ირანი. იეჰოვას მოწმეები; კონვერტაციის შემდგომი საფრთხეები. აპრილი, 2019

  1. ზოგადი ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების შესახებ და განსხვავებები მათ რწმენასა და ქრისტიანობას შორის – ვებ-გვერდი Christianity.com მიხედვით, იეჰოვას მოწმეთა მიმდინარეობა დაფუძვნებულ იქნა 1870 წელს ვინმე ჩარლზ ტაზე რასელის მიერ, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში. თავიდან აღნიშნული ჯგუფი ბიბლიის შემსწავლელი მოძრაობის სახელით იყო ცნობილი. ადრეულ ეტაპზე, ჯგუფს ასევე მოიხსენიებდნენ „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ სახელი, რადგან ბატონი რასელი გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით „სიონის საგუშაგო კოშკი“. დღესდღეისობით, მსოფლიოში დაახლოებით 8.3 მილიონი იეჰოვას მოწმეა, ხოლო მათი კონგრეგაციების რაოდენობა თითქმის 120 000 არის.

იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის ძირითადი ობიექტი არის მამა ღმერთი იგივე იაჰვე, სწორედ აქედან მოდის მათი სახელი. შესაბამისად, მათ არ სჯერათ წმინდა სამების და ღმერთის სამბუნებიანობის. ისინი არ იყენებენ ბიბლიის სტანდარტულ ვერსიას და ამის მაგივრად, გააჩნიათ ბიბლიის საკუთარი თარგმანი, რომელსაც „ახალი სამყაროს თარგმანს“ უწოდებენ.  იეჰოვას მოწმეები, ასევე, არ აღიარებენ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთს და, შესაბამისად, მასზე არ ლოცულობენ. იეჰოვას მოწმეების აზრით, იესო დედამიწაზე ღმერთმა გამოაგზავნა სამოთხიდან და სწორედ მისი კაცობრიობისადმი მსხვერპლშეწირვითა და აღდგომით გახდა შესაძლებელი, ადამიანებისთვის სასუფევლის დამკვიდრება. მათ ასევე სჯერათ, რომ იესო ახლა „ღმერთის ზეციურ სამეფოს“ მართავს, როგორც მეფე, თუმცა, მათთვის მთავარია იესოს სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ „მამა ღმერთი ჩემზე გაცილებით აღმატებულია“. შესაბამისად, ისინი თაყვანს არ სცემენ იესოს, რახან მათ ის ღმერთად არ მიჩნიათ.

მათ ასევე არ სჯერათ სულიწმინდის, როგორც ღმერთის განუყოფელი ნაწილის ცნების. მათი აზრით, სულიწმინდა წარმოადგენს ღმერთის მიერ ბოძებულ ძალას. ისინი არ აღიქვამენ სულიწმინდას, როგორც კონკრეტულ „არსებას“, არამედ მათი აზრით, როდესაც ბიბლიაში სულიწმინდაზეა საუბარი, ეს მიუთითებს ღმერთის ხელებზე, ხელებზე. იეჰოვას მოწმეების რწმენით, როგორც ოსტატის ხელები და თითები ვერ იმუშავებენ მისი გონებისაგან დამოუკიდებლად, ისე ვერ იამოქმედებს სულიწმინდა უშუალოდ ღმერთის მითითების გარეშე.

იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ ისეთ სადღესასწაულო დღეებს, როგორიცაა – შობა ან აღდგომა, რაც ბუნებრივია, რახან მათ არ სჯერათ იმის, რომ იესო ქრისტე და მამა ღმერთი თანაბარნი არიან. ისინი ასევე არ აღნიშნავენ სხვა, ეროვნულ სადღესასწაულო დღეებსა თუ საკუთარ დაბადების დღეებსაც კი, იმ მიზნით, რომ დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულნი იყვნენ. ისინი ასევე ცდილობენ, იყვნენ პოლიტიკურად მაქსიმალურად ნეიტრალურები. ისინი არ მსახურობენ სამხედრო სამსახურში თუ პოლიტიკურ თანამდებობებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ გზით საკუთარ კულტურას დაშორდებიან. ამის მაგივრად, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ „ღმერთის ზეციერ სამეფოში“ მოხვედრასა და მოქალაქეობას. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ სამოთხეში ღმერთის ნამდვილი სამეფო არსებობს, რომელიც ადამიანთა სამეფოებსა და მთავრობებს ჩაანაცვლებს და ამით ღმერთის მიერ კაცობრიობისთვის დაწესებულ მიზანს შეასრულებს. მათი აზრით, ზეციურ სამეფოში იაჰვე ღმერთი, იესო და ანგელოზები ცხოვრობენ, ხოლო დაახლოებით 144 000 ადამიანი მკვდრეთით აღსდგება, რათა იესოსთან ერთად სამოთხის სამეფო მართონ.

რაც შეეხება ჯოჯოხეთს, იეჰოვას მოწმეებს მისი არსებობის არ სჯერათ და  მიიჩნევენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს, შესაბამისად, ის არ იტანჯება ცეცხლით სავსე ჯოჯოხეთში.

საინტერესო ფაქტია, რომ იეჰოვას მოწმეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სისხლის გადასხმას, მაშინაც კი, როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლო სიტუაციაა. ისინი ამას ბიბლიით ხსნიან და ამბობენ, რომ ბიბლია კრძალავს საკუთარი სხეულის შესანარჩუნებლად სისხლის მიღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არიან, იეჰოვას მოწმეები არ იყენებენ ჯვარს, როგორც თაყვანისცემის ობიექტს. მათი განმარტებით, ეს განპირობებულია ორი ფაქტორით: 1. მათი ბიბლიის მიხედვით, იესო ჯვარზე არ გაუკრავთ და ეს ობიექტი უბრალო ძელი იყო; 2 – ბიბლია მკაცრად მოუწოდებს ქრისტიანებს, „განერიდონ ყველანაირ კერპს“, შესაბამისად, ისინი ვერ გამოიყენებენ ჯვარს, როგორც თაყვანისცემის ობიექტს. ბუნებრივია, ისინი ასევე არ იყენებენ პირჯვარს.

იეჰოვას მოწმეებს სჯერათ და იყენებენ მთლიან ბიბლიას, რაც მოიცავს საღვთო წიგნის  ორივე ნაწილს – ძველსა და ახალ აღთქმებს. მათ არ სჯერათ კრეციონიზმის (მოძღვრება იმის შესახებ, რომ ღმერთმა სამყარო პირდაპირი გაგებით 6 დღეში შექმნა), რადგან მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ნახსენებ სიტყვა „დღე“-ში გაცილებით დიდი დრო იგულისხმება, ასევე, მათი აზრით, ბიბლიაში წერია, რომ სამყარო ღმერთის მიერ დედამიწის 6 დღეში შექმნამდე გაცილებით ადრე არსებობდა.

იეჰოვას მოწმეების რწმენა მათ სხვა რელიგიებისადმი ტოლერანტული მიდგომისკენ მოუწოდებს, რასაც ისინი ბიბლიით ხსნიან, სადაც წერია, რომ „ყველას პატივი უნდა სცე“. თუმცაღა, მათი რწმენით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი რელიგიის რწმენით, სწორედ მათი რელიგიაა ერთადერთი და ნამდვილი.

გამოყენებული წყაროები

  1. christianity.com – article “10 THINGS EVERYONE SHOULD KNOW ABOUT JEHOVAH’S WITNESSES AND THEIR BELIEFS” available at https://www.christianity.com/church/denominations/10-things-everyone-should-know-about-jehovah-s-witnesses-and-their-beliefs.html [accessed 1 April 2019]
  2. Official Web-page of Jehovah Witnesses – Frequently Asked Questions – available at https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/ [accessed 1 April 2019]
  3. Official Web-page of Jehovah Witnesses – “What Do Jehovah’s Witnesses Believe?” – available at https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/jehovah-witness-beliefs/ [accessed 1 April 2019]

Official Web-page of Jehovah Witnesses – Jesus dying Do Jehovah’s Witnesses Believe in Jesus? – available at https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/believe-in-jesus/ [accessed 1 April 2019]

  1. ექმნებათ თუ არა საფრთხე ირანში ისლამის შიიტური მიმდინარეობიდან ქრისტიანობაზე (იეჰოვას მოწმეები) კონვერტირებულ პირებს?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში რელიგიის თავისუფლების შესახებ საკუთარ 2018 წლის ანგარიშში (რომელიც 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს) წერს, რომ კონსტიტუციის თანახმად, ირანი წარმოადგენს ისლამურ რესპუბლიკას და ყველა კანონი შესაბამისობაში უნდა იყოს შარიათთან. ასევე, ადამიანებს აქვთ საკუთარ ძირითად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის უფლებებზე წვდომა, მხოლოდ „ისლამისტური კრიტერიუმების“ გათვალისწინებით. ირანის სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს სიკვდილით დასჯას მუსლიმების მიმართ სხვა რელიგიის წარმომადგენელი პირის მხრიდან პროზელიტიზმისთვის (რელიგიის აქტიური ქადაგება, მისწრაფება საკუთარ სარწმუნოებაზე მოაქციო სხვები), ასევე, „ღმერთის მიმართ მტრობისა“ და წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის. კონსტიტუცია, ასევე, უკრძალავს მუსლიმ მოქალაქეებს საკუთარი რელიგიის შეცვლას ან უარყოფას.

რელიგიური დემოგრაფიის კუთხით მდგომარეობა შემდეგია: ირანის მოსახლეობა 80 მილიონზე მეტია. აქედან 99.4% არის მუსლიმი, მათ შორის 90-95 % შიიტი, ხოლო 5-10 % სუნიტი; რელიგიური უმცირესობა ირანში მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს და მოიცავს ბაჰაებს, ქრისტიანებს, საბეან-მანდეანებს, ზოროასტრებს, ებრაელებს და იარსანებს. სამი ყველაზე დიდი არა-მუსლიმური უმცირესობა არიან ბაჰაები, ქრისტიანები და იარსანები.[1]

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია საკუთარ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ კონსტიტუცია ცნობს მხოლოდ ქრისტიანებს, ებრაელებს და ზოროასტრებს, როგორც დაცულ რელიგიურ უმცირესობას და ნებას რთავს მათ, აღასრულონ საკუთარი რელიგიური რიტუალები „კანონის მოთხოვნების ფარგლებში“.  ზემოხსენებული ჯგუფების უფლებების დასაცავად, პარლამენტის 290 ადგილიდან გამოყოფილია 5.

ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ირანში რელიგიური უმცირესობების მდგომაროება გაუარესდა, განსაკუთრებით კი, სამთავრობო ძალების მხრიდან ძალადობის სამიზნეს წარმოადგენდნენ ბაჰაები და კონვერტირებული ქრისტიანები. კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ გამოიყენებოდა განსაკუთრებით მკაცრი სადამსჯელო ზომები, მაგალითად, საკუთარი რელიგიური აქტივობების გამო, ზოგიერთ მათგანს შეეფარდა 10 ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, გამახვილებული იყო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ კონვერტირებული ქრისტიანები განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ იმის გამო, რომ ისინი, როგორც სპარსელები, წირვებს ატარებენ სპარსულ ენაზე და, ასევე,  მიმართავენ პროზელიტიზმს სხვა რელიგიის წარმომადგენელი პირების მიმართ.[2]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი საკუთარ 2017 წლის ანგარიშში ირანში ქრისტიანებისა და კონვერტირებული ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ წერს, რომ შარიათის მიხედვით, მუსლიმებს სხვა რელიგიაზე კონვერტაცია ეკრძალებათ. ასევე, კონვერტირებულ პირებს, სახელწმიფო არ რთავს ნებას, საკუთარი რელიგიის ცვლილება ასახონ შესაბამის დოკუმენტში. ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რადგან ისინი მიიჩნევიან განდგომილებად, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და შესაძლო სიკვდილით დასჯის წინაპირობას შარიათის მიხედვით. კონვერტირებული ქრისტიანები ხშირად წარმოადგენენ თავდასხმების სამიზნეს; ისინი ასევე, ხშირად ექვემდებარებიან სამთავრობო ძალების მხრიდან ძალადობას, დაკავებას, საპატიმროებში წამებისა და ა.შ.

