“Amnesty International”-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ინტენსიური კონფლიქტის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევამ და ძალადობამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, ზოგი დაიჭრა, ზოგი კი იძულებით გადაადგილდა.უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების შედეგად კიდევ უფრო შეიზღუდა განათლებაზე, ჯანდაცვის და სხვა სერვისებზე წვდომა. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე უმეტესად შეიარაღებული დაჯგუფებები არიან პასუხსიმგებლები, თუმცა სამთავრობო ძალების მხრიდანაც ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაჭრის ან მკვლელობის ფაქტებს. მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალები კვლავ განაგრძობდნენ ბავშვების გამოყენებას ბრძოლებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია. რაც შეეხება ლტოლვილთა რაოდენობას, 2.6 მილიონი ავღანელი ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, უმეტესად გაუსაძლის პირობებში. საანგარიშო პერიოდში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა კვლავ გრძელდებოდა. შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ქალთა სახალხოდ დასჯის და გამათრახების ფაქტებმა იმატა. სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები კვლავ განაგრძობდნენ მუქარებს ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ და ხელს უშლიდნენ თავიანთი ვალდებულების შესრულების პროცესში, ჟურნალისტები განიცდიდნენ ძალადობას და ცენზურას. მთავრობა კი განაგრძობდა სიკვდილით დასჯას არასამართლიანი სასამართლოს შემდეგაც კი.
მთავრობასა და ქვეყნის სიდიდით მეორე ამბოხებულ დაჯგუფება “ჰეზბ-ი-ისლამს” შორის ექვსწლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც გულბუდინ ჰეკმათიარი ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა ღანიმ და გულბუდინ ჰეკმათიარმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჰეკმათიარი და მისი მებრძოლები ამნისტიას დაექვემდებარებოდნენ და “ჰეზბ-ი-ისლამის” წევრების ნაწილი ციხიდან გათავისუფლდებოდა.
პრეზიდენტ ღანის და პრემიერ-მინისტრის აბდულა აბდულას მომხრეებს შორის დაპირისპირების შედეგად პოლიტიკურმა არასტაბილურობამ კიდევ უფრო იმატა. ოქტომბერში გაიმართა დონორი ორგანიზაციების საერთაშორიო კონფერენცია ავღანეთისთვის დახმარების გაწევის მიზნით. საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ 15.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს ავღანეთში უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციამდე, ევროკავშირმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიდი რაოდენობით ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი პირების დეპორტაციის უფლებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულია ვითარება.
ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირების და უმუშევრობის დონის ზრდის პარალელურად.
სექტემბერსა და ოქტომბერში, თალიბანის თავდასხმების რაოდენობამ და პროვინციის ქალაქების დაკავების მცდელობამ საგრძნობლად იმატა. ოქტომბერში თალიბანმა ხელში ჩაიგდო კუნდუზი, რომლის დაკავების დროსაც ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეაჩერა. საავადმყოფოებში წამლები გათავდა, ხოლო დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ იმატა. გაეროს ოფისის ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახურის (UNOCHA) ანგარიშით, ერთი კვირის განმავლობაში, კუნდუზიდან დედაქალაქში, ქაბულში და მეზობელ ქვეყნებში 25,000 ავღანელი იძულებით გადაადგილდა.
შეიარაღებული კონფლიქტი
2016 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე UNAMA-მ აღრიცხა 8,397 კონფლიქტის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებში არსებული მსხვერპლი (2,562 მოკლული და 5,835 დაჭრილი). UNAMA-ს მიხედვით, სამთავრობო ძალები – მათ შორის ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ავღანეთის ადგილობრივი პოლიცია, მთავრობის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები და საერთაშორისო სამხედრო ძალები – იყვნენ პასუხისმგებლები შემთხვევების 23%-ზე.
2016 წლის პირველ ნახევარში UNAMA-მ აღრიცხა სულ მცირე 15 ინციდენტი, რომელშიც მთავრობის მომხრე ძალებმა განახორციელეს სამძებრო ოპერაციები საავადმყოფოებსა და კლინიკებში, შეაფერხეს ან ხელი შეუშალეს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ან სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ სამედიცინო დაწესებულებებს. აღნიშნულმა ფაქტებმა წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად იმატა.
18 თებერვალს, ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შევიდა თალიბანის მიერ კონტროლირებად სოფელ „Tangi Saidan“-ში არსებულ კლინიკაში, ვარდაკის პროვინციაში. შვედური დახმარების ჯგუფმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კლინიკას, განაცხადა, რომ მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაღენა კლინიკის თანამშრომლებს და მოკლა ორი პაციენტი და 15 წლის მომვლელი. NATO-მ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის გამოძიება. წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ არ იყო გაკეთებული არანაირი განცხადება.
შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულები
UNAMA-ს მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეებში არსებული მსხვერპლის უმეტეს ნაწილზე, დაახლოებით 60%-ზე პასუხისმგებლობა თალიბანს და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ეკისრებათ.
3 თებერვალს, თალიბანმა მოკლა 10 წლის ბიჭი, რომელიც სამხრეთ ურუზგანში, ტირინ კოტში მდებარე სკოლისკენ მიემართებოდა. მიზეზად ითვლებოდა ის, რომ ადრე ის თალიბანის მხარეს იბრძოდა ბიძამისთან ერთად, რომელიც შემდეგ ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი გახდა.
19 აპრილს, თალიბანის მებრძოლები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ჯგუფს, რომელიც იცავდა მაღალი რანგის მთავრობის წევრს ქაბულში, შედეგად 64 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 347 კი დაიჭრა. 2001 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა დასახლებულ ტერიტორიაზე.
31 მაისს, თალიბანის მებრძოლებმა გაიტაცეს 220 მშვიდობიანი მოქალაქე კუნდუზ-ტახარის გზატკეცილზე სპეციალურად შექმნილ ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, არზან ანგორის სიახლოვეს, კუნდუზის პროვინციაში. 17 ადამიანი მოკლეს, ხოლო დანარჩენები კი გაათავისუფლეს. სულ მცირე 40 ადამიანი იქნა გატაცებული იმავე ტერიტორიაზე, 8 ივნისს.
23 ივლისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც თავს ისლამური სახელმწიფოს წევრად აცხადებდა, თავდასხმა განახორციელა ჰაზარას უმცირესობის მიერ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მსვლელობის დროს ქაბულში, რის შედეგადაც მოკლა 80 და დაჭრა 230-ზე მეტი ადამიანი.
12 აგვისტოს, სამი შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ამერიკულ უნივერსიტეტს ქაბულში, შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმაზე არავის არ აუღია პასუხისმგებლობა.
11 ოქტომბერს, ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე ქაბულში. თავდამსხმელებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და შტურმით აიღეს მეჩეთი. შედეგად მძევლად აიყვანეს ასობით ადამიანი. სულ მცირე 18 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 40 კი დაიჭრა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.
სამხედრო სამსახურის ასაკი და ვალდებულება:
სამხედრო სამსახური ნებაყოფილობითია 18 წლის ასაკიდან, არ ხდება გაწვევა.[1]
ადამიანის უფლებათა დამცველები
შეიარაღებული ჯგუფები აგრძელებდნენ ზეწოლასა და მუქარას ადამიანის უფლებათა დამცველებზე. განსაკუთრებით, ქალი უფლებადამცველების მიმართ ხორციელდებოდა სასიკვდილო მუქარები, რომლებიც მიმართული იყო როგორც უშუალოდ მათი, ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ.
2016 წლის დასაწყისში, ერთ-ერთმა ცნობილმა უფლებადამცველმა სოციალურ ქსელის “Facebook”-ის მეშვეობით მიიღო წერილი თალიბანისგან, სადაც მას და კიდევ სხვა 9 პირს მოკვლით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ რაც ათივე ზემოხსენებულმა პირმა მიმართა მთავრობას და ითხოვა დახმარება, დაზვერვის სააგენტომ – „უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ“ ორი მათგანი დააკავა თალიბანთან კავშირის ბრალდებით, თუმცა, შემდგომი ინფორმაცია ამ საკითხზე მათი კოლეგებისთვის არ მიუწოდებიათ. მუქარები გაგრძელდა აქტივისტების მიმართ, რომლებმაც, თავის მხრივ, შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა.
აგვისტოში, ერთ-ერთ სამხრეთ პროვინციაში, დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ქალთა უფლებების დამცველის ძმა მოიტაცეს, აწამეს და მოკლეს. დამნაშავეებმა ოჯახის დაშინებისთვის გამოიყენეს მსხვერპლის ტელეფონი და მოკლულის და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა. ზემოხსენებული დანაშაულებისთვის, წლის ბოლოსთვისაც კი, არავინ არ დაუკავებიათ.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საკმაოდ განტკიცდა თალიბანის დაცემის შემდეგ 2001 წელს, თანდათან დაკნინდა ძალადობრივი თავდასხმების, დაშინებებისა და ჟურნალისტების მკვლელობების შემდეგ.
