რუსეთი. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისგან განდგომილი თანამშრომლები. ივლისი, 2020

რუსული პრესა ბევრს წერს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებზე, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას უღალატეს და მოწინააღმდეგე ქვეყნის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლეს. რუსული მედია საშუალება „პოლიტ.რუ“ 2016 წლის ივლისში წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკზე ალექსანდრ პოტეევზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და გაასაჯაროვა რუსი არალეგალების (აგენტების) მთელი ქსელი. ალექსანდრ პოტეევს რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. პრესაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოტეევი 2016 წლის ივლისში გარდაიცვალა. ამავე სტატიაში საუბარია სხვა მსგავს შემთხვევებზეც. „კა-გე-ბეს“ მაიორმა, ნორვეგიის რეზიდენტურის თანამშრომელმა მიხაილ ბუტკოვმა 1991 წელს მიმართა ბრიტანეთის საელჩოს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან თავშესაფართან ერთად სპეცსამსახურებისგან პენსიაც მიიღო. მისი ბედ-იღბალი 1999 წლიდან უცნობია. რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი, ევგენი ტოროპოვი, რომელიც კანადაში რუსეთის საკონსულოში პირველი მდივანი იყო, 2000 წელს გაიქცა. 2010 წელს ის საკუთარ აბაზანაში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. კანადური პრესა წერდა, რომ მან შემთხვევით მოკიდა ხელი ელექტრომოწყობილობას. სერგეი ტრეტიაკოვი აშშ-ში 2001 წელს დარჩა. ის 2010 წელს დაიღუპა – გაიგუდა ხორცის ნაჭრით. სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული აგენტების ბედი უმეტეს შემთხვევაში უცნობი რჩება, რადგან ასეთ ინფორმაციას ყველა ქვეყანა მკაცრად საიდუმლოდ ინახავს.[1]

რუსული მედია საშუალება „ლენტა“ 2016 წლის ივლისში წერს მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების შესახებ. „კა-გე-ბეს“ გენერალ-მაიორმა ოლეგ კალუგინმა, რომელიც 1973-1979 წლებში კონტრდაზვერვის უფროსი იყო, 1990 წელს სპეცსამსახურების ღია კრიტიკა დაიწყო. 1995 წელს ის აშშ-ში გაიქცა და 2001 წელს ჩვენება მისცა ჯორჯ ტროფიმოვის წინააღმდეგ, რომელსაც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა ბრალად. 2002 წელს კალუგინს მოსკოვში დაუსწრებლად მიუსაჯეს 15 წლით პატიმრობა. კალუგინი აშშ-ში ცხოვრობს. მან 2003 წელს მოქალაქეობა მიიღო და მუშაობა დაიწყო კერძო საგამოძიებო სტრუქტურებში.

„კა-გე-ბეს“ თანამშრომელი ალექსანდრ ზაპოროჟსკი 1994 წელს დაუკავშირდა აშშ-ის სპეცსამსახურებს და მას შემდეგ აწვდიდა მათ საიდუმლო ინფორმაციას. 1997 წელს დატოვა რუსეთი და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და კერძო ფირმაში მუშაობდა. 2001 წელს, მოსკოვში ვიზიტისას, დააპატიმრეს და 2003 წელს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბოლოოდ, ის აშშ-ში დაპატიმრებულ რუს ჯაშუშებში გაცვალეს. ამჟამად ზაპოროჟსკი მერილენდში ცხოვრობს. ალექსანდრ ზაპოროჟსკისთან ერთად, რუსი გამოაშკარავებული ჯაშუშების სანაცვლოდ, რუსეთმა შტატებს გადასცა იგორ სუტიაგინი, დაზვერვის ოფიცერი გენადი ვასილენკო და „გრუ“-ს ოფიცერი სერგეი სკრიპალი.[2]

სერგეი სკრიპალი დიდ ბრიტანეთში მოწამლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ბრიტანეთში მოკლეს, ასევე ნიკოლაი გლუშკოვი. 2018 წლის მარტში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში „კა-გე-ბესა“ და „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი ოფიცერი ბორის კარპიჩკოვი ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კლავენ. მისი თქმით, მან გაფრთხილება მიიღო ყოფილი კოლეგისგან, რომ მზადდებოდა 8 პოლიტიკური ემიგრანტის მკვლელობა. მათ შორის თავად კარპიჩკოვის სახელიც იყო. სიაში იყო ასევე სკრიპალიც.[3]

სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, სოლსბერის შემთხვევა ხომ არ არის ორაზროვანი ნიშანი მათთვის, ვინც რუსეთის სახელმწიფოს ღალატს ფიქრობს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემდეგნაირად უპასუხა – „[…] ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია და მოღალატეები უნდა დაისაჯონ […] მე არ ვამბობ, ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ეს სოლსბერიში მოხდა, ამას არ ვამბობ; მაგრამ მოღალატეები უნდა დაისაჯონ […]“.[4]

რუსეთის ფედერაციაში ყოფილი „ძალოვნები“, მსჯავრის დადების შემთხვევაში, სასჯელს სპეციალურ ციხეებში იხდიან. ყოფილი „ძალოვნები“ წინასწარი დაკავების იზოლატორში ცალკე ჰყავთ და მათი საპატიმროებში გადაყვანაც სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ხდება. ამის მიზეზი ყოფილი „ძალოვნების“ უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. რუსეთში ყოფილი „ძალოვნებისთვის“ 15 სპეციალური კოლონია მოქმედებს, აქედან 3 საერთო რეჟიმის, 11 – მკაცრი და 1 – განსაკუთრებული რეჟიმის.

რუსულ მედიაში მრავლად ვრცელდება ინტერვიუები და სხვა სახის ცნობები ყოფილი „ძალოვნების“ ციხეებში არსებული პირობების შესახებ. ყოფილი ან მოქმედი პატიმრები, რომლებიც ადრე სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდნენ, ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს და საუბრობენ იმ პირობებზე, რომელიც ე.წ. „წითელ ზონაზე“ აქვთ. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ სპეციალურ კოლონიებში განსხვავებული სიტუაციაა და ჩვეულებრივ ციხეებთან შედარებით, კურორტს შეიძლება შეადარო. ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ იქმნება, მათ უფლებას აძლევენ, იქონიონ ტელეფონი და ისარგებლონ პაემანით იმ დროსაც, როცა კანონით ეს არაა დაშვებული. სპეციალურ ციხეებში სხვადასხვა წარსულის მქონე კონტინგენტია – შინაგანი ჯარის მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლები, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები. ციხის ადმინისტრაცია სპეციალურ კონტინგენტს, საერთო ჯამში, კარგად ექცევა, რადგან აცნობიერებენ, რომ თავადაც შეიძლება მათ ადგილას აღმოჩნდნენ. როგორც რესპონდენტები ყვებიან, საერთო ჯამში, თავად პატიმრებიც, რომლებიც დაკავებამდე სხვადასხვა სისტემაში მუშაობდნენ, ერთმანეთს კარგად ექცევიან. პროკურორები, მოსამართლეები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, როგორც წესი, დაკავებამდე მათი საქმიანობიდან გამომდინარე, არავის უყვარს, თუმცა პრეტენზიებს მათ მიმართ ღიად არავინ გამოხატავს. საყოფაცხოვრებო პირობები სპეციალურ ციხეებში კარგია და ეს ძირითადად თავად პატიმრების დამსახურებაა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ პირობები გაიუმჯობესონ.[5] [6] [7] [8]

[1] „პოლიტ.რუ“; ყველა მოღალატის ბედი; 07.07.2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://polit.ru/article/2016/07/07/poteev/ [ნანახია 02.07.2020]

[2] „ლენტა“; რეზიდენტების დაუბრუნებლობა; 09.07.2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://lenta.ru/articles/2016/07/09/defectors/ [ნანახია 02.07.2020]

[3] „რადიო თავისუფლება“; რუსული სპეცსამსახურები კლავენ. „კა-გე-ბეს“ ყოფილი თანამშრომელი სკრიპალის საქმეზე. 17.03.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/29105795.html [ნანახია 02.07.2020]

[4] „რბს ნიუსი“; პუტინმა მოღალატეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა; 27.06.2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rbc.ru/rbcfreenews/5d1515639a7947683187c6e0 [ნანახია 02.07.2020]

