დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ნოემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – ქაბულში, ქორწინების სასახლესთან მომხდარი აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში სასულიერო პირების შეკრება იმართებოდა, რა დროსაც ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]

ხოსტის პროვინციაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.[2]

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის თქმით, ავღანეთში თალიბანი არ მარცხდება და ომის დასასრულებლად სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. მისი თქმით, აშშ, ნატო და მოკავშირეები მუშაობენ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მობილიზაციაზე, რომ თალიბანს ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულონ.[3]

ერაყში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ქალაქ ტიკრიტში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. მსგავსი შემთხვევები ქალაქში იშვიათობაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 201 წელს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფო დამარცხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

იემენის კრიზისი – იემენში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 5 წლამდე ასაკის, დაახლოებით, 85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა. კვლევა ორგანიზაციამ „Save the Children“ ჩაატარა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები მასობრივი შიმშილის ერთერთ მიზეზად სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილების ბლოკადას ასახელებენ.[5]

ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. თავდასხმების შეწყვეტის მიზანია, არაბულ ქვეყნებს აგრესიის და ბლოკადის გაგრძელების გამართლება შეეზღუდოთ. ამბოხებულების თქმით, ისინი მზად არიან სამართლიანი მშვიდობისთვის იმუშაონ. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს.[6]

ევროსასამართლომ სელაჰატინ დემირთაში გაამართლა – სასამართლომ მისი გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა უკანონოდ სცნო და თურქეთს მისი წინასწარი პატიმრობის დასრულებისკენ მოუწოდა. პრო-ქურთული პარტიის ლიდერი დემირთაში 2014 წელს ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. 2017 წლის იანვარში პროკურატურამ მისთვის 142-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. 2016 წლის ნოემბერში თურქეთის პროკურატურის მოთხოვნით, სახალხო დემოკრატიული პარტიის კიდევ 15 დეპუტატი დააპატიმრეს. მათ ბრალად სდებენ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირს.[7]

სამხრეთ სუდანში 16 წლის გოგო სოციალური ქსელის „Facebook“ გამოყენებით, აუქციონის წესით გაყიდეს და გაათხოვეს გოგოს „შესასყიდად“ მისი ფოტოები და საწყისი ფასი ქსელში 25 ოქტომბერს განათავსეს. ინფორმაცია სოციალურმა ქსელმა 9 ნოემბერს წაშალა; ამ დროს გოგო უკვე „გაყიდული“ იყო. მოზარდით ვაჭრობაში 5 კაცი იყო ჩართული, მათ შორის სამხრეთ სუდანის მთავრობის მაღალჩინოსანი. კაცმა შვილის გაყიდვის შემდეგ 500 ძროხა, სამი მანქანა და 10 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ორგანიზაციები სოციალურ ქსელს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.[8]

საუდის არაბეთში ქალებს ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლება მისცეს – ქვეყნის ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ტაქსის ქალი მძღოლები მგზავრების აყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ მათ შორის თუნდაც ერთი ზრდასრული ქალი იქნება. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ წინა სალონში მამრობითი სქესის მგზავრი ჩაისვან.[9]

თურქეთში 74 სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება ანკარის სასამართლომ მიიღო. მათ ბრალად ედებათ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. 2016 წელს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, სახელმწიფო უწყებებიდან კი 160 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.[10]

პაკისტანში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ კალაიაში მოხდა. დაშავდა 20 ადამიანი. პარალელურად, ქალაქ კარაჩიში მდებარე ჩინეთის საკონსულოს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაიღუპა ორი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი. კარაჩიში მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულ-გამათავისუფლებელმა ბალოჩისტანის არმიამ აიღო. ბაზარში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[11]

[1] BBC; Kabul suicide bomber kills dozens at gathering of clerics; 20 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46273612

