ავღანეთი. გოგონათა და ქალთა განათლების კუთხით არსებული ვითარება. მარტი, 2019

მკვლევარი ეშლი ჯექსონი „საზღვარგარეთის განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ კვლევაში „ცხოვრება თალიბანის ჩრდილოვანი მმართველობის ქვეშ“ წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ „განათლებას ყველასთვის“ და არ არსებობს აკრძალვა ქალებისთვის განათლების მიღების კუთხით. რეალობაში, გოგონებისთვის განათლების პროცესი ჩერდება სიმწიფის ასაკის დადგომასთან ერთად (დაახლოებით 4-6 კლასი). სიმწიფემდე, როგორც წესი, გოგონებს შეუძლიათ ბიჭებთან ერთად იარონ სკოლაში და ჰყავდეთ მამრობითი სქესის მასწავლებელი. სიმწიფის ასაკის დადგომის შემდეგ, „თალიბანი“ აწესებს მოთხოვნებს, რა შემთხვევაშიც უშვებს გოგონების განათლების გაგრძელებას. გოგონათა სკოლას უნდა ჰქონდეს ცალკე შენობა, პერიმეტრზე უნდა იყოს კედელი, სკოლას უნდა ჰყავდეს ქალი მასწავლებლები და სატრანსპორტო საშუალება, რითიც მოხდება გოგონების სახლიდან სკოლამდე და პირიქით გადაყვანა. დამატებითი მოთხოვნებია ბურკის ტარება და მობილური ტელეფონების აკრძალვა; ასევე, გოგონების სწავლება არ უნდა მოხდეს მეჩეთებსა და მადრასებში.

ეშლი ჯექსონი წერს, რომ კვლევის ფარგლებში ვერ მოიძებნა ვერცერთი საშუალო განათლების სკოლა გოგონებისთვის, რომელიც ფუნქციური იქნებოდა „თალიბანის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ლოგარსა და ჰელმანდში, სადაც გოგონათა სკოლები „თალიბანის“ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მუქარების ობიექტები არიან, მასწავლებლები დაშინებულები არიან და სტუდენტები სკოლაში სიარულს უფრთხიან. „თალიბანის“ ერთერთი სპიკერის განცხადებით, იქ, სადაც გოგონათა სკოლები დახურულია, დახურულია იმიტომ, რომ საზოგადოებას არ სურს თავიანთი გოგონების სკოლაში გაშვება. როდესაც მას სთხოვეს დაესახელებინა მოქმედი სკოლა გოგონებისთვის „თალიბანის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მან დაასახელა შერზადის რაიონის სკოლა ნანგარჰარში, სადაც მისი მტკიცებით, „თალიბანი“ დაეხმარა საზოგადოებას გოგონათა საშუალო სკოლის გახსნაში. აღნიშნული სკოლის არსებობა მკვლევართა ჯგუფმა ვერ დაადასტურა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა. „თალიბანი“ ამტკიცებს, რომ არ აწესებს ბარიერებს გოგონებისთვის საშუალო განათლების მიღებაზე, იმ პირობებში, რა პირობებსაც თავად აყენებს. პრაქტიკაში, შიში მთავარი ფაქტორია. იქაც, სადაც, ზოგადად, „თალიბანს“ სურს გოგონებისთვის საშუალო განათლება დაუშვას, ძალიან ცოტა თუ გარისკავს თავისი შვილის ან საკუთარ სიცოცხლეს იმისთვის, რომ „თალიბანთან“ განათლებაზე სასაუბროდ მივიდეს.

მასწავლებელი ლოგარის პროვინციიდან ამბობს, „თალიბანი“ აცხადებს, რომ ისინი დაუშვებენ, რომ გოგონებმა 6 წლის შემდეგაც განაგრძონ განათლების მიღება თუ მათ ეყოლებათ ქალი მასწავლებლები, მაგრამ ხალხს მაინც ეშინია და შეიძლება არ იყვნენ დაინტერესებულნი. გარდა ამისა, უმეტესობამ, ვისაც თავიანთი გოგონების სკოლაში გაშვება უნდა, დატოვა ქალაქი; დანარჩენებს კი, შეიძლება, ისინი არიან კიდეც დაინტერესებულნი, მაგრამ ხმას არ იღებენ ამ ინტერესის გამოსახატად“. მართალია, „თალიბანის“ პოზიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს გოგონებისთვის განათლების მიღების შეზღუდვაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ გოგონათა ორი მესამედი სკოლაში არ დადის ავღანური საზოგადოების, მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დონორების და გაეროს ფართო, კოლექტიური ფიასკოს შედეგია. ელიტებს შორის, ორივე მხრიდან, არის მუდმივი რწმენა იმისა, რომ სოფლის მოსახლეობას არ სურს ქალების განათლება.