[5] „გულან ინფო“; კანონის მეორე მხარეს; როგორ იხდიან სასჯელს ყოფილი სამართალდამცველები; 10.01.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://gulag-info.ru/gulag-info-news/282-po-tu-storonu-zakona-kak-otbyvayut-nakazanie-byvshie-sotrudniki.html [ნანახია 02.07.2020]

[6] „ლენტა“; „ეტაპზე“ „ბრიონის“ კოსტიუმებით მიდიან; 22.07.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://lenta.ru/articles/2018/06/22/redzone/ [ნანახია 02.07.2020]

[7] „ჯგუფი 29“; შინაურების ზონა: როგორ ცხოვრობენ კოლონიებში ყოფილი თანამშრომლები; 30.04.2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://team29.org/story/2020-04-zona-dlya-svoih-kak-sidyat-byvshie/ [ნანახია 02.07.2020]

[8] „ციხის კონსულტანტი“; პოლიციური ზონები. კურორტები ყოფილი თანამშრომლებისთვის; 15.11.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://vturme.info/mentovskie-zony-lagerja-dlja-byvshih-sotrudnikov/ [ნანახია 02.07.2020]

რუსეთი. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩართულობა შავ ბიზნესში. ივლისი, 2020

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩართულობა უკანონო ბიზნეს საქმიანობაში – 2019 წლის აგვისტოში, რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კორუფციულ სქემაზე, რომლის გამოყენებითაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნები, ფულის სანაცვლოდ, „მფარველობას“ (Крышевание) უწევდნენ რუსულ ბანკებს. დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის „კ“ სამმართველო, რომელიც კურირებს საბანკო, საპენსიო და სადაზღვევო სექტორებს.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ბანკებთან, რომლებიც ფულის უკანონო განაღდებით იყვნენ დაკავებულნი („Обналичка“ [1]), ორი გზით თანამშრომლობდა – განაღდებული თანხის 0,1-0,2% ან ფიქსირებული „სააბონენტო გადასახადი“. სქემის ეფექტურად მუშაობისა და სიტუაციის კონტროლისათვის, ბანკებში, როგორც წესი, ბანკის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ინიშნებოდნენ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ მივლენილი კადრები, როგორც წესი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი (პენსიაზე გასული) თანამშრომლები.

უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებას სქემის განსახორციელებლად სჭირდებოდა რეგიონული სამსახურების დახმარება, რადგან დიდი ოდენობით ნაღდი ფულის შოვნა რეგიონებში უფრო ადვილია, სადაც კონცენტრირებულია რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი. რეგიონული სამმართველოები მოიპოვებდნენ დიდი ოდენობით ნაღდ ფულს, რომელსაც გზავნიდნენ მოსკოვში, „კ“ სამმართველოში, რომელიც „ურთიერთობებს ალაგებდა“ ბანკებთან. ფულის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების, „ალფასა“ და „ვიმპელის“ თანამშრომლები.

დანაშაულებრივი სქემის შესახებ რუსული მედიისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „კ“ სამმართველოს თავმჯდომარე კირილ ჩერკალინი დააპატიმრეს. როგორც მედია იტყობინება, 2014 წელს ჩერკალინმა ფინანსური ჯგუფის „ლაიფ“ ერთერთ მფლობელს ალეკსანდრ ჟელეზნიაკს „შესთავაზა“, ვიცე-პრეზიდენტად უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაენიშნა და მისთვის გადაეხადა ხელფასი 120 ათასი ამერიკული დოლარი წელიწადში. ამასთან, ფინანსური ჯგუფის „ლაიფ“ დიდი ნაწილი უნდა გადასულიყო კომერციული სტრუქტურის საკუთრებაში, რომელიც მოგებას გაუნაწილებდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებს. ჟელეზნიაკმა „შეთავაზება“ არ მიიღო, რის შემდეგაც მისი და სხვა აქციონერების წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მათ საკუთრებაში არსებულ ბანკებს შეუჩერეს ლიცენზია. 2019 წლის აპრილში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „კ“ სამმართველოს თავმჯდომარე კირილ ჩერკალინი, ორ კოლეგასთან ერთად (მისი ყოფილი უფროსი დიმიტრი ფროლოვი და დაქვემდებარებული თანამშრომელი ანდრეი ვასილევი), დააპატიმრეს. ჩხრეკისას, მისი სახლიდან, ნაღდი ფულისა და ძვირფასეულობის სახით, 12 მილიარდი რუსული რუბლი ამოიღეს.[2]

