოდგენილი სახელმწიფოში. 2016 წლის განმავლობაში აღნიშნული დაჯგუფება თავს ესხმოდა როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო პირებს. სხვა დარღვევები, როგორიცაა – უკანონო დაპატიმრება, მკვლელობები და განურჩეველი თავდასხმები, რომელსაც მოყვა სამოქალაქო პირების დაშავება – ფიქსირდებოდა როგორც სამთავრობო ძალებისგან, ასევე კლანური დაჯგუფებებისგან. აღნიშნულ არამდგრად გარემოში გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები. ყველა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ  ხდება არასრულწლოვნების რეკრუტირება. სუსტი სასამართლო სისტემა გულისხმობს, რომ საქმის განხილვისას, ჩვეულებითი ან ისლამური სასამართლოები ხშირად არიან პრივილეგირებული წყაროები, ძირითადად უფრო სახელმწიფოს შორეულ მხარეებში.[23]

[1] UN Human Rights Council, Report of the Independent Expert on the situation of human rights in Somalia, 6 September 2017, A/HRC/36/62, available at:

[accessed 20 November 2017]

[2] UN Human Rights Council, Report of the Independent Expert on the situation of human rights in Somalia, 6 September 2017, A/HRC/36/62, available at:

[accessed 20 November 2017]

[3] United Kingdom: Foreign and Commonwealth Office, Human Rights and Democracy Report 2016 – Somalia, 20 July 2017, available at:

[accessed 20 November 2017]

[4] GOV.UK -“Somalia.” Somalia travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/somalia. [accessed 20 November 2017]

[5] Ibid

[6] GOV.UK -“Somalia.” Somalia travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/somalia. [accessed 20 November 2017]

[7] Ibid

[8] UN News Service, Somalia facing complex immediate and long-term challenges, UN Security Council told, 13 September 2017, available at:

[accessed 20 November 2017]

[9] GOV.UK -“Somalia.” Somalia travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/somalia. [accessed 20 November 2017]

[10]  International Crisis Group (ICG), Managing the Disruptive Aftermath of Somalia’s Worst Terror Attack , 20 October 2017, Crisis Group Africa Briefing N°131, available at:

[accessed 20 November 2017]

[11] UN High Commissioner for Refugees (UNHCR), UNHCR provides aid to Mogadishu attack survivors, 19 October 2017, available at:

[accessed 20 November 2017]

[12] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Somalia, 19 July 2017, available at:

 [accessed 20 November 2017]

[13] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin & Asylum Research and Documentation: Somalia, second quarter 2017: Update on incidents according to the Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED), 14 September 2017 available at:

[accessed 20 November 2017]

[14] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin & Asylum Research and Documentation: Somalia, second quarter 2017: Update on incidents according to the Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED), 14 September 2017 available at:

[accessed 20 November 2017]

* აღნიშნული მუხლი მოიცავს პირის სიცოცხლისთვის სერიოზულ ინდივიდუალურ საფრთხეს განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს

* აღნიშნულ საქმეში გადაწყდა, რომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი და გონივრული ნებისმიერი იმ პირის გაბრუნება სომალიში, ვისაც არ უცხოვრია მანამდეალ-შაბააბის კონტროლის ქვეშ

[15] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Somalia (South and Central): Security and humanitarian situation, 25 July 2017, available at:

[accessed 20 November 2017]

[16] Ibid

[17] Ibid

[18] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Somalia (South and Central): Security and humanitarian situation, 25 July 2017, available at:

[accessed 20 November 2017]

[19] The European Court of Human Rights (Fifth Section) – CASE OF R.H. v. SWEDEN (Application no. 4601/14), 10 September 2015, available at:

[accessed 20 November 2017]

[20] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Somalia (South and Central): Security and humanitarian situation, 25 July 2017, available at:

[accessed 20 November 2017]

[21] UN Human Rights Council, Report of the Independent Expert on the situation of human rights in Somalia, 6 September 2017, A/HRC/36/62, available at:

[accessed 20 November 2017]

[22] Ibid

[23] Freedom House, Freedom in the World 2017 – Somalia, 12 July 2017, available at:

 [accessed 20 November 2017]

პაკისტანი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება BAJAUR AGENCY რეგიონში. ნოემბერი,2017

ბაჯური წარმოადგენს შვიდიდან ერთ-ერთ შემადგენელ ორგანოს პაკისტანში ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობის (FATA) ტერიტორიულ ერთეულში. იგი მდებარეობს FATA-ს ჩრდილოეთით და წარმოადგენს FATA-ში ყველაზე პატარა ორგანოს. იმის გამო, რომ საზღვრის ძირითადი ნაწილი აქვს ავღანეთთან, იგი განსაკუთრებით დაუცველია საზღვრისპირა თავდასხმების მიმართ.[1]

FATA-ს კვლევითმა ცენტრმა (FRC) 2016 წელს ბაჯურში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია შეაფასა როგორც საკმაოდ მოშლილი. ბაჯურში 2016 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა 9 ინციდენტი, ხოლო 2016 წლის ბოლო კვარტალში მცირედით შემცირდა ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტები. FATA-ს კვლევითი ცენტრის მონაცემებით 2016 წელს დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 29 ინციდენტი, რის შედეგადაც მოკლულ იქნა 17 ადამიანი და დაშავდა-22.[2]