[2] Reuters; Suicide blast at Afghanistan mosque kills at least 26 gathered to pray; 23 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/at-least-26-killed-in-a-blast-in-mosque-in-afghanistan-officials-idUSKCN1NS12A?fbclid=IwAR0tXHxxxzLeF6f3pO7G7gei9sKfLIsKLHV7HxyiDSI2JHFVAlG6lkRaxBQ

[3] იმედის ახალი ამბები; აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი: ავღანეთში თალიბანის დამარცხება ვერ ხერხდება; 18 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/85936/ashshis-gaertianebuli-shtabis-uprosi-avganetshi-talibanis-damartskheba-ver-kherkhdeba

[4] Euronews; Car bomb blast kills five in Iraq’s Tikrit; 18 November, 2018; available at: https://www.euronews.com/2018/11/18/car-bomb-blast-kills-two-in-iraqs-tikrit-police-medics

[5] BBC; Yemen crisis: 85,000 children dead from malnutrition; 21 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46261983

[6] BBC; Yemen war: Houthis halting drone and missile strikes; 19 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46256874

[7] Al Jazeera; European court urges Turkey to free Kurdish politician Demirtash; 20 November, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/11/european-court-orders-release-kurdish-politician-demirtas-181120093432466.html

[8] CNN; Facebook under fire for posts on auction of child bride; By Bianca Britton; 23 November, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/11/20/africa/south-sudan-child-bride-facebook-auction-intl/index.html

[9] Saudi Gazette; Saudi women start driving family taxis; 21 November, 2018; available at: http://saudigazette.com.sa/article/548605/SAUDI-ARABIA/Saudi-women-start-driving-family-taxis

[10] Reuters; Turkey sentences 74 to life in prison in post-coup case; 21 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-coup/turkey-sentences-74-to-life-in-prison-in-post-coup-case-anadolu-idUSKCN1NQ1Z9

[11] Reuters; Blast at market in northwest Pakistan kills at least 25; By Jibran Ahmad; 23 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-blast-market/blast-at-market-in-northwest-pakistan-kills-at-least-25-idUSKCN1NS0JF?il=0

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ივნისი, 2018

ტერაქტი კირკუკში – ერაყის ქალაქ კირკუკში ტერორისტთა სამიზნე სავაჭრო რაიონი იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან ღამით მეჩეთის სიახლოვეს ამოქმედდა. მეორე აფეთქება კი ყავახანასთან მოხდა. ტერაქტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც.[1]

აფეთქებები ავღანეთში – 19 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა ავღანეთის ჩრდილოეთით, ყუნდუზის პროვინციაში თალიბების ძალოვნებზე თავდასხმას. ადგილობრივი სამთავრობო უწყებები განმარტავენ, რომ პოლიციამ 8 თავდამსხმელი მოკლა. მანამდე ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბანს დროებითი ზავი შესთავაზა. განცხადებას თალიბანის წინადადებაც მოჰყვა. რადიკალური მოძრაობის წევრების თქმით, 17-წლიანი ომის დასრულება მათ დიალოგის საშუალებით სურთ. ავღანეთის პრეზიდენტმა „Twitter“-ზე დაწერა, რომ თალიბანი 3-დღიან ცეცხლის შეწყვეტის პირობაზე თანახმაა. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ავღანეთის სამთავრობო ძალებს ეხება და უცხოურ სამხედრო დანაყოფებზე არ ვრცელდება. თალიბანს ცეცხლის შეწყვეტის პირობა 2001 წლის შემდეგ არ დაუდია.[2]

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მომხდარი თავდასხმების შედეგად. ქაბულში 12 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა სოფლის განვითარების სამინისტროსთან, სადაც თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. ავღანეთის არმიის 10 ჯარისკაცი და პოლიციის 5 თანამშრომელი ემსხვერპლა ყუნდუზის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას, რაშიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოძრაობა თალიბანი დაადანაშაულა. თავდასხმა მოხდა ქალაქ ჯელალაბადის ერთერთ ადმინისტრაციულ შენობასთანაც. დღესვე 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა ღაზნის პროვინციაში, სადაც მიკროავტობუსი აფეთქდა გზაზე დატოვებულ ნაღმზე. ამავე პროვინციაში თავს დაესხნენ პოლიციელებსაც, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ღაზნის პროვინციის ხელისუფალთა ინფორმაციით, მოკლულია, სულ მცირე, 3 პოლიციელი და 10 თავდამსხმელი.[3]

