ირანი. ძაღლის ყოლასა და გასეირნებაზე დაწესებული შეზღუდვები. მარტი, 2020

ყურანში „ძაღლი“ რამდენჯერმეა ნახსენები: სურა V, 6 (4). გეკითხებიან შენ – რა გამოცხადდა ნებადართულად მათთვის?! უთხარი: ნებადართულად ცხადდება თქვენთვის სიკეთენი და ასევე ნანადირევი იმ ნადირთა, რომლებიც გაგიწვრთნიათ ძაღლებივით და გისწავლებიათ მათთვის ის, რაც თქვენ ალაჰმა შეგასწავლათ. მაშ ჭამეთ, რასაც ესენი (ცხოველები) თქვენთვის დაიჭერენ; ახსენეთ ალაჰის სახელი მასზე (ნანადირევზე) და გეშინოდეთ ალაჰისა, (რადგან) ალაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას.

სურა VII, 175 (176). და რომ გვენებებინა, ავამაღლებდით მას მათით (ჩვენი სასწაულებით), მაგრამ იგი ქვეყნისაკენ ილტვოდა და საკუთარ გულისთქმას აჰყვა. იმ ძაღლის არ იყოს, რომელსაც თუ თავს დაესხმი, ენას გადმოაგდებს და, თუ თავს დაანებებენ, მაინც ენას გადმოაგდებს. ეს არის იგავი იმ ხალხისა, ვინც არ დაუჯერა ჩვენს აიებს; და უამბე მათ ეს ამბავი, რათა ეგების კეთილგანსაჯონ.

სურა XVIII, 17 (18). შენ მათ მღვიძარებად მიიჩნევ, მაშინ როცა ისინი მძინარენი იყვნენ. ვაბრუნებდით მათ მარჯვნივ და მარცხნივ; ხოლო მათი ძაღლი თათებწაწვდილი იწვა ზღურბლზე. თავზე რომ წამოსდგომოდი, პირს იბრუნდებდი მათგან ლტოლვილი და აღივსებოდი მათი ძრწოლით.

სურა XVIII, 21 (22). იტყვიან: სამნი არიან, მეოთხე მათგანი კი მათივე ძაღლიაო. და იტყვიან: ოთხნი არიან, მეხუთე მათგანი კი მათი ძაღლიაო. და დაფარულის შესახებ მკითხაობენ. ასევე იტყვიან: შვიდნი არიან ხოლო მერვე მათივე ძაღლიაო. უთხარი: ჩემმა უფალმა უკეთ უწყის მათი რიცხვი; მათ კი არაფერი იციან, თვინიერ მცირედისა.[1]

მუსლიმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არწმუნებენ, რომ ძაღლი ბინძური ცხოველია და რომ მასთან უბრალო შეხებამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს „დაბინძურება“. ყურანის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ასეთი მსჯელობა ყურანიდან არ მოდის, არამედ ეფუძნება რამდენიმე „ჰადითს“ (წინასწარმეტყველის სანიმუშო სიტყვისა და ქმედებების ჩანაწერი). ჰადითებში ირწმუნებიან, რომ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ბრძანა, მოეკლათ ძაღლები. ასევე, ჰადითების მიხედვით, ძაღლების შინაურ ცხოველებად ყოლა აკრძალულია, რადგან ისინი ბინძურები არიან. ძაღლების ყოლა დასაშვებია მხოლოდ მათი სანადიროდ და მცველებად გამოყენების მიზნით.

ყურანში ძაღლი ბინძურ ცხოველად არაა მოხსენიებული და არც ძაღლის ყოლის აკრძალვის შესახებ წერია რამე. მე-18 სურაში, სადაც გამოქვაბულის ისტორიაა მოთხრობილი, ნათქვამია, რომ „ჭეშმარიტ მორწმუნეებს“ თან ახლდათ ძაღლი. ტრადიციული მუსლიმი ლიდერები ამტკიცებენ, რომ ძაღლისთვის დამახასიათებელი ნერწყვდენა, სიბინძურეა. თუმცა, ყურანის მეხუთე სურაში ნათქვამია, რომ „[…] ნებადართულად ცხადდება […] ნანადირევი იმ ნადირთა, რომლებიც გაგიწვრთნიათ ძაღლებივით […]“.

