უსაფრთხოება – თავშესაფრის საკითხთა ევროპული ოფისი (EASO) ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წლის მაისის ანგარიშში წერს, რომ ქალაქ ქაბულში მოქმედებენ როგორც ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი, ასევე – ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი დაჯგუფება – „ერაყისა და ლევანტ-ხორეშანის ისლამური სახელმწიფო – ISKP“. მათ გარდა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქალაქში თავდასხმებს ასევე აწყობს დაჯგუფება ჰაქქანი (Haqqani Network).
2017 წლის განმავლობაში, გაეროს ავღანეთის დახმარების მისიამ (UNAMA) ქაბულის პროვინციაში (ქალაქ ქაბულის ჩათვლით) აღრიცხა 1831 სამოქალაქო დანაკარგი, აქედან 479 გარდაიცვალა, ხოლო 1352 – დაშავდა. სტატისტიკურად, წინა 2016 წელთან შედარებით, ეს 4 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2017 წლის აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჯამური სამოქალაქო დანაკარგების 16 პროცენტს წარმოადგენდა. დანაკარგების უმრავლესობა გამოწვეული იყო ქალაქ ქაბულში კომპლექსური ტერორისტული თავდასხმების, არა-თვითმკვლელი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით (IED) თავდასხმებისა და განზრახი მკვლელობების შედეგად. ამას გარდა, აღსანიშნავია თავდასხმები შიიტ სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელთაგანაც თითქმის ყველა შემთვევაზე პასუხისმგებლობა ISKP-მ აიღო. 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ ქაბულში თავდასხმებს, კიდევ სულ მცირე 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, ხშირი იყო შეიარაღებული თავდასხმები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე, როგორც თალიბანის, ასევე ISKP-ს მხრიდან. მაგალითად, 2017 წლის ოქტომბერში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქაბულის სამხედრო აკადემიის შესასვლელთან იმ დროს, როდესაც იქ მინი-ავტობუსით კადეტები შედიოდნენ. შედეგად, სულ მცირე 15 კადეტი დაიღუპა. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. იგივე სამხედრო აკადემია მორიგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა 2018 წლის იანვარში, როდესაც შენობაში 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინციდენტს 11 კადეტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამჯერად ISKP-მ აიღო.
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი (UNOCHA) მიერ ქაბულის რეგიონი, მათ შორის – ქალაქი ქაბული, მიჩნეული იყო, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური ლოკაცია“.
3 ძირითადი ინდიკატორის – უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების; სამოქალაქო დანაკარგების და კონფლიქტის შედეგად იძულებითი გადაადგილების შემთხვევების ანალიზით შედგენილი „კონფლიქტის შედეგად ძალადობის რუკის“ მიხედვით, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი (UNOCHA) ქაბულის დასახლებათა უმრავლესობას განათავსებს ყველაზე დაბალ კატეგორიაში. მხოლოდ ორი დასახლება – პანგჰმანი დასავლეთში და სურობის პროვინცია დასავლეთში, მიიჩნევა, როგორც საშუალო დონის საფრთხის კატეგორიაში მყოფი. ქაბული ასევე მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი იმ ოთხი რეგიონიდან, სადაც „განსაკუთრებით მაღალი დაცვის საჭიროების მქონე“ პირები იმყოფებიან, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები; ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულები; ადგილობრივი თემის მოწყვლადი წევრები და ა.შ.
რაც შეეხება უსაფრთხოებით კუთხით შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკას, მედია წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, ქაბულში სულ 388 ტერორისტული ინციდენტი მოხდა. ამ კუთხით ყველაზე აქტიური სურობის დასახლება იყო, სადაც „BBC“-ის 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, თალიბანის საშუალო აქტიურობა ფიქსირდება (სულ მცირე სამი თავდასხმა თვეში). გაეროს უსაფრთხოების და უშიშროების დეპარტამენტის (UNDSS) მიხედვით, ასევე კჰაკ-ე ჯაბბარის პროვინცია უსაფრთხოების კუთხით იმავე დონეზეა, როგორზეც სურობისა და პანგჰმანის დასახლებები.
ქალაქ ქაბულში ასევე ფიქსირდება მზარდი კრიმინალი, რაც გამოიხატება ჯგუფურ ძალადობაში, გატაცებებში, ქურდობისა და მკვლელობის ფაქტებში. 2017 წლის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კუთხით სიტუაციას გააუმჯობესებდნენ უკანანო იარაღებისა და მანქანების ჩამორთმევის გზით. 2018 წლის თებერვალში მთავრობის მიერ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ კრიმინალის დონე 40 პროცენტით შემცირდა. თუმცა, პრესის მიერ გამოკითხული მოქალაქეები საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებდნენ და ამბობდნენ, რომ მთავრობის მიერ განხორციელებლ ღონისძიებებს თითქმის არ ჰქონდა პოზიტიური ეფექტი და კრიმინალი კვლავ განაგრძობდა ზრდას.[1]
დასაქმება და განათლება – ავღანეთის შესახებ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მცირე რაოდენობის ავღანელებს გააჩნიათ წვდომა პროდუქტიულ ან ანაზღაურებად დასაქმებაზე. მშრომელთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტი უმუშევარია, ხოლო დასაქმებულთა 80 პროცენტი დასაქმებულია მოწყვლად ან არამყარ სამუშაოზე (თვითდასაქმებული, დღიური სამუშაო, ანაზღაურების გარეშე დასაქმება).
მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი არის 30 წელს ქვემოთ და დაახლოებით 25 პროცენტი არის 15-დან 30 წლამდე ასაკის. შესაბამისად, დაახლოებით 8 მილიონი ახალგაზრდა სამუშაო ბაზარზე ხვდება მცირე განათლებით და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობებით. უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობისა და ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური განვითარების გამო, სამუშაო ადგილების რაოდენობა ვერ უტოლდება მოსახლეობის ზრდას, შესაბამისად, მათი რაოდენობა მცირეა.
ახალგაზრდა ავღანთა მხოლოდ 54 პროცენტმა იცის წერა კითხვა და ამ კუთხით არსებული სიტუაცია დღითიდღე უარესდება. უმუშევრობის და უმოქმედობის გამო, მშრომელ ახალგაზრდა ავღან ქალთა რაოდენობაც განსაკუთრებით დაბალია.
უმუშევრობის მაჩვენებლი 15-დან 24 წლამდე ავღანების შემთხვევაში 31 პროცენტს აღწევს. ასევე, 42 პროცენტი არის უმუშევარი და, ამავდროულად, არც რაიმე ტიპის უმაღლეს ან პროფესიულ განათლებას იღებს. განათლების კუთხით პროგრესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. 2013-2016 წლების განმავლობაში საშუალო სკოლაში მოსწავლეთა მოსწრების მაჩვენებელი 37 %-დან 35-მდე დაეცა, რაც მეტწილად გამოწვეული იღება გოგონა მოსწავლეთა მოსწრების მაჩვენებლის კლებით. [2]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში საჯარო მოხელის მინიმალური ყოველთვიური ხელფასი არის 6000 ავღანი, რაც 103 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტია. კერძო სექტორში ეს რიცხვი 5500 ავღანია, რაც 95 დოლარს უდრის. ცენტრალური სტატისტიკური ორგანიზაციის მიხედვით, მოსახლეობის 36 პროცენტის ყოველთვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე (1150 ავღანი – 20 დოლარი) ნაკლებია.
დასაქმებულთა უმრავლესობა მუშაობს კონტრაქტის გარეშე, არაფორმალურად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით სამუშაო საათები კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, არაფორმალურად დასაქმებულთა დიდი ნაწილი მუშაობს ზეგანაკვეთურად, იღებს შეთანხმებულზე ნაკლებ ანაზღაურებას და მუშაობს მძიმე პირობებში. ხშირ შემთხვევაში, მშრომელებმა არაფერი იციან მათი შრომითი უფლებების შესახებ.[3]
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიხედვით, სამი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ავღანეთის განათლების სისტემა განადგურებულია. მიუხედავად ბოლო დროს სკოლაში შესულთა რაოდენობის ზრდით არსებული პროგრესისა, საშუალო სკოლის დამთავრება ბევრი ბავშვისთვის, განსაკუთრებით, სოფლებში მცხოვრებთათვის და გოგონებისთვის – შორეული ოცნებაა. დაახლოებით 3.7 მილიონი ბავშვი ვერ დადის სკოლაში, რომელთაგანაც 60 პროცენტი გოგონაა.
ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განთლების მიღების მთავარი დაბრკოლება სკოლების სიმცირე და ტრანსპორტაციის ნაკლებობაა. ამას გარდა, მთიან რეგიონებში მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ბარიერების ფაქტორიც. რაც შეეხება განათლების ხარისხს, ის ხშირად საკმაოდ დაბალია, რაც გამოწვეულია იმით, რომ მასწავლებელთა 48 პროცენტზე მეტს მხოლოდ მინიმალური აკადემიური კვალიფიკაცია გააჩნია.