იემენის კრიზისი – საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციურმა არმიამ, იემენის სახელისუფლებო ძალებთან ერთად ჰოდეიდის პორტზე შეტევა დაიწყო. ჰოდეიდა იემენის უდიდესი პორტია, სადაც ჰუსიტი ამბოხებულები არიან გამაგრებულნი. ბოლო დღეების განმავლობაში, იემენის ჯარი ცდილობდა პორტის ალყაში შემორტყმას. კოალიციური ძალები მათ ჰაერში და ზღავაზე ბრძოლაში ეხმარებიან. შეტაკებებისას 600 ადამიანის სიკვდილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მანამდე გაერო აცხადებდა, რომ ალყის შემორტყმას ჰოდეიდას პორტისთვის დასახლებულ პუნქტში შესაძლოა მსხვერპლი მოყოლოდა. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს დაიწყო. ოფიციალურ ხელისუფლებას მხარს საუდის არაბეთი უჭერს, ხოლო ამბოხებულ ჰუსიტებს – ირანი.[4]

თურქეთის ავიაციამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 26 წევრი დახოცა – ავიაიერიში ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქანდილის მთებში განხორციელდა. პარალელური ოპერაცია ჩატარდა ჰაკარის პროვინციაშიც. თურქეთის შეიარაღებული ძალები ერაყში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს. ერაყის პარალელურად, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სირიაშიც გრძელდება.[5]

[1] The Straits Times; Bomb kills one and wounds 14 in Iraq’s Kirkuk; 9 June, 2018; available at: https://www.straitstimes.com/world/middle-east/bomb-kills-one-and-wounds-14-in-iraqs-kirkuk

[2] France 24; 19 Afghan police killed in Taliban attack on base; 9 June, 2018; available at: http://www.france24.com/en/20180609-19-afghan-police-killed-taliban-attack-base-officials-19-afghan-police-killed-taliban-attack-base-of?ref=tw_i

[3] Radio Liberty; Dozens of Afghan Security Pesonnel Killed in Taliban Attacks; 9 June, 2018; available at: https://www.rferl.org/a/afghanistan-dozens-of-security-personnel-killed-in-taliban-attacks/29281233.html

[4] BBC; Yemen war: Saudi-backed fores begin assault on Hudaydah port; 13 June, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-44463749

[5] Anadolu Agency; Turkish jets neutralize 26 PKK terrorists in Qandil; 15 June, 2018; available at: https://www.aa.com.tr/en/todays-headlines/turkish-jets-neutralize-26-pkk-terrorists-in-qandil/1175614

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 თებერვალი, 2018

მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს – ამის შესახებ საუბარია ჰუმანიტარული ორგანიზაციის „Save the Children“ ანგარიშში „ომი ბავშვების წინააღმდეგ“. 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვების რიცხვი 75%-ით გაიზარდა და 357 მილიონს მიაღწია. ორგანიზაციის ცნობით, ამ ბავშვების თითქმის ნახევარი – 165 მილიონი განსაკუთრებით მსხვილი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. ისინი ვერ დადიან სკოლაში და არა აქვთ წვდომა სამედიცინო დაწესებულებებზე. ბავშვებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად სირია, ავღანეთი, სომალი, ნიგერია, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, იემენი და ერაყი დასახელდა. ანგარიშის თანახმად, 2010 წლიდან მოკლული და დაჭრილი ბავშვების რიცხვი მსოფლოში თითქმის სამჯერ გაიზარდა.[1]