როგორც ჩანს, არც „თალიბანი“ და არც მთავრობა არ არის დაინტერესებული ქალთა განათლებით, რადგან შიშობენ, რომ აღნიშნული საკითხის წამოწევა, შეიძლება დაუჯდეთ ამომრჩევლების დაკარგვად. მაშინაც, როდესაც კონკრეტული პირები „თალიბანში“ მხარს უჭერენ ქალთა განათლებას, მათ ეშინიათ იმ შედეგების, რაც შეიძლება მოჰყვეს საკითხის იმ ხალხში წამოწევას, ვისაც სწამს, რომ ქალთა განათლება სასირცხვილოა.

მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც უხუცესები მოლაპარაკებებს მართავდნენ „თალიბანთან“ ქალთა განათლების კუთხით. ყოველ ასეთ ჯერზე, როდესაც ისინი მიმართავდნენ განათლების სამინისტროს ადგილობრივ ოფისს და სთხოვდნენ მათ ქალი მასწავლებლების გამოყოფას, სამინისტროსგან იღებდნენ პასუხს, რომ უწყებას არ შეეძლო ქალი მასწავლებლების თემისთვის მიწოდება. უამრავი მიზეზია, რატომაც ძალიან რთულია ქალი მასწავლებლების მომზადება და ბევრ მიზეზზე საჯაროდ არც კი საუბრობენ. ავღანეთის მთავრობის მიერ ჩატარებულმა განათლების სექტორის კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა პირველი წლის ანაზღაურებას ქრთამებში ხარჯავს, რომ სამსახური იშოვოს. ქალებს უჭირთ ფულის სესხება, რადგან ამისთვის მამაკაცის ნებართვა სჭირდებათ და ოჯახები, როგორც წესი, არ რთავენ ნებას ქალებს, ასეთი მიზნებისთვის ისესხონ ფული. მამაკაცი მასწავლებლები ხშირად მეორე სამსახურშიც მუშაობენ, რაც აძლევს მათ საშუალებას, მასწავლებლის პოზიცია შეინარჩუნონ. ქალები, ასეთი სტრატეგიის გამოყენებისას, დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან.[1]

„განათლების დაცვის გლობალური კოალიცია“ 2018 წლის ანგარიშში „განათლებაზე თავდასხმა“ წერს, რომ 2016 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 3.5 მილიონი ბავშვი სკოლის გარეთაა დარჩენილი; მათ შორის 75% გოგონაა. ქალთა და გოგონათა განათლებაზე პირდაპირი თავდასხმა არა სამთავრობო აქტორების, როგორიცაა „თალიბანი“ თუ „ისლამური სახელმწიფო“, იწვევს საგანმანათლებლო და გენდერულ უთანასწორობას; მათ შორის, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის მაღალ მაჩვენებლებს, შეზღუდულ წვდომას სამართალზე და ქალთა და გოგონათა შეზღუდულ შესაძლებლობებს სახლს გარეთ მუშაობისა და სწავლის კუთხით. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში და ძალადობა გოგონათა განათლების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია. საგანმანათლებლო სექტორზე განხორციელებულ თავდასხმებს შორის მუდმივად იზრდება გოგონათა სკოლებზე და მდედრობითი სქესის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე თავდასხმების პროპორციული წილი. ადგილი აქვს შეიარაღებული დაჯგუფებების, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და „თალიბანი“, მხრიდან სკოლების დახურვის იძულებას. პარალელურად კი, გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონული საგანმანათლებლო ხელისუფლება, მათ შორის ჰერათისა და ნანგარჰარის პროვინციებში, კმაყოფილებას გამოთქვამს „თალიბანთან“ თანამშრომლობით სკოლების ზედამხედველობისა და მხარდაჭერის მიმართულებით. 2013-2017 წლებში იმატა იმ ინციდენტების რაოდენობამ, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესზე; თუმცა, აღნიშნული რაოდენობა არ აღწევს იმ დონეს, რომელიც ნაჩვენები იყო 2014 წლის ანგარიშში „განათლებაზე თავდასხმა“. 2017 წლის დეკემბერში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისი წერდა, რომ უკანასკნელ წლებში, კონფლიქტთან და ამბოხთან დაკავშირებული ინციდენტების გამო, ათასზე მეტი სკოლა დაინგრა და დაზიანდა. სკოლებზე იერიშები მოიცავდა სარაკეტო, თვითმკვლელი ტერორისტებისა და სხვა სახის თავდასხმებს. 2013-2017 წლებში მომხდარი ინციდენტების ერთი მეოთხედის სამიზნეს გოგონათა სკოლები და ქალი მასწავლებლები წარმოადგენდნენ.

