ირანი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა, ოჯახში ძალადობა ქალთა მიმართ. ივნისი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს ოჯახში ძალადობას. ხელისუფლება ცოლ-ქმარსა და ოჯახის წევრებს შორის ძალადობასა თუ შევიწროვებას პირად საკითხად მიიჩნევს და იშვიათად განიხილავს საჯაროდ. IRNA 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დრამატულად გაიზარდა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ზარები საჯარო სოციალური კეთილდღეობის ცხელ ხაზზე. სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაციამ დაგზავნა საჯარო სატელეფონო შეტყობინებები ასეთი ცხელი ხაზის არსებობის შესახებ და აღნიშნულის შემდეგ, სამთავრობო ოფიციალური პირების თანახმად, ცხელ ხაზზე მიღებული ზარების რაოდენობა გაორმაგდა. ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი შაჰლა ენტესარის თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვებისა და შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.

წინა წლებში თავდამსხმელებმა განახორციელეს ე.წ. „მჟავით თავდასხმები“; აღნიშნული პირები ქალებს, ვინც მათი აზრით, არღვევდა „მორალის“ სხვადასხვა კანონსა და პრაქტიკას, მჟავის გამოყენებით სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ცნობებით, გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა კანონი, რომელიც ზრდიდა მსგავსი დანაშაულისთვის დაწესებულ სასჯელს, ხელისუფლებამ განაგრძო იმ აქტივისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც ხელისუფლებისგან მეტ მოქმედას ითხოვდა ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენთა პასუხისგების კუთხით.

ირანის კანონმდებლობა კრძალავს ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებას და მსგავსი პრაქტიკა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. წყაროების თქმით, ასეთი საზიანო პრაქტიკის შესახებ ცნობები არაა ხელმისაწვდომი; სხვა წყაროები და მედია საშუალებები კი აღნიშნავენ, რომ მსგავს პრაქტიკას ადგილი აქვს ჰორმოზგანის, ქურთისტანი, კერმანშაჰისა და დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციებში, ძირითადად შაფი’ი სუნიტი საზოგადოებებში.

ანგარიშის მიხედვით, ვრცელდებოდა ინფორმაციები „ღირსების აღდგენის“ მოტივით ჩადენილი მკვლელობების შესახებ. აღნიშნული მოტივით მკვლელობების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს; სხვადასხვა ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით კი, „ღირსების აღდგენის“ მოტივით, დაახლოებით, 275-450 მკვლელობა ხდება; უმრავლეს შემთხვევაში, ქალებს კლავენ მათივე მამაკაცი ნათესავები, მათ შორის, მათი ქმრები, მამები და ძმები, რათა „დაიცვან/აღადგინონ ოჯახის ღირსება“.

კანონი ამცირებს სადამჯელო ღონისძებებს მამებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის, ვინც ფიზიკურ ზიანს მიაყენებს ან მოკლავს ოჯახის წევრს „ღირსების აღდგენის“ მოტივით. მაგალითად, თუ მამას დამნაშავედ ცნობენ შვილის [გოგო] მკვლელობაში, მისი სასჯელი არ იქნება სიკვდილით დასჯა, როგორც ეს ჩვეულებრივ დადგენილია განზრახ მკვლელობისთვის; მას შეიძლება მიესაჯოს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იგივე წესი არ ვრცელდება დედებისთვის; რადგან მამა მიიჩნევაკანონიერ მეურვედ და თავისი შვილის მკვლელობისთვის მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კანანით არაა გათვალისწინებული.