ერაყის აღმშენებლობისთვის 30 მილიარდი დოლარი გამოიყო – გადაწყვეტილება ერაყის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიიღეს. ინფორმაცია ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ საბახ ალ-ხალედ ალ-ხამად ას-საბახმა დაადასტურა. ერაყის ეკონომიკის განვითარებისა და აღდგენთი სამუშაოებისთვის განკუთვნილ კონფერენციაში 51 ფონდი, 107 არასამთავრობო ორგანიზაცია და 76 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ერაყის განვითარებისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს. ერაყის ხელისუფლების მონაცემებით, ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად 88.2 მილიარდი დოლარია საჭირო. ქუვეითში ერაყის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენცია 12-14 თებერვალს ჩატარდა.[2]

ბანგლადეშის ოპოზიციის ლიდერს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ბანგლადეშის ოპოზიციის ლიდერი ხალედა ზია კორუფციის ბრალდებით დააკავეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დჰაკას სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ბანგლადეშის ყოფილი პარლამენტის წევრის მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 72 წლის პოლიტიკოსი ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობას უარყოფს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ამით მას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნები მონაწილეობის უფლება შეუზღუდეს. ხალედა ზია დიდი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას მეტოქე იყო.[3]

ინდოეთში ქალები „პატარძლის შემოწმების“ ტრადიციას აპროტესტებენ – მაჰარაშტრას შტატში ქუჩაში 200 ათასამდე ინდოელი ქალი გამოვიდა. აქტივისტების მოთხოვნაა, გაუქმდეს დამამცირებელი ტრადიცია, რომელიც პატარძლის „სიწმინდის“ შემოწმებას გულისხმობს. ადგილობრივები – კანჯარბათის თემის წევრები, დღემდე მისდევენ „ქალიშვილობის შემოწმების“ უძველეს ტრადიციას; საქორწინო ღამეს წყვილისთვის თემის საბჭო ან წყვილის ოჯახის წევრი ქირაობს სასტუმროს ოთახს, წყვილს აძლევენ თეთრ ზეწარს და თემი და ოჯახი ოთახის გარეთ ელოდება, დადასტურდება თუ არა ქალის „სიწმინდე“. თუ ქალი „წმინდაა“, მას ოჯახი „იტოვებს“. თუ არა – შეიძლება, შემთხვევა ქალისთვის მძიმე შედეგებით დასრულდეს. საპროტესტო ტალღა ინდოეთში იზრდება, რადგან ქალები ფიქრობენ, რომ ამ გზით მათ ამცირებენ და სიცოცხლის ბოლომდე, ისინი სირცხვილს განიცდიან.[4]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებები ფართოვდება – საუდელი ქალებისთვის აბაიას (გრძელი თავისუფალი კაბა) ტარება სავალდებულო არ არის. ამის შესახებ უმაღლესმა რელიგიურმა სასულიერო პირმა შეიხ აბდულა ალ-მუთლაქმა განაცხადა. ალ-მუთლაქის თქმით, ქალებს მოკრძალებულად უნდა ეცვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბაია აუცილებელია. ამჟამად საუდელი ქალების ჩაცმულობას კანონი არეგულირებს.[5]

საუდის არაბეთში ქალებს გამომძიებლად მუშაობის უფლებაც მისცეს. საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებლის პოსტის დასაკავებლად ქალებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ საუდის არაბეთის მოქალაქეობის და უმაღლესი განათლების მქონე ქალები შეძლებენ. გასაუბრების გარდა, კონკურსანტებმა ტესტები უნდა ჩააბარონ  და ფიზიკური მომზადება გაიარონ. 13 იანვარს საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.[6]

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ეგვიპტეში – ეგვიპტის არმიამ სინას ნახევარკუნძულზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც ნილოსის სანაპიროსა და უდაბნოს ტერიტორიებს მოიცავს. ქვეყნის სამხედრო მეთაურის განმარტებით, სპეცოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ტარდება და შეტევა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობს. დაჯგუფებას ეგვიპტის სპეცსამსახურები გასული წლის ნოემბერში მეჩეთზე მომხდარ თავდასხმაში ადააშაულებენ. ინციდენტს მაშინ 235-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.[7]

