რუსეთი. ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური. თებერვალი, 2020

რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური (Росфинмониторинг) აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოა, რომლის ფუნქციაა გამოავლინოს და წინ აღუდგეს არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებას (ფულის გათეთრება), ტერორიზმის დაფინანსებას და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებას. სამსახური დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი-ნორმატიული რეგულაციების შესაბამისად. ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუშაობს კოორდინირებულად აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ერთად. სამსახური, ასევე, ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხეების შეფასების ეროვნული ცენტრის ფუნქციას, რაც გულისხმობს შესაბამისი ზომების შემუშავებას იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც წარმოიშვება ფულადი სახსრებისა თუ სხვა ქონების გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შედეგად.

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს პირდაპირ ან/და საკუთარი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ფედერალურ ორგანოებთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და ორგანიზაციებთან ერთად.[1]

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის 2015 წლის კანონი არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებასთან (ფულის გათეთრება) და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ; ასევე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2013 და 2015 წლის ბრძანებულებები აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების სტრუქტურისა და სისტემის და ასევე, ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.[2]

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის დროშა და გერბი დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით.[3]

ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური ზედამხედველობას უწევს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებასთან (ფულის გათეთრება) და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ რუსეთის ფედერაციის 2015 წლის კანონის მოთხოვნების დაცვას; აღნიშნულ ფუნქციას სამსახური ასრულებს შემოწმებებისა და გამოვლენილი დარღვევების აღკვეთისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ასევე, სამსახურის ფუნქციაა სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც აღნიშნულ სფეროში მოქმედ კანონმდებლობას დაარღვევენ. ამასთან, სამსახური ამზადებს და იღებს ზემოაღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას ფულადი სახსრების ან სხვა ქონების გამოყენებით განხორციელებული იმ ოპერაციების (გარიგებების) შესახებ, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება კონტროლს და ასევე მათთვის მიწოდებულ სხვა ინფორმაციას. ახორციელებს ფულადი სახსრებით ან სხვა ქონებით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის შემოწმებას ისეთი ოპერაციების გამოვლენის მიზნით, რომლებიც დაკავშირებული ფულის გათეთრებასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან. მონაწილეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.

სამსახური გამოითხოვს და დადგენილი ფორმით იღებს ინფორმაციას კლიენტების ოპერაციების (გარიგებების) და ორგანიზაციების მფლობელების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს ფულადი სახსრების ან სხვა ქონების გამოყენებით; ასევე, ინფორმაციას ფულადი სახსრების ანგარიშებს შორის გადაადგილების შესახებ. ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, გამოავლენს ნიშნებს და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ესა თუ ის ოპერაცია დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან. კანონით დადგენილი წესით, სამსახური ახორცილებს ფულადი სახსრებისა თუ სხვა ქონების გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების კონტროლს.

სამსახური, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას (გარდა ისეთი ინფორმაციისა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოქალაქეების პირადი ცხოვრების შესახებ), დადგენილი წესით იღებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოებიდან; საპენსიო ფონდიდან; სოციალური დაზღვევის ფონდიდან; სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფედერალური ფონდიდან; სახელმწიფო კორპორაციებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერაა შექმნილი; ფედერაციის სუბიექტების სახელმწიფო ორგანოებიდან; ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან და ცენტრალური ბანკიდან.

სამსახური ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების და სხვა სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკანონო ფინანსური ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შესახებ და მათთან ერთად ან დამოუკიდებლად შეიმუშავებს ღონისძიებებს აღნიშნული საფრთხეების გასანეიტრალებლად. კანონის შესაბამისად გამოსცემს დადგენილებებს ფულადი სახსრების ან სხვა ქონების გამოყენებით განსახორციელებელ ამა თუ იმ ოპერაციის შეჩერების შესახებ.

რუსეთის ფედერაციის მიერ დადებული საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად და დადგენილი წესით ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. რუსეთის ფედერაციის სახელით ურთიერთობს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან.

სამსახური თავის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე აქვეყნებს ოპერაციების (გარიგებების) რისკების ეროვნული შეფასების შესახებ მოხსენებას. აგზავნის ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურებში თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისა, რომ ოპერაცია (გარიგება) დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან. თავის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს ინფორმაციას იმ პირებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც შეყვანილნი იქნებიან იმ ორგანიზაციებისა და პირების სიაში, რომელთა შესახებაც არსებობს ცნობები მათი ექსტრემისტული ან ტერორისტული საქმიანობის შესახებ.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სამსახური სამინისტროს აცნობებს არაკომერციული ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს არალეგალური გზებით მიღებული შემოსავლის დაკანონებასთან (ფულის გათეთრება) და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ რუსეთის ფედერაციის 2015 წლის კანონის მოთხოვნებს.[4]

[1] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; „როსფინმონიტორინგის“ შესახებ; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/about [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]

[2] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/about/legal?index=1 [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]

[3] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; დროშა და გერბი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/about/emblem [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]

[4] რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; საქმიანობა; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.fedsfm.ru/activity [ნანახია 2020 წლის 6 თებერვალს]