შიიტებსა და სუნიტებს შორის ოჯახური კავშირი ერაყში ტაბუდადებულ თემას არ წარმოადგენს, მეტიც, მსგავს კავშირებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მსგავსი ქორწინებები ერაყში მისაღებში, თუმცა მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს არსებულ გარემოებებს, განსახლების არეალსა თუ პირად ურთიერთობებს ოჯახსა და საზოგადოებასთან. 2011 წელს, ავსტრალიის ლტოლვილთა ტრიბუნალი წერდა, რომ 2006-2007 წლებში, მაშინ როდესაც კონფესიათა შორის დაპირისპირება ინტენსიურ ფაზაში იყო, შერეული ქორწინებები მიუღებელი გახდა და მსგავს კავშირში მყოფი პირები რიკის ქვეშ აღმოჩნდენ. აღნიშნულ პერიოდში წყვილებს აიძულებდნენ დაშორებულიყვნენ ან ოფიციალურად გაეფორმებინათ განქორწინება.
ასობით წლის მანძილზე შერეული ოჯახები მიღებული იყო, მათ შორის ბაღდადშიც. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა შერეული ოჯახების რაოდენობის შესახებ, თუმცა, ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ ერაყში ქორწინებების მესამედი შერეულია (2 მილიონი). შერეული ქორწინებები ხშირი იყო სადამის რეჟიმის პერიოდშიც. ინტეგრირებული რეგიონული საინფრომაციო წყაროების მიხედვით, მილიონობით ერაყელი ბავშვი სწორედ შერეულ ოჯახშია გაზრდილი. მათ პრობლემა არ ექმნებოდათ 2006 წლამდე, სანამ კონფესიურმა დაპირისპირებებმა თავისი გავლენა არ იქონიეს აღნიშნულ ფენომენზე. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა შერეული ოჯახების შევიწროებისა 2006-2007 წლების განმავლობაში, 2008-2011 წლებში ასეთ ფაქტებს უკვე ადგილი არ ჰქონდა.[1]
2009 წელს ერაყის ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, შეეთავაზებინა შიიტებისა და სუნიტებისთვის დაახლოებით 2,000 დოლარის ექვივალენტი ერაყული დინარი, რათა მათ მეუღლე სხვა სექტის წარმომადგენლებს შორის ეპოვათ. ეს იყო მცდელობა, განეიტრალებულიყო ის კონფესიური დაპირისპირებები, რომლებიც ქვეყნისთვის მოცემული პერიოდისთვის იყო განსაკუთრებით პრობლემური.[2] ერაყში მთავრობის მხრიდან შერეული (სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის) ქორწინების დაფინანსების და ახალდაქორწინებულ წყვილთათვის ფულადი ბონუსების გადაცემის შესახებ 2009 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა საერთაშორისო მედია საშუალება „ტელეგრაფი“ (The Telegraph). სტატიის მიხედვით, მთავრობამ წამოიწყო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობდა ქორწინებებს სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე ჩატარებული იყო 15 მასობრივი ქორწილი, რომელთა ფარგლებშიც 1700-მდე წყვილმა იქორწინა და, ფინანსური წახალისების სახით, 2000 ამერიკული დოლარი მიიღო.
