დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 აგვისტო, 2019

ღაზის სექტორში თვითმკვლელი პოლიციელებს თავს დაესხა – თვითმკვლელი, რომელიც, სავარაუდოდ, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული, პოლიციის ორ საგუშაგოს დაესხა თავს. შემთხვევას სამი პალესტინელი პოლიციელი ოფიცერი ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უსაფრთხოების ძალებმა ადგილზე ასობით თანამშრომელი განალაგა. მოძრაობა ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ჯიჰადისტურ აქტივობებში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.[1]

ირანელ აქტივისტს ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – საბა კორდ აფშარი ჰიჯაბის მოხსნით „პროსტიტუციის გავრცელებაში“ დამნაშავედ ცნეს. 20 წლის აქტივისტის გარდა, ბოლო კვირის განმავლობაში ირანში კიდევ სამი აქტივისტი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გამო 66-წლით ჩასვეს ციხეში.[2]

ქაშმირის მოსახლეობა ინდოელ სამხედროებს წამებაში ადანაშაულებს – ადგილობრივების თქმით, სამხედროები მათ კეტებსა და ბაგირებს ურტყამენ და ელექტროშოკით აწამებენ. ინდოეთის ჯარმა ბრალდებებს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა. ინდოეთის ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეავიწროვოს ის ხალხი, რომლებიც რეგიონისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას და პაკისტანთან შეერთებას ითხოვენ. რეგიონში დაძაბულობამ 2 აგვისტოს იმატა, როდესაც ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში ტერორისტული აქტის საფრთხის შესახებ განაცხადა და შტატში დამატებითი ძალები შეიყვანა. სხვადასხვა მიზეზით დაკავებულთა რიცხვმა 3 ათასს მიაღწია. მათ შორის არიან პოლიტიკური ლიდერები, ბიზნესმენები და სამოქალაქო აქტივისტები. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც 6 აგვისტოს ინდოეთმა ჯამუს და ქაშმირს განსაკუთრებული სტატუსი გაუუქმა. მათ ადგილზე შეიქმნება ორი ტერიტორია შტატზე ნაკლები თვითმმართველობის უფლებით. ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირი 1947 წელს გაიყვეს. მას შემდეგ მხარეებმა ქაშმირისთვის ორჯერ იომეს.[3]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კუნდუზზე თავდასხმისას, მოძრაობა თალიბანის 30 წევრი მოკლეს. ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. 32 თალიბი ხელისუფლების წარმომადგენლებს ტყვედ ჩაბარდა.[4]

[1] BBC; Gaza explosions: Suicide bomber kill three police officers; 28 August, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49491516

[2] Daily Mail; Iranian women’s rights activist, 20, is jailed for 15 years for spreading prostitution by taking off her hijab; 28 August, 2019; available at: https://www.dailymail.co.uk/news/article-7402503/Iranian-activist-20-jailed-15-years-spreading-prostitution-taking-hijab.html?ito=social-twitter_mailonline

[3] BBC; Don’t beat us, just shoot us: Kashmir allege violent army crackdown; 29 August, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-49481180

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის დაჯგუფების 30 წევრი მოკლეს; 31 აგვისტო, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/115224/avganetshi-talibanis-dajgupebis-30-tsevri-mokles

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივნისი, 2018

ქაშმირში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება – ინდოეთის მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დროს დაშავებული დემონსტრანტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს უშენენ. პოლიცია, საპასუხოდ, ცრემლსადენ გაზს იყენებს. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათია დაწესებული. შეიზღუდა ინტერნეტის მიწოდება. ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის დავის საგანს წარმოადგენს. ისლამისტები ქაშმირის ინდოეთისგან გამოყოფისთვის იბრძვიან.[1]

საუდის არაბეთში პირველად ქალმა მართვის მოწმობა აიღო – სპეციალური ღონისძიებისას პირველ ქალს მართვის მოწმობა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადასცა. შარშან საუდის არაბეთში ქალებს ოფიციალურად მიეცათ ნება, რომ მანქანები მართონ. რამდენიმე დღის წინ შეიხს, რომელმაც განაცხადა, რომ საყიდლებზე წასვლისას ქალის თვინი მეოთხედამდე მცირდება, ამიტომ მათზე მართვის მოწმობები არ უნდა გაიცეს, ქადაგება აეკრძალა.[2]

ტერაქტს ავღანეთში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ინციდენტი ქაბულის უნივერსიტეტთან მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შეკრების დასრულების შემდეგ შენობიდან სასულიერო პირები გამოდიოდნენ. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა; გარდაცვლილთაგან 7 სასულიერო პირია, 4  – დაცვის თანამშრომელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

ავღანეთში 4 მილიონამდე ბავშვი სკოლაში ვერ დადის – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის გამო ქვეყანაში დაახლოებით 3,7 მილიონი ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. ანგარიში „გლობალური ინიციატივა – სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები“ შეეხება ავღანელ ბაშვებს, რომელთა ასაკი 7-დან 17 წლამდეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2002 წლიდან ავღანეთში გაიზარდა სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა.[4]

[1] BBC; Kashmir unrest as protester run over by police dies; 2 June, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-44341496

[2] Associated Press; First Saudi women receive drivind licenses amid crackdown; By Aya Batrawy; 4 June, 2018; available at: https://apnews.com/4c188141657a44299d2e22b4fac25707

[3] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში მორიგ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა; 4 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/64553/avganetshi-morig-teraqts-14-adamiani-emskhverpla

[4] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში 3,7 მილიონი ბავშვი სკოლაში ვერ დადის; 4 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/64523/avganetshi-37-milioni-bavshvi-skolashi-ver-dadis