დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 აპრილი, 2018

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში – პარტიამ „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკური პარტიის“ შემდეგ, განაცხადა, რომ სახალხო პროტესტს უერთდება. პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარდამჭერებს მოუწოდებენ მობილიზებისა და ქუჩებში გასვლისკენ ერევანსა და სომხეთის ყველა ოლქში. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ხალხის და თანამემამულეების გვერდით“ – ნათქვამია ცარუკიანის პარტიის განცხადებაში. პარტიას „აყვავებული სომხეთი“, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანია, 131-წევრიან პარლამენტში 29 დეპუტატი ჰყავს. ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების და რუსეთთან სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა.

სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ „დაშნაკცუთუნი“ მმართველი კოალიცია დატოვა. პარტიის წევრმა მინისტრებმა კი თანამდებობები დატოვეს. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დიალოგი შემდგარიყო, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ვტოვებთ მმართველ კოალიციას და ვაცხადებთ, რომ პარლამენტმა პრემიერად უნდა აირჩიოს კანდიდატი, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს. ახალმა პრემიერმა უნდა შეძლოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარება და დემოკრატიული გზით უნდა უზრუნველყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი კოალიცია, რომელშიც „რესპუბლიკური პარტია“ და „დაშნაკცუთუნი“ იყო გაერთიანებული, რამდენიმე დეპუტატმა უკვე დატოვა.

ნიკოლ პაშინიანს პროკურატურის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა დაუჭირეს მხარი. ოპოზიციის ლიდერს ძალოვანი უწყების თანამშრომლები სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეუერთდნენ. როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომლები განმარტავენ, მათ არ სურთ შორიდან უყურონ იმ მოვლენებს რაც ქვეყანაში ხდება. პროკურატურისა და პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა კოლეგებს პაშინიანის თანადგომისკენ მოუწოდეს.

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელკმა“ პრემიერის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ფრაქციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა. პაშინიანი შეხვდა სიდიდით მეორე ფრაქციის, „ცარუკიანის“ წევრებს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ერთხმად დაუჭერს მხარს სომხეთის პრემიერმინისტრად ნიკოლ პაშინიანის არჩევას.

მას შემდეგ, რაც ყველა ფრაქციამ უარი განაცხადა პრემიერის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე, პაშინიანი ერთადერთ კანდიდატად რჩება. მას პარლამენტში 105-დან 53 ხმა სჭირდება, მათ შორის უნდა იყოს რესპუბლიკელების ხმებიც. სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ 31 ფრაქციას „ცარუკიანი,“ 9 დეპუტატი „ელკს“ და 7 „დაშნაკცუთუნს.“  პრემიერის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. პრემიერის ასარჩევად პარლამენტის სპეციალური სხდომა 1-ელ მაისს გაიმართება.[1]

ინდოელი სულიერი ლიდერი, მოზარდის გაუპატიურებისთვის, დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს – ინდოეთის ქალაქ ჯოდპურის სასამართლომ 77 წლის სულიერ ლიდერს ასარამ ბაპუს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დანაშულს არ აღიარებს. სასამართლო განხილვა 2013 წელს მოზარდის გაუპატიურების საქმეს უკავშირდებოდა. ბაპუ გასული წლის 1-ელ სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მისი მსხვერპლი მისივე სექტის წარმომადგენლების 16 წლის შვილი გახდა. სულიერმა ლიდერმა გოგო ბოროტი ძალების გასადევნად თავისთან დაიბარა. ბაპუ დასაკითხად დიდხანს არ მიდიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიზეზებდა. დაკავების დროს მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროსაც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გახდა საჭირო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაპუს თანამზრახველებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[2]

თურქეთში გაზეთის 15 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს; 2 გაამართლეს – სტამბოლის სასამართლომ გაზეთის „Cumhuriyet“ 15 ჟურნალისტს, მათ შორის მთავარ რედაქტორს, მურატ საბუნჯუს პატიმრობა მიუსაჯა. მედიის წარმომადგენლები აშშ-ში მცხოვრებ თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გაზეთის მთავარ რედაქტორს 7,5 წელი მიუსაჯეს, აღმასრულებელ დირექტორს 8 წელი, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს 2,5-დან 7,5 წლამდე პატიმრობა. სასამართლომ 2 თანამშრომელი გაამართლა. თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.[3]

ინციდენტები ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში ორმაგ ტერაქტს 31 ადამიანი, მათ შორის 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ერთერთი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქაბულის პარალელურად, ნანგარჰარის პროვინციაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შედეგად 1 სამართალდამცველი დაიღუპა, 5 ადამიანი კი დაიჭრა.[4] ქალაქ ხოსტში BBC-ისა და Reuters-ის ადგილობრივ ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ავტომობილით სახლისკენ მიდიოდა, რა დროსაც ტყვია მოხვდა და დაიღუპა.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; სიახლეები სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ; გამოქვეყნების პერიოდი 23-30 აპრილი, 2018; ინფორმაციები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

https://imedinews.ge/ge/msoflio/58688/somkhetshi-saprotesto-gamosvlebs-sheuertda-sididit-meore-saparlamento-partia

https://imedinews.ge/ge/msoflio/58740/somkhetis-revolutsiurma-pederatsiam-dashnaktsutuni-mmartveli-koalitsia-datova

https://imedinews.ge/ge/msoflio/58768/nikol-pashinians-dzalovani-utskebis-tanamshromlebma-mkhari-dauchires

https://imedinews.ge/ge/msoflio/58826/somkhetis-parlamenti-akhal-premiers-1-maiss-airchevs

https://imedinews.ge/ge/msoflio/58859/somkhetshi-dashnaktsutunis-partiis-tsevrma-ministrebma-tanamdebobebi-datoves

https://imedinews.ge/ge/msoflio/59413/nikol-pashiniani-somkhetis-premierministrobis-kandidatad-opitsialurad-daasakheles

[2] The Times of India; Asaram sentenced to life in prison after being found guilty of minor’s rape; 25 April, 2018; available at: https://timesofindia.indiatimes.com/india/asaram-sentenced-to-life-in-prison-after-being-found-guilty-of-minors-rape/articleshow/63908727.cms

[3] Hurriyet Daily News; Turkish court sentences Cumhuriyet journalists to jail time; 25 April, 2018; available at: http://www.hurriyetdailynews.com/turkish-court-sentences-cumhuriyet-journalists-to-jail-time-130903

[4] CNN; BBC reporter and famed photographer among 31 killed in Afghanistan; By Euan McKirdy and Ehsan Popalzai; 30 April, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/04/30/asia/afghanistan-kabul-blasts-intl/index.html

[5] Reuters; Gunman kills journalist in Afghan province, officials say; By Reuters Staff; 30 April, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-journalist/gunmen-kill-journalist-in-afghan-province-officials-say-idUSKBN1I11LD

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 თებერვალი, 2018

თურქეთში გაზეთ Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუსელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. თურქეთის პოლიციამ დენიზ იუსელი გასულ წელს დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, მონაცემების არასწორი გამოყენება და ტერორისტული პროპაგანდა. ჟურნალისტ დენიზ იუსელი, რომელსაც ორმაგი – გერმანიის და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, თურქეთის ენერგეტკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერატ ალბაირაკის საფოსტო ყუთის გატეხვის ამბავს აშუქებდა. ალბაირაკის წერილები მოგვიანებით WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. ბერატ ალბაირაკი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა. WikiLeaks-მა 57 ათასზე მეტი ელექტრონული წერლი გამოაქვეყნა, რომლებიც 2000-2016 წლებით თარიღდება და უმრავლესობა არის მიმოწერა თურქ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და ოჯახის წევრებთან.[1]

ტერაქტი ნიგერიაში – ნიგეიაში ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 22 და დაშავდა 28 ადამიანი. ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბორნოს შტატის ქალაქ კონდუგაში ერთ-ერთ ბაზრობაზე სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. წლის დასაწყისიდან ნიგერიაში ორი ტერაქტი მოხდა. 18 იანვარს ქალაქ მაიდუგურუში ორმაგ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, 2 იანვარს ბორნოს შტატში მეჩეთზე თავდასხმისას 11 ადამიანი დაიღუპა.[2]