სტატიის მიხედვით, წინა წლებში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამო, ერაყში კონფესიათაშორისი ქორწინებები საკმაოდ გაიშვიათებული იყო და მთავრობის ეს ნაბიჯი, სწორედ ამ კუთხით სიტუაციის დასტაბილურებას ემსახურებოდა. გამოცემასთან ინტერვიუში შიიტი მოძღვარი ამბობდა, რომ გასული წლების განმავლობაში, ოჯახები უფრთხოდნენ შერეული ტიპის ქორწინებებზე თანხმობას, რადგან არსებობდა ობიექტური შიში ორივე ისლამური მიმართულების კონსერვატული წარმომადგენლების მხრიდან ძალადობისა, თუმცა, უკანასკნელ ხანებში, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მოძღვრის განცხადებით, გასული ორი თვის განმავლობაში, მან 50-მდე სუნიტი მუსლიმი დააქორწინა, რომელთაგან 20 შერეული ქორწინების შემთხვევა იყო.[3]
მედია საშუალება „Al-Monitor“ 2013 წლის სტატიაში წერდა, რომ ერაყში დაახლოებით 6,5 მილიონი ოჯახი ცხოვრობს და მათგან 2 მილიონი შიიტურ-სუნიტური შერეული ოჯახია.[4]
კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2018 წლის 29 იანვარს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში ერაყში სუნიტებსა და შიიტებს შორის შერეული ქორწინების შესახებ წერს, რომ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ შიიტებსა და სუნიტებს შორის ქორწინება ერაყში საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი – ჯეიმს გელვინი ამბობს, რომ ერაყის ხელისუფლება „ხელს უწყობდა“ კიდეც სუნიტებსა და შიიტებს შორის შერეულ ქორწინებას, რათა „ჩამოეყალიბებინა ინკლუზიური ერაყელის იდენტობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერაყის კანონმდებლობა ორივე აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენლებს მუსლიმებად მიიჩნევს“.
კვლევით დირექტორატთან საუბრისა, „International Crisis Group“-ის პროგრამის დირექტორმა, საკუთარი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე განაცხადა, რომ „2003 წლამდე, ბაღდადსა და სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა სეკულარული იყო და, შესაბამისად, სუნიტებსა და შიიტებს შორის ქორწინებაც ნორმალურად იყო მიჩნეული“. ალ-ჯაზირას 2014 წლის ერთ-ერთი სტატიის მიხედვითაც, ირკვევა, რომ 2003 წლამდე ერაყში რეგისტირებული ქორწინებების დაახლოებით მესამედი იყო განხსხვავებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა შორის ქორწინებები.
BBC-ის 2016 წლის ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, რომელშიც საუბარია სუნიტი და შიიტი წყვილების შვილებზე, აღნიშნულია, რომ „მიუხადავად იმისა, რომ ერაყში სუნიტურ და შიიტურ მიმდინარეობებს შორის ქორწინებების რიცხვი 2003 წლის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა, ახლანდელი მდგომარეობით ეს საკმაოდ მიღებულია.“ იგივე საკითხზე საუბრობს „Human Rights Watch“ ერაყის პროგრამის უფროსი მკვლევარი, რომლის მიხედვითაც „შერეულ ქორწინებათა რიცხვმა იკლო 2003 წელს, ხოლო აღნიშნულმა კლებამ პიკს მიაღწია 2007 წლის სამოქალაქო ომის დროს, თუმცა, ეს (შერეული ქორწინება) კვლავ ხდება.“ „მიუხედავად გამონაკლისი შემთხვევებისა, შერეული ქორწინებები ერაყში არ წარმოადგენს დაპირისპირების საკითხს“.
რაც შეეხება აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო კუთხით მოწესრიგებას, ანგარიშში საუბარია, რომ ერაყის კონსტიტუცია არის საკმაოდ სეკულარული და არ განსაზღვრავს სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ერაყის მოქალაქეები თანასწორნი არიან კანონის წინაშე მათი სქესის, რასის, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილების, კონფესიური კუთვნილების (აღნიშნულში იგულისხმება შიიზმი, სუნიზმი და ა.შ.), ეკონომიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად.“
ხოლო კონსტიტუციის 41-ე მუხლი განსაზღვრავს შემდეგს: „ერაყის მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად განზაღვრონ საკუთარი პირადი სტატუსი (იგულისხმება ქორწინება) საკუთარი რელიგიის, მიმდინარეობის, რწმენისა თუ არჩევანის შესაბამისად და აღნიშნული საკითხი წესრიგდება კანონით“. გარდა ამისა, ყველა აღიარებულ რელიგიურ მიმდინარეობას უფლება აქვს თავად აირჩიოს, რომელ სასამართლოში მოხდება მისი პირადი სტატუსის, მათ შორის ქორწინების, საკითხთა თაობაზე დავების გადაწყვეტა.