პაკისტანის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის (PIPS) მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბაჯურში დაფიქსირდა 15 ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა 9 ადამიანი და დაშავდა-14. ბაჯურში ბოევიკების დომინანტურ ტენდენციებში შედიოდა თავდასხმები თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით  და მოქალაქეებზე ჩასაფრებები. FATA-ს კვლევითი ცენტრის მონაცემებით 2017 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა 15 ტერორისტული თავდასხმა. ამავე პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებმა ჩაატარეს ბოევიკების წინააღმდეგ მიმართული 12 სამძებრო ოპერაცია. 13 ადამიანი იქნა მოკლული და 19-დაშავებული, საიდანაც მოკლულთა შორის 9 და დაშავებულთა შორის 13 ადამიანი იყო სამოქალაქო პირი. 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ბაჯურში ძალადობრივი ინციდენტები გაიზარდა 250%-ით.[3] 2017 წლის 11 აგვისტოს ბაჯურში, ჩარ მანგის დასახლებაში, ძლიერმა აფეთქებამ იმსხვერპლა სულ ცოტა 3 ადამიანი და დაშავდა 20-ზე მეტი. სექტემბერში გზის პირას ბომბის აფეთქებას შეეწირა მთავრობის ადმინისტრატორი და ტომის პოლიციის 6 ოფიცერი.[4]

ACCORD-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ბაჯურში თავს ესხმოდნენ სამოქალაქო მოსახლეობას. 2015 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებზე განხორციელდა 14 ტერორისტული თავდასხმა, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია 65%-ით. ყველაზე მეტჯერ სასწავლო დაწესებულებებზე თავდასხმა განხორციელდა FATA-ში, კერძოდ ბაჯურში, მოჰმანდში, ორაკზაიში, კურამსა და ხიბერში. 2014 წელს ბაჯურში ბოევიკები შევიდნენ სკოლის შენობაში, რამდენიმე ადგილას დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და დაანგრიეს აღნიშნული შენობა.[5]

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის მარტში, ბაჯურში განხორციელდა თავდასხმა პოლიომიელიტის ვაქცინაციის ჯგუფზე. სროლის შედეგად, მოკლეს პოლიომიელიტის წინააღმდეგ მომუშავე ერთი მუშაკი, ხოლო მეორე დაიჭრა.[6]

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი (FCO) უკრძალავს პირებს FATA-ში მოგზაურობას.[7]

[8]

პაკისტანში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები ძირითადად მოქმედებენ ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების გარეშე, იძიებენ და აქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებში. ძალიან ცოტა არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა წვდომა ხაიბერ-პახტუნხვას (KP) და ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობის (FATA) ტერიტორიებზე, ასევე ბელუჯისტანის კონკრეტულ ტერიტორიებზე. მთავრობა სულ უფრო მეტად ზღუდავდა ადამიანის უფლებებზე მომუშავე იმ ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედებებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მთავრობის მხრიდან შევიწროება, იძულებით გადაადგილებული პირები, კონფლიქტის ზონები და დაცვა. ასეთი ორგანიზაციები წააწყდნენ მგზავრობასთან, ვიზასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ რეგულაციებს, რამაც შეაფერხა მათი გეგმისა და სახსრების მოძიების შესაძლებლობა. ორგანიზაციების უცხოელი წევრები, მათ შორის დარეგისტრირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კვლავ ფერხდებოდნენ ვიზის გაცემისას. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაკებისთვის პრობლემას წარმოადგენდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები. გარკვეული დაბრკოლებები ხვდებოდათ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალთა უფლებების დაცვას.[9]

პაკისტანის შესახებ Freedom House-ს მიერ 2017 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელ წლებში, ფედერალურ და პროვინციულ დონეზე მოქმედმა მთავრობამ, მკაცრი მარეგულირებელი წესების გატარებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციონირების უნარი.[10]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report. Pakistan Security Situation, August 2017, available at:

[accessed 10 November 2017]

[2] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report. Pakistan Security Situation, August 2017, available at:

[accessed 10 November 2017]

[3] Ibid

[4] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Roadside Bomb kills Government Administrator In Northwestern Pakistan, 17 September 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/346622/478032_en.html [accessed 10 November 2017]

[5] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Pakistan: COI Compilation , 31 August 2016, available at:

[accessed 10 November 2017]

[6] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2015 – Foreign Terrorist Organizations: Tehrik-e Taliban Pakistan, 2 June 2016, available at:

[accessed 10 November 2017]

[7] GOV.UK: Pakistan.” Pakistan travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/pakistan [accessed 10 November 2017]

[8] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Pakistan, 2. Quartal 2017: Kurzübersicht über Vorfälle aus dem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED), 19 September 2017 available at:

[accessed 10 November 2017]

[9] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Pakistan, 3 March 2017, available at:

[accessed 10 November 2017]

[10] Freedom House, Freedom in the World 2017 – Pakistan, 19 May 2017, available at:

[accessed 10 November 2017]