პალესტინის ტერიტორია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ღაზის სექტორში. მაისი, 2021

უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიები ოკუპირებია ისრაელის მიერ. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას, რომელსაც ოკუპირებული აქვს დასავლეთი სანაპირო (მათ შორის – აღმოსავლეთი იერუსალიმი) და ღაზას სექტორი. [1]

ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისარიატი 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერდა, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს ღაზას სექტორში ძალაუფლება დაჯგუფება „Hamas”-მა ჩაიგდო ხელში, ისრაელმა აღნიშნული რეგიონის სრული ბლოკადა მოახდინა. აღნიშნულის შემდგომ, სექტორში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია ცვალებადია: სახეზეა დაბალი ინტენსივობის შეტაკებები ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასს“ შორის, რაც ზოგჯერ გადაიზრდება შედარებით უფრო ინტენსიურ ძალადობაში. „ჰამასი“ იყენებს სარაკეტო იერიშებს და საზღვრის მიმდებარე თავდასხმებს, რათა აიძულოს ისრაელი, მოხსნას ბლოკადა. ხოლო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ,  იყენებს სამხედრო ძალას და ბლოკადას, რათა შეინარჩუნოს არსებული სიტუაცია. ძალადობის ესკალაციის მოკლე, თუმცა ინტენსიურ შემთხვევებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ძალადობის კონკრეტულ ზღვარს გადადიან. მაგალითად, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 2014 წელს, რასაც  შედეგად მოჰყვა ოპერაცია „Protective Edge”  – ყველაზე ინტენსიური კონფლიქტი ღაზაში 2007 წლის შემდგომ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 15 მაისიდან მოყოლებული, „ჰამასი“ და ისრაელი ჩართულნი არიან არაფორმალურ მოლაპარაკებებში. თუმცა, ძალადობა (სასაზღვრე ძალადობა, სარაკეტო იერიშები და ა.შ.) პალესტინის მხარეს პერიოდულად კვლავ იჩენს თავს მაშინ, როდესაც „ჰამასი“ მიიჩნევს, რომ ისრაელის მხარე დანაპირებს სათანადოდ არ ასრულებს. ამას კიდე შედეგად მოჰყვება ისრაელის მხრიდან პასუხი, რაც ხშირად საჰაერო დაბომბვებისა და ეკონომიკური სანქციების სახეს იღებს. ძალადობის ესკალაციის უკანასკნელი შემთხვევა 2020 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში დაფიქსირდა. საბოლოოდ, 31 აგვისტოს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ანგარიშის მომზადების პერიოდში, ღაზას სექტორში მობინადრე პალესტინელები შედარებით უსაფრთხო პირობებში ცხოვრობდნენ, რაც გამოწვეული იყო კოვიდ-19 პანდემიით. 2019 წლის დეკემბერს შეწყვეტილი ოპოზიციის საპროტესტო დემონსტრაციები კვლავაც არ გაგრძელებულა. ისრაელმა  „ჰამასის“ პოზიციები ბოლოს 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაბომბა, რაც წარმოადგენდა საპასუხო იერიშებს. აღნიშნულ ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. UNOCHA-ს მიხედვით,  2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 მარტის პერიოდში, ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტებს შედეგად არც ერთი პალესტინელი სამოქალაქო პირის სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლია. ხოლო, 2020 წლის მანძილზე, ღაზას სექტორში აღირიცხა 5 სამოქალაქო დანაკარგი.

რაც შეეხება დაშავებულთა კუთხით სტატისტიკას, კვლავ UNOCHA-ს მიხედვით, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 მარტის პერიოდში, ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების ფარგლებში ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სულ 6 პალესტინელმა (მითითებული არაა, დაშავებულები წარმოადგენდნენ სამოქალაქო პირებს თუ კომბატანტებს).[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ღაზას სექტორში ხელისუფლებაზე კონტროლს ახორციელებს ა.შ.შ. მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ჰამასი“. ორგანიზაცია გააჩნია საკუთარი სამხედრო ფრთა, რომელსაც ზოგჯერ იყენებს საწინააღმდეგო აზრის ჩასახშობად. გავრცელებული ცნობებით, „ჰამასის“ დაჯგუფების წევრები ხშირად ჩადიოდნენ სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევებს.

