იორდანია. შიდსით დაავადებულთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში აივ-ინფექცია/შიდსი მკაცრად ტაბუდადებულ თემას წარმოადგენს. ამ კუთხით განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება დაავადების შესახებ, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ შიდსი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ლგბტი თემის წარმომადგენლებს ემართებოდათ. საზოგადეობაში აივ-დადებითი პირები საკმაოდ მაღალი ხარისხის სტიგმას ექვემდებარებოდნენ, რის გამოც მათი უმრავლესობა მალავდა საკუთარ სტატუსს. მთავრობა აგრძელებდა საჯარო სივრცეში ცნობადობის ამაღლების კუთხით მუშაობას და ცდილობდა, აღმოეფხვრა აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება. თუმცა, იორდანიის ხელისუფლება ასევე აგრძელებდა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის ყოველწლიურ ტესტირებას ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა: აივ-ინფექცია/შიდსი; ჰეპატიტი B; სიფილისი; მალარია და ტუბერკულოზი. ყველა იმ მიგრანტს, რომელთაც აივ-დადებითი სტატუსი უდასტურდებოდა,  ქვეყნიდან იძულებით დეპორტაციას უქვემდებარებდნენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არ კრძალავს დასაქმების სფეროში პირთა დისკრიმინაციას რიგი მიზეზების (რასა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა, მოქალაქეობა და ა.შ.), მათ შორის – აივ-დადებითი სტატუსის საფუძველზე.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2020 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ იორდანიაში ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სამედიცინო შემოწმებების დროს აივ-ინფექცია/შიდსი აღმოაჩნდება, დაუყოვნებლივ დეპორტაციას ექვემდებარება. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, იორდანიაში არსებული რეგულაციები აიძულებს მოქალაქეებს, საჯარო სექტორში დასაქმებისას გაიარონ ტესტირება აივ-ინფექციაზე, რომელზეც დადებითი პასუხის შემთხვევაში, მათ სამსახურში მიღებაზე უარი ეთქმებათ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შიდს-ით დაავადებული ლგბტი პირებისთვის ქვეყანაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან ის სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც მათდამი სამედიცინო მუშაკები და დამსაქმებლები გამოხატავენ, მათ ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე, უზღუდავს წვდომას ელემენტარულ ძირითად უფლებებზე.[2]

ექსპერტი  ასსად რაჰჰალი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)ეგიდით გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „იორდანიაში აივ-ინფექცია/შიდს-თან დაკავშირებული აქტივობების შეფასება“ წერდა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, იორდანია ითვლება შიდს-ის გავრცელების დაბალი პრევალენტობის მქონე სახელმწიფოდ, სადაც აღნიშნული დონე მოსახლეობის 0.02 %-ს უტოლდება. ანგარიშის მიხედვით,  2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში დადასტურებული აივ-ინფექციის შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა იყო 1408. აქედან იორდანიის მოქალაქეების რაოდენობა იყო 383, რომელთაგან 129 გარდაიცვალა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბინადრობის მოწმობის გაცემისას, უქვემდებარებენ შიდს-ზე ტესტს, რომელზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მათ ქვეყნიდან აძევებენ.

ანგარიშში მოცამულია იორდანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც ის ცდილობს აივ-ინფექცია/შიდს-ის გავრცელების დონის შემცირებას (2004-2012 წლების სტატისტიკა). ესენია:

  • სისხლის გამცემი ყველა პირის სქრინინგი;
  • ცნობიერების ამაღლება;
  • აივ-ინფექცია/შიდს-ით დაავადებული პირების, მათი ოჯახის წევრებისა და კონტაქტების მკურნალობა, მათზე ზრუნვა და დაავადების პრევენცია;
  • ამმანის ცენტრსა და სხვა პროვინციებში აივ-ინფექციის კუთხით საკონსულტაციო/ფსიქოლოგიური სერვისები, ასევე – აღნიშნულ დაავადებაზე ტესტირება;
  • აივ-პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის სახლებში მკურნალობა;
  • შიდს-ით დაავადებული პირების ფსიქოლოგიური, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერა;
  • შიდს-ით დაავადებული პირების საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობებით;
  • აივ-ინფექცია/ შიდს-ის კუთხით ჯანდაცვის პროფესიონალების გადამზადება
  • და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი მთავარი შიდს-ის ცენტრი  მდებარეობს ამანში, სადაც პაციენტების მკურნალობისა და მათზე ზრუნვის გარდა, მოქმედებს ქოლ-ცენტრი, სადაც საკონსულტაციო სერვისების მიღებაცაა შესაძლებელი. ქოლცენტრის საშუალებით პაციენტები იფილტრებიან და სარისკი/საეჭვო შემთხვევებზე, გაიცემა რეკომენდაცია ტესტის გაკეთებასთან დაკავშირებით. 2017 წლის განმავლობაში, სულ დაიტესტა 231 პირი, რომელთაგან 14-ს დაუდასტურდა აივ-ინფექცია.