2013-2017 წლებში სტუდენტებზე, მასწავლებლებსა და სხვა საგანმანათლებლო სფეროში მომსახურე პერსონალზე თავდასხმების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს წარმოადგენდა გატაცებები, მიზნობრივი მკვლელობები და დაშინებები. იგივე ტენდენციები იყო 2009-2012 წლებშიც. „თალიბანი“ და მზარდი ტენდენციით „ისლამური სახელმწიფო“ იყვნენ პასუხისმგებლები თავდასხმების უმეტესობაზე. მამრობითი და მდედრობითი სქესის სტუდენტები მუქარის ობიექტები ხდებოდნენ სხვადასხვა მიზეზით; ბიჭები პოლიტიკური კუთვნილების, ხოლო გოგონები მათი, როგორც მოსწავლის სტატუსის გამო. საერთო ჯამში, მოსწავლეებზე და საგანმანათლებლო პერსონალზე თავდასხმების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა; თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, აღნიშნული ზრდა განპირობებული იყო გატაცებებისა და დაშინებების შემთხვევების ზრდით; მაშინ, როდესაც, 2009-2013 წლებთან შედარებით, 2013-2017 წლებში მკვლელობათა რაოდენობა შემცირდა. 2013-2015 წლებში მუქარებისა და დაშინებების შემთხვევებმა 376%-ით იმატა.

მდედრობითი სქესის მოსწავლეები და მასწავლებლები საგანმანათლებლო პერსონალსა და სტუდენტებზე თავდასხმების ერთი მეოთხედის სამიზნეებს წარმოადგენდნენ. მუქარებისა და დაშინებების გამო იხურებოდა გოგონათა სკოლები, რაც ზიანს აყენებდა ათობით ათას მოსწავლეს. გარდა ამისა, მედიამ აღწერა 20-მდე შემთხვევა, როდესაც ასობით მოსწავლე გახდა ცუდად და ამის მიზეზად სახელდებოდა დაუდგენელი პირების მიერ სკოლების მოწამვლა. შემთხვევების უმეტესობა გოგონათა სკოლაში მოხდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, როგორც გაირკვა, ავადმყოფობა დაკავშირებული იყო შიშთან და სტრესთან და არა მომწამვლელ ნივთიერებებთან. აღნიშნული ინციდენტები კარგად აღწერს იმ შიშს, რომელიც განათლების, განსაკუთრებით გოგონათა განათლების გარშემო ტრიალებს.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ 2018 წელს სკოლები და მეჩეთები, რომლებიც გამოიყენებოდა საარჩევნო უბნებად, ამბოხებულთა ათობით იერიშის სამიზნეს წარმოადგენდა. 2018 წლის 2 მაისს „თალიბანმა“ გააფრთხილა პაკტიკას პროვინციის შრანას რაიონის სკოლების მასწავლებლები, რომ სკოლები გახდებოდნენ სამიზნეები თუ მოხდებოდა მათი გამოყენება საარჩევნო დანიშნულებით. ოქტომბრისთვის რაიონის ბევრი სკოლა რჩებოდა დახურული.