7 წლის გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის პაკისტანელს სიკვდილით დასჯიან – 24 წლის კაცს იმრან ალის, პაკისტანის სასამართლომ 7 წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი ოთხჯერ გამოუტანა. გასულ თვეში ზაინაბის ცხედარი ნაგავსაყრელზე ქალაქ კასურში იპოვეს. გოგოს მკვლელობამ მთელს ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია, რა დროსაც მოსახლეობა პოლიციას არაკომპენტენტურობაში სდებდა ბრალს. ზაინაბის მკვლელი და მოძალადე იმრან ალი აღმოჩნდა, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიციასთან და პროვინცია პენჯაბის მინისტრთან. მას ადანაშაულებენ არამხოლოდ ზაინაბზე ძალადობას, არამედ სხვა ბავშვებზე თავდასხმასაც.[3]

პაკისტანი ჰაჯის რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს გაუშვებს – წელს პირველად პაკისტანელი ტრანსგენდერი მოზარდები საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, სადაც ისინი მოხალისებიის რანგში ჰაჯის რიტუალში მიიღებენ მონაწილეობას. ბოისკაუტური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, ტრანსგენდერებს ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად შეარჩევენ, რის შემდეგაც ისინი ფიზიკურ მომზადებას გაივლიან. სია კი რელიგიის სამინისტროს გადაეგზავნება. პაკისტანი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მესამე სექსი ოფიციალურად აღიარა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისი აღნიშვნით გაცემა დაიწყო. კვლევის თანახმად, ამ დროისთვის პაკისტანში დაახლოებით ნახევარი მილიონი ტრანსგენდერი ცხოვრობს.[4]

საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კომერციისა და ინვესტიციების სამინისტრომ გაავრცელა. „ამიერიდან მეურვის ნებართვა საჭირო აღარ იქნება. ქალებს თავიანთი ბიზნესის დაწყება თავისუფლად შეეძლებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ამგვარად, საუდის არაბეთში მაცხოვრებელ ქალებს, ფირმის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტების შეტანა კაცის ნებართვის გარეშე შეეძლებათ. საუდის არაბეთში, აქამდე არსებული მეურვეობითი და მზრუნველობითი სისტემის თანახმად, ქალები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ დოკუმენტაცია, რომელზეც მეურვის ხელმოწერა იქნებოდა. ქალის მიერ შეტანილ ნებისმიერი სახის სახელმწიფო დოკუმენტაციაზე, მათ შორის სამოგზაურო დოკუმენტებზეც, ქმრის, მამის ან ძმის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.[5]

ირანში დემონსტრანტებთან შეტაკებისას 3 პოლიციელი დაიღუპა – 3 ირანელი პოლიციელი დაიღუპა თეირანში აქციის მონაწილეებთან შეტაკებისას. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება უსაფრთხოების სამსახურსა და გონაბადის კონფესიის დერვიშებს შორის მოხდა, რომლებიც პოლიციის სამმართველოს წინ შეიკრიბნენ და მათი სუფიური რელიგიური ჯგუფის წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირანი სუფიურ ორდენს შიიტური წარმომადგენლობის საფრთხედ მიიჩნევს და ამ მიზეზით გონაბადის რამდენიმე დერვიში პატიმრობაში ჰყავს.[6]

იემენში ავიაიერიშს 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – ჩრდილოეთ იემენში ავიაიერიშს 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივების განმარტებით, სამიზნე 2 ავტომობილი იყო, რომლებსაც მგზავრები ცენტრალური მაგისტრალით საადას პროვინციული დედაქალაქისკენ გადაჰყავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იერიში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციამ განახორციელა. იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაშია. ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება, რასაც 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.[7]

