ერაყი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამოკიდებულება. აპრილი, 2019

ერაყის 2005 წლის კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს უნარშეზღუდულ და სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე და უზრუნველყოს მათი რეაბილიტაცია საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ერაყმა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება, პარლამენტმა დაამტკიცა კანონი #38, რომელიც შშმ პირებზე ზრუნვას არეგულირებს. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს შშმ პირებზე ზრუნვას, კრძალავს დისკრიმინაციას, განსაზღვრავს საზოგადოებაში ინტეგრაციის და ღირსეული ცხოვრების უფლებას, მათ შორის დასაქმების შესაძლებლობებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. კანონი ასევე ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას და შშმ პირების მკურნალობას, მედიკამენტებითა და საჭირო აღჭურვილობებით უზრუნველყოფას, სოციალურ სერვისებს, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაცია და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სხვადასხვა დონეზე. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, კანონი კონვენციის მიზნებთან სრულ შესაბამისობაში არ არის, რადგან უფრო მეტადაა ფოკუსირებული საქველმოქმედო და მკურნალობით კონტექსტზე და ინტეგრაციაზე, ვიდრე შშმ პირების ჩართულობაზე.

კანონის საფუძველზე ერაყში შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება 7 შშმ პირის, ორი ექსპერტის, ორი სამედიცინო სპეციალისტის და სხვადსხვა სამინისტროების წარმომადგენლებით, ფინანსურად დამოუკიდებელია და დაფინანსებას იღებს როგორც ფედერალური ბიუჯეტიდან, ასევე გრანტების, საჩუქრებისა და შემოწირულობების სახით. 2016 წლისთვის კომისიის ბიუჯეტი 50 მილიარდი ერაყული დინარი იყო. დაარსებიდან მოყოლებული კომისიამ სხვადასხვა ინიციატივა განახორციელა, რომლებიც მიმართული იყო შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. მაგალითად, კომისიის ინიციატივით შეიქმნა ოფიციალური საიდენტიფიკაციო ბარათები შშმ პირებისთვის, რომლებიც მათ სპეციალური სარგებლის მიღებას უმარტივებს.

კანონი #38 შშმ პირების ფინანსურ სარგებელსაც ითვალისწინებს (ფულადი ტრანსფერები მათთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ). ასევე, კანონი ადგენს სპეციფიკურ მომსახურებაზე და ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომას.[1]

გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისია (UNAMI) 2016 წლის დეკემბრის ანგარიშში წერდა, რომ სანდო სტატისტიკის და მონაცემთა შეგროვების სისტემის გაუმართაობის გამო, რთულია ერაყში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოების შესახებ სრული სურათის მიღება. წყარო იქვე აღნიშნავს, რომ შშმ პირების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა ფორმის ძალადობის, მიმდინარე კონფლიქტებისა და ტერორისტული აქტების გამო.

გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისია 2017 წლის დეკემბერში წერდა, რომ შშმ პირები ერაყში მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან, მათ შორის სოციალური, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დისკრიმინაციას, რაც ხელს უშლის აღნიშნულ პირებს სრულად ისარგებლონ იმ უფლებებით, რაც ერაყის მოქალაქეებს აქვთ. საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ შშმ პირებზე ზრუნვა ქველმოქმედებაა. ასეთი მიდგომა შშმ პირების იზოლაციას და ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ეფექტს იწვევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შშმ პირები აწყდებიან დისკრიმინაციას სოციალური სტიგმის გამო და ბევრი შშმ ბავშვი სკოლის მიღმა რჩება იმის გამო, არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სასწავლო მასალა და გადამზადებული პერსონალი.

შშმ პირები დისკრიმინაციას აწყდებიან, ასევე, სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებსა და დაწესებულებებზე წვდომის კუთხით. იძულებით გადაადგილებული შშმ პირები, ასევე აწყდებიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდი 2017 წლის დეკემბერში წერდა, რომ ერაყის ჯანდაცვის ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი სისტემა, განსაკუთრებით მოწყვლადია შშმ პირებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის სათანადო მხარდაჭერის გაწევის კუთხით. ჯანდაცვის სექტორისთვის მშპ-ის 3%-ია გამოყოფილი, რაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შშმ პირებზე, უჭირთ უფასო მკურნალობის გაწევა.

შშმ პირები იღებენ 35 აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას ყოველთვიურად. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაზარალდა მიმდინარე კონფლიქტის გამო, ყოველთვიური დახმარების ოდენობა 250-750 აშშ დოლარს შორის მერყეობს. ტერორისტული აქტის შედეგად შეძენილი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, პირს ეკუთვნის 3,500 აშშ დოლარი და შემდეგ ყოველთვიურად იღებს 350 აშშ დოლარს. თუმცა, გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული სარგებლის მიღების კუთხით მრავალი გამოწვევა არსებობს. მაგალითად, სოციალური დაცვის შემწეობას არ აძლევენ იმ ქალებს და გოგონებს, რომლებიც ან გათხოვილნი არიან ან მამა ცოცხალი ჰყავთ. პრობლემებს ქმნის ასევე ბიუროკრატიული სისტემა და დაბრკოლებები საჭირო დოკუმენტაციის მოძიების კუთხით. უმეტეს შემთხვევაში, შშმ პირები სიღარიბეში ცხოვრობენ და მათი ერთადერთი მხარდამჭერი მათივე ოჯახია.[2]

[1] UN Office of the Hugh Commissioner for Human Rights, UN Assistance Mission for Iraq; Report on the Rights of Persons with Disabilities in Iraq, December 2016; 26 January, 2017; available at: https://reliefweb.int/report/iraq/report-rights-persons-disabilities-iraq-december-2016-enar [accessed 2 April, 2019]

[2] EASO; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 2 April 2019]