შრი ლანკა. ეთნიკურად თამილი მოსახლეობის მდგომარეობა. მაისი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში შრი ლანკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა 2015 წელს მათრიპალა სირისენას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. მიუხედავად ამისა, რომ მთავრობის ქმედებები იყო ნელი გარდამავალი პერიოდის სამართლის საჭირო მექანიზმების კუთხით, რომელიც მიმართული უნდა იყოს 26-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგებისკენ; ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება მთავრობას და თამილელ ამბოხებულებს შორის 2009 წელს დასრულდა. სირისენას, როგორც დემოკრატი რეფორმატორის რეპუტაცია შეილახა 2018 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს, როდესაც მან სცადა ერთპიროვნულად ჩაენაცვლებინა პრემიერი, დაეთხოვა პარლამენტი და ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები. მისი მცდელობები დაბლოკეს საპარლამენტო უმრავლესობამ და სასამართლომ.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „ეროვნული ფრონტი კარგი მმართველობისთვის“ გამარჯვება მოიპოვა და 225 მანდატიდან 106 მიიღო. „ერთიანი სახალხო თავისუფლების ალიანსი მეორე ადგილზე გავიდა და 95 მანდატი მიიღო. თამილთა ეროვნული ალიანსი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უმსხვილესი პარტიაა, 16 მანდატის მფლობელი გახდა. დარჩენილი ადგილები სამ მცირე ჯგუფს შორის გადანაწილდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს ძალადობრივი ინციდენტები, მათ შორის მკვლელობა ახლდა, თავად არჩევნები და ხმის მიცემა სანდოდ შეფასდა.

რიგი პოლიტიკური პარტიებისა წარმოადგენენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტერესებს, მათ შორის არიან თამილური პარტიები და შრი ლანკის მუსლიმთა კონგრესი, რომელიც ქვეყანაში უმსხვილესი მუსლიმური პარტიაა. 2015 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში თამილური პარტიები და თამილი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ შევიწროვებასა და ძალადობას აწყდებოდა, ვიდრე 2010 წლის არჩევნებში. თუმცა, სისტემური დისკრიმინაცია, მათ შორის კანონმდებლობა ენის შესახებ და ნატურალიზაციის პროცედურები, ნეგატიურად მოქმედებს თამილთა პოლიტიკურ ჩართულობაზე. ქალები არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში და ისინი საერთო მანდატების მხოლოდ 6%-ს ფლობენ.

ჩაის პლანტაციებში ძირითადად თამილი მოსახლეობაა დასაქმებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი 70 პროცენტზე მეტი გაერთიანებულია, მაინც აწყდებიან უფლებების დარღვევებს. შრომითი აქტივისტების შევიწროვებისა და ოფიციალურ დონეზე გაერთიანებათა აქტივობების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის ზონებში, რეგულარულად ვრცელდება ცნობები.

პოლიცია და უსაფრთხოების ძალები, ცნობილია, რომ ჩართულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში, როგორიცაა უსამართლოდ სიკვდილით დასჯა, იძულებითი გაუჩინარება, საპატიმროში გაუპატიურება და წამება; ყოველივე ეს არაპროპორციულად ეხება თამილებს. რესურსების ნაკლებობის გამო, დამოუკიდებელი კომისია საკმაოდ ნელია პოლიციისა და სამხედროების მხრიდან სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესში. თამილები აცხადებენ სისტემატური დისკრიმინაციის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მათ შორის, სამთავრობო სექტორში დასაქმება, საუნივერსიტეტო განათლება და სამართლიან სასამართლოზე წვდომა.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) შრი ლანკის შესახებ წერს, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე ინდური წარმოშობის თამილები განიცდიან ხანგრძლივ და სისტემატურ დისკრიმინაციას საუნივერსიტეტო განათლების, სამთავრობო სექტორში დასაქმების, განსახლების, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის, ენის კანონების და ნატურალიზაციის პროცედურების კუთხით. მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში, თამილთა მტკიცებით, უსაფრთხოების ძალები რეგულარულად აკონტროლებენ და ავიწროვებენ მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით აქტივისტებს და ყოფილ LTTE (თამილელი ვეფხვები) წევრებს ან ასეთად მიჩნეულებს.