ავღანეთში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისი კრიტიკულად მოქმედებს მყიფე განათლების სისტემაზე. ასევე, ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა: წყალდიდობები, მიწისძვრები და მეწყერები, ნეგატიურად აისახება საერთო სიტუაციაზე. აღნიშნული ფაქტორები იწვევს მშობლების შეშფოთებას შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და, ამის გამო, ისინი ხშირად თავს იკავებენ მათი სკოლაში გაგზავნისგან.[4]
ჯანდაცვა – ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო მედია საშუალება IRIN 2017 წლის 26 ოქტომბრის სტატიაში წერს, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფარგლებში, შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა და თავდასხმები ჯანდაცვის პროვაიდერებზე, რაც ხშირად სამედიცინო დაწესებულებების დახურვით მთავრდება. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე სამედიცინო კლინიკებსა თუ პერსონალზე 100-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა, რაც ორჯერ უფრო მეტია 2016 წლის იგივე მონაცემთან შედარებით. არასამთავრობო ორგანიზაციების გათვლებით, ავღანეთის მოსახლეობის 36 პროცენტს არ გააჩნია წვდომა ჯანდაცვაზე.[5]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International 2018 წლის 8 ოქტომბრის სპეციალურ საჯარო განცხადებაში წერს, რომ მიმდინარე წლის მაისსა და აგვისტოში, შეიარაღებული ჯგუფების მოქმედებების შედეგად კიდევ 140 სამედიცინო დაწესებულება დაიხურა. შესაბამისად, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იბრძვის ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომისთვის. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიხატება იმაში, რომ ხშირად ჯანდაცვის ხარისხი არის დაბალი, ხოლო ფასი – მაღალი. 2017 წლის მანძილზე ქვეყანაში დაბრუნებულ პირთა 31 პროცენტმა განაცხადა, რომ უჭირდათ ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა. იძულებით გადაადგილებული პირების შემთვევაში, აღნიშნული მაჩვენებელი 42 %-ია.[6]
შიდა გადაადგილების ალტერნატივა – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) 2018 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ქ. ქაბულში შიდა გადაადგილების ალტერნატივის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებმა, სხვებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიამ (UNAMA) 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ქ. ქაბულის მასშტაბით აღრიცხა 993 სამოქალაქო დანაკარგი (321 პირი დაიღუპა, ხოლო 672 დაშავდა). 2017 წლის მონაცემებით, „ქაბულში ფიქსირდებოდა ძალადობის ყველაზე მაღალი დონე – 1831 სამოქალაქო დანაკარგი (479 გარდაცვლილი, ხოლო – 1352 დაშავებული პირი) “.
UNHCR აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ყოველდღიურ სოციალურ თუ ეკონომიკურ აქტივობებში, არიან ქალაქში მიმდინარე ზოგადი ძალადობის მსხვერპლობის რისკის ქვეშ. აღნიშნული აქტივობებია – სამსახურში წასვლა და უკან დაბრუნება, საავადმყოფოში წასვლა, სკოლაში სიარული და ა.შ.[7]
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ავღანეთში დაბრუნებულ პირთა შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ წლის განმავლობაში ქვეყანაში 610 ათასი მოქალაქე დაბრუნდა, ძირითადად მეზობელი ირანიდან და პაკისტანიდან. ამათგან, 60 000 პირი იყო რეგისტრირებული ლტოლვილი პაკისტანში, 100. 000 – არარეგისტრირებული დაბრუნებული პირი იმავე ქვეყნიდან, ხოლო დანარჩენი 450. 000 – არარეგისტრირებული დაბრუნებული პირი ირანიდან.
რეგისტრირებულ ლტოლვილთა 68 პროცენტი დაბრუნდა ქაბულში, ნანგარჰარის, კუნდუზის, ლოგარის და სარ-ე პულის პროვინციებში. ქაბული, ნანგარჰარი და კუნდუზი უკან დაბრუნების 3 ყველაზე გავრცელებული ლოკაციაა 2002 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება არარეგისტრირებულ დაბრუნებულ პირებს, მათი 52 % დაბრუნდა ნანგარჰარისა და ქაბულის რეგიონებში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს 4 წლიან „ავღანეთში რეინტეგრაციის ხელშეწყობის და განვითარების“ (RADA) პროგრამას მაღალი იძულებითი გადაადგილების და უკან დაბრუნების მაღალი მაჩვენებლების მქონდე 8 ძირითად პროვინციაში (ქაბული, ჰერათი, ნანგარჰარი, ბაკჰი, კანდაჰარი, ბაგჰლანი, ლაგჰმანი და ერთი ჯერჯერობით გადაუწყვეტელი ლოკაცია). პროგრამის სამიზნეა 30. 00 მოწყვლადი ავღანი. RADA მოიცავს უკვე არსებული შედარებით მცირე პროექტების (MoRR; MoLSAMD) ხელშეწყობას, ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პროექტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ევროპიდან დაბრუნებული მიგრანტების ასისტირებას და ტექნიკური და პროფესიული ტრეინინგების კურსებს.[8]
[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), Afghanistan: Security Situation – Update, May 2018, available at:
[accessed 31 October 2018][2] World Bank, Country Overview –Afghanistan, available at https://www.worldbank.org/en/country/afghanistan/overview [accessed 1 November 2018]
[3] United States Department of State, Country Reports on Human Rights Practices for 2017, available at https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/humanrightsreport/index.htm?d#wrapper [accessed 1 November 2018]
[4] UNICEF, Education in Afghanistan, available at https://www.unicef.org/afghanistan/education [accessed 1 November 2018]
[5] IRIN, Afghan healthcare under siege as escalating conflict cuts off access, 26 October 2017, available at:
[accessed 2 November 2018][6] Amnesty International, Public Statement of October 8 2018, available at
[accessed 1 November 2018][7] UN High Commissioner for Refugees (UNHCR), UNHCR Eligibility Guidelines for Assessing the International Protection Needs of Asylum-Seekers from Afghanistan, 30 August 2018, available at:
[accessed 1 November 2018][8] IOM, Returns to Afghanistan 2017, available at
[accessed 2 November 2018]