ანგარიშის მიხედვით, ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით საყურადღებო და პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები; სისტემატური ხასიათის წამებისა და პირთა თვითნებური დაკავების შემთხვევები; პოლიტიკური პატიმრები; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეზღუდვები, მათ შორის პრესის და ინტერნეტის ასპექტებში; ჟურნალისტთა მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ცენზურა და ვებ-გვერდების ბლოკირება; მნიშვნელოვანი შეზღუდვები მშვიდობიანი შეკრების და დემონსტრაციის უფლებების რეალიზების კუთხით; კორუფცია; ქალთა მიმართ ძალადობის დროს არასათანადო გამოძიებისა და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის დაუყენებლობის საკითხები; ანტი-სემიტიზმით მოტივირებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ბავშვი ჯარისკაცების უკანონო რეკრუტირება და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება; ლგბტი თემის წინააღმდეგ მიმართული  ძალადობა და ბავშვთა იძულებითი ან სავალდებულო შრომა.[3]

  1. გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით,  ისრაელს ღაზას სექტორის როგორც სახმელეთო, ასევე – საზღვაო პერიმეტრი გამოცხადებული აქვს როგორც „დაშვების კუთხით შეზღუდული ზონა“ (access-restricted areas (ARAs), რადგან მიიჩნევს, რომ ჰამასი მათ იყენებს თავდასხმების განსხორციელებლად და იარაღის კონტრაბანდისთვის. ისრაელის ხელისუფლებას ასევე დაწესებული აქვს კონკრეტული შეზღუდვები ღაზაში ან ღაზიდან საქონლის, ნედლეულის და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების კუთხით, რის მიზეზადაც უსაფრთხოების და ეკონომიკურ საფუძვლებს ასახელებს. ანგარიშის მიხედვით, ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენელებს, როგორიცაა – გაერო, Human Rights Watch, Amnesty International  და სხვა, ისრაელმა არ მისცა ნებართვა, რათა ღაზას სექტორიდან შესულიყვნენ ისრაელში, რის მიზეზადაც უსაფრთხოების კუთხით საფუძვლები დაასახელა.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავად „ჰამასსაც“ დაწესებული აქვს კონკრეტული შეზღუდვები ღაზაში შევლის ან გასვლის კუთხით. ეს უფრო მეტად ეხება იმ პალესტინელებს, რომლებიც ღაზას ტოვებენ ისრაელის საზღართან მდებარე ერეზის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. უფრო კონკრეტულად, ასევე პირებზე აუცილებელია გაცემული იქნას გასვლის შესახებ ნებართვა (Exit Permit).[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ღაზას სექტორში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ისრაელი ღაზას სექტორზე ახორციელებს დე-ფაქტო ბლოკადას, რაც გამოიხატება პირთა და საქონლის გადაადგილების თავისუფლების კუთხით დაწესებული საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებით. შედეგად, ღაზას სექტორში გადაადგილების კუთხით თავისუფლება უკიდურესად არის შეზღუდული. ისრაელი და ეგვიპტე ახორციელებენ მკაცრ კონტროლს ორივე სასაზღვრო პუნქტზე, ხოლო „ჰამასიც“, თავის მხრივ, აწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს გადაადგილებაზე. ისრაელი ხშირად არ ანიჭებს ნებართვას ღაზას სექტორის რეზიდენტებს, გაემგზავრონ საღვარგარეთ და ამის მიზეზად უსაფრთხოების კუთხით საფუძვლებს ასახელებს.[5]

პორტალ Welcome Palestine მიხედვით, ღაზას სექტორი, ისევე როგორც – დასავლეთი სანაპირო, შემოსაზღვრულია მასშტაბური სამხედრო კერდლით და უშალოდ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტით – ისრაელიდან და ეგვიპტიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე ხორციელდება სრული ბლოკადა, რასაც ხელს უწყობს ეგვიპტის ამჟამინდელი ხელისუფლება, რის გამოც ღაზასში შევსლა, როგორც ფიზიკურად, ისევე – ბიუროკრატიულად, განსაკუთრებით რთულია.