ქვეყნის კონსტიტუცია აწესებს თანაბარ დაცვას ქალებისთვის, ისლამის საკუთარი ინტერპრეტაციის შესაბამისად. 2020 წლის ივნისში, ირანის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით ძალაშ შევიდა ცვლილება ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში და ქალებს უფლება მიეცათ, დაქორწინდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცებზე, თავიანთი შვილებისთვის მოქალაქეობის გადასაცემად. ირანის კანონმდებლობა კრძალავს მუსლიმი ქალის არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინებას, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა. ასევე, ირანის კანონმდებლობის თანახმად, ქალწული ქალები და გოგონები, თუ სურვილი აქვთ, დაქორწინდნენ, საჭიროებენ მამის ან ბაბუის ან სასამართლოს ნებართვას.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, დასაქმების, მემკვიდრეობის, დაქორწინებისა და განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით.[2]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკაში ქალთა მიმართ ღირსების სახელით ძალადობის შესახებ წერს, რომ ირანის სისხლის სამართლის კოდექსში არ არის კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც ღირსების სახელით დანაშაულის კრიმინალიზებას მოახდენს; ამასთან, შარიათის პრინციპების გათვალისწინებით, ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის, შემცირებულ სასჯელს აწესებს. ანგარიშის მიხედვით, ისლამური კანონი შეიცავს პრინციპს, რომელიც ცნობილია სახელით „ქისას“ [qisas], რომელიც კერძო პირს აძლევს უფლებას, მკვლელობის ან განზრახ სხეულის დაზიანებისთვის, შურისძიება მოითხოვოს. აღნიშნული პრინციპი მიდრეკილია, შექმნას დაუსჯელობის გარემო იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დამნაშავე და მსხვერპლი ერთი ოჯახის წევრები არიან. ღირსების სახელით მკვლელობის ან ოჯახში ძალადობის შემთვევებისას, ნაკლებად სავარაუდოა, ოჯახის უფროსმა დასჯა მოითხოვოს. მიუხედავად ამისა, დანაშაულის ჩამდენმა შეიძლება მიიღოს მცირე-ვადიანი საპატიმრო სასჯელი ან დასჯა სრულად აიცილოს თუ ოჯახის უფროსი მას ჩადენილს აპატიებს. „ქისას“-ის პრინციპი არ მოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც მამა ან ბაბუა მოკლავს საკუთარ შვილს ან შვილიშვილს. ასეთ შემთხვევებში, მოსამართლე აწესებს საპატიმრო სასჯელს 3-დან 10 წლამდე ვადით. ირანის კანონმდებლობით, განზრახ მკვლელობა სიკვდილითაც ისჯება, გარდა იმ შემთვევისა თუ მსხვერპლის ოჯახი მკვლელს პატიობს. ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ თუ მამა ან ბაბუა მოკლავს თავის შვილს ან შვილიშვილს, საპატიმრო სასჯელი 10 წლამდე მცირდება. წყაროების შეფასებით, აღნიშნული წაახალისებს ოჯახში ძალადობას და ღირსების სახელით მკვლელობას.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი იმავე ანგარიშში წერს, რომ მართალია, ირანის კონსტიტუცია აწესებს თანაბარ უფლებებს ყველა მოქალაქისთვის სამართლიანობის ძიების, სამართლებრივი დახმარებისა და რჩევების მიღების კუთხით, ქვეყანაში არსებული კულტურული ფაქტორები ქალებისთვის ხშირად ქმნიან ბარიერებს. საკანონმდებლო ბაზა დაფუძნებულია ისლამურ კრიტერიუმებზე, რომლებიც, თავი მხრივ, დისკრიმინაციული ქალების მიმართ. სხვადასხვა კვლევის შედეგებით, ქალებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სასამართლო სისტემის მიმართ და არ სჯერათ, რომ აღნიშნულ სისტემაში შეუძლიათ სამართალი იპოვონ. ოჯახში ძალადობის შემთვევების სასამართლოში განხილვა სამარცხვინო საქციელად მიიჩნევა და ამიტომ მსგავსი საქმეების სასამართლოშ განხილვის ფაქტები ძალიან ცოტაა. წყაროების შეფასებით, ხელმისაწვდომი არაა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ახერხებენ ქალები სამართლის პოვნას ოჯახში ძალადობის საქმეების შემთხვევებში. სხვადასხვა ადგილობრივი წყაროს თანახმად, ქალები აწდებიან გენდერზე დაფუძნებულ დაბრკოლებებს სამართლის ძიების პროცესში; როგორიცაა, მაგალითად, კულტურული ფაქტორი, შესაბამისი განათლების ნაკლებობა, სასამართლო სისტემის მიკერძოებული მიდგომა ქალების წინააღმდეგ, ფინანსური დამოუკიდებლობის ნაკლებობა, დისკრიმინაციული სამართლებრივი დებულებები და სოციალური გარიყულობის შიში.