სინაის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაციის ფარგლებში ეგვიპტელმა სამხედროებმა 16 რადიკალი ისლამისტი მოკლეს. გარდა ამისა, დაკავებულია ოთხი მებრძოლი და 30 ადამიანი, რომელთაც ტერორისტების დახმარებაში სდებენ ბრალს. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია ეგვიპტის ავიაცია, ფლოტი და მესაზღვრეებიც. სამხედროებმა აღმოაჩინეს ტერორისტების საკომუნიკაციო ცენტრი და ნარკოტიკების მწარმოებელი ექვსი ქარხანა. როგორც ეგვიპტის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, განადგურებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილთა იარაღი, მოტოციკლეტები და მანქანებიც. მანამდე ეგვიპტის ლიდერმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ მოუწოდა სამხედროებს ქვეყანაში მოქმედი ბანდფორმირებები თვის ბოლომდე გაანადგურონ. მედიის ცნობით, ლიკვიდირებულებს შორის არიან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებიც.[8]

ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში იერიშებს 277 ადამიანი ემსხვერპლა – გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა სირიაში მიმდინარე მოვლენები დაგმო. უწყებაში განმარტავენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული იერიშების შედეგად, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონებში 277 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 230 ავიაიერიშებს შეეწირა. კიდევ 812 ადამიანი კი დაშავდა. ორგანიზაციის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო გაერთიანებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ მომხდარი სამხედრო დანაშაულია და ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. რამდენიმე დღის წინ, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ გუტას რეგიონში სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს 59 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვი იყო.[9]

თურქეთის პროქურთულმა პარტიამ ახალი ლიდერები აირჩია – თურქეთის ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც ქურთებს უჭერს მხარს, ყრილობაზე ახალი ლიდერები აირჩია – იურისტი და უფლებადამცველი პერვინ ბულდანი და პარტიის თანათავმჯდომარის მოადგილე სეზაი თემელი. პარტიის წევრების ცნობით, ყრილობის ჩაშლა ხელისუფლებამ მათი მხარდამჭერების დაკავებებით სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. პარტიის ინფორმაციით, ყრილობამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მოულოდნელი შემოწმებისა და რეიდების შედეგად, თურქეთის პოლიციამ 500-მდე თანამოაზრე დააკავა. ამის მიუხედავად, კონგრეს 32 ათასი მხარდამჭერი და პარტიის წევრი დაესწრო. შეკრება პირველი იყო მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი სელაჰატინ დემირტაში 2014 წელს ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

2017 წლის იანვარში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის, დიარბაკირის პროკურატურამ პარტიის თანათავმჯდომარეებისთვის – სელაჰატინ დემირტაშისთვის 142-წლიანი და ფიგენ იუკსეგდაგისათვის 83-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. პოლიტიკოსებს ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდასა და მოსახლეობაში უკმაყოფილების გაღვივებაში სდებენ ბრალს. 2016 წლის ნოემბერში, თურქეთის პროკურატურის მოთხოვნით, პარტიის 15 დეპუტატი დააპატიმრეს. მათ ბრალად დასდეს თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირი.[10]

[1] იმედი, ახალი ამბები; ანგარიში: მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს; 15 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/48732/angarishi-msoplioshi-koveli-me6-bavshvi-konpliqtis-zonashi-tskhovrobs

[2] The Washington Post; $30 bilion pledged in Kuwait at summit to rebuild Iraq; By Jon Gambrell; 14 February, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/world/middle_east/kuwait-to-give-2-billion-in-loans-investments-for-iraq/2018/02/14/a1191afe-115e-11e8-a68c-e9374188170e_story.html?utm_term=.e70fafef115f

[3] BBC; Bangladesh ex-PM Khaleda Zia jailed amid clashes; 8 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42987765

[4] BBC; The fight to ban a ‘humiliating’ virginity test for newlyweds; 8 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-42814681

[5] BBC; Saudi women shoul not have to wear abaya robes, top cleric says; 10 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43017148