ერთერთი მსხვილი რუსი ბანკირი ჩერკალინს ახასიათებს როგორც ძალიან ჭკვიან და საკითხში კარგად გარკვეულ პირს, რომელსაც, სხვა შემთხვევაში, აუცილებლად აიყვანდა სამსახურში – „[…] თუმცა, ეს ხალხი, ყველა, „კომერციული ტიპები“ არიან, ასეთი თაობაა […]“. კომერციულ საქმიანობაზე ორიენტირებული თაობა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც რუსეთში საბანკო განაღდებების ბუმი იყო. იგივე ბანკის თქმით, „[…] ცნობილი პრინციპია, როდესაც აცნობიერებ, რომ რაღაცასთან ბრძოლა უსაფუძვლოა, მას სათავეში უნდა ჩაუდგე […]“. ბანკებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ „შავი ფულის“ მოპოვებით, ეკონომიკური უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „კ“ სამმართველო „სააბონენტო გადასახადს“ ახდევინებდა.[3]

2019 წლის აპრილში რუსული მედია, ასევე, ამახვილებდა ყურადღებას ძალოვნების მხრიდან მეწარმეებზე კონტროლის გამკაცრების დინამიკაზე. ადგილობრივი მედია წერდა, რომ 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკური დანაშაულების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ასეთი საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება. პოლიტოლოგი კირილ როგოვი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზუსტად უსაფრთხოების ფედერალური სამსახურია მთავარი მოქმედი პირი პოლიტიკურად მგრძნობიარე სისხლის სამართლის საქმეებში, სადაც უსაფრთხოების სამსახური ან მხარდამჭერია ან თავად აღძრავს და აწარმოებს საქმის ძიებას. პოლიტოლოგის თქმით, ასეთი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მას შემდეგ, რაც სუგრობოვის საქმეში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „გაანადგურეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალოგიური „ანტიკორუფციული“ ქვედანაყოფი.[4]

2019 წლის ნოემბერში „ბი-ბი-სის“ რუსულენოვანი განყოფილება წერდა, რომ რუსულმა ბიზნეს გაერთიანებებმა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან და მთავრობასთან თანამშრომლობით, შექმნეს ინტერნეტ გვერდი, რომლის გამოყენებითაც, ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია, პოლიციის, პროკურატურის ან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის შესახებ განაცხადოს.[5]

ილია კლიგმანის საქმე – ილია კლიგმანს კრიმინალური სქემების ორგანიზატორად და რამდენიმე ათეული ბანკი-ბანკროტის საბოლოო ბენეფიციარად მიიჩნევენ. მასზე ძებნა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მას დაუსწრებლად აქვს ბრალი დადებული თაღლითობაში. კლიგმანს ძიება მიიჩნევს ათობით გაბანკროტებული ბანკის საბოლოო ბენეფიციარად. აღნიშნული ბანკებიდან საერთო ჯამში 100 მილიარდი რუბლი გაქრა, საიდან უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გატანილი. ბანკებს შორისაა „გელენჯიკის ბანკი“, „ინტერკომერც ბანკი“, „ტაიმ ბანკი“, „ანტალბანკი“, „არკსბანკი“ და სხვა. როგორც ძიებამ გაარკვია, ყველა ამ ბანკს უკან ილია კლიგმანი დგას.[6]