მთავრობაში მოქმედებს რამდენიმე სამინისტრო და პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირები, რომელთა მიზანი თამილი უმცირესობის სოციალური და სხვა კუთხით განვითარების საჭიროებების გადაწყვეტაა. ხელისუფლებამ განახორციელა ნდობის აღდგენისკენ მიმართული რიგი პროექტებისა, რომელიც ასევე მიმართული იყო თამილი მოსახლეობისკენ. მთავრობამ, ასევე, სამხედრო გუბერნატორები ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში ჩაანაცვლა სამოქალაქო პირებით. პრეზიდენტის მიერ, 2016 წელს შეიქმნა ეროვნული ერთობისა და შერიგების ოფისი, რომელიც განაგრძობს სამოქალაქო შერიგების კუთხით სამთავრობო ძალისხმევის კოორდინირებას. ოფისი ფოკუსირებულია სოციალური ინტეგრაციის წახალისებაზე, რათა შეიქმნას ინკლუზიური საზოგადოება, დაცული იყოს ენობრივი უფლებები ყველა მოქალაქისთვის და აღარ განმეორდეს ძალადობა. თამილთა ეროვნული ალიანსი და თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს შეხვედრებს სამხედროების მიერ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში დაკავებული მიწების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. 2018 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სირისენამ გამოსცა განკარგულება და სამხედროებს დაავალა, წლის ბოლომდე გაეთავისუფლებინათ ყველა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. დამკვირვებელთა მტკიცებით, ასეთი ბრძანების აღსრულება ასეთ ვადებში ლოგისტიკურად შეუძლებელი იყო.

ზოგიერთი თამილი პოლიტიკოსი და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი ყოფილი „თამილელი ვეფხვების“ ზოგიერთ მებრძოლს, რომლებიც ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით არიან გასამართლებული „პოლიტიკურ პატიმრებად“ მიიჩნევს. ასეთი 130-მე მეტი პირია ამჟამად საპატიმროებში. ხელისუფლება არც მათ და არც სხვა ვინმეს არ აღიარებს პოლიტიკურ პატიმრად და აცხადებს, რომ პირები მათი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის არიან საპატიმროებში. ხელისუფლება რეგულარულად რთავს ნებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯგუფებს და დამკვირვებლებს მოინახულონ საპატიმროები და იქ არსებული პირობები.

2018 წლის ოქტომბერში ათობით თამილმა პატიმარმა ქვეყნის მასშტაბით შიმშილობა წამოიწყო, მათ შორის ყოფილი „თამილელი ვეფხვების“ მებრძოლებმა; ისინი მოითხოვდნენ გახანგრძლივებული დაკავების გადაწყვეტას. ბევრი მათგანი, საპატიმროში ტერორიზმის პრევენციის აქტით და ყოველგვარი ბრალდების გარეშე იმყოფება. დაკავებულები ითხოვდნენ ან ბრალის წაყენებას და გასამართლებას ან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

დამოუკიდებელი მედია აქტიურია და აშუქებს სხვადასხვა ხედვებს და მიმართულებებს. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთში, სადაც თამილები უმრავლესობაში არიან, ჟურნალისტები საუბრობენ გარკვეული ხასიათის შევიწროვებასა და ჩარევაზე უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან, როდესაც ხდება სამოქალაქო ომთან ან სხვა მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქება.

ქვეყნის სამოქალაქო ომმა, რომელიც 2009 წელს დასრულდა, იძულებითი გადაადგილება გამოიწვია, ძირითადად თამილი მოსახლეობის. განსახლების, რეაბილიტაციის, ჩრდილოეთის განვითარებისა და ინდუისტური რელიგიის საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 30 ივნისისთვის ქვეყანაში 37 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი რჩებოდა. ყველა დევნილს აქვს გადაადგილების სრული თავისუფლება, თუმცა უმეტესობა ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორისაა დანაღმული ტერიტორიები, სამუშაოს ნაკლებობა, ძირითად სერვისებზე წვდომის ნაკლებობა და ა.შ. ხელისუფლება მხარს უჭერს დევნილების დაბრუნებას და ამის ჟესტად, სახელმწიფომ დააბრუნა სამხედროების მიერ დაკავებული მიწა (840 აკრის ოდენობით) და სახელმწიფო მიწა ხელმისაწვდომი გახადა მიწის გარეშე დარჩენილი დევნილებისთვის. სამხედროები და სხვა სამთავრობო უწყებები ეხმარებიან დევნილებს დაბრუნების პროცესში – გამოთავისუფლებულ მიწებზე ისინი აშენებენ სახლებსა და სკოლებს და უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მიწოდებას.[2]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Sri Lanka, 4 February 2019