აივ-ინფექციის ტესტირებაზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტები დაუყოვენებლივ მისამართდებიან შესაბამის VCT (ნებაყოფლობითი საკონსულტაციო და ტესტირების) ცენტრებში, სადაც იკვლევენ მათ კონტაქტებს. ამას გარდა, სწორედ აღნიშნულ ცენტრებში ეძლევათ მათ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: შესაბამისი ინფორმაცია; შიდს-ის დაავადების პრევენცია; პაციენტებზე ზრუნვა და  ანტირეტროვირალური თერაპია (ART) მკურნალობა). პაციენტებს ენიჭებათ უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო მათი ჯანმრთელობის ისტორია ინახება VCT და სამკურნალო ცენტრებში მთლიანი სიცოცხლის მანძილზე.

ანგარიშის მიხედვით, იორდანიის  აივ-ინფექციით დაავადებული პაციენტების მიერ ART მკურნალობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ VCT და სამკურნალო ცენტრებში, რომლებიც ქ. ამმანში მდებარეობს. მკურნალობაზე წვდომა მხოლოდ იორდანიის მოქალაქეებს აქვთ. ანგარიშში ასევე აღწერილია დეტალური პროცესი, თუ როგორ ხდება შიდს-ის მკურნალობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მედიკამენტების (მათ შორის – ანტირეტროვირალური მედიკამენტების) შეძენა-მიწოდება.[3]

ადგილობრივი მედია საშუალება Jordan Times 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 260-მდე აივ-ინფექციით დაავადებული პირი იმყოფება. სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორმა – ნაშაათ თაანიმ განაცხადა, რომ აღნიშნული 260 პაციენტიდან, 229 სამეფოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კლინიკებში უფასო მკურნალობას გადის. თაანის მიხედვით, იორდანიის მოქალაქეებისთვის შიდს-ის მკურნალობა უფასოა, მაშინ როდესაც, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაავადების გამოვლენისთავე ქვეყნიდან დეპორტაციას ექვემდებარება. მან ასევე დამატებით განმარტა, რომ როგორც კი პაციენტს აივ-ინფექცია დაუდასტურდება, მას დაუყოვნებლივ ათავსებენ უახლოეს კლინიკაში და იკვლევენ მის კონტაქტებს, რათა მაქსიმალურად აკონტროლონ დაავადების გავრცელება.

სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, იორდანიის სამეფოში აქამდე დაფიქსირებულია მხოლოდ 450-მდე აივ-ინფექციის შემთხვევა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამას გარდა, სამინისტროს წარმომადგენელმა დამატებით განაცხადა, რომ პაციენტთა უმრავლესობას დაავადება გადაედო სექსუალური აქტის და არა ინფიცირებული ნემსების ან სხვა საჯარო ნივთებთან კონტაქტის შედეგად.[4]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Jordan; published in March 2020; available at

[accessed 11 November 2020]

[2] Human Rights Watch – ” Foreigners Living with HIV in Jordan Face an Impossible Choice” published in October 2020; available at https://www.hrw.org/news/2020/10/26/foreigners-living-hiv-jordan-face-impossible-choice [accessed 11 November 2020]

[3] Evaluation of HIV/AIDS Activities in Jordan, July 2018 – Report written by: Dr. Assad Rahhal Supported by International Organization for Migration (IOM), Amman; available at

[accessed 12 November 2020]

[4] JordanTimes – article “260 Jordanians are diagnosed with AIDS — health official”; published on 1 May 2019; available at https://www.jordantimes.com/news/local/260-jordanians-are-diagnosed-aids-%E2%80%94-health-official [accessed 11 November 2020]

ეგვიპტე. შიდსის პროგრამა და მასზე ლგბტი პირების წვდომა. სექტემბერი, 2019

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ეგვიპტე კლასიფიცირებულია, როგორც აივ / შიდსის დაავადების დაბალი ეპიდემიური საშიშროების მქონე სახელმწიფო. ქვეყნის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინისტროს მიხედვით, 1986 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ბოლოს პერიოდში, დაფიქსირებულია აივ / შიდსით დაავადებული 2393 პირი (1534 აივ ინფექცია; ხოლო 859 – შიდსით დაავადებული), რაც შეეხება დაღუპულ პირთა რაოდენობას, 2008 წლის ბოლოსთვის აღნიშნული რიცხვი 1059 უდრიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს შიდსის აქტიური ეროვნული პროგრამა (Egypt National AIDS Program), რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი ტესტირების; საკონსულტაციო მომსახურებას და ანტირეტროვირუსული თერაპიაზე წვდომას, ეგვიპტეში უამრავი გამოწვევა დგება აივ/ შიდსის დაბალი პრევალენტობის შენარჩუნებაში. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა; რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე სუსტი წვდომა; დევნილთა შემოდინება სუდანიდან და მეზობელი „აფრიკის რქის“ ქვეყნებიდან; საზღვარგარეთ მომუშავე ეგვიპტელთა დიდი რაოდენობა, რომლებიც შეიძლება შინ აივ ინფექციით დაუბრუნდნენ; გავრცელებული შიში და სტიგმა და ა.შ.[1]