დენის ვორონენკოვის საქმე (ვიტალი კაჩური, დენის პანაიოტოვი) – დენის ვორონენკოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელსაც ძიება ედავებოდა, მოსკოვში შენობის მიტაცების მიზნით, განსაკუთრებით ფართო მასშტაბის თაღლითობის ორგანიზებას. მისი დაკავება დეპუტატის მანდატის გამო ვერ ხერხდებოდა. პროკურატურამ ორჯერ უშედეგოდ მიმართა პარლამენტს ვორონენკოვისთვის (რომლის მეუღლეც, ასევე, პარლამენტარი იყო) იმუნიტეტის ჩამორთმევის თხოვნით. 2016 წელს ვორონენკოვი და მისი მეუღლე პარლამენტის წევრებად აღარ აირჩიეს და ისინი უკრაინაში გაიქცნენ. 2017 წლის 23 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დენის ვორონენკოვის მკვლელობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ის კიევის ცენტრში ჩაცხრილეს. ოჯახმა ვორონენკოვის მკვლელობაში დენის პეტროვიჩ პანაიოტოვი დაადანაშაულა და საჯაროდ განაცხადა, რომ შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნა მასალები, რომლებიც პანაიოტოვის ბრალს ადასტურებდა. დენის პანაიოტოვი ოდენცოვის რაიონის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. ის 2013 წელს ეთიკური ნორმების დარღვევის გამო თანამდებობას ჩამოაშორეს და დაითხოვეს. დენის პანაიოტოვი ვორონენკოვის საუკეთესო მეგობარი იყო. სწორედ მან ურჩია ვორონენკოვს და მის მეუღლეს უკრაინაში გაქცევა. უკრაინაში ყოფილი დეპუტატები სწორედ პანაიოტოვის საკუთრებაში არსებულ ბინაში იყვნენ. სანაცვლოდ პანაიოტოვს გაქცეულების მოსკოვში არსებული აპარტამენტები დარჩა. პანაიოტოვი დაპირდა ვორონენკოვს, რომ ქონებას მოგვიანებით გადაუფორმებდა, თუმცა ასე არ მოიქცა. ვორონენკოვის საქმეში ფიგურირებდა ასევე ვიტალი კაჩური, რომლის ფულითაც მოხდა მოსკოვში მდებარე შენობის თაღლითური გზით შეძენა. ვიტალი კაჩურმა კოლონიაში 5 წელი გაატარა და 2017 წელს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ძიების ვერსიით, 2010-2011 წლებში ვიაჩესლავ პოლოზკოვმა, სერგეი ვორონცოვმა და მარინა ვლადიმერსკაიამ გადაწყვიტეს 127-მილიონად შეფასებული შენობის მიტაცება. ვიტალი კაჩური მყიდველის როლში გამოვიდა და შენობა 20 მილიონ რუბლად იყიდა. კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ, კაჩურის ადვოკატი აღნიშნული თანხის კლიენტისთვის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდა. რაც შეეხება დენის ვორონენკოვს, მედიაში არ წყდება ცნობები იმის შესახებ, რომ მან თავისი სიკვდილი გაითამაშა და სინამდვილეში ყოფილი დეპუტატი ცოცხალია.[7] [8] [9]

გენერალი ივან ტკაჩოვი და გენერალი ოლეგ ფოეკტისტოვი – გენერალი ივან ტკაჩოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის „კ“ განყოფილების ხელმძღვანელია. როგორც მედიაში წერენ, მას არ უყვარს ტელეეკრანებზე გამოჩენა და არც ინტერვიუების მიცემა. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია, მისი სახელი აქტიურად ფიგურირებს საინფორმაციო ბადეში და მისი სახელის ხსენებაზე რუსი ბანკირები ნერვიულობას იწყებენ. გენერალი ტკაჩოვი, რომელიც ადრე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მეექვსე სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, სათავეში ედგა გახმაურებულ დაკავებებს, მათ შორის მინისტრების, რეგიონების ხელმძღვანელებისა და მსხვილი ბიზნესმენების. ახლა კი გენერალი ტკაჩოვი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საკვანძო განყოფილებას, რომელიც კურირებს პრაქტიკულად მთელ საკრედიტო-საფინანსო სისტემას რუსეთში.