„ავღანეთის მხარდაჭერის გაეროს მისიამ UNAMA“ აღწერა 10 შემთხვევა, როდესაც თალიბანი, მთავრობის სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ, ემუქრებოდა, ხურავდა, წვავდა ან სარაკეტო იერიშებს ახორციელებდა სკოლებზე. 2018 წლის მაისში თალიბანმა დახურა 28 სკოლა ტახარის პროვინციაში. 2018 წლის ივნისში, ნანგარჰარის პროვინციაში დაჯგუფებამ „ისლამური სახელწმიფო ხორასანის პროვინცია“ იძულებით დახურა გოგონათა 80 სკოლა. აღნიშნული ქმედება იყო პასუხი აშშ-სა და ავღანეთის საჰაერო ძალების ავია იერიშებზე. ზოგიერთი სკოლა 20 ოქტომბრის არჩევნებისთვის დახურული იყო. 2018 წლის 11 ივლისს, თავდასხმა მოხდა ჯალალაბადის პროვინციის საგანმანათლებლო ოფისზე, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; ინციდენტის შედეგად კიდევ 17 ადამიანი დაშავდა. ლოგარის პროვინციაში 2018 წელს „თალიბანმა“ დახურა 29 სკოლა. აღნიშნული ქმედება იყო პასუხი ხელისუფლების მომხრე დაჯგუფების მიერ „თალიბანის“ ერთერთი მეთაურის სახლზე განხორციელებულ იერიშზე. 2018 წლის ივლისის დასაწყისში, ლოგარში საერთაშორისო ძალებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთობლივი ოპერაციების საპასუხოდ, „თალიბანმა“ ორი კვირით დახურა ბიჭების 34 და გოგონების 5 სკოლა მოჰამად აღას რაიონში არსებული 64 სკოლიდან. გარდა ამისა, მათ დაწვეს 2 შერეული დაწყებითი სკოლა პულე ალამის რაიონში.

2018 წლის მარტში „თალიბანმა“ გასცა 342 სკოლის დახურვის ბრძანება კუნდუზის პროვინციაში. აღნიშნული ქმედება იყო პასუხის განათლების დეპარატამენტის გადაწყვეტილებაზე ნაღდი ფულის ნაცვლად, საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხათ ხელფასი მასწავლებლებისთვის. აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება ვარაუდობდა „თალიბანისთვის“ მასწავლებლებისგან „გადასახადების“ ამოღების შესაძლებლობის შეზღუდვას. 2018 წლის ოქტომბერში „თალიბანმა“ გაიტაცა 125 პირი, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში იყვნენ დასაქმებულები, მათ შორის მასწავლებლები, დირექტორები და რაიონის საგანმანათლებლო ორგანოების ოფიციალური პირები ღაზნის პროვინციაში; გატაცების მიზეზს მათ მიერ ხელფასების საბანკო ანგარიშებით მიღება წარმოადგენდა.

2018 წელს ავღანეთის მხარდაჭერის გაეროს მისიამ აღწერა შერეულ ან გოგონათა სკოლებზე „თალიბანის“ 5 თავდასხმა ფარაჰისა და ჰერათის პროვინციებში. ერთერთი თავდასხმისას „თალიბანის“ წევრებმა ესროლეს და მოკლეს გოგონათა სკოლის დირექტორი ჰერათის პროვინციაში. ადგილი ჰქონდა ასევე მუქარებს „თალიბანის“ მხრიდან ლოგარში, ბადღისა და ბადახშანის პროვინციების გოგონათა სკოლების მიმართ. 2018 წლის 26 აგვისტოს „თალიბანმა“ ლოგარის პროვინციის ბარაკი ბარაკის რაიონში შეკრიბა გოგონათა სკოლების დირექტორები და განაცხადა, რომ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ქალი მასწავლებლები და მეშვიდე – მეთორმეტე კლასის ჩათვლით გოგო მოწაფეები აღარ ივლიდნენ სკოლაში. აღნიშნულმა გამოიწვია სწავლების შეჩერება მეექვსე კლასს ზევით გოგო მოსწავლეებისთვის და მეექვსე კლასამდე გოგონებისთვის ქალი მასწავლებლები ჩანაცვლდა მამაკაცი მასწავლებლებით.