 (accessed on 13 May 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Sri Lanka, 13 March 2019

 (accessed on 13 May 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 აპრილი, 2019

ტრამპი „მუსლიმთა საძმოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს – 9 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი ეგვიპტის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა. ამის შემდეგ კი ტრამპის ადმინისტრაციამ დიპლომატებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს ამ საკითხზე მუშაობა დაავალა. „მუსლიმთა საძმო“ ტრადიციული სუნიტური ისლამური ორგანიზაციაა, რომელიც ეგვიპტეში 1928 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ეგვიპტეში აკრძალულია და ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი; ისევე როგორც ბაჰრეინში, რუსეთში, სირიაში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.[1]

თურქეთში ცნობილ კარიკატურისტს პატიმრობა მიუსაჯეს – ოპოზიციური გამოცემის „Cumhuriyet“ 6 ყოფილ ჟურნალისტს, მათ შორის ცნობილ კარიკატურისტ მუსა კარტს პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში დასდეს ბრალი. მუსა კარტმა სახელი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კარიკატურებით გაითქვა.[2]

ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 115 სამხედრო დააკავეს – ოპერაციის ფარგლებში 55 ეჭვმიტანილი სტამბოლში, 60 კი სხვადასხვა პროვინციაში დააკავეს. კიდევ 95 სამხედროზე ძებნაა გამოცხადებული. ყველა დაკავებული მოქმედი სამხედროა. თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.[3]

შრი-ლანკაზე კიდევ 3 აფეთქება მოხდა – ამჯერად აფეთქებები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კალმუნიასთან ახლოს მოხდა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ტერაქტების სერია შრი-ლანკაზე 20 აპრილიდან დაიწყო. დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აჭარბებს.[4]

სუდანში სამხედროები და დემონსტრანტები საერთო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ – საბჭოში შევლენ როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. საბჭოს საქმიანობისა და ფუნქციონირების პროცედურებზე მსჯელობა შემდგომში გაიმართება. სუდანში აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო და პრეზიდენტის გადადგომით დამთავრდა. ქვეყანაში ორწლიანი გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავს.[5]

[1] The New York Times; Trump pushes to designate Muslim Brotherhood a terrorist group; 30 April, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/04/30/us/politics/trump-muslim-brotherhood.html

[2] AP; 6 Turkish journalists sent to jail after losing appeals; 25 April, 2019; available at: https://apnews.com/0ef9a481eb9541b98e16a22ea2943c51

[3] იმედის ახალი ამბები; თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 115 სამხედრო დააკავეს; 26 აპრილი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/103961/turqetshi-giulentan-kavshiris-braldebit-115-samkhedro-daakaves

[4] CNN; Sri Lanka imposes extended curfew after security forces found ISIS flags and explosives; By Ivan Watson, Rebecca Wright and Ajith Champika; 26 April, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/04/26/asia/sri-lanka-bombings-suspect-intl/index.html?fbclid=IwAR3beRyiXSNyVwlpCr1LdP9AsViyujXVpCe9ZTUCGLmh1vg_lWllg3L8uFI

[5] Al Jazeera; Sudan’s military and opposition agree on joint council; 28 April, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/04/sudan-military-opposition-agree-joint-council-190428060156681.htmlთურ

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აპრილი, 2019

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის აღმოსავლეთით, ლაღმანის პროვინციასთან ახლოს მდებარე სოფელში, აუფეთქებელი ურვების ამოქმედების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ბავშვები ბასრამის ტერიტორიაზე თამაშობდნენ, რა დროსაც ნაღმები ამოქმედდა.[1]