გაეროს საერთო აივ/შიდსის პროგრამა (UNAIDS) 2017 წელს გამოქვეყნებულ სამონიტორინგო ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ „ 2015 წლის ბოლოსთვის ეგვიპტეში აივ-ინფექციით დააადებული იყო 11 000 ადამიანი; ხოლო ამჟამად, შიდსით დაავადებული თითქმის 3000 ადამიანი იღებს ART თერაპიას ეგვიპტის მთავრობის მიერ უფასოდ მიწოდებული სამკურნალო პროგრამის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში მკურნალობა ძირითადად გლობალური ფონდის მიერ გამოყოფილ რესურსებს ეყრდნობოდა, 2014 წლიდან მოყოლებული, ეგვიპტის მთავრობამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რომ ყველა ART თერაპიის დასაფინანსებლად გამოეყენებინა ქვეყნის შიდა რესურსები. ამას გარდა, ქვეყანაში დანერგილია თანამედროვე, აივ-თერაპიის სახელმძღვანელო პრინციპები (Guidelines). ასევე, აღსანიშნავია, რომ ეგვიპტოს ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინიტროს მიერ მიწოდებული ყველანაირი ტიპის სამკურნალო თუ მოვლა-გამაჯანსაღებელი სერვისები, აივ-ინფექციით დაავადებული ყველა პირისთვის არის სრულიად უფასო“.

ანგარიშში ასევე მოცემულია კონკრეტული რისკ-ჯგუფები და მათ მიმართ არსებული მოქმედი კანონმდებლობა. მაგალითად, ტრანსგენდერი პირების შემთხვევაში არ მოქმედებს სისხლისამართლებრივი დევნა და ისინი არ იდევნებიან; სექს-მუშაკების შემთხვევაში, სიტუაცია განსხვავებულია, რადგან  სექსუალური მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ეგვიპტეში კრიმინალიზებულია; რაც შეეხება მამაკაცებს, რომელთაც სექსუალური ურთიერთობა აქვთ სხვა მამაკაცებთან, აღნიშნული სეგმენტისთვის არ არის განსაზღვრული კონკრეტული სასჯელი (თუმცა, მითითებულია, საჯარო სივრცეში სექსი და, ასევე, მათ მიერ სექსუალური მომსახურების ყიდვა-გაყიდვა. სისხლისამართლებრივი წესით დასჯად დანაშაულს წარმოადგენს).

ამას გარდა, ანგარიშის სხვა ნაწილში მითითებულია, რომ „აივ პრევენციისა და ზრუნვის კუთხით სამართლებრივი გარემო რთული და სწრაფად ცვალებადია. ახალი კონსტიტუციის მე-18 მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის უფლებას ყველასთვის….. ჩვეულებრივ, მამაკაცებს შორის სექსი სისხლისსამართლებრივ დევნის კუთხით ხშირად განიხილება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ – გარყვნილება“. ამას გარდა, „ჯანდაცვის სფეროში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო რეგულაციები არსებობს, მაგრამ დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობა აღიარებს, რომ იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რომლებიც პირებს დისკრიმინაციას უქვემდებარებენ, სასჯელი იშვითად თუ ინიშნება.“ [2]

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიხედვით, ეგვიპტეში საკმაოდ რთულია პრევენციული სერვისების მიწოდება მოსახლეობის იმ მოწყვლადი ნაწილისთვის, რომელიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის, რადგან მათი ქცევა და ცხოვრების წესი, ეგვიპტური კანონის მიხედვით, განიხილება, როგორც დანაშაული. როდესაც საქმე ეხება ტესტირების, ზრუნვის, დამხმარე და სამკურნალო სერვისების მიწოდებას აივ–ინფექციით დაავადებული პირებისთვის, დაზარალებულთა უმეტესობის შემთხვევაში, ის საკმარისად ადრეულ ასაკში არ ტარდება. გარდა ამისა, მკურნალობის პირველ წელს ფიქსრიდება მკურნალობაზე თავის დანებების ბევრი შემთხვევა, მრავალი პირადი და სტრუქტურული მიზეზის გამო, მათ შორის მკურნალობის ცოდნის და მხარდაჭერის არარსებობის გამო. ყველა ეს ფაქტორი იწვევს სიკვდილიანობის ზრდას. 2016 წელს, შიდსით შედეგად დაღუპულთა სავარაუდო რიცხვი 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში 100-ზე ნაკლებია, ხოლო 0-დან 17 წლამდე შიდსის გამო დაობლებულთა რიცხვი 2200-ს შეადგენს.