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ცენტრი „ლანდინფო“ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეულ მხარდაჭერას სთავაზობს. 1999-2000 წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაციამ დაიწყო სისტემის მშენებლობა, რომელიც დაეხმარება ხალხს, ვინც ზიანდება სოციალური ნორმების გამო, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებსა და გოგონებს. აღნიშნული სისტემა მოიცავს სოციალური გადაუდებელი დახმარების ინსტიტუს, რომელიც მართავს ორ ცხელ ხაზს, მობილურ ჯგუფებს და საკუთარ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ხალხს შეუძლია მიმართოს სოციალური გადაუდებელი დახმარების ინსტიტუტს როგორც ტელეფონით [ცხელი ხაზის ნომერია 123; ძირითადად ოჯახში ძალადობის შემთხვევებისთვის და 1480, კონკრეტულად ბავშვებისთვის], ასევე ადგილზე ვიზიტით. სოციალური გადაუდებელი დახმარების ცენტრები, რომლებიც ირანის 232 ქალაქში მოქმედებს, აერთიანებს სოციალურ მოშაკებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ექიმებს, ექთნებს და სამართლებრივ კონსულტანტებს. ცენტრები, ძირითადად, თავის მომსახურებას გასწევენ განთავსების გარეშე; თუმცა, ასევე, შეუძლიათ, უზრუნველყონ განთავსებაც, 20 დღის ვადით. ისინი ასევე ახორციელებენ რეფერალურ მომსახურებას და ამისამართებენ ბენეფიციარებს სხვა ცენტრებში, რომლებიც უფრო ხანგრძლივ მკურნალობას/მხარდაჭერას სთავაზობენ კონკრეტული საჭიროების შესაბამისად.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2020 წლის ივლისის ინფორმაციით, ირანში არასაკმარისი რაოდენობის [28] თავშესაფრებია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. აღნიშნული თავშესაფრებიდან 20 თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმართება. ხელისუფლების ინფორმაციით, ასევე მოქმედებს 357 სოციალური გადაუდებელი დახმარების ცენტრი ძალადობის მსხვერპლთათვის და 31 სამედიცინო ცენტრი მხოლოდ გოგონებისთვის [girl-only]. სპეციალური მომხსენებელი, ასევე, აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის სისტემა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არაა საკმარისი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირად გულგრილნი არიან და არ ერევიან მსგავს საქმეებში და როგორც წესი, ცდილობენ პრობლემა მედიაციის გზით გადაჭრან; მაშინაც კი, როდესაც ქალები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი, ამავე ანგარიშში, განიხილავს შიგა გადაადგილების არტერნატივას ასეთი პროფილის და ზოგადად ქალებისთვის. ანგარიშის თანახმად, ქალები, და განსაკუთრებით ტრადიციული ოჯახებიდან, მარტო მოგზაურობისთვის საჭიროებენ თავიანთი მამაკაცი მეურვის ნებართვას. გადაადგილების თავისუფლება ქალებისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი რეჟიმის ოპონენტებად მიიჩნევიან, შეზღუდულია. წყარო მიიჩნევს, რომ მარტოხელა ქალებისთვის გაცილებით რთულია, ახალ ადგილზე თუნდაც ბინის დაქირავება. როდესაც ქალი გადაწყვეტს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ის ძირითადად მიმართავს მეგობრებს, შორეულ ნათესავებს; ქალებისთვის, ვისაც არ აქვთ კავშირები, აღნიშნული პროცესი გაცილებით რთულია. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ შიგა გადაადგილება დამოკიდებულია ასევე ადგილმდებარეობაზე; განსხვავებულია მდგომარეობაა დიდი და პატარა ქალაქების შემთხვევაში. თუმცა, დიდ ქალაქებშიც კი, მაგალითად შირაზში, აღნიშნული პროცესი შეიძლება იყოს რთული, გამომდინარე კონკრეტული პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.[3]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 9 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამქოვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 12 მაისს]

[3] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; ირანი: ქალები, რომელთაც ღირსების სახელით ძალადობის ეშინიათ; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 9 ივნისს]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-31 მაისი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – 4 მაისს, ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანმა“ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა. ავღანეთის ჯარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა – დაიღუპა 5 სამხედრო მოსამსახურე.[1]

9 მაისს, ღურის პროვინციაში 300-მდე აქტივისტმა საკვების განაწილება გააპროტესტა. დემონსტრანტების თქმით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო საკვებით ხელისუფლება პოლიტიკურად მისაღებ მოქალაქეებს ეხმარება. აქციის მონაწილეებმა თვითმმართველობის შენობას ქვები დაუშინეს. აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.[2]

13 მაისს, ქაბულის ერთერთ საავადმყოფოში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი დაიღუპა. შეიარაღებული კაცი შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ინცინდენტის შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბანის წინააღმდეგ ოპერაციების განახლება გადაწყვიტა.[3]