„Nai”, მედიის თავისუფლების გამშუქებელმა ორგანიზაციამ, იანვრიდან ნოემბრამდე დააფიქსირა 100-ზე მეტი თავდასხმა ჟურნალისტებსა და მედიის ოფისებზე, მათ შორის, მკვლელობები, ცემის ფაქტები, დაკავებები, ცეცხლის წაკიდების შემთხვევები, მუქარები და სხვა ძალადობრივი ქმედებები, როგორც სახელმწიფო, ასევე, არასახელმწიფო ქმედების სუბიექტების მხრიდან.
20 იანვარს, თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა ავტობუსს, რომელსაც გადაჰყავდა ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზიის – TOLO TV-ის ჟურნალისტები. შედეგად, გარდაიცვლა 7, ხოლო დაშავდა 27 პირი. დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც მანამდე რამდენჯერმე დაემუქრა ზემოხსენებულ ტელევიზიას.
29 იანვარს, ცნობილი ჟურნალისტი – Zubair Khaksar, რომელიც მუშაობდა ავღანეთის ეროვნულ ტელევიზიაში „Nangarhar“-ის პროვინციაში, მოკლეს დაუდგენელმა პირებმა, როდესაც ის გადაადგილდებოდა ქალაქ ჯალალაბადიდან „Surkhrood“-ის დასახლებაში.
19 აპრილს, ქაბულის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს Ariana TV-ის ორი ჟურნალისტი, რომლების საკუთარ მოვალეობას ახორციელებდნენ.
ქაბულის მიმდებარე პროვინციებში, აქტივისტები აცხადებნენ, რომ ეშინოდათ დემონსტაციების მოწყობის, რადგან, შედეგად, აღმოჩნდებოდნენ მთავრობის მხრიდან რეპრესიების საფრთხის ქვეშ.
წამება და სხვა არასათანდო მოპყრობა
შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის – თალიბანი, აგრძელებდნენ მკვლელობებს, წამებას და სხვა სამართალდარღვევებს, როგორც “სასჯელს” მათ მიერ მიჩნეული დანაშაულებისა თუ სხვა დარღვევებისთვის.
1 იანვრიდან 30 ივნისამდე, UNAMA-მა მოახდინა 26 სხვადასხვა საქმის დოკუმენტირება, მათ შორის იყო მკვლელობები, გაროზგვები, ცემისა და უსამართლო დაკავებების ფაქტები. ზემოხსენებული სასჯელები პირებს დაეკისრათ მათ მიერ “შარიათის” კანონის დარღვევებისთვის, უსაფრთხოების ძალებთან კავშირისა ან მათ სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ფაქტების უმრავლესობა მოხდა დასავლეთ რეგიონში, უფრო კონკრეტულად, ფარაჰსა და ბადღის პროვინციებში.
14 თებერვალს, ადგილობრივმა პოლიციამ ხაკ-ე-საფიდის დასახლებაში, ფარაჰის პროვინციაში, დააკავა, აწამა და მოკლა მეცხვარე, რომელიც მათი ვარაუდით დაკავშირებული იყო IED-ის (თვითნაკეთი ასაფეთქებელი დანადგარი) დაყენებასთან, რისი აფეთქების შედეგადაც გარდაიცვლა 2 პოლიციელი. UNAMA-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შესახებ ავღანეთის ეროვნული პოლიციის პროკურორის ოფისი ინფორმაციას ფლობდა, მათ არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე, ან არ დაუწყიათ გამოძიება და არ დაუკავებიათ რომელიმე ეჭვმიტანილი.
სიკვდილით დასჯა
8 მაისს, 6 სიკვდილმისჯილი პატიმარი ჩამოახრჩვეს „Pol-e Charkhi“ ციხეში ქაბულში. ჩამოხრჩობის ფაქტები შედეგად მოყვა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა 25 აპრილს, მას შემდეგ რაც თალიბანმა განახორციელა მასიური თავდასხმა 19 აპრილს, რომელშიც მან პირობა დადო, მიმართავდა უმკაცრეს სასჯელებს, მათ შორის – სიკვდილით დასჯასაც.
