გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 21 აპრილს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის ავღანეთში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ; ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.
როგორც რუქაზე ჩანს, მხოლოდ რამდენიმე ადგილია (ქაბულის გაძლიერებული უსაფრთოხების ზონა; ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი; პანჯშირის პროვინცია და ქალაქი ბამიანი) ისეთი, სადაც, რეკომენდაციების თანახმად, მოქალაქეებს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის დროს შეუძლიათ მოგზაურობა. ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოგზაურებს, უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე და საშიში სიტუაციის გამო, კატეგორიულად შეიკავონ თავი ავღანეთის სხვა ნაწილებში მოგზაურობისგან.[1]
ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, ავღანეთში უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც შეიარაღებული კონფლიქტები არ წყდება. ქვეყნის მთავრობა, რომელსაც მხარს შეერთებული შტატები უჭერს, აგრძელებს შიდა ტიპის კონფლიქტს ავღანური თალიბანისა და სხვა შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის – ახლადდაფუძნებული ტერორისტული ორგანიზაცია – „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ფრთის“ წინააღმდეგ.[2]
„გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიის“ (UNAMA) 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიშში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში სამოქალაქო პირთა დაცვას ეხება, მოცემულია რუქა ავღანეთში მიმდინარე წელს მომხდარი უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების სიხშირისა და შედეგად დამდგარი სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ.
რუქის მიხედვით, ტენდენცია შენარჩუნებულია და 2019 წელსაც, ყველაზე მეტი დანაკარგი ქაბულის პროვინციაში და ქ. ქაბულშია (1563). ასევე, საკმაოდ დიდი მსხვერპლი ფიქსირდება ნანგარჰარის პროვინციაში (1070 გარდაცვლილი). ამას გარდა, დანაკარგების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით, ასევე გამოირჩეოდა ჰელმანდის, გჰაზნისა და ფერიაბის პროვინციებში. რუქის მიხედვით, ავღანეთის აბსოლუტურად ყველა პროვინციაში ფიქსირდებოდა უსაფრთხოების კუთხით არსებული ინციდენტები, რომელთაც, თითქმის ყოველთვის, სამოქალაქო მსხვერპლი ახლდა თან.
ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში უკვე ბოლო 10 წელია, რაც ყოველ წელს სამოქალაქო დანაკარგები 10 000-ს აჭარბებს. 2019 წელს, UNAMA-მ აღწერა 10 392 სამოქალაქო დანაკარგი (3 403 გარდაცვლილი და 6 989 დაშავებული), რაც 5 %-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე და 2013 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალია. აღნიშნული კლება, განპირობებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს ხორასნისა და ლევანტეს პროვინციის“ (ISIL-KP) ქმედებების შემცირებით. ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები, სამწუხაროდ, არამარტო სამოქალაქო დანაკარგებზე აისახება, არამედ მნიშვნელოვნად აზიანებს პირთა და მათი ოჯახების ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ და ეკონომიკურ ყოფას.[3]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ავღანეთი არის ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, ორპალატიანი პარლამენტი და სასამართლო ფრთა. მიუხედავად ამისა, შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორები, ზოგჯერ, აკონტროლებდნენ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილს.
ქვეყანაში წესრიგის დაცვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 3 კონკრეტული სამინისტრო: შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატი. თუმცა, ავღანეთის ზოგიერთი რეგიონი ექცეოდა სამთავრობო კონტროლის ფარგლებს მიღმა და იქ ისეთი ანტი-სახელმწიფოებრივი ძალები, როგორიც არის, მაგალითად – თალიბანი, საკუთარ კანონებსა და მმართველობას აღასრულებდნენ. ზოგადად, ქვეყნის სამოქალაქო ინსტიტუტები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული უსაფრთოხების ძალების წევრები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: ტერორისტების მიერ განხორციელებული მკვლელობები; უსაფრთხოების ძალების მიერ კანონგარეშე ჩადენილი მკვლელობები; ორივე მხარის მიერ პირთა იძულებითი გაუჩინარების, თვითნებური დაკავებისა და სავარაუდო წამების არაერთი შემთხვევა; ფართოდ გავრცელებული სამთავრობო კორუფცია; ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაულების დროს არასათანადო გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობა; ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება და მათი სამხედრო მოქმედებებში ჩართვა; ასევე – ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული, განხორციელებული, მათ შორის – უსაფრთხოების ძალების და საგანმანათლებლო სისტემის მუშაკების მიერ; უსაფრთხოების ძალების მიერ ლგბტი თემის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა და ა.შ.
ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით სიტუაცია უკიდურესად მძიმე იყო; ხოლო სერიოზული უფლებათა დარღვევებისთვის პირთა დაუსჯელობა – რუტინული. მთავრობა შეგნებულად არ უქვემდებარებდა სამართლებრივ დევნას აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის სამთავრობო ჩინოვნიკები და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც ხვდებოდნენ.
ანტი-სამთავრობო შეიარაღებული ჯგუფები კვლავ აგრძელებდნენ თავდასხმებს იმ რელიგიურ ლიდერებზე, რომლებიც თალიბანის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. წლის განმავლობაში ბევრი პრო-სამთავრობო მუსლიმი მოძღვარი მოკლეს, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია. თალიბანი და „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია“ (ISIS-K) იყენებდნენ ბავშვ ჯარისკაცებს, როგორც თვითმკვლელ იარაღს. სხვა ანტი-სამთავრობო ჯგუფები თავს ესხმოდნენ; ემუქრებოდნენ; ძარცვავდნენ და იტაცებდნენ საჯარო მოხელეებს; უცხოელებს; არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა სამოქალაქო პირებს. გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიის (UNAMA) მონაცემებით, 2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, 8 239 სამოქალაქო პირის დანაკარგი დაფიქსირდა, რომელთაგან 62 % ზემოხსენებული ტერორისტული ჯგუფების ქმედებებს ემსხვერპლა.[4]
არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ავღანეთის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში არსებული მიმდინარე კონფლიქტის გამო, სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ადგილი ჰქონდა მასშტაბურ უფლებათა დარღვევებს და საერთაშორისო სამართლებრივი ხასიათის დანაშაულებს. ზემოხსენებულ კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად, დაიღუპა და დაშავდა ათასობით ადამიანი; ხოლო პირთა იძულებითი გადაადგილების მაჩვენებელმა ასობით ათასს მიაღწია. ამას გარდა, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა უფლებათა დამცველების დაშინების; დაკავების; მკვლელობისა და მუქარის არაერთ შემთხვევას; ევროპული და მეზობელი ქვეყნები აგრძელებდნენ ავღანელი თავშესაფრის მაძიებლების იძულებით დაბრუნებას; ქალთა მიმართ გენდერული მოტივით ძალადობა კვლავ სახეზე იყო, რასაც ხელს უწყობდა მავნებლური ტრადიციების არსებობა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული არამყარი სიტუაცია. განსაკუთრებით გართულდა ჟურნალისტთა საქმიანობა, რადგან მათ მიმართ, სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების (მათ შორის, პრო-სამთავრობო და უსაფრთხოების ძალების) მხრიდან, ფიქსირდებოდა თავდასხმები და რეპრესალიები. სულ მცირე 5 ჟურნალისტი დაიღუპა თალიბანის ან სხვა შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმების შედეგად.[5]
არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ავღანეთის შესახებ 2020 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ერთის მხრივ, ავღანეთის და აშშ-ის სამთავრობო ძალებს, ხოლო მეორეს მხრივ – თალიბანსა და სხვა შეიარაღებულ ჯგუფებს შორის სამხედრო ოპერაციები კიდევ უფრო გააქტიურდა 2019 წელს, რასაც შედეგად, 30 სექტემბერის მონაცემებით, 8 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, სამთავრობო ძალების ოპერაციების (ძირითადად, აშშ-ის საჰაერო დაბომბვების) შედეგად დამდგარა სამოქალაქო დანაკარგმა გადააჭარბა იმავე პერიოდში თალიბანის თავდასხმების შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობას. თალიბანი კვლავ აგრძელებდა ასობით თავდასხმის მოწყობას ავღანეთის სამთავრობო და აშშ-ის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, რასაც, ასევე, თან ახლდა სამოქალაქო მსხვერპლი.