ნანგარჰარის პროვინციაში, კუზ კუნარის დასახლებაში ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება პროვინციის ერთერთი რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსის დაკრძალვისას მოხდა. დაშავდა 50 ადამიანზე მეტი. თალიბანმა მომხდართან კავშირი უარყო.[4]

18 მაისს, ღაზნის რაიონში, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[5]

26 მაისს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა „თალიბანის“ 900 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს. 25 მაისს ხელისუფლებამ თალიბანის 100 მებრძოლი გაათავისუფლა.[6]

28 მაისს, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბანს შორის შეტაკებებს სამთავრობო ჯარის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. შეტაკება ქაბულის ჩრდილოეთით მოხდა.[7]

30 მაისს, ქაბულში, ტელეარხის „Khurshid“ მიკროავტობუსში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაიღუპა ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[8]

ერაყში არსებული ვითარება – 2 მაისს, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას სახალხო მობილიზაციის ძალების 10 წევრი ემსხვერპლა. ინციდენტები სალაჰადინის პროვინციის ქალაქებში – მაკეეშფასა და ბალადში მოხდა.[9]

6 მაისს, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან „კატიუშას“ ტიპის 3 რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.[10]

ერაყის პრემიერი მუჰამედ ალ-კაზიმი გახდა, რომელიც ყოფილი ჟურნალისტია. ის აქამდე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ერაყის პარლამენტი 5 თვის განმავლობაში ვერ თანხმდებოდა პრემიერის კანდიდატურაზე. მიმდინარე წელს ალ-კაზიმი მესამე წარდგენილი კანდიდატი იყო.[11]

იემენის კრიზისი – 2 მაისს, იემენის ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის შეთანხმება შედგა. რეგიონში სამთავრობო ძალების მოქმედებებს საუდის არაბეთი უჭერდა მხარს, სეპარატისტთა ქმედებების მხარდამჭერი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. დეესკალაციის შესახებ შეთანხმება კუნძულ სოკოტრაზე შეტაკებების დასრულებას ითვალისწინებს. 26 აპრილს იემენელმა სეპარატისტებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმმართველობა გამოაცხადეს. ამავე რეჟიმის დაწესებას „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ იემენის ყველა სამხრეთ პროვინციაში, მათ შორის საპორტო ქალაქ ადენში გეგმავენ. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ალ-ჰადრამიმ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ ქმედებებს შეიარაღებული აჯანყება უწოდა. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავია იერიშებით ეხმარება.[12]

პაკისტანში ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო ნათესავებმა 2 მოზარდი გოგო მოკლეს – შემთხვევა 17 მაისს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მოხდა, ამის მიზეზი კი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც 3 არასრულწლოვანი გოგო ტყეში კაცთან ერთად არის აღბეჭდილი. ვიდეო თითქმის 1 წლის წინ არის გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ამის შემდეგ ნათესავებმა რგოლში ნაჩვენები 16 და 18 წლის გოგოები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გოგოების და ქალების წინააღმდეგ ძალადობა პაკისტანში სერიოზულ პრობლემად რჩება. აქტივისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ე.წ. ღირსების მკვლელობებს ათასამდე ქალი ეწირება.[13]

ირანელი ექსტრემალი შენობის სახურავზე გადაღებული ფოტოს გამო დააპატიმრეს – 23 მაისს პოპულარული ირანელი პარკურის ოსტატების – ალირეზა ჯაპალაღისა და მისი მეგობარი გოგოს ფოტოს თეირანის კიბერპოლიციაში „ვულგარული აქტი“ უწოდეს. მათი განცხადებით, წყვილის „უკანონო ქცევა შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება“. აღსანიშნავია, რომ ჯაპალაღის მეგობარი გოგო, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, ამ დრომდე არაა დაკავებული.[14]

ირანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 14 წლის გოგო, რომინა აშრაფი ემსხვერპლა – 27 მაისს, მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა. გაქცეული წყვილი პოლიციამ დააკავა და მოზარდი სახლში დააბრუნეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილის საძინებელში შევიდა და თავი ნამგლით მოჰკვეთა. მომხდარმა ქვეყანაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოება „ღირსების მკვლელობის“ პრაქტიკის მოსპობას ითხოვს.[15]