ეგვიპტეში შემუშავებულია ძლიერი ეროვნული სტრატეგიული გეგმა 2015-2020 წლების პერიოდის გასაშუქებლად, „90-90-90“ გლობალურ მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი ამბიციური მიზნების გათვალისწინებით (აღნიშნული „90-90-90“ პროგრამა გულისხმობს, რომ აივ-ინფექციით დაავადებულთა  90 % იცის საკუთარი სტატუსი აივ-ზე; იმ პირთა 90 %-მა კი, ვინც იცის საკუთარი დადებითი სტატუსი, დაიწყო მკურნალობა; და იმ პირთა 90 %-ის შემთვევაში, რომელნიც გადიოდნენ მკურნალობას, მიღწეულია ვირუსული ჩახშობის ეტაპი). სახელმწიფოების მიერ 2016 წლის პოლიტიკური დეკლარაციით დადასტურებული გლობალური მზადყოფნა, რათა 2030 წლისთვის შიდსის დაავადება დამარცხებული იქნას.

სტრატეგიის განხორციელება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მთავრობამ დადო პირობა, რომ ეროვნული რესურსების საშუალებით ხელს შეუწყობს მკურნალობის შეძენისა და მიწოდების პროცესს, პრევენციის, ზრუნვისა და დახმარებისა კუთხით მრავალი ხარვეზი კვლავ არსებობს.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანაგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ აივ–პოზიტიური ინდივიდები განიცდიდნენ მნიშვნელოვან სოციალურ სტიგმასა და დისკრიმინაციას საზოგადოების მხრიდან და სამუშაო ადგილზე. თუმცა, მათთვის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში გათვალისწინებული იყო ისეთი ტიპის სერვისები, როგორიცაა: ანონიმური კონსულტაცია და ტესტირება აივ ინფექციაზე; უფასო ანტირეტროვირუსული თერაპია როგორც მოზრდილთათვის, ასევე – არასრულწლოვანთათვის; დახმარების ჯგუფები და ა.შ.

რაც შეეხება დასაქმების კუთხით სიტუაციას, ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად – „კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია უფლებების, თავისუფლებების და ზოგადი ვალდებულებების კუთხით და არ შეიძლება დაექვემდებაროს დისკრიმინაციას, რომელიც განპირობებულია მათი რელიგიის, რწმენის, გენდერის, წარმოშობის, რასის, კანის ფერის, ენის, შეზღუდული შესაძლებლობის, სოციალური კლასის, პოლიტიკური თუ გეოგრაფიული კუთვნილების ან რაიმე სხვა მიზეზით.“ თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით,  ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში კონკრეტულად არ იყო განსაზღვრული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა: ასაკი, მოქალაქეობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და აივ-ინფექციაზე (შიდსი) დადებითი სტატუსი.[4]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2019 წლის თებერვალში გამოაქვეყნა გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვრცელი ანგარიში, რომელიც იმყოფებოდა კაირშო და აღწერა ქვეყანაში სხვადასხვა სოციალურ ფენათა წარმომადგენლების წვდომა საცხოვრებელ ადგილებზე. ანგარიშის მიხედვით: „სპეციალურმა მომხსენებელმა მოისმინა შემაშფოთებელი ისტორიები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების მხრიდან  ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დისკრიმინაციის შესახებ კაიროში საცხოვრებელზე წვდომასთან დაკავშირებით. ამას გარდა,  მომხსენებლის მიხედვით,  ეგვიპტეში არსებული ზოგადი კულტურული კლიმატი ლგბტ  და აივ ინფექცია / შიდსით დაავადებული პირების მიმართ ხშირად გამოიხატება  შევიწროებას, დაშინებასა და დისკრიმინაციაში.“[5]

[1] World Health Organization – Egypt: HIV/AIDS; available at http://www.emro.who.int/egy/programmes/hiv-aids.html [accessed 5 September 2019]

[2] UNAIDS – Country progress report – Egypt; Global AIDS Monitoring 2017; available at

[accessed 5 September 2019]

[3] UNICEF – Egypt HIV/ADIS; available at https://www.unicef.org/egypt/hivaids [accessed 5 September 2019]

[4] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Egypt; available at

[accessed 5 September 2019]

[5] UN Human Rights Council – “Revised comments by the government of Egypt on the report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living, and on the right to non-discrimination in this context’ – available at

[accessed 5 September 2019]