ნიგერიაში ბოკო ჰარამმა 90 მოსწავლე გოგო გაიტაცა – შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთერთ სოფელში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღეში 76 გოგო იხსნა. დანარჩენები კვლავ დაკარგულად ითვლებიან. ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურში თავიდან უარყოფდნენ ინფორმაციას მოსწავლეების გატაცების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გატაცებულები თავად სამხედროებმა გაათავისუფლეს. ნიგერიაში ხშირია შემთხვევა, როცა ადგილობრივი პოლიცია მსგავსი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას მალავს. ამ რეგიონში ყველაზე მასშტაბური გატაცების შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა, როცა ქალაქ ჩიბოკიდან ტერორისტებმა 270-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს.[8]

საუდის არაბეთში გოგო, რომელიც გააუპატიურეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო – სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ შვიდივე პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა; ამავდროულად, ჯგუფურად გაუპატიურების მსხვერპლი 19 წლის გოგო „უღირსად“ მოქცევაში დაადანაშაულა, რადგან ქუჩაში მარტო გავიდა. სასამართლომ მას 200 შოლტი და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობამ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ შარიათის კანონები ყველამ უნდა დაიცვას, რომელიც საჯაროდ მამაკაცის გარეშე გასვლას კრძალავს. ინციდენტი 2006 წელს მოხდა. გოგო მეგობრის მანქანაში იჯდა, როცა შვიდმა კაცმა გადმოიყვანა და გააუპატიურა. თავდაპირველად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგოს 90 შოლტი მიესაჯა. მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, გადაწყვეტილება 200 შოლტით შეიცვალა.[9]

გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 170 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა – სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის გამო 170 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა. მათ შორის ყოფილი სამხედროები არიან. ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია 38 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის აყვანილია უკვე 22 პირი. თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.[10]

სირიაში არსებული ვითარება – სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ აფრინის ქურთებით დასახლებულ ნაწილში შევიდნენ. ადგილობრივმა მილიციამ მიმართა მთავრობას, გაუწიონ მათ დახმარება თურქებისა და სირიელი აჯანყებულების მოსაგერიებლად. მებრძოლებმა საგუშაგო ჯავშანტექნიკით გაიარეს, რის შემდეგაც თურქებმა დაბომბეს ტერიტორია და განაცხადეს, რომ ამით აიძულეს მებძოლები, უკან დაეხიათ. თურქეთი დაემუქრა სირიის მთავრობას, რომ დაუპირისპირდებოდა მათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაერეოდნენ ამ კონფლიქტში, – რითიც სირიის სამოქალაქო ომში გამოიწვიეს დაპირისპირება ორ მთავარ მოთამაშეს შორის.[11] თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში ქალაქ აფრინის აღების პირობა დადო. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვებას თურქეთის შეიარაღებული ძალები უახლოეს დღეებში მიაღწევენ. როგორც მან აღნიშნა ოფიციალური ანკარის მიზანია აფრინში ქურთების დამარცხება და მშვიდობის დამყარება, რათა ქალაქის მოსახლეობამ უკან დაბრუნება შეძლოს.[12]

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ძალადობის ესკალაციის გამო. გუტერეშის ინფორმაციით, საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად, დაიღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. გაეროს გენერალურმა მდივანმა კატასტროფული უწოდა სირიის ამ რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას. ამასთან, სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტის რაიონს სამთავრობო ძალები უტევენ. გაეროს მონაცემებით, ამ რაიონში 400 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. გენერალური მდივნის განცხადებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება 700-მდე ადამიანს. ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში სურსათის დეფიციტია. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ სამთავრობო ძალების ალყაში მყოფი ამ რაიონიდან სირიის დედაქალაქსაც ესვრიან. გუტერეშმა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეახსენა, რომ ასტანაში, 2017 წელს მიღწეული შეთანხმებით, აღმოსავლეთ ღუტა გამოცხადებულია დეესკალაციის ზონად. გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტთან კავშირის მქონე ყველა მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე და დაჭრილების ევაკუაცია.[13]