შერეულ ქორწინებაში მყოფ პირთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ასეთი პირები შეიძლება გახდნენ სამიზნეები, მაგრამ არა განურჩევლად. ერაყში შერეული ქორწინებების ხანგრძლივი ისტორიაა. წყარო საუბრობს ქურთისტანის რეგიონზე, სადაც როგორც მამაკაცი, ასევე ქალი (განსაკუთრებით ქალი) შეიძლება ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობის ობიექტი გახდეს, როდესაც საუბარია „არასასურველ ქორწინებაზე“; მაგალითად შერეულ ქორწინებაზე სუნიტსა და შიიტს შორის, როდესაც ოჯახები ამის წინააღმდეგნი არიან. წყარო ასევე ამატებს, რომ შესაძლებელია ტომმა ან ოჯახმა დასაჯოს პირი (განსაკუთრებით ქალი) შერეული ქორწინების შემთხვევაში.
წყაროები აღნიშნავენ, რომ შერეული ქორწინებები უფრო პრობლემატური გახდა 2006 წლის შემდეგ, როდესაც კონფესიათა შორის განსხვავება პოლიტიზებული გახდა. პრობლემის ხარისხი კი განსხვავებულია ადგილებსა და ოჯახებს შორის. 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდში ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ აღწერა ოჯახში ძალადობის 1,249 შემთხვევა ქვეყნის 6 პროვინციის მასშტაბით – ბაღდადი, ბასრა, კირკუკი, დოჰუკი, ერბილი და სულეიმანია. მათ შორის 11 ინციდენტის მიზეზი იყო შერეული ქორწინება. ორგანიზაციამ აღწერა შემთხვევები, როდესაც სუნიტურ-შიიტურ წყვილს აიძულეს განქორწინება, როდესაც ქალს ავიწროვებდნენ ქმრის ნათესავები მისი განსხვავებული კონფესიური კუთვნილების გამო და როდესაც, განქორწინების შემდეგ, ბავშვები დატოვეს მამასთან და დედას არ აძლევდნენ მათი ნახვის უფლებას მისი განსხვავებული კონფესიური კუთვნილების გამო.
სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შესაძლებლობის შესახებ, წყაროები წერენ, რომ შერეული ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაცვის რაიმე ფორმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. სახელმწიფო დაცვა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თითქმის არ არსებობს. ერაყში არ მოქმედებს ანტი-დისკრიმინაციული კანონი ან რაიმე სხვა კანონი, რომელიც ოჯახში ძალადობას დასჯადს გახდის, გარდა ქურთისტანის რეგიონისა. ასევე, არ არის რაიმე დადგენილება სუნიტურ-შიიტური კავშირებისთვის.[5] [6]
[1] Australian Government Refugee Review Tribunal, Country Advice / Iraq, 21 February 2012, available at:
(accessed: 03.09.2011)
[2] David Piper, Iraqi Program Offering Thousands of Dollars for Mixed Marriages Bears Fruit, July 15, 2009, available at: http://www.foxnews.com/story/2009/07/15/iraqi-program-offering-thousands-dollars-for-mixed-marriages-bears-fruit.html (accessed: 03.09.2011)
[3] The Telegraph: article Iraq gives cash bonuses to Shia and Sunni couples, 6 August 2009 ; available at: https://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/iraq/5980637/Iraq-gives-cash-bonuses-to-Shia-and-Sunni-couples.html [accessed 7 October 2019]
[4] Bushra Al Mudhafar, IRAQ PULSE, Iraq’s Sunni-Shiite Families Fear Renewed Sectarian Violence, March 25, 2013
available at:http://www.al-monitor.com/pulse/originals/2013/03/iraq-mixed-families-fear-violence.html#ixzz35DbXzyri (accessed: 03.09.2011)
[5] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Iraq: Inter-sect marriage between Sunni and Shia Muslims, including prevalence; treatment of inter-sect spouses and their children by society and authorities, including in Baghdad; state protection available (2016-January 2018) [IRQ106049.E], 29 January 2018
(accessed on 1 May 2019)
[6] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:
[accessed on 1 May 2019]