გენერალმა ივან ტკაჩოვმა კარიერა გაიკეთა ლუბიანკაზე (უსაფრთხოების ორგანოების შენობა ლუბიანკას ქუჩაზე მდებარეობს) თავის ჯარის მეგობართან გენერალ ოლეგ ფოეკტისტოვთან ერთად, რომელიც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მეექვსე განყოფილებას მეთაურობდა, რომელსაც „სეჩინსკის სპეცრაზმს“ ან „ექვსიანს“ ეძახდნენ. ტკაჩოვი და ფოეკტისტოვი ხელმძღვანელობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკიაევის, კომის გუბერნატორის ვიაჩესლავ გეიზერის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, გენერალ-ლეიტენანტის დენის სუგრობოვის გახმაურებულ დაკავებებს. გენერალი ტკაჩოვი პირადად იმყოფებოდა „ობორონსერვისის“ დირექტორთა საბჭოს წევრის ევგენი ვასილევის სახლის ჩხრეკაზე, სადაც იმ მომენტში მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც გენერალი ფოეკტისტოვი „როსნეფტში“ გადავიდა, ტკაჩოვმა „ექვსიანი“ ჩაიბარა და მას მთელი „ჩეკისტური“ სისტემის მომავალ ხელმძღვანელადაც მოიაზრებდნენ, თუმცა 2016 წელს, ლუბიანსკის კლანებს შორის მომხდარი დიდი ომის შედეგად, გენერალი ტკაჩოვი „კ“ განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა და მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, პრაქტიკულად, ყველა ბანკი, სადაზღვევო კომპანია და სხვა საფინანსო დაწესებულებები. მას შემდეგ, რაც ტკაჩოვმა ჩაიბარა „საბანკო“ განყოფილება, მან დაიწყო ღონისძიებები „სუმმა“ ჯგუფის მფლობელების – ძმები მაგომედოვების, ღია ხელისუფლების ექს-მინისტრის მიხაილ აბიზოვის, ფედერაციული საბჭოს სენატორის რაუფა არაშუკოვის და ამერიკელი ინვესტორის მაიკლ კალვის წინააღმდეგ. სწორედ გენერალ ტკაჩოვს მიეწერება თავის დაქვემდებარებაში მყოფი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პოლკოვნიკის კირილ ჩერკალინის დაჭერა, რომლის სახლის ჩხრეკისას 12 მილიარდი რუბლი იქნა ამოღებული. საბოლოოდ, ჩერკალინთან ერთად, „საბანკო“ განყოფილების კიდევ ორი თანამშრომელი დააპატიმრეს.

გენერალი ტკაჩოვის კარიერაში ერთადერთი უსიამოვნო ეპიზოდი სერპუხოვის რაიონის ხელმძღვანელის ალექსანდრ შესტუნის სახელს უკავშირდება. ტკაჩოვმა შესტუნს მოუწოდა, თავისი ნებით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გააფრთხილა, რომ მას არჩევნებამდე მიხედავდნენ – „რაღაცას ნახავენ და დაგიჭერენ“. შესტუნმა საუბარი ჩაიწერა და გამოაქვეყნა და ამით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ზოგიერთი გუბერნატორის დაკავების მიზეზები და ის მეთოდები, რომელიც ასეთ შემთხვევებში გამოიყენებოდა. მალევე, როგორც ტკაჩოვმა გააფრთხილა, შესტუნი დააპატიმრეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.[10]

2019 წლის ოქტომბერში რუსული მედია საშუალება „პასმი“ წერდა, რომ გენერალმა ტკაჩოვმა სისხლის სამართლებრივი დევნა აიცილა. სტატიის მიხედვით, 2019 წლის მარტში შესტუნმა დანაშაულის შესახებ განაცხადა. მისი მტკიცებით, მას სახელმწიფოს მხრიდან მფარველობის სანაცვლოდ გენერალი ტკაჩოვი ქრთამს სძალავდა. 11 ივლისს მოსკოვის სამხედრო სასამართლომ სამხედრო გამომძიებლების უმოქმედობა უკანონოდ ცნო და დაავალა მათ მოკვლევის ჩატარება. 2019 წლის ოქტომბერში მოსკოვის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება. იმავე დღეს მოსკოვის სამხედრო პროკურორის ალექსანდრ სამოილოვის მოადგილემ შეწყვიტა მოკვლევა შესტუნის განცხადებაზე და თავად განცხადების რეგისტრაციაც გააუქმა.[11]

გენერალი ოლეგ ფოეკტისტოვი, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური დატოვა, ერთი წლის განმავლობაში (2016-2017) იყო „როსნეფტის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. შემდეგ ის ბანკ „პერესვეტის“ ხელმძღვანელის მრჩეველი გახდა. 2018 წლის ივლისში ის სასამართლომ ორი მილიონი ამერიკული დოლარის (ნაღდი ფულის სახით) კანონიერ მფლობელად ცნო. საქმე ეხებოდა იმ თანხას, რომელიც „როსნეფტის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა, ოპერატიული ექსპერიმენტის დროს, ქრთამის სახით გადასცა ეკონომიკური განვითარების მაშინდელ მინისტრს ალექსეი ულიუკაევს. ეს უკანასკნელი გაასამართლეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[12]