ქაბულში ინფორმაციის სამინისტროს შენობასთან აფეთქების და სროლის ხმა ისმოდა. ინფორმაცია ინციდენტზე პასუხისმგებელი ან მომხდარის გამო დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.[2]

ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს – ინციდენტი ქალაქ ფენიში მოხდა. ნუსრათ ჯაჰან რაფი ისლამურ სკოლაში სწავლობდა. 27 მარტს ის დირექტორმა კაბინეტში გამოიძახა და მას სექსუალური ძალადობა სცადა. გოგონა ოთახიდან გაიქცა და ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და განაცხადა. პოლიციელმა მისი ჩვენება ვიდეოზე აღწერა. ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა სახეზე ხელებს იფარებს, პოლიციელი კი ეუბნება, რომ არაფერი სერიოზული არ მომხდარა. პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ. 6 აპრილს ნუსრათი სკოლაში მივიდა. ერთერთმა თანასკოლელმა ის სახურავზე აიყვანა, სადაც 4-5 თანასკოლელი ნუსრათს საჩივრის უკან გატანას სთხოვდა. უარის შემდეგ, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მიღებული დამწვრობის გამო, ნუსრათი 10 აპრილს გარდაიცვალა. პოლიციამ გამოძიების ფარგლებში 15 ადამიანი დააკავა, მათგან 7 მკვლელობაში მონაწილეობაშია ბრალდებული. სკოლის დირექტორი პატიმრობაში რჩება; პოლიციელი, რომელსაც ნუსრათმა თავდაპირველად მიმართა, სამსახურიდან გაუშვეს.[3]

ნიგერიაში ბრიტანელი ქალი მოკლეს – შემთხვევა ქალაქ კადუნაში მოხდა. თავდამსხმელებმა ასევე სამი კაცი გაიტაცეს. მოკლული ქალი ტურისტი იყო; ის არასამთავრობო ორგანიზაციაში „Mercy Corps“ მუშაობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

„ისლამური სახელმწიფო“ კონგოში პირველი ოპერაციის ჩატარებას და ისლამური სახალიფოს ცენტრალურ-აფრიკული პროვინციის შექმნის შესახებ აცხადებს – ქალაქ ბენისთან მომხდარ ორმხრივ სროლად სულ მცირე სამი კონგოელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ადგილობრივი ლიდერების თქმით, აღნიშნული თავდასხმასთან „ისლამურ სახელმწიფოს“ არაფერი აქვს საერთო და მის უკან ისლამისტური დაჯგუფება „გაერთიანებული დემოკრატიული ძალები“ დგას. თუმცა ამ დაჯგუფების სახელს ხშირად უკავშირებენ „ისლამურ სახელმწიფოს“.[5]

შრი-ლანკაზე ტერორისტული თავდასხმების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა – დაშავებულთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საერთო ჯამში ქვეყანის მასშტაბით 8 აფეთქება მოხდა, მათ შორის ქრისტიანულ ეკლესიებში, სადაც მრევლი სააღდგომო ლოცვებს აღავლენდა. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, აფეთქებების გამო დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა უცნობია, ინციდენტების უკან ვინ დგას. ტერაქტების შემდეგ, ქვეყანაში სოციალური მედია დაბლოკეს.[6] მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო. დაჯგუფება ახალი ჩამოყალიბებულია და მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, დაჯგუფება გლობალური მოძრაობის ნაწილია.[7] მალევე, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[8]

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა – უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკიმ ხმათა 70%-ზე მეტი მიიღო. მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ კი 24.5%. ოფიციალური საბოლოო შედეგები 30 აპრილს გამოქვეყნდება. პოროშენკომ უკვე მიულოცა ზელენსკის გამარჯვება და განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დარჩება. ზელენსკის მსოფლიო ლიდერებმაც მიულოცეს.[9]

[1] TOLO News; Explosion in Eastern Afghanistan leaves seven children dead; 14 April, 2019; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/explosion-eastern-afghanistan-leaves-seven-children-dead?fbclid=IwAR186wOKESmy6jVPCBT1zX7ABvvdfUq3hLQ3UKNnHHb-dCwzVdVQI5AhGbk