ყურანის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ არაფერია „ჰარამი“ (აკრძალული), რაც თავად ღმერთის მიერ არაა აკრძალული და რადგან ღმერთი აღწერს ყურანს, როგორც სრულყოფილ, იდეალურ და დეტალურ წიგნს, ღმერთის მიერ დაწესებული ყველა აკრძალვა ყურანში წერია – „სურა VI, 114 (114). და განა ალაჰის თვინიერ ვინმეს ვეძიებ მსაჯულად, მაშინ, როცა იგია, ვინც გარდმოგივლინათ წიგნი განმარტებულად. იმათ კი, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, იციან, რომ იგი გარდმოვლენილია შენი უფლისაგან – ჭეშმარიტებით, და ნუ იქნები, ნუ იქნები დაეჭვებული.“ ასევე, ყურანის მე-16 სურაში ნათქვამია – „სურა VXI, 117 (116). და ნუ აღწერენ თქვენი ენები სიცრუეს: – ეს ნებადართულია, ეს – აკრძალულიაო, რათა სიცრუენი შეთხზათ ალაჰის შესახებ. ჭეშმარიტად, ისინი, ვინაც ალაჰზე თხზავენ სიცრუეებს, არ გამართლდებიან“.

ყურანში არაფერია ნათქვამი ძაღლების ყოლის აკრძალვაზე ან რომ ძაღლები ბინძური ცხოველები არიან. ასეთი მტკიცება მოდის ჰადითებიდან. ჰადითები ამტკიცებენ, რომ წინასწარმეტყველმა აკრძალა ძაღლების შინაურ ცხოველებად ყოლა; რომ ანგელოზები არ შედიან ოთახში, სადაც ძაღლია; რომ ძაღლის შეხება დაბინძურებას იწვევს, რის შემდეგაც ხელები 7-ჯერ უნდა დაიბანო. ერთერთი ჰადითი იმასაც ამბობს, რომ „[…] ყველა შავი ძაღლი უნდა მოვკლათ […]“.

ყურანის მკვლევარები იშველიებენ 66-ე სურას, სადაც წერია: „სურა LXVI, 1 (1). ო, წინასწარმეტყველო, რატომ აიკრძალავ იმას, რაც ნებადართულ-ჰყო შენთვის ალაჰმა, ეძიებ რა კმაყოფილებას შენი ცოლებისას, და ალაჰი შემწყნარებელია, მწყალობელი.“ და ამტკიცებენ, რომ წინასწარმეტყველს არ აქვს არაფრის აკრძალვის უფლება და რომ, მისი მოვალეობა, მხოლოდ ღმერთის სიტყვის ხალხამდე მიტანაა.[2] [3]

1979 წლის ისლამური რევოლუციისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ხელისუფლება აქტიურად მსჯელობდა, დასაშვები იყო თუ არა ძაღლის ყოლა. ირანის მმართველების განცხადებით, ისლამის მიხედვით, ძაღლები ბინძურ ცხოველებად არიან მიჩნეულნი და ისინი, ვისაც ძაღლები ჰყავთ, დასავლური გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ზოგიერთმა კონსერვატული შეხედულებების მქონე სასულიერო პირმა ძაღლის ყოლა „მორალურად გარყვნილ ქმედებად“ გამოაცხადა და აკრძალვების დაწესება მოითხოვა.