წლის განმავლობაში, ავღანური ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ ეთნიკურ ავღანთა მეტ ჩართულობას ისეთ საკითხებზე მოლაპარაკებებში, როგორიცაა – ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიები .
15 მაისს, პარლამენტის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არჩევნების გაყალბების სერიოზული ვარაუდები. თალიბანი იყენებდა თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებსა (IED) და თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებს პოლიტიკური აქციებისა და დემონსტრაციების დროს, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავღანეთის მთავრობამ გადადგა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები დაკავების ცენტრებში წამების შემთხვევების შემცირების კუთხით, თუმცა, უსაფრთხოების ძალებისა და სამთავრობო ჩინოვნიკების მიერ კონკრეტული უფლებათა დარღვევების (მათ შორის – სექსუალური ხასიათის დანაშაულის) ჩადენის დროს, დაუსჯელობა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩებოდა.[6]
უფრო დეტალურად ქ. ქაბულში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისარიატი 2020 წლის 8 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წლის 1 აპრილი – 2020 წლის 31 მარტი). ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქაბული სამთავრობო ძალების კონტროლს ექვემდებარება, წლის განმავლობაში, შეიარაღებული დაჯგუფებები (თალიბანი; ISKP) ახერხებდნენ ქალაქში შეღწევას და მასშტაბური ტერორისტული თავდასხმების მოწყობას. მართალია, წინა წელთან შედარებით ქაბულში თავდასხმების შედეგად სამოქალაქო მსხვერპლის მაჩვენებელი 16 %-ით შემცირდა, თუმცა, აღნიშნული კუთხით, ავღანეთის დედაქალაქი ქვეყნის მასშტაბით წელსაც კვლავ პირველ ადგილზე რჩებოდა. ქალაქში ყველაზე ხშირად ფიქსირდება თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები; ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით (IED) თავდასხმები და პირთა მიზანმიმართული მკვლელობები. როგორც წესი, ყველაზე ხშირად თავდასხმების სამიზნეებს ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები და მათთან გაიგივებული პირები წარმოადგენენ.
ქაბული, ასევე, პირველ ადგილზე იყო ავღანეთის მასშტაბით განხორციელებულ თვითმკვლელი ან სხვა ტიპის კომპლექსური ტერორისტული თავდასხმების კუთხით. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, ქაბულში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას ტერორისტების თავდასხმათა გარდა, მნიშვნელოვნად აუარესებს ზოგადად გაზრდილი კრიმინალი – კერძოდ, მკვლელობები; შეიარაღებული ძარცვისა და პირთა გატაცების შემთხვევები; ქურდობა; ნარკოტიკული დანაშაული და ა.შ. უმრავლეს შემთხვევაში, ავღანური პოლიცია ვერ ახერხებდა აღნიშნულ ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას.[7]
[1] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Afghanistan; published on 21 April 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/afghanistan [accessed 23 June 2020]
[2] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 23 June 2020]
[3] UNAMA – Afghanistan – Protection of Civilians in Armed Conflict 2019; published in February 2020; available at
[accessed 23 June 2020][4] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Afghanistan; published on 11 March 2020; available at
[accessed 23 June 2020][5] Amnesty International – Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – Afghanistan; published on 30 January 2020; available at
[accessed 23 June 2020][6] Human Rights Watch – World Report 2020 – Afghanistan; published on 14 January 2020; available at
[accessed 24 June 2020][7] Belgium office of the commissioner general for refugees and stateless persons – “SECURITY SITUATION IN KABUL CITY”; published on 8 April 2020; available at https://www.cgra.be/en/country-information/security-situation-kabul-city-1 [accessed 24 June 2020]