[2] BBC; Kabul attack: Seven killed at Afghan ministry of information; 20 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-47996762

[3] BBC; Nusrat Jahan Rafi: Burned to death for reporting sexual harassment; By Mir Sabbir; 18 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-47947117

[4] Reuters; British woman killed, three other people kidnapped in northern Nigeria; By Garba Muhammad; 21 April, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-security/british-woman-killed-three-other-people-kidnapped-in-northern-nigeria-idUSKCN1RX0GR?il=0&fbclid=IwAR0z7-g20jnRp3gyGcgbGLjsQrM7EQMXqGMZzF4j4Eeyzp_wd_ut-kL8uZk

[5] Reuters; Islamic State claims its first Congo attack; 19 April, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-congo-security/islamic-state-claims-its-first-congo-attack-idUSKCN1RU2KD

[6] BBC; Sri Lanka attacks: Death toll soars to 290 after bombings hit churches and hotels; 22 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-48008073

[7] Al Arabiya; Sri Lanka government says local Islamist group behind blasts; 22 April, 2019; available at: http://english.alarabiya.net/en/News/world/2019/04/22/Sri-Lanka-government-says-local-Islamist-group-behind-blasts.html

[8] Reuters; Islamic State claims responsibility for Sri Lanka bombings; 23 April, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-sri-lanka-blasts-claim/islamic-state-claims-responsibility-for-sri-lanka-bombings-idUSKCN1RZ102

[9] იმედის ახალი ამბები; ცესკო: ზელენსკის ხმათა 73 პროცენტი აქვს; 22 აპრილი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/103500/tsesko-zelenskis-khmata-73-protsenti-aqvs

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 მარტი, 2018

სირიის კრიზისი – სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში 18 თებერვლიდან მოყოლებული, ორი კვირის განმავლობაში, ავია იერიშებსა და სარაკეტო დარტყმებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სირიაში გაეროს რეგიონულმა წარმომადგენელმა განაცხადა. პანოს მუმცისის განცხადებით, რეგიონში დაპირისპირებები ძლიერდება და სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება. 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ ღუტაში ქიმიური თავდასხმა მოხდა. გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა. აღმოსავლეთ ღუტა ერთერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს; მათ ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.[1]

სირიის პროვინცია ღუტაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი ავტოკოლონა 5 მარტს შევიდა. გაეროს წარმომადგენლის ალი ალ-ზატარის თქმით, ჰუმანიტარული დახმარების შეტანისას, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ღუტაში სროლის ხმა მაინც ისმოდა. ჰუმანიტარული ტვირთი 27 ათასამდე ადამიანისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ღუტას რაიონში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სირიელმა ჩინოსნებმა ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებიდან, რომლებიც აღმოსავლეთ ღუტაში უნდა ჩასულიყვნენ, პირველად დახმარების ნივთები ამოიღეს.[2]

6 მარტს, სირიაში, ხმეინის ავიაბაზაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდომისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამხედრო პერსონალის 39 წევრი დაიღუპა. თვითმფრინავი 500 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი სამხედროებს არ ჩამოუგდიათ. ავიაკატასტროფის მიზეზად მისი გაუმართაობა დასახელდა.[3]

მოგვიანებით, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა სირიულმა დაჯგუფებამ „ჯეიშ ალ ისლამმა“ აიღო. მათი განცადებით, დაჯგუფების წევრებმა თვითმფრინავი 100 მეტრის სიმაღლიდან ტყვიამფრქვევის გამოყენებით ჩამოაგდეს.[4]

ირანში 35 ქალი ფეხბურთის მატჩზე დასწრების მცდელობისთვის დააკავეს – ირანში 35 ქალი მაშინ დააკავეს, როცა ისინი თეირანში, აზადის სტადიონზე შესვლას  და მატჩზე დასწრებას გეგმავდნენ. ოფიცალური უწყებების განმარტებით, ეს დროებითი დაკავება იყო და ქალები მატჩის დასრულებისთანავე გაათავისუფლეს. სტადიონზე ერთმანეთს ირანის საფეხბურთო კლუბები, „ესტეგლალ თეირანი“ და „პერსეპოლისი“ უპირისპირდებოდნენ. მატჩის პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია დროებით შეწყდა, როცა ჟურნალისტმა ირანის სპორტის მინისტრს, მასუდ სულტანიფარს ჰკითხა, როდის შეძლებენ ქალები საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას. ქალთა უფლებების აქტივისტები ირანში, მომხდარს ქალების დისკრიმინაციის მორიგ გამოვლენად აფასებენ. ირანში ქალებს საფეხბურთო თამაშებზე დასწრება ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლიდან ეკრძალებათ.[5]