სუდანში ქალთა წინადაცვეთა დასჯადი გახდა – სუდანში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება იმ ქალებზე, ვინც წინადაცვეთას ჩაიტარებს. დანაშაული სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. სუდანის საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალს წინადაცვეთა, მხოლოდ გათხოვების მიზნით სჭირდება. მსოფლიოში წინადაცვეთას 200 მილიონი გოგო და ქალი დაექვემდებარა. ეს პროცედურა აფრიკის 30 ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში და ასევე, რუსეთის სამხრეთ რეგიონებშია გავრცელებული. სუდანში წინადაცვეთა 15-დან 49 წლამდე ქალების 87%-ს ჩაუტარდა.[16]

[1] Tolo News; Car bomb attack in Helmand leaves five dead: official; 4 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/car-bomb-attack-helmand-leaves-five-dead-official

[2] Reuters; At least six killed in protests over food distribution in Afghanistan; 9 May, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-afghanistan-food/seven-killed-in-protests-over-food-distribution-in-afghanistan-local-mp-says-idUSKBN22L0I4?il=0

[3] Washington Post; Brutal attack on mothers and newborns prompts Afghanistan to resume offensive operations against Taliban; 13 May, 2020; available at: https://www.washingtonpost.com/world/asia_pacific/gunmen-storm-kabul-maternity-ward-killing-13-including-2-newborns/2020/05/12/416a9174-9428-11ea-87a3-22d324235636_story.html

[4] Al Jazeera; Afghanistan: deadly suicide attack targets funeral in Nangarhar; 13 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/afghanistan-deadly-suicide-attack-targets-funeral-nangarhar-200512081739828.html

[5] Tolo News; Suicide bomber in vehicle targets NDS special unit in Ghazni; 18 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/suicide-bomber-vehicle-targets-nds-special-unit-ghazni?fbclid=IwAR0GwSKTxuDcrJSW1ntX8s0hcQjBjMBAsYsofeI0t2IRFfCvPKaKzWsZjg4

[6] იმედის ახალი ამბები; ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბანის 900 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა; 26 მაისი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/144590/avganetis-prezidentma-talibanis-900-mebrdzolis-gatavisuplebis-gankargulebas-kheli-moatsera

[7] Daily Sabah; 7 Afghan security personnel killed in 1st attack since cease-fire ended; 28 May, 2020; available at: https://www.dailysabah.com/world/asia-pacific/7-afghan-security-personnel-killed-in-1st-attack-since-cease-fire-ended

[8] Tolo News; Journalist, studio technician killed in Kabul blast, 6 wounded; 30 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/journalist-driver-killed-kabul-ied-blast-6-wounded?fbclid=IwAR1y1Xp3oyQo66rUWer-UmLloQ27pAaxLFWGZSg3d_GQsjWSkk-O1HKfZ3E

[9] Al Jazeera; ISIL attack kills Hashd al-Shaabi forces in Iraq; 2 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/isil-attack-kills-hashd-al-shaabi-forces-iraq-reports-200502021705978.html

[10] Reuters; Rockets hit near Baghdad airport, launcher with timer found; 6 May, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/three-rockets-land-near-baghdad-airport-no-casualties-statement-idUSKBN22I0QN

[11] The Hindu; Former Iraqi intelligence chief approved as new premier; 7 May, 2020; available at: https://www.thehindu.com/news/international/former-iraqi-intelligence-chief-approved-as-new-premier/article31523069.ece

[12] Al Jazeera; Yemeni government, southern separatists, sign Socotra truce; 2 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/yemeni-government-southern-separatists-sign-socotra-truce-200502103232655.html

[13] BBC; Pakistan girls murdered over phone video footage; 17 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-52696032

[14] BBC; Iranian Parkour athlete arrested over a rooftop kiss; 23 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/av/world-middle-east-52777891/iranian-parkour-athlete-arrested-over-a-rooftop-kiss

[15] BBC; Romina Ashrafi: outrage in Iran after girl murdered for eloping; 27 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-52811631

[16] Reuters; Sudan makes FGM a crime in new era for women’s rights; 30 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-sudan-women-fgm-trfn/sudan-makes-female-genital-cutting-a-crime-in-new-era-for-womens-rights-idUSKBN22C2YV

თურქეთი. ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობები. იანვარი, 2018