არსებობდა შიში იმისა, რომ სიკვდილით დასჯის ფაქტები კიდევ გაგრძელდებოდა. დაახლოებით 600 პატიმარი იყო სიკვდილმისჯილი და სასჯელის მომლოდინე, მათ შორის ბევრი იყო მსჯავრდებული ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობა. მათი სასამართლო პროცესების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა „სამართლიანი სასამართლოს“ სტანდარტებს. წლის განმავლობაში, დაახლეობით 100 პირს მიუსაჯეს სიკვდილი ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, ტერორიზმი, რომელმაც გამოიწვია მასობრიცი მკვლელობები და ა.შ.[2]
ბოლო მოვლენები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით, ქაბულის პროვინციაში, მათ შორის უშუალოდ ქალაქში, დაფიქსირდა 312 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი. შემდგომ ცხრილში წარმოდგენელია ამ ინციდენტების სახეები:
ქაბულში ქაბულის გარეთ
კერძო პირების მიმართ ძალადობა 26 5
შეიარაღებული დაპირისპირებები
და საჰაერო დაბომბვები 107 89
აფეთქებები 80 30
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
იძულებითი ღონისძიება 67 36
კონფლიქტთან დაუკავშირებელი ინციდენტები 29 1
სხვა ინციდენტები 3 0
სულ 312 161
ქაბული, ქალაქის ზოგადი აღწერილობა
ქალაქი ქაბული არის განცალკევებული დასახლება ქაბულის პროვინციაში, სხვა 14 დასახლებასთან ერთად.
ამ ანგარიშში, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ქალაქ ქაბულზე, რადგანაც ის წარმოადგენს ავღანეთის დედაქალაქს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მდებარეობს სამთავრობო შენობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საერთაშორისო თუ ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ქალაქში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განსხვავებულია ქვეყნის სხვა პროვინციებისგან.
ქაბული, უდაოდ არის ავღანეთის ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ქალაქი. რეპატრიანტების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკო-მიგრანტების მასიურმა ნაკადებმა გამოიწვია პოპულაციის სწრაფი ზრდა. 2015 წელს, UN OCHA-ს გათვლებით, ქაბულის მოსახლეობა შეადგენდა 3.678.034 მოსახლეს. სხვა წყაროებით ეს რიცხვი 7 მილიონსაც აღწევს. ქაბულის პროვინციის ¾-ზე მეტი ცხოვრობს ქალაქ ქაბულში.
ქალაქი ქაბული დაყოფილია 17 დასახლებად, რომელთაც, ხშირად, 1-დან 17-მდე რიცხვებით აღნიშნავენ. UNOCHA-ს 2016 წლის 4 იანვრის რუკაზე ნაჩვენებია 22 პოლიციის განყოფილება. 2016 წლის დასაწყისში, ქალაქს არ ჰყავდა მერი, რაც გამოწვეული იყო პრეზიდენტ ღანისა და CEO Abdullah-ს შორის თანხმობის არქონით.
ქაბული არის ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი, სადაც თითქმის ყველა ეთნოსია წარმოდგენილი. ფაშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარასები, უზბეკები, ბალუჩები, სიქები და ჰინდუსები, ყველა ცხოვრობენ ქაბულში და არც ერთ ჯგუფს არ უკავია დომინანტური პოზიცია. სამეზობლოები ძირითადად შედგება ერთი და იგივე ეთნოსის წარმომადგენლებისგან.
2016 წლის აპრილში, UNHCR-მა დააფიქსირა თავის სახელმძღვანელო პრინციპებში, რომ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები (ANSF) ეფექტურად იცავდნენ დედაქალაქს და მის ურბანულ ცენტრებს, თუმცა იყო გამონაკლისი, 2015 წლის სექტემბერში, როდესაც თალიბანმა მოახერხა კუნდუზის ხელში ჩაგდება. ქაბული რეგულარულად ხდება ძალადობის მოწმე. ქაბულში, ძირითადად თავდასხმის სამი ფორმა ფიქსირდება: „გახმაურებული თავდასხმები“, „კომპლექსური თავდასხმები“ და „თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები“. UNAMA კომპლექსურ თავდასხმას განსაზღვრავს, როგორც „წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ თავდასხმას“, რაც გულისხმობს რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ რამდენიმე სახის თავდასხმას.
აღნიშნული თავდასხმების ძირითად სამიზნეს მაღალი რანგის საერთაშორისო ინსტიტუტები, სამხედრო და სამოქალაქო კადრები, მათ შორის დიპლომატები, დასავლური ორგანიზაციები, ავღანეთის ხელისუფლების და უსაფრთხოების ძალების წევრები წარმოადგენენ.
კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის გარდა, ქაბულში დანაშაულის დონე მაღალია. ავღანეთის პოლიცია ერთი თვის მანძილზე რეგულარულად აკავებს ასობით დამნაშავეს, რომლებიც ჩართულები არიან მკვლელობში, შეიარაღებულ ძარცვასა და ავტომობილთა გატაცებებში.[3]
ავღანეთში მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს ძალადობრივი კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტიპს. ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტმა (Usip) და მიწის საკითხებთან დაკავშირებით ავღანეთის დამოუკიდებელმა ორგანომ (ARAZI) შექმნეს საპილოტო სისტემა მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავების რეგისტრაციისთვის, რომლებიც ტომობრივი და ჩვეულებითი სამართლით იქნა გადაწყვეტილი. ეს გულისხმობს საბჭოების შექმნას, რომელიც უთანხმოების მოგვარების მიზნით ითანამშრომლებს ARAZI-სთან ან სხვა რომელიმე ტრადიციულ ორგანოსთან. ARAZI-ს პრიორიტეტია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მიწების მიტაცების პრევენცია და მიტაცებული მიწების დაბრუნების უზრუნველყოფა.[4]
ავღანეთში მიწის საკითხთან დაკავშირებით უფლებების დადგენა შესაძლებელია კონტიტუციის, რელიგიის კანონით, სამოქალაქო და ჩვეულებითი სამართლით. პრინციები შეიძლება იყო ერთმანეთის საპირისპირო. მაგალითად, ისლამური სამართალი ქალებს და ქვრივებს ანიჭებს მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას, მაშინ როდესაც, პაშტუნვალი (ეთიკური კოდი და პუშტუნების ტრადიციული ცხოვრების სტილი) პირიქით გამორიცხავს ქალთა უფლებას. გადაწყვეტილების მიმღები არაფორმალური და ფორმალური მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწის ფლობის უფლება უნდა განისაზღვრებოდეს ისლამური კანონმდებლობით, რომელიც თანაბარ უფლებებს ანიჭებს როგორც ქალს ისე მამაკაცს.
საოჯახო მიწების მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის ფართოდ გავრცელებული პრობლმაა ავღანეთში, განსაკუთრებით კუნდუზის, იმამ საჰიბის და ხან აბადის რაიონებში: 87% ფორმალური და არაფორმალური სამართლის აქტორები აცხადებდნენ, რომ მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს მიწის დავების უმეტეს ნაწილს. სამართლებრივი და რელიგიური ცოდნის სიმწირემ მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებით გამოიწვია ის რომ ოჯახის წევრები ასაჩივრებდნენ გაურკვეველ საქმეებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ძალით იტაცებდნენ ადგილებს, წინააღმდეგობას უწევდნენ ქალებს მემკვიდრეობის მიღების პროცესში. მიწებთან დაკავშირებული დავები შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თაობას შორის. უმეტესად კონფლიქტი ეხება ქალის მიერ მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას.
მიწის საკითხთან არსებული დავების უმეტესი ნაწილი ადგილობრივი უხუცესების და საბჭოების მიერ განიხილება. ზოგ შემთხვევაში ფორმალური სასამართლოები მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს გადასცემენ ადგილობრივ უხუცესებს. მიწასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კუთხით, ფორმალური და არაფორმალურ სამართლის მწარმოებლებს შორის არსებობს არაოფიციალური დონის თანამშრომლობა.
არაფორმალური სისტემა, ადგილობრივი უხუცესების მიერ მიწის საკითხთან დაკავშირებული დავების განხილვა ითვლება პრობლემის ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტად, რადგან მათ უფხო მალე შეუძლიათ დავის გადაწყვეტა. როგორც საზოგადოების წევრებმა მათ უკეთ იციან კონტექსტი, ოჯახის ისტორია და ირგვლივ არსებული დავები. არსებობს არაპირდაპირი აღიარება იმ ფაქტისა, რომ ოფიციალური სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ადგილობრივი უხუცესების და საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ლეგიტიმურად და უფრო მდგრადია, ასევე, უფრო სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სახელმწიფო სასამართლოს პროცესი.[5]
[1]The Central Intelligence Agency/The World Factbook: Afghanistan updated on January 12, 2017 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/af.html [accessed 2 March, 2017]
[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Afghanistan, 22 February 2017, available at:
[accessed 2 March 2017]
[3] EASO Country of Origin Information Report: Afghanistan Security Situation; November 2016
[4] The United States Institute of Peace:The Current Situation in Afghanistan; January 13, 2017 https://www.usip.org/publications/2017/01/current-situation-afghanistan [accessed 10 March 10, 2017]
[5] Peace Training and Research Orga/ United States Institute of Pe: Land Titling in Kunduz, Afghanistan;
3,July 2014
[accessed 10 March 10, 2017]