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ ღუტაზე განხორციელებულ ავიადარტყმებს 250 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ცნობით, იერიშების შედეგად 6 კლინიკა დაზიანდა. უფლებათა დამცველების ცნობით, 2013 წლის ქიმიური თავდასხმის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში ამდენი ადამიანი არ დაღუპულა. აშშ სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს ერთი თვის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ. ამ ინიციატივაზე ოფიციალური დამასკოს პოზიცია უცნობია, რაც შეეხება საჰაერო იერიშებს, სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ღუტაში მხოლოდ სამხედროები არიან. აღმოსავლეთ ღუტა ერთერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.[14]

გაეროს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგობის გამო გადაიდო. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთი მხარს დაუჭერს დოკუმენტს, თუ ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდა იმ დაჯგუფებებზე, რომლებსაც მოსკოვი ტერორისტულად მიიჩნევს, მათ შორის აღმოსავლეთ ღუტაში მყოფ ამბოხებულებზე. უფლებადამცველების მონაცემებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საჰაერო დარტყმებს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. „რუსეთის მიერ სირიის რეჟიმის მხარდაჭერა რომ არა, ეს მსხვერპლი და ნგრევა არ იქნებოდა“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.[15]

[1] BBC; German Die Welt reporter Deniz yucel to leave Turkish jail; 16 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-europe-43083469

[2] Xinhuanet; African News; 22 killed in suicide bombing in Nigerian market: state media; 17 February, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-02/17/c_136981722.htm

[3] BBC; Pakistan: Zainab Ansari’s killer gets four death sentences; 17 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43096344

[4] იმედი; ახალი ამბები; პაკისტანი ჰაჯის რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს გაუშვებს; 19 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49183/pakistani-hajis-ritualze-transgender-mozardebs-gaushvebs

[5] Times of India; Now, Saudi women can start own business without male permission; 18 February, 2018; available at: https://timesofindia.indiatimes.com/world/middle-east/now-saudi-women-can-start-own-business-without-male-permission/articleshow/62970594.cms

[6] Reuters; Three Irannian police killed in clashes with Sufi protesters; By Reuters Staff; 19 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-protests-casualties/three-iranian-police-killed-in-clashes-with-sufi-protesters-idUSKCN1G31X7?il=0

[7] Reuters; At least 15 dead in air strike in northern Yemen: residents; By Reuters Staff; 21 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security/at-least-15-dead-in-air-strike-in-northern-yemen-residents-idUSKCN1G52CR

[8] იმედი; ახალი ამბები; ნიგერიაში გატაცებული 90 გოგოდან 76 გაათავისუფლეს; 22 თებერვალი, 2018 ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49701/nigeriashi-gatatsebuli-90-mostsavle-gogodan-76-gaatavisuples

[9] Amreedeemed; 19 year old gang rape victim received 200 lashes and 6 month in jail in Saudi Arabia; 21 February, 2018; available at: https://amredeemed.com/signs-of-the-end/19-year-old-gang-rape-victim-received-200-lashes-6-months-jail-saudi-arabia/

[10] Reuters; Turkey orders detention of 170 soldiers for links to coup plotters: Anadolu; By Reuters Staff; 20 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-military/turkey-orders-detention-of-170-soldiers-for-links-to-coup-plotters-anadolu-idUSKCN1G40N0

[11] იმედი; ახალი ამბები; სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ აფრინში შევიდნენ; 21 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49514/siriis-samtavrobo-dzalebi-qalaq-aprinshi-shevidnen

[12] Dunya News; Turkey vows to lay siege to Syria’s Afrin ‘in coming days’; 21 February, 2018; available at: https://dunyanews.tv/en/World/428569-Turkey-vows-to-lay-siege-to-Syria/’s-Afrin-/’in-coming-days/

[13] იმედი; ახალი ამბები; გაეროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია; 21 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49595/gaeros-inpormatsiit-agmosavlet-gutis-raionshi-humanitaruli-krizisia

[14] Euronews; Ghouta’s ghastly fate as bombs fall like rain; By Robert Hackwill; 21 February, 2018; available at: http://www.euronews.com/2018/02/21/ghouta-s-ghastly-fate-as-bombs-fall-like-rain

[15] Time; Russia blocks U.N. ceasefire in Syria as hundreds die in ongoing bombardment; By Philip Issa; 23 February, 2018; available at: http://time.com/5172072/russia-blocks-syria-ceasfire-un/