სტატიის მიხედვით, ღაზას სექტორი არ არის ღია იმ პირთათვის, ვისაც უბრალოდ სურს ტურისტული მიზნებით გაემგზავროს და მოინახულოს ის. როგორც წესი, შესვლაზე ნებართვას ზოგჯერ რთავენ საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს ან ჟურნალისტებს. ღაზას სექტორში შესასვლელად, პირს უნდა გააჩნდეს კონკრეტული ლეგიტიმური მიზეზი, რის საფუძველზეც შეუძლია განცხადებით მიმართ ისრაელს ან ეგვიპტეს და მოიპოვოს სათანადო ნებართვა.[6]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at      https://www.rulac.org/browse/conflicts/military-occupation-of-palestine-by-israel [accessed 7 May 2021]

[2] COMMISSARIAT GÉNÉRAL AUX RÉFUGIÉS ET AUX APATRIDES – COI Focus TERRITOIRE PALESTINIEN – GAZA Situation sécuritaire; published on 23 March 2021; available at

[accessed 7 May 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Israel, West Bank and Gaza (West Bank and Gaza); published in March 2021; available at

[accessed 7 May 2021]

[4] Ibid

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – Gaza Strip*; published in March 2020; available at

[accessed 10 May 2021]

[6] Portal WelcomePalestine – article “getting into Gaza”; available at https://www.welcometopalestine.com/getting-in/gaza/ [accessed 10 May 2021]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 აპრილი, 2018

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი დაშავდა. შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ მაიდაგურის მახლობლად. თებერვალში, ამავე ქალაქში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლების თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა.[1]

რელიგიური უმცირესობების დემონსტრაციას ინდოეთში 8 ადამიანი ემსხვერპლა – აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, სასამართლოს ბრძანება დალიტთა (ყოფილი შეუხებლები) გაერთიანების უფლებებს არღვევს. ქვეყანაში მოქმედებს აქტი, რომელიც კასტებს შორის ძალადობის პრევენციის მექანიზმად მიიჩნევა დალიტების მიერ. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული აქტის მოქმედება შეიზღუდა. დემონსტრაცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა; აქციის მონაწილეებმა გზატკეცილიც გადაკეტეს. მთავრობამ სასამართლოს ურჩია, რომ გადაწყვეტილებას გადახედოს. ქვეყანაში კასტებს შორის იერარქიით გამოწვეული ძალადობა დიდი პრობლემაა. 2016 წელს დაბალი კასტის წარმოამდგენლების წინააღმდეგ ძლადობის 40 ათასზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.[2]

ავღანეთის ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ – ავღანელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კუნდუზში თალიბანზე მიიტანეს იერიში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ავღანეთის თავდაცვის ვერტმფრენებმა მიზანში ადგილობრივი რელიგიური სკოლა ამოიღეს და ცეცხლი გახსნეს. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, იერიშების დროს 25-მდე ისლამისტი დაიჭრა და დაიღუპა, თუმცა საინფორმაციო სააგენტო BBC-სთან საუბრისას ექიმები ამბობენ, რომ საავადმყოფოში 50-ზე მეტი დაშავებული შეიყვანეს. თალიბანი კი აცხადებს, რომ იერიშების დროს მათი თანამებრძოლები არ დაშავებულან და მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.[3]

ღაზას სექტორში დაძაბულობა გრძელდება – ღაზას სექტორის საზღვართან მასობრივი დემონსტრაციის დროს ისრაელის ძალებმა პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს. 30 წლის გარდაცვლილი ჟურნალისტი ჰალილ აბუ ატირა სააგენტოში „Ain Media“ მუშაობდა და სამუშაოს შესრულების დროს პრესის აღმნიშვნელი ჟილეტი ეცვა. ერთერთი პალესტინელი ჟურნალისტის თქმით, მედიის კიდევ შვიდი წარმოამდგენელი დაშავდა. ღაზასა და ისრაელის საზღვარზე არეულობა გრძელდება. პალესტინელი აქტივისტი, რომელიც ერთი კვირის წინ მძიმე ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს, გუშინ გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციის განახლება მოჰყვა. ე.წ. დაბრუნების მარში ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო, რომელიც პალესტინელებისთვის ისრაელის მიერ მიწების ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობის იდეას გამოხატავს. მარშის 20000-მდე მონაწილე მავთულხლართებს მიუახლოვდა, რასაც ისრაელის სპეცრაზმთან შეტაკებები მოჰყვა. პალესტინურმა მხარემ 6-კვირიანი მარში დააანონსა.[4]

[1] BBC News; Boko Haram attack: More than a dozen dead in Maiduguri; 2 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-43617482

[2] BBC News; Eight dead in massive India caste protests; 2 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-43616242

[3] BBC News; Afghanistan air strike ‘kills civilians’ at religious school; 2 April 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43619834

[4] Al Jezeera; Israel forces kill Palestinian journalist covering Gaza rally; 7 April, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/04/palestinian-journalist-yasser-murtaja-dies-shot-israeli-forces-180407054201619.html