[1] „Обналичка“ – ფინანსური ქმედების ჟარგონული სახელწოდება. ქმედება გულისხმობს ნაღდი ფულის მიღებას ისე, რომ ის არ აისახოს დოკუმენტაციაში და არ იყოს საჭირო გადასახადების გადახდა. ე.წ. „შავი ფული“

[2] „დოიჩე ველე“; ჟურნალისტებმა გაშიფრეს სქემა, რომლის გამოყენებითაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური „მფარველობას“ უწევდა რუსულ ბანკებს; სტატიის ავტორი: ოლგა მიშენკო; გამოქვეყნებულია: 01.08.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/%D0%B6%D1%83%D1%80%D0%BD%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%81%D1%82%D1%8B-%D1%83%D0%B7%D0%BD%D0%B0%D0%BB%D0%B8-%D0%BE-%D1%81%D1%85%D0%B5%D0%BC%D0%B5-%D0%BA%D1%80%D1%8B%D1%88%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F-%D1%84%D1%81%D0%B1-%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%B8%D1%85-%D0%B1%D0%B0%D0%BD%D0%BA%D0%BE%D0%B2/a-49841235 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[3] „The Bell“; „კომერციული ტიპები“: როგორ „მფარველობს“ უსაფრთხოების ფედერალური სამსახური რუსულ ბანკებს; სტატიის ავტორები: ანასტასია სტოგნეი და ირინა მალკოვა; 31.07.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://thebell.io/kommercheskie-rebyata-kak-fsb-kryshuet-rossijskie-banki [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[4] „Кто в курсе“; რუსული ბიზნესი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წნეხის ქვეშ; გამოქვეყნებულია: 01.04.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ktovkurse.com/biznes/rossijskij-biznes-popal-pod-gnet-fsb [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[5] „ბი-ბი-სი“; რუსეთში შეიქმნა ინტერნეტ გვერდი, სადაც ბიზნესმენებს ძალოვნებზე საჩივრების გაცხადება შეუძლიათ; ავტორები: ოლგა შამინა და სერგეი კოზლოვსკი; გამოქვეყნებულია: 19.11.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/features-50479418 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[6] „Banki.ru“; ათეულობით გაკოტრებული ბანკის საბოლოო ბენეფიციარზე ძებნა გამოცხადდა; გამოქვეყნებულია: 18.12.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.banki.ru/news/lenta/?id=10913446 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[7] „Daily Storm“; ვორონენკოვის თანამზრახველი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს; ავტორი: ილია გორშკოვი; გამოქვეყნებულია: 04.08.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://dailystorm.ru/obschestvo/podelnika-voronenkova-otpustili-iz-kolonii-po-udo [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[8] „Kolibri Press“; ვინ არის დენის პანაიოტოვი; ავტორი: ნიკიტა გრომოვი; გამოქვეყნებულია 02.06.2019: ხელმისაწვდომია ბმულზე: https://kolibri.press/4226 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[9] „Gazeta.ru“ მაკსაკოვამ ქმრის მკვლელზე ისაუბრა; 02.06.2019; ავტორი: ივან აპულეევი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gazeta.ru/culture/2019/06/02/a_12390301.shtml [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[10] „მბკ ნიუსი“; „დამწყები თეორიტიკოსი“. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალი ივანი ტკაჩოვი; 18.07.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2020 წლის 1-ელ ივლისს]

[11] „პასმი“; უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალს ივან ტკაჩოვს, ალექსანდრ შესტუნის განცხადებაზე, სისხლის სამართლებრივი დევნა აღარ ემუქრება; 07.10.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://pasmi.ru/archive/244286/ [ნანახია 2020 წლის 1-ელ ივლისს]

[12] „ვედომოსტი“; სასამართლომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი გენერალი ოლეგ ფოეკტისტოვი 2 მილიონი აშშ დოლარის მფლობელად აღიარა; ავტორები: ანასტასია კორნია და ალექსეი ნიკოლსკი; გამოქვეყნებულია: 01.07.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.vedomosti.ru/politics/articles/2018/07/02/774292-sud-feoktistova-vladeltsem-2-mln [ნანახია 2020 წლის 1-ელ ივლისს]