ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2018 წლის ფართო ანტიტერორსტული კანონმდებლობის ფარგლებში, მთავრობა განაგრძობს კანონის უზენაესობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას. 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხელისუფლებამ დაითხოვა ათობით ათასი საჯარო მოხელე და სამთავრობო მუშაკი; მათ შორის, 60 ათასზე მეტი პოლიციელი და ჯარისკაცი და 4 ათასზე მეტი მოსამართლე და პროკურორი; დააპატიმრეს 95 ათასზე მეტი მოქალაქე და დახურეს ათას ხუთასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია; აღნიშნული ქმედებები გატარდა ტერორზმთან დაკავშირებული საფუძვლებით, კერძოდ, სავარაუდო კავშირები სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირი. სწორედ ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს ოფიციალური ანკარა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას და მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზიად აღიარებული „ფეთჰულისტების ტერორისტული ორგანიზაციის“ ლიდერად.
2021 წლის მაისში ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ სელაჰადდინ გიულენი, ფეთჰულაჰ გიულენის ძმისშვილი, იმყოფება თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში, მას შემდეგ, რაც ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა უცხო ქვეყანაში შეიპყრეს. საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ იტყობინებოდა, რომ კენიის პოლიციამ, ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე, შეიპყრო სელაჰადდინ გიულენი და დაიწყო მისი თურქეთში ექსტრადირების პროცედურები. ანგარიშს მიხედვით, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს უცხო ქვეყანაში მყოფი პირების მიმართ; მათ შორის, ასეთი პირების გატაცებას და თურქეთში ჩაყვანას, სათანადო სასამართლო პროცესის გარეშე, გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის საფუძვლით.
თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას; თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პოლიეციელი, ციხის თანამშრომელი, სამხედრო ან დაზვერვის სამსახურის ოფიცერი მიმართავს მსგავს პრაქტიკას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პირები, ვის მიმართაც არსებობს ეჭვი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ან გიულენის მოძრაობასთან კავშირის შესახებ, უფრო მეტად სავარაუდოა, დაექვემდებარონ აღნიშნული ხასიათის მოპყრობას.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის 5 წლისთავზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ პერიოდში, გიულენის მოძღაობასთან კავშირის ბრალდებით, დააკავა 312,121 და დააპატიმრა 99,123 პირი. 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე პერიოდში დააკავეს 29,331 და დააპატიმრეს 4,148 პირი, გიულენის მოძღაობასთან კავშირების გამო. ზოგიერთი ადვოკატის თქმით, ისინი ერიდებიან იმ პირთა დაცვას, ვისაც ბრალად ედება ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ან გიულენის მოძღაობასთან კავშირი, რადგან მთავრობის მხრიდან რეპრესიებს, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ერიდებიან.
თურქეთის სასამართლო სისტემა აწყდება პრობლემებს დამოუკიდებლობის კუთხით. წყაროები საუბრობენ მოსამართლეთა დაშინებაზე და აღმსარულებელი ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლებამ მოსამართლეთა, დაახლოებით, მესამედი დაითხოვა გიულენთან კავშირის მოტივით. მომდევნო წლებში, გამოთავისუფლებული ადგილები შეივსო და საბოლოოდ, რაოდენობრივად გადატრიალების მცდელობამდე მონაცემებსაც გაუსწრო, მაგრამ წმენდის ნეგატიური შედეგები კვლავ აისახება სასამართლო სისტემაზე.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემებია. ოპოზიციური პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა პროფილის ხალხი აწყდებიან გამოძიებებს, სამართლებრივ დევნასა და სასჯელებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა სასამართლო რეფორმის ორმა პაკეტმა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმამ, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით, შედეგი ვერ გამოიღო.
ანგარიშის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ყოფილი სამართლებრივი მრჩეველი ჰუსეინ გალიპ ქუჩუკოზიგიტი [Huseyn Galip Kucukozygit], ვინც გიულენის მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულეს, 9-თვიანი იძულებითი გაუჩინარების შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში, ანკარის ციხეში გამოჩნდა. ხელისუფლებამ უარყო მისი ოფიციალურ პატიმრობაში ყოფნა. გაუჩინარების პერიოდის შესახებ ცნობები ამ დრომდე უცნობია.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ თურქეთის ხელისუფლებას რეგულარულად ადანაშაულებენ წამების გამოყენებას პატიმრების მიმართ – კერძოდ, სამიზნე ჯგუფებს განეკუთვნებიან ქურთები, გიულენისტები და მემარცხენეები. წყარო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებები დაუსჯელად ხორციელდება.[3]
გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 622,646 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და 301,392 პირი დააკავეს; 96 ათასი სხვა პირი ჩასვეს ციხეში გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო. მინისტრის თქმით, ამჟამად თურქეთის ციხეებში 25,467 პირი იხდის სასჯელს გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის გამო.
იგივე ანგარიშის მიხედვით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის უკანასკნელ ანგარიშში [გამოქვეყნებულია 2020 წლის 5 აგვისტოს] წერს, რომ საერთო ჯამში, კომიტეტს დარჩა შთაბეჭდილება, რომ წინა ვიზიტის [2017] შემდეგ, საპოლიციო დაკავებისას არასათანადო მოპყრობის სიმძიმე შემცირებულია; თუმცა, კვლავ საგანგაშო ნიშნულზე რჩება. ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა წყარო საუბრობს, პოლიციის იზოლატორებში, გიულენთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პირების [ვინც ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ] მიმართ წამების ფაქტების შესახებ. ეროვნული პოლიცია კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. წყაროები, ასევე, აღნიშნავენ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლება განაგრძობს გიულენთან სავარაუდო კავშირის მქონე პირთა დაკავებას, დაპატიმრებას და გასამართლებას; ხშირად საეჭვო მტკიცებულებებით და კანონით გათვალისწინებული სათანადო პროცესის გარეშე.[4]
[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს][2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამაინის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს][3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს][4] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; თურქეთი: გიულენისტური მოძრაობა; გამოქვეყნებულია 2022 წლის თებერვალში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს]