გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი, 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქურთებისა და ქურთული პოლიტიკური ჯგუფების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ქურთები ირანის 80-მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 10%-ს შეადგენენ. ქურთები რიგით მეორე უდიდესი ეთნიკური უმცირესობაა ირანში [აზერები ირანის მოსახლეობის 16%-ს შეადგენენ]. ირანის ქურთები სიდიდით მხოლოდ თურქეთში მაცხოვრებელ ქურთებს ჩამოუვარდებიან და, სავარაუდოდ, აღემატებიან ერაყსა და სირიაში მცხოვრებ ქურთებს ერთად აღებულს. ირანის ქურთები, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობენ; ტერიტორიაზე, რომელსაც „ქურთისტანად“ მოიხსენიებენ. ქურთისტანი, ასევე, ოფიციალური სახელია ერთერთი პროვინციის, რომელიც ირანის ამ ნაწილში მდებარეობს.
ირანსა და მთლიანად რეგიონში ქურთების განსახლების არეალი ასახულია რუქაზე, რომელსაც ასევე აქვეყნებს გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი:
რუქაზე იასამნისფრად აღნიშნულია ის ტერიტორია, სადაც ეთნიკურად ქურთები არიან დასახლებულნი. აღნიშნული რუქა აჩვენებს, რომ ირანში, გილანის პროვინციაში და კონკრეტულად ქალაქ რაშთში, ეთნიკური ქურთები, როგორც თემი ან საზოგადოება, წარმოდგენილნი არ არიან. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს არ გამორიცხავს აღნიშნულ პროვინციასა და ქალაქში ეთნიკურად ქურთების განსახლებას ცალკეული და ინდივიდუალური სახით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ ინფორმაციაში ეთნიკურად ქურთების მიმართ არსებული დამოკიდებულება შესწავლილია ზოგადად ქვეყნის მასშტაბით და არ არის კონცენტრირებული კონკრეტულად გილანის პროვინციაზე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, ირანის ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ ტომობრივი კუთვნილებისა, თანაბარი უფლებებით სარგებლობს; და კანის ფერი, რასა, ენა და სხვა რაიმე მახასიათებელი არავის ანიჭებს რაიმე პრივილეგიას. მიუხედავად ამისა, წყაროები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკაში უმცირესობები თანაბარი უფლებებით ვერ სარგებლობენ.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა, მათ შორის, აჰვაზი არაბები, აზერბაიჯანი ტურკები, ბალუჩები, ქურთები და ტურკმენები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას განათლების, დასაქმების, განსახლებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის კუთხით. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიზანმიმართულად არ ხორციელდება ინვესტიციები, რაც აღნიშნულ რეგიონებში მარგინალიზაციასა და სიღარიბეს უწყობს ხელს.
ირანის სასაზღვრო პოლიცია კვლავ უკანონოდ და დაუსჯელად ხსნის ცეცხლს შეუიარაღებელი ქურთი კულბარების მიმართულებით, რომლებიც ირან-ერაყის საზღვარზე [ირანისა და ერაყის ქურთისტანის პროვინციებს შორის] მძიმე პირობებში მუშაობენ. ქურთული უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, მსგავს ინციდენტებს მინიმუმ 40 კაცი შეეწირა და ათობით სხვა დაშავდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ირანში, სიკვდილით დასჯილთა შორის, არაპროპორციულად დიდია ირანელი ქურთებისა და ბალუჩების რიცხვი.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის ხელისუფლება ზღუდავს ქვეყნის აზერი, ქურთი, არაბი და ბალუჩი უმცირესობების კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას. უმცირესობების წარმომადგენელ აქტივისტებს რეგულარულად აპატიმრებენ და ასამართლებენ ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტს ამოფარებული, ბუნდოვანი ბრალდებებით. წყაროები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები შორსაა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებისგან.[3]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2020 წლის მაისში გაუჩინარდა ოთხი პატიმარი, რომელთაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. მათ შორის ერთი – ჰედაიატ აბდოლაჰპური – ქურთული უმცირესობის წარმომადგენელი იყო. გაუჩინარებული პატიმრების ოჯახის წევრები შიშობდნენ, რომ ხელისუფლებამ მათი განაჩენი საიდუმლოდ აღასრულა.
მთავრობის არაპროპორციულ სამიზნეს წარმოადგენენ უმცირესობები, მათ შორის ქურთები, აჰვაზები, აზერები და ბალუჩები; მათ მიმართ ადგილი აქვს თვითნებურ დაპატიმრებებს, გახანგრძლივებულ დაკავებებს, გაუჩინარებებს და ფიზიკურ შეურაცხყოფებს. აღნიშნული ეთნიკური უმცირესობები უჩივიან პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ დისკრიმინაციას; განსაკუთრებით ეკონომიკურ დახმარებასა და ბიზნეს საქმიანობის ლიცენზიებზე წვდომის, უნივერსიტეტში ჩარიცხვის, დასაქმების, წიგნების გამოქვეყნების, განსახლებისა და მიწის ფლობის უფლების კუთხით. 2020 წლის ივლისში, წყაროები საუბრობდნენ პოლიტიკური მოტივით პატიმრების განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე აზერბაიჯანი-ტურკები, ქურთებისა და აჰვაზი არაბების თემებიდან.
მთავრობა განაგრძობს ქურთების დაპატიმრებებს და სამართლებრივ დევნას გამოხატვისა და შეკრების უფლების გამოყენებისთვის. მთავრობა კრძალავს ქურთულენოვანი გაზეთების, ჟურნალებისა და წიგნების გამოცემას და სჯის გამომცემლებს, ჟურნალისტებსა და მწერლებს, ვინც მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს და ეწინააღმდეგება. ხელისუფლება ზღუდავს ქურთული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მათთვის რეგისტრაციაზე უარის ან ორგანიზაციაში მომუშავე პირთა სამართლებრივი დევნის გზით. ხელისუფლება, ზოგადად, არ კრძალავს ქურთული ენის გამოყენებას, მაგრამ საჯარო სკოლებში ქურთულ ენაზე სწავლებას არ უშვებს.[4]
[1] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; ირანი: ქურთები და ქურთული პოლიტიკური ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2019 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს][2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს][3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს][4] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 4 თებერვალს]