2018 წლის მონაცემებით, 3.7 მილიონი ბავშვი, რაც ავღანეთში ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარია, სკოლის გარეშეა დარჩენილი. მათგან 60% გოგონაა. ბევრ პროვინციაში გოგონა მოსწავლეები მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 15%-ზე ნაკლებს შეადგენენ.[3] [4]

2018 წლის ოქტომბრის კვარტალურ ანგარიშში „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID“ წერდა, რომ ავღანეთის მხარდაჭერის პროგრამის „Promote“ ფარგლებში, ავღანეთის განათლების სამინისტროსთან ერთად, მოხდა 122 ინსტრუქტორის გადამზადება; გეგმის მიხედვით, აღნიშნული ინსტრუქტორები, თავის მხრივ, მოამზადებენ 2 500 ქალ მასწავლებელს. გარდა ამისა, იგეგმება კიდევ 2 500 ქალის გადამზადება, რომელთაც გარანტირებულად ექნებათ პოზიცია განათლების სამინისტროში.[5]

შეჯამება

ავღანეთში გოგონათა და ქალთა განათლების კუთხით არსებული ვითარება, საერთო ჯამში,  არასახარბიელოა. 2018 წლის მონაცემებით, 3.7 მილიონი ბავშვი, რაც ავღანეთში ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარია, სკოლის გარეშეა დარჩენილი. მათგან 60% გოგონაა. ბევრ პროვინციაში გოგონა მოსწავლეები მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 15%-ზე ნაკლებს შეადგენენ. ქალთა და გოგონათა განათლებაზე პირდაპირი თავდასხმა იწვევს საგანმანათლებლო და გენდერულ უთანასწორობას. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში და ძალადობა გოგონათა განათლების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია. საგანმანათლებლო სექტორზე განხორციელებულ თავდასხმებს შორის მუდმივად იზრდება გოგონათა სკოლებზე და მდედრობითი სქესის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე თავდასხმების პროპორციული წილი. 2013-2017 წლებში მომხდარი ინციდენტების ერთი მეოთხედის სამიზნეს გოგონათა სკოლები და ქალი მასწავლებლები წარმოადგენდნენ.

სკოლებზე განხორციელებული თავდასხმების დიდი ნაწილი საარჩევნო პერიოდზე მოდის და განპირობებულია იმით, რომ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მიზნით, „თალიბანი“ და სხვა დაჯგუფებები იერიშებს ახორციელებენ სკოლებზე, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი. ამ შემთხვევაში თავდასხმების უშუალო სამიზნეს განათლების სექტორი არ წარმოადგენს, სამიზნე არჩევნებია, მაგრამ ირიბად განათლების სექტორიც ზარალდება. ხოლო იმ დროს, როდესაც იერიშის მიტანა ხდება გოგონათა სკოლებზე ან ქალ მასწავლებლებზე, თითქმის ყველა შემთხვევაში გოგონათა განათლება და ქალი მასწავლებლები პირდაპირ იმის გამო არიან სამიზნეები, რომ გოგონათა განათლება სიმწიფის ასაკის შემდეგ არ არის მიღებული. მამრობითი და მდედრობითი სქესის სტუდენტები მუქარის ობიექტები ხდებოდნენ სხვადასხვა მიზეზით; ბიჭები პოლიტიკური კუთვნილების, ხოლო გოგონები მათი, როგორც მოსწავლის სტატუსის გამო.

„თალიბანი“ ამტკიცებს, რომ არ აწესებს ბარიერებს გოგონებისთვის საშუალო განათლების მიღებაზე, იმ პირობებში, რა პირობებსაც თავად აყენებს. პრაქტიკაში, შიში მთავარი ფაქტორია. იქაც, სადაც, ზოგადად, „თალიბანს“ სურს გოგონებისთვის საშუალო განათლება დაუშვას, ძალიან ცოტა თუ გარისკავს თავისი შვილის ან საკუთარ სიცოცხლეს იმისთვის, რომ „თალიბანთან“ განათლებაზე სასაუბროდ მივიდეს.

[1] Overseas Development Institute (Author), published by ReliefWeb: Life under the Taliban shadow government, 21 June 2018

 (accessed on 4 March 2019)

[2] GCPEA – Global Coalition to Protect Education from Attack (Author), published by ReliefWeb: Education Under Attack 2018, 2018

 (accessed on 4 March 2019)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Afghanistan, 17 January 2019

 (accessed on 4 March 2019)

[4] UNAMA – UN Assistance Mission in Afghanistan: Afghanistan; Protection of Civilians in Armed Conflict; Annual Report 2018, February 2019

 (accessed on 4 March 2019)

[5] SIGAR – Special Inspector General for Afghanistan Reconstruction: Quarterly Report to the United States Congress, 30 October 2018

 (accessed on 4 March 2019)