ანგარიშში ასევე საუბარია ზემოხსენებული პირების მიმართ საზოგადოების და ოჯახის მხრიდან დამოკიდებულებაზე. მაგალითად, კონვერტირებული პირები, რომლებიც არიან რელიგიური ოჯახებიდან, ხშირად სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები შეიტყობენ მათი კონვერტაციის ფაქტის შესახებ.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Amnesty International“ საკუთარი 2018 წლის ანგარიშში ირანის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლება, შეიცალოს საკუთარი რელიგია, ხშირად ირღვეოდა. მაგალითად, კონვერტირებული ქრისტიანების შემთხვევაში, სახეზე იყო ზედმეტად მკაცრი საპატიმრო ვადები (10-15 წელი), ასევე, ხშირ რეიდებს ექვემდებარებოდა მათი სალოცავი ადგილები.[4]

„საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის შესახებ წერს, რომ მუსლიმური წარმომავლობის მქონე კონვერტირებული ქრისტიანები ხშირად წარმოადგენენ სამთავრობო ძალების მხრიდან სამიზნეებს. ასევე, საუბარი იყო ე.წ. სახლის ეკლესიების (ადგილები, სადაც კონვერტირებული ქრისტიანები ატარებენ წირვას, ლოცულობენ და ა.შ) დარბევის ფაქტებზე.[5]

„Freedom House“ ირანის შესახებ საკუთარ 2018 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ სამთავრობო ძალების მხრიდან ხშირია არა-მუსლიმური რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის ფაქტები. ხშირია კონვერტირებული ქრისტიანების დარბევის ფაქტები. გასული წლების განმავლობაში, ფიქსირდებოდა ე.წ. სახლის ეკლესიებზე განხორციელებული რეიდებისა და პასტორების დაკავების შემთხვევები.[6]

Human Rights Watch ირანის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ ირანულ არასამთავრობო ორგანიზაცია Article 18-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაპატიმრებული იყო ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული 37 პირი „მისიონერული საქმიანობისთვის“ (ქადაგება).[7]

[1] United States Department of State, Annual report on religious freedom (covering 2017), available at

[accessed 1 April 2019]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018,  available at

[accessed 1 April 2019]

[3] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Christians and Christian converts, 27 February 2017, Version 3.0, available at:

[accessed 1 April 2019]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iran, 22 February 2018, available at:

[accessed 1 April 2019]

[5] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 1 April 2019]

[6] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 1 April 2019]

[7] Human Rights Watch, World Report 2019 Iran – available at

[accessed 1 April 2019]

მსოფლიო. რელიგიური მიმდინარეობა პროტესტანტიზმი. ოქტომბერი, 2018

ონლაინ-ენციკლოპედიის Britannica მიხედვით, პროტესტანტიზმი წარმოადგენს კათოლიკური დოქტრინისა და წეს-ჩვეულებების საწინააღმედეგო მოძრაობას, რომელიც დაიწყო ადრეული მე-16 საუკუნის ევროპაში. დღევანდელი მდგომარეობით,  კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობასთან ერთად, პროტესტანტიზმი წარმოადგენს ქრისტიანობის 3 ძირითად მიმდინარეობას.[1]

ჩიკაგოს თეოლოგიის ლუთერანული სკოლის თეოლოგიის პროფესორი გრედი დეივისი პროტესტანტიზმის შესახებ ამბობს, რომ „ზოგადად, ტერმინი „პროტესტანტი“ საკუთარ თავში მოიაზრებს იმდენად ბევრ თეოლოგიურ საკითხს, რელიგიურ თუ კულტურულ ჯგუფებს და იმდენად ბევრ ლოცვისა და თაყვანისცემის ადგილებსა თუ ბიბლიის გამოყენების წესებს, რომ უბრალოდ შეუძლებელია, დაასახელო თუნდაც ერთი კონკრეტული საკითხი პროტესტანტურ ლიტურგიასა თუ აღმსარებლობაში ბიბლიის როლის შესახებ, რომელიც ერთნაირი იქნება ყველა პროტესტანტისთვის. მაგალითად, ანგლიკანურ მიმდირეობაში, ლიტურგიისას ბიბლიას უმეტესწილად ისეთი დატვირთვა აქვს, როგორიც რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში. მსგავსი სიტუაციაა მე-20 საუკუნის ლუთერანების  უმრავლესობის შემთხვევაში, თუმცა არა ყველა ლუთერანის. მეორეს მხრივ, არსებობს კონრეტული პროტესტანტული მიმდინარეობები, რომლის აღმსარებელები მიიჩნევენ, რომ თაყვანისცემისას და სხვადასხვა რელიგიური რიტუალის შესრულებისას,  მხოლოდ ბიბლია და არაფერი სხვა უნდა იყოს გამოყენებული. პროტესტანტურ ლიტურგიაში ბიბლიის როლიც სწორედ ზემოხსენებულ ორ პოლუსს შორის მერყობს.“ [2]

გამოცემა Deutsche Welle სტატიაში „ძირითადი განსხვავებები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის“ წერს, რომ აღნიშნულ ორ დენომინაციას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს, მაგალითად:

  1. ბიბლიის როლი – პროტესტანტი ქრისტიანებისთვის ბიბლია წარმოადგენს „სოლა სკრიპტურას“ ანუ ღმერთის ერთადერთ წიგნს, მაშინ როდესაც კათოლიკეები გარდა ბიბლიისა, ასევე დამატებით იყენებენ საეკლესიო დოგმებსა და საუკუნეების მანძილზე განვითარებულ კათოლიკური ეკლესიის ტრადიცეიბსა და ადათ-წესებს.
  2. ეკლესიის როლი – კათოლიკური ეკლესია საკუთარ თავს მიიჩნევს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ მიმდინარეობას, რომელსაც პაპი უდგას სათავეში. პროტესტანტიზმი კი, რომლის ათასობით დენომინაცია არსებობს, მის თითოეულ მიმდინარეობას თანაბარუფლებიანად მიიჩნევს და, ასევე, არ აღიარებს პაპის პრიმატს ქრისტიანულ სამყაროზე.
  3. მსახურების გაგება – კათოლიკურ ეკლესიაში არსებობს სასულიერო იერარქია და ე.წ. „წმინდა დეკრეტი“, რომლის მიხედვითაც ინიშნებიან საეკლესიო თანამდებობების (ეპისკოპოსი, მოძღვარი, დიაკვანი) პირები და სიცოცხლის ბოლომდე იღებენ ლეგიტიმურ უფლებას, რომ ჰყავდეთ მრევლი. აღნიშნული კურთხევა მხოლოდ მამრობითი სქესის პირებს ეძლევათ.

რაც შეეხება პროტესტანტულ მიმდინარეობებს, ისინი არ ნიშნავენ კონკრეტულ პირებს სპეციფიკურ თანამდებობებზე. მათი რწმენით, მღვდლობა შეუძლია ნებისმიერ მორწმუნეს, მათ შორის – ქალსაც.

  1. ზიარება – კათოლიკურ ეკლესიაში მიღებულია ზიარების წესი, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც მღვდელი მათ იესოს სახელით აკურთხებს, პური იქცევა ქრისტეს ხორცად, ხოლო ღვინო – ქრისტეს სისხლად. ზემოხსენებული რიტუალი ასახავს „იესოს „უკანაკსნელ ვახშამს“ მოციქულებთან ერთად. არა-კათოლიკე პირებს (თუნდაც ქრისტიანებს) არ შეუძლიათ რიტუალში მონაწილეობა და ზიარების მიღება.

პროტესტანტურ ეკლესიაში ზიარებას განსხვავებული დატვირთვა აქვს. თუ კათოლიკეებისთვის პური ქრისტეს ხორცს განასახიერებს და არის ლოცვისა და თაყვანისცემის ობიექტი, პროტესტანტებისთვის მას უბრალოდ სარიტუალო დატვირთვა აქვს. ასევე, პროტესტანტულ ეკლესიაში ნებისმიერ მონათლულ პირს შეუძლია ზიარების მიღება და ცერემონიის წარმართვაც კი.

  1. „წმინდა საიდუმლოები“ – კათოლიკე ეკლესია აღიარებს ახალი აღქმის 7 საიდუმლოს: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ეკლესია მიიჩნევს, რომ ისინი ქრისტემ დააწესა და, შესაბამისად, უფლის კურთხევას გამოხატავენ.

რაც შეეხება პროტესტანტებს, ისინი აღიარებენ მხოლოდ ორ საიდუმლოს – ნათლობა და ზიარება.

  1. დოგმები მარიამ ღვთისმშობლის შესახება და წმინდანების თაყვანისცემა – კათოლიკე ქრისტიანები თაყვანს სცემენ მარიამს, როგორც „ზეციურ დედოფალს“. მათთვის ასევე არსებობს მარიამთან დაკავშირებული კონკრეტული დოგმები – ღმერთის დედობა, უმწიკვლო ჩასახვა, ქალწულობა და ზეცაში ამაღლება. გამომდინარე იქიდან, რომ ბიბლიაში ზემოხსენებული დოგმების გამამყარებელი არგუმენტები მცირეა, პროტესტანტები მათ (დოგმებს) არ იზიარებენ.

ამას გარდა, კათოლიკური ეკლესია ასევე აღიარებს წმინდანებს და მათ თაყვანისცემას. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის მიერ კანონიზაციის ანუ წმინდანად შერაცხვის შემდეგ, ისინი შეიძლება გახდნენ ლოცვის ან თაყვანისცემის ობიექტები. დღეის მდგომარეობით, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში 4.000-მდე წმინდანი არსებობს. მათი სხეულის შემორჩენილი ნაწილები „წმინდა ნაწილებადაა“ მიჩნეული და მათ  თაყვანს სცემენ.

პირის წმინდანად შერაცხვა პროტესტანტული ეკლესიის მიერ კატეგორიულად არაბიბლიურადაა მიჩნეული. მათი შეხედულებით, ყველა ადამიანმა უნდა ილოცოს და თაყვანის სცეს უშუალოდ მხოლოდ ღმერთს.

  1. ქორწინებისგან თავის შეკავება – კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლებს მოეთხოვებათ ქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება, მაშინ როდესაც, პროტესტანტები ზემოხსენებულ შეზღუდვას არ აღიარებენ.[3]

ონლაინ-გამოცემა Patheos პროტესტანტული რიტუალებისა და ტრადიციების შესახებ წერს, რომ პროტესტანტების გარკვეული ნაწილი არ აღიარებს დღესასწაულებს, გარდა აღდგომისა და შობისა. თუმცა, ბევრი პროტესტანტისთვის არსებობს ე.წ. „წმინდა დრო“, რომელიც თითოეული წლის განმავლობაში აღნიშნავს იესო ქრისტეს ცხოვრების მნიშვნელოვან მონაკვეთებს. მაგალითად, დღესასწაული „ადვენტი“ აღინიშნება შობამდე 4 კვირა დღეს და სრულდება შობის ღამეს მზის ჩასვლისას; შობა და შობის შემდგომი პერიოდი – გრძელდება 6 იანვრამდე, რომლის დროსაც ზეიმობენ ნათლისღებას; დღესასწაული „ვენტი“ –  აღინიშნება აღდგომამდე 6 კვირა დღეს; „წმინდა კვირა“ – ეძღვნება იესოს უკანაკნელ კვირას ჯვარცმამდე; აღდგომის დღესასწაული; ამაღლება – აღინიშნება აღდგომიდან 50 დღეს.

ასევე, ტრადიციული ქრისტიანული მიმდინარეობებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია პროტესტანტთა სალოცავი ადგილები. მათი უმრავლესობა უარყოფს ხატების, ფრესკებისა და ქანდაკებების თაყვანისცემას. მაგალითად, ერთ-ერთმა „რეფორმატორმა მამამ“ – ულრიხ ცვინგლიმ ციურიხის გროსმიუნსტერის ეკლესიის კედლები თეთრად გადააღებინა, რადგან სჯეროდა, რომ ღვთის მიერ მიტევების მეშვეობით სულის გადარჩენა ყველაზე პირდაპირ და ნათლად წერილობითი ფორმით არის გადმოცემული, რომელიც შემდეგ იქადაგება და ისწავლება. დღევანდელი პროტესტანტების ნაწილი იზიარებს ცვინგლის შეხედულებებს, თუმცა არსებობს მეორე ნაწილი (თანამედროვე ანგლიკანები, ზოგიერთი ლუთერანული მიმდინარეობა), რომელიც ამ საკითხში უფრო კათოლიკური მიდგომისკენ იხრება.

რაც შეეხება რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს, თითქმის ყველა პროტესტანტულ მიმდინარეობაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია ნათლობა და ზიარება.[4]

[1] Encyclopedia Britannica – Protestantism, available at https://www.britannica.com/topic/Protestantism [accessed 23 October 2018]

[2] H. Grady Davis – New Testament Apocrypha, available at https://www.britannica.com/topic/biblical-literature/New-Testament-Apocrypha#ref59822 [accessed 23 October 2018]

[3] Deutsche Welle – article “The main differences between Catholics and Protestants” available at https://www.dw.com/en/the-main-differences-between-catholics-and-protestants/a-37888597  [accessed 23 October 2018]

[4] Patheos – Protestantism, Rituals and Worship, available at http://www.patheos.com/library/protestantism/ritual-worship-devotion-symbolism [accessed 23 October 2018]