[6] Arab News; Saudi prosecutor to hire women investigators for first time; By AFP; 12 February, 2018; available at: http://www.arabnews.com/node/1245101/saudi-arabia

[7] Aljazeera; Egypt launches military operation in Sinai, Nile Delta; 10 February, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/02/egypt-launches-military-operation-sinai-nile-delta-180209064926285.html

[8] BBC; Egypt army says it killed 16 jihadists in Sinai; 11 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43022522

[9] CNN; UN human rights chief condemns bloody week in Syria; By Laura Smith-Spark; 10 February, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/02/10/middleeast/syria-violence-united-nations-intl/index.html

[10] Reuters; Turket’s pro-Kurdish opposition elects new leaders; 11 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-kurds/turkeys-pro-kurdish-opposition-elects-new-leaders-idUSKBN1FV0S8

თურქეთი – ქურთისტანის მუშათა პარტია; რეკრუტირების მეთოდები – მაისი, 2017

ქურთისტანის მუშათა პარტია (Kurdistan Workers’ Party PKK) – ასევე ცნობილია შემდეგი სახელებით: ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კონგრესი; ხალხის თავდაცვის ძალა; ქურთისტანის სახალხო კონგრესი; „KADEK“; „Partiya Karkeran Kurdistan“; „Halu Mesru Savunma Kuvveti“; „KONGRA-GEL“.

ორგანიზაცია ძირითადად მოქმედებს თურქეთში, ერაყში, სირიასა და ევროპაში. ორგანიზაციის ძალა განისაზღვრება დაახლოებით 4-5 ათასი წევრით, რომელთაგან 3-3.5 ათასი კონცენტრირებულია ჩრდილოეთ ერაყში. ქურთისტანის მუშათა პარტია დაფინანსებას იღებს საკმაოდ დიდი ქურთული დიასპორიდან და სხვადასხვა სახის კრიმინალური აქტივობებიდან.

ქურთისტანის მუშათა პარტია, როგორც მარქსისტ-ლენინისტური სეპარატისტული ორგანიზაცია, 1978 წელს აბდულა ოჯალანმა დააარსა. ორგანიზაცია თურქეთში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად; 1997 წელს ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ქურთისტანის მუშათა პარტია ძირითადად თურქი ქურთებითაა დაკომპლექტებული. ორგანიზაციამ ძალადობრივი კამპანია 1984 წელს დაიწყო და მათი თავდაპირველი მიზანი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო. თუმცა, ამჟამად, ქურთისტანის მუშათა პარტია უფრო მეტს საუბრობს ავტონომიაზე თურქეთის შემადგენლობაში, რაც იქნება ქურთების კულტურული და ლინგვისტური უფლებების დაცვის გარანტი.

ადრეულ 90-იან წლებში PKK-მ დაიწყო ამბოხი, რომ მოეცვა ურბანული ტერორიზმი. ანატოლია გადაიქცა მნიშვნელოვანი ძალადობის სცენად, რასაც მინიმუმ 40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც აბდულა ოჯალანი დააპატიმრეს, მან „სამშვიდობო ინიციატივის“ შესახებ განაცხადა, მოუწოდა წევრებს ძალადობის შეწყვეტისკენ და მოითხოვა დიალოგი ანკარასთან ქურთისტანის საკითხებზე. ოჯალანის სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს; იგი ორგანიზაციის სიმბოლურ ლიდერად რჩება.