2007 წლის შემოდგომაზე ირანის ხელისუფლებამ დაიწყო მასშტაბური ბრძოლა მათ მიერ ამორალურ და ისლამისთვის მიუღებელ ჩვევად მიჩნეული საქციელის წინააღმდეგ. ათასობით ახალგაზრდა ქალსა და კაცს აკავებდნენ და გაფრთხილებებს აძლევდნენ მათი ჩაცმის სტილის გამო. აღნიშნული კამპანიის ნაწილი იყო „ძაღლების ციხეებიც“, რომლებიც ირანის პოლიციამ თეირანში შექმნა. ძაღლებს ართმევდნენ მეპატრონეებს და დაკავების ცენტრებში გადაყავდათ. ხალხი, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავდათ, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ.[4]

ირანის ხელისუფლებამ თეირანში ძაღლების გასეირნებაზე აკრძალვა 2019 წლის დასაწყისში დააწესა. მედია საშუალება „ტელეგრაფი“ 2019 წლის 30 იანვრის სტატიაში წერდა, რომ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით ირანელებს ძაღლების ყოლის სურვილს ჩაუხშობდა. თეირანის პოლიციის უფროსის, ჰოსეინ რაჰიმის თქმით, მათ მიიღეს ნებართვა დედაქალაქის პროკურატურისგან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მათ მიმართ, ვინც ძაღლებს გაასეირნებს საჯარო სივრცეებში, მაგალითად პარკებში. შესაბამისი ღონისძიებები მოიცავს, მათ შორის, დაჯარიმებას და ძაღლის ჩამორთმევას. დაწესებულ აკრძალვას ის ხსნიდა იმით, რომ ძაღლები საზოგადოების წევრებში იწვევდნენ „შიშს და შფოთვას“.[5] [6] [7]

2019 წლის 30 იანვარს მედია საშუალება „ლოს ანჟელეს ტაიმსი“ წერდა, რომ თეირანში ძაღლების გასეირნება აიკრძალა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ძაღლების მფლობელებს. ჟურნალისტებთან საუბარში რიგითი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ თუ პოლიცია მათი ძაღლის წაყვანას ეცდებოდა, ისინი თავიანთ ძაღლებს დაიცავდნენ პოლიციასთან დაპირისპირებასაც არ მოერიდებოდნენ. „სულ უფრო ბევრი ოჯახი იყვანს ძაღლებს. ხელისულფება მალე მიხვდება, რომ ასეთი აკრძალვები უნდა დაივიწყოს“, – ამბობდნენ რიგითი ირანელები.[8]

[1] ყურანი; არაბულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და განმარტებანი დაურთო გიორგი ლობჟანიძემ; გამოცემულია კავკასიური სახლის მიერ; თბილისი, 2006 წელი; წიგნი ინახება წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილებაში; [ნანახია 2020 წლის 2 მარტს]

[2] True Islam; Dogs – Are they dirty, prohibited animals? Available at: http://www.quran-islam.org/articles/dogs_(P1159).html [accessed 2 March 2020]

[3] ყურანი; არაბულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და განმარტებანი დაურთო გიორგი ლობჟანიძემ; გამოცემულია კავკასიური სახლის მიერ; თბილისი, 2006 წელი; წიგნი ინახება წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილებაში; [ნანახია 2020 წლის 2 მარტს]

[4] Radio Free Europe / Radio Liberty; Iran: Tehran officials begin crackdown on pet dogs; 14 September, 2007; available at: https://www.rferl.org/a/1078672.html [accessed 2 March 2020]

[5] The Telegraph; Iran bans dog-walking in Tehran; 30 January, 2019; available at: https://www.telegraph.co.uk/news/2019/01/30/iran-bans-dog-walking-tehran/ [accessed 2 March 2020]

[6] ABC News; Dog walking banned in Iran’s capital; By Somayeh Malekian; 1st February, 2019; available at: https://abcnews.go.com/International/dog-walking-banned-irans-capital/story?id=60751589 [accessed 2 March 2020]

[7] NY Times; More bark than bite in Iran’s ban on walking dogs; By Thomas Erdbrink; 1st February, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/02/01/world/middleeast/iran-ban-walking-dogs.html [accessed 2 March 2020]

[8] Los Angeles Times; Walking your dog is banned in Tehran, but that’s not stopping dedicated pet owners; 30 January, 2019; available at: https://www.latimes.com/world/la-fg-iran-dog-walkers-20190130-story.html [accessed 2 March 2020]