„Human Rights Watch“ ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობას (Honour Killings) შემდეგნაირად განმარტავს: ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობა არის ძალადობის აქტი, როგორც წესი მკვლელობა, რომელსაც ოჯახის მამაკაცი წევრი სჩადის ოჯახის ქალი წევრის მიმართ, რომელმაც მკვლელობის ჩამდენი პირის რწმენით ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი შეიძლება სამიზნე გახდეს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის: დაგეგმილ ქორწინებაზე უარის თქმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლად ქცევა, განქორწინების მოთხოვნა და ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირი.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი მკვლელობები რჩება პრობლემურ საკითხად. ზოგადად, მედია არ აშუქებს ასეთ ფაქტებს და მთავრობა არ აქვეყნებს მსგავსი მკვლელობების წლიურ სტატისტიკას. ადამიანის უფლებათა აქტივისტების მტკიცებით, ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობების პრაქტიკა გრძელდება, ძირითადად, სოფლად, კონსერვატიულ ოჯახებში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ან ამ რეგიონებიდან დიდ ქალაქებში ემიგრირებულ ოჯახებში.

ასეთი მკვლელობის ჩამდენ პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა, არასამთავრობო სექტორის განცხადებით, რეალური სასჯელი ხშირად შემცირებულია შემამსუბუქებელი ფაქტორების გათვალისწინებით. კანონმდებლობა მოსამართლეებს აძლევს უფლებას, სასჯელის დაწესებისას, გაითვალისწინოს ის სიბრაზე თუ ემოცია, რომელსაც მსხვერპლის „უმსგავსო საქციელი“ იწვევს. ადგილობრივი პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა აქტივისტების მტკიცებით, საზოგადოება, ხშირად, სამართლიანად მიიჩნევს ქალის მკვლელობას ოჯახის წევრების მიერ იმ დროს, როდესაც ქალმა რაიმე გზით „შელახა ოჯახის ღირსება“.

ოჯახის წევრები ზოგჯერ აიძულებენ გოგონებს თვითმკვლელობას, რათა ოჯახის რეპუტაცია აღდგეს. აკადემიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სიირტის რეგიონში, 2000-2013 წლებში გამოავლინა ქალების თვითმკვლელობის 60 შემთხვევა, რომელთა უმეტესობა გამოიყურებოდა როგორც იძულებითი თვითმკვლელობა ან ეფექტური ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობა.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობები პრობლემად რჩება. ასეთი მკვლელობების უმეტესობას ადგილი აქვს კონსერვატიულ ოჯახებში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ან ამ რეგიონებიდან დიდ ქალაქებში ემიგრირებულ ოჯახებში. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მკვლელობისთვის სასჯელი მძიმეა, ოჯახები ზეწოლას ახდენენ გოგოებზე, რომ მათ თავი მოიკლან, რათა ოჯახის რეპუტაცია აღდგეს. თურქეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდში ორი ასეთი შემთხვევის შესახებ აცნობა ჟანდარმერიამ სასამართლო ხელისუფლებას. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ვანის პროვინციაში დაფიქსირდა 14 არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ფაქტი, რომელთაგან ზოგს აიძულეს ქორწინება, ზოგს აუკრძალეს სკოლაში სიარული და ზოგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის თებერვალში თურქეთში გენდერზე დაფუძნებული ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ანგარიშში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობები კვლავ ფიქსირდება თურქეთში. ასეთი შემთხვევები ძირითადად ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების სოფლებში და ამ რეგიონებიდან ქალაქად ემიგრირებულ ოჯახებში. სისხლის სამართლის კოდექსით, ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობები, 82-ე მუხლის თანახმად, უკვე ისჯება სამუდამო პატიმრობით. კანონის აღსრულების რამდენიმე მაგალითის შესახებ (ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობის ჩამდენ პირებს მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა) გაეროს ერთერთ ანგარიშშია ნახსენები. მკაცრი სასჯელი გამო ოჯახის წევრები მიმართავენ გოგოებზე ზეწოლის მეთოდს, რათა აიძულონ ისინი ჩაიდინონ თვითმკვლელობა.[4]

[1] Human Rights Watch; HRW World Report 2001: Women’s Rights; Item 12 – Integration of the human rights of women and the gender perspective: Violence Against Women and “Honor” Crimes; Human Rights Watch Oral Intervention at the 57th Session of the UN Commission on Human Rights; available at: http://pantheon.hrw.org/legacy/press/2001/04/un_oral12_0405.htm [accessed 22 January 2018]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Turkey, 3 March 2017, available at:

[accessed 22 January 2018]

[3] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information. Report Turkey Country Focus, November 2016, available at:

[accessed 22 January 2018]

[4] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Turkey: Women fearing gender-based violence, February 2016, Version 1.0, available at:

[accessed 22 January 2018]