ქურთისტანის მუშათა პარტია ძალადობაზე უარს ამბობდა 2004 წლამდე, ვიდრე მისი უკომპრომისო სამხედრო ფრთა კონტროლს საკუთარ თავზე აიღებდა და უარს იტყოდა ცეცხლის შეწყვეტის ნაკისრ ვალდებულებაზე. PKK ჩაერთო ტერორისტულ აქტივობებში აღმოსავლეთ და დასავლეთ თურქეთში. 2009 წელს თურქეთის მთავრობამ და PKK-მ სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლეს, მაგრამ დიალოგი შეწყდა, როდესაც 2011 წლის ივლისში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ იერიშს 13 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 2012-2014 წლებში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ 2015 წლის ივლისში დასრულდა, როდესაც PKK-მ უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მოკლა. 2015 წლის იანვარი-ივლისის განმავლობაში PKK-მ რამდენიმე მცირე იერიში მიიტანა თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და სამხედრო ბაზებზე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის შემდეგ, PKK-ის აქტივობებს უსაფრთხოების სამსახურის 300 წევრზე მეტი ემსხვერპლა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლო ანგარიშში ტერორიზმის შესახებ წერს, რომ თურქეთში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის გამორჩეულია ქურთისტანის მუშათა პარტია. ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობასა და აბდულა ოჯალანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2012 წლიდან 2015 წლის ივლისამდე გრძელდებოდა. 2015 წლის ივლისიდან თურქეთი პერიოდულად ახორციელებს საჰაერო იერიშებს PKK-ის ბანაკებზე, თავშესაფრებზე, მიწისქვეშა ბუნკერებსა და იარაღის საწყობებზე თურქეთის სამხრეთით და ერაყის ჩრდილოეთით.[1]

რეკრუტირების მეთოდები

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ინფორმაციით, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი აღნიშნავს, რომ PKK-ს სოფლებსა და ქალაქებში „პოლიტიკური კადრები“ ჰყავს, რომლებიც რეკრუტირებაზე არიან პასუხისმგებელნი. პროფესორის აზრით, PKK-ის რეკრუტირება იძულებითი არ არის, ვინაიდან ამან შეიძლება ქურთისტანის მუშათა პარტიის მიმართ ქურთული საზოგადოების გაუცხოვება გამოიწვიოს. კვლევითი დირექტორატის მიერ გადამოწმებული წყაროების თანახმად, 2009-2012 წლებში იძულებითი რეკრუტირების ფაქტებზე ინფორმაცია არ იძებნება.

პრესს TV, ინგლისურენოვანი ირანული საერთაშორისო ამბების სააგენტო, რომელიც თეირანშია დაფუძნებული, საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსეროვნული დანაშაულის კვლევის ცენტრზე დაყრდნობით, რომელიც ანკარაშია დაფუძნებული, აღნიშნავს, რომ თურქეთის მთავრობა, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, პოლიციისა და მასწავლებლების დახმარებით, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის მიზანიც PKK-ის წარმატებული რეკრუტირებისთვის ხელის შეშლაა. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის ეროვნულ პოლიციას ტერორიზმის შედეგად დაზარალებული საზოგადოებებისთვის გარკვეული „მოქმედების რადიუსის“ პროგრამა გააჩნია, რომელიც მოიცავს „ჯგუფური დინამიკის ცვლილებისა და რეკრუტირების აღკვეთის“ მცდელობებს. პოლიციას, ასევე, აქვს პროგრამები ტრენერებისთვის, ფსიქოლოგების, ინსტრუქტორებისა და რელიგიური ლიდერებისთვის, რომ მათ „რადიკალური მესიჯების აღმოფხვრა“ და რეკრუტირების შეჩერება შეძლონ.

ევროპული პოლიციის ოფისის (ევროპოლი) ანგარიშის თანახმად, PKK-ს ევროპის მასშტაბით რეკრუტირების ქსელი გააჩნია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იტყობინებოდა, რომ 2010 წლის თებერვალში, იტალიის პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქსელურ რეკრუტირებასა და ქურთების დატრენინგებაში PKK-ისთვის; აღნიშნული ინფორმაცია იტალიასა და საფრანგეთში ჩატარებული გამოძიების შედეგად გავრცელდა.[2]

[1] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2015 – Foreign Terrorist Organizations: Kurdistan Workers’ Party, 2 June 2016, available at:

[accessed 5 May 2017]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Turkey: The Kurdistan Workers’ Party (PKK), including areas of operation and targets, methods of recruitment and activities; state response, 15 June 2012, TUR104075.E, available at:

[accessed 5 May 2017]