საუდის არაბეთი. ინფორმაცია შვილად აყვანის პროცედურების შესახებ. აგვისტო, 2021

საუდის არაბეთის სამეფოში ადამიანური რესურსების და სოციალური განვითარების სამინისტრო ზრუნავს ობლებსა და ბავშვებზე და ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია, ობოლი ბავშვები ბავშვთა სახლების ნაცვლად, ოჯახებში გაიზარდონ. მიმღები (აღმზრდელი) ოჯახის პროგრამა (Foster Family Program) არის ელექტრონული სერვისი, რომელიც ოჯახებს, ვისაც სურთ, იშვილონ ობოლი ბავშები, აძლევს საშალებას, დაარეგისტრირონ ელექტრონული მოთხოვნა. პროგრამის აღწერაში წერია, რომ ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს ობოლზე და აღზარდოს ისე, როგორც საკუთარი შვილი; მისცეს მას განათლება და ყველა საკითხი გადაწყვიტოს ისე, როგორც საკუთარი შვილის შემთხვევაში, ვიდრე შვილად აყვანილი ბავშვი არ მიაღწევს ისეთ მდგომარეობას, რომ დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარ თავზე ზრუნვას. პროგრამის მიზანია, მიმღებ ოჯახებს მთელი პროცესის განმავლობაში გაუწიოს მხარდაჭერა.

ოჯახებს, ვისაც სურთ, ბავშვი იშვილონ, უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალზე, აირჩიონ „მიმღები ოჯახის პროგრამის აპლიკაცია“, გაეცნონ დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს, შეავსონ დადგენილი ფორმა და გააკეთონ განაცხადი. განაცხადის გაკეთება მსურველებს სამინისტროში ადგილზე მისვლითაც შეუძლიათ. შესაბამისი წესებისა და სტანდარტების დაცვით, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ოჯახებს, ასევე მარტოხელა, განქორწინებულ ან ქვრივ ქალებსაც. მსურველებს განაცხადი არაერთხელ შეუძლიათ გააკეთონ – ახალი განაცხადი შეიძლება გაკეთდეს მას შემდეგ, რაც არსებული განაცხადის განხილვა დასრულდება.[1]

საუდის არაბეთის მთავრობის ინტერნეტ პორტალის მიხედვით, ბავშვების, ზოგადად, და განსაკუთრებით ობლების უფლებების დაცვის და მათზე ეფექტიანი ზრუნვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა ბავშვებსა და ობლებზე ზრუნვის სისტემა. ობლებსა და მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვის მთავარი ადმინისტრაცია ატარებს საჭირო და აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ობოლი ბავშების განათლების სისტემაში ჩართვა და ზრუნვა რეზიდენტი სახლებისა და ინსტიტუციების გამოყენებით. ადმინისტრაცია, ამასთან, განაგრძობს ბავშვებზე მეთვალყურეობას მათი მიმღებ ან მეგობარ ოჯახებში გადასვლის შემდეგ, რათა ბავშვები იღებდნენ სათანადო ზრუნვას. არასრულწლოვანთა სოციალურ დაცვას ასევე კურირებს არასრულწლოვანთა კეთილდღეობის დეპარტამენტი, რომელიც, მათ შორის, უზრუნველყოფს ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას სისტემის უკეთ ფუნქციონირებისთვის.[2]

ინტერნეტ მედია პორტალი „Arab News“ 2020 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში „ობოლთა შვილად აყვანა ეხმარება სოციალურ ინტეგრაციას საუდის არაბეთში“ წერს საუდის არაბეთში შვილად აყვანისა და მიმღები ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ შრომისა და სოციალური განვითარების საკითხთა მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს გეგმაა, მიმღები ოჯახების რაოდენობა გაზარდოს, რათა ობოლმა ბავშვებმა საჭირო ზრუნვა მიმღებ ოჯახებში მიიღოს და ობოლთა თავშესაფარი ცენტრები აღარ იყოს საჭირო.

სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილია მიმღები ოჯახის სტატუსის მოპოვების მსურველთა რაოდენობა და მთელი სამეფოდან მიღებული განაცხადები 3 ათასს აჭარბებს. სამინისტროს ინფორმაციითვე, 8694 ოჯახმა უკვე იშვილა ბავშვი. სტატიაში, ასევე საუბარია მიმღები ოჯახის მხარდაჭერის პროგრამაზე და ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანია, ობოლი ბავშვები ოჯახებში გაიზარდონ. ობოლთა თავშესაფრებში ბავშვების განთავსებას სამინისტრო უკანასკნელ ვარიანტად განიხილავს.

პროგრამა ბავშვებს ასევე სთავაზობს სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ ოჯახებში აღზრდას, სადაც ისინი ისწავლიან კულტურულ საკითხებს და შეიძენენ კარგ ღირებულებებსა და მორალურ თვისებებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროგრამა ობოლ ბავშვებს ეხმარება, ვიდრე ისინი არ მიაღწევენ ისეთ მდგომარეობას, რომ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა. მიმღები ოჯახისთვის ოთხი მთავარი მოთხოვნაა დაწესებული ჯანდაცვის, სოციალური, ფლისქოლოგიური და ეკონომიკური ასპექტების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს, რომ ბავშვი გაიზრდება კარგ გარემოში. მთავრობა მიმღებ ოჯახებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გასცემს ყოველთვიურ შემწეობას, რაც ოჯახებს ბავშვის ფინანსურად უზრუნველყოფაში ეხმარება. სამინისტრომ მიმღები ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა „ხედვა 2030“-ის ფარგლებში წამოიწყო და მიიჩნევს, რომ ობოლ ბავშვებზე ზრუნვის ასეთი მიდგომა მათთვის საუკეთესო ვარიანტია. სამინისტრო მიმღები ოჯახებისგან ითხოვს, რომ ქალი იყოს 50 წელზე ახალგაზრდა და ოჯახს უნდა ჰქონდეს კარგი ეკონომიკური მდგომარეობა; ამასთან, ოჯახის რომელიმე წევრს არ უნდა ჰქონდეს რაიმე გადამდები დაავადება და ფსიქოლოგიური პრობლემები.[3]

[1] Ministry of Human Resources and Social Development; Foster-Family program application; available at: https://hrsd.gov.sa/en/queries/foster-family-program-application [accessed on 11 August, 2021]

[2] GOV SA; Unified National Platform; Social Protection; Social Welfare System; available at: https://www.my.gov.sa/wps/portal/snp/aboutksa/SocialProtection [accessed on 11 August, 2021]

[3] Arab News; Adoption of orphans helps social integration in Saudi Arabia; 5 January, 2020; available at: https://www.arabnews.com/node/1608466/saudi-arabia [accessed on 11 August, 2021]