საუდის არაბეთში ქალთა პირველი მარათონი გაიმართა – ასობით საუდელმა ქალმა საკუთარი ძალები მოსინჯა ქალების პირველ მარათონში. შემდეგი მარათონი 6 აპრილს მექაშია დაგეგმილი. 19 თებერვალს, საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს. თებერვლის დასაწყისში კი მათ კვების ობიექტებში მუშაობის უფლება მიიღეს. 13 იანვარს საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმობების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.[6]

აშშ თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის დიალოგს მიესალმება – თეთრი სახლი მიესალმება თალიბანთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის ინიციატივას. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თალიბებმა მოლაპარაკებები არა შტატებთან არამედ ავღანეთთან უნდა აწარმოონ. თებერვლის ბოლოს აშრაფ ღანმა განაცხადა, რომ თალიბანი პოლიტიკურ ჯგუფად უნდა აღიარონ, რაც 17-წლიანი ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. აშრაფ ღანმა თალიბებს ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების გათავისუფლება შესთავაზა. ამასთან, ღანი მზად არის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. ის ასევე მზად არის დაიცვას იმ პირების უსაფრთხოება, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდება. თებერვალში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც აშშ-ის მოქალაქეებს თხოვნით მიმართა. წერილში „თალიბანის“ წევრები ამერიკელებს სთხოვენ „დონალდ ტრამპის დილეტანტური პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას“ და ავღანეთში კონფლიქტის დასრულებისკენ ხელისუფლების მიმართვას. გზავნილში ასევე წერია, რომ „ვაშინგტონს არ აქვს არანაირი უფლება ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკაში“. თალიბანი ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პრო-პუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.[7]

შრი-ლანკაში კომენდანტის საათი დაწესდა – ბუდისტებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების გამო შრი-ლანკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქ კანდიში ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა. მიზეზი კი ბუდისტი მამაკაცის მკვლელობა და მუსლიმური ბიზნეს ობიექტების დაწვა გახდა. უფლებადამცველების ნაწილი ძალადობის პროვოცირებაში ადგილობრივ ბუდისტურ ნაციონალისტურ ორგანიზაციებს ადანაშაულებს. ბუდისტური ორგანიზაციები კი ამტკიცებენ, რომ მუსლიმები მოსახლეობას ისლამის მიღებას აიძულებენ და ბუდისტების არქეოლოგიურ ადგილებს აზიანებენ. შრი-ლანკის მოსახლეობის 75% ბუდისტია, 10% მუსლიმი, 13% კი ინდუიზმის მიმდევარია.[8]

[1] იმედი; ახალი ამბები; ბოლო ორ კვირაში აღმოსავლეთ ღუტაში 600-მდე ადამიანი დაიღუპა; 4 მარტი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/51334/bolo-2-kvirashi-agmosavlet-gutashi-600mde-adamiani-daigupa

[2] Reuters; Aid reaches Ghouta but retreats after shelling; Syria presses assault; By Angus McDowall, Stephanie Nebehay; 5March, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria/aid-reaches-ghouta-but-retreats-after-shelling-syria-presses-assault-idUSKBN1GH1HN

[3] BBC; Russian military plane crash in Syria kills dozens; 6 March, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-europe-43305835?ocid=socialflow_facebook&ns_mchannel=social&ns_campaign=bbcnews&ns_source=facebook

[4] იმედი; ახალი ამბები; რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯეიშ ალ ისლამმა“ აიღო; 7 მარტი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/51782/rusuli-tvitmprinavis-chamogdebaze-pasukhismgebloba-dajgupeba-jeish-al-islamma-aigo

[5] BBC; Iran detains 35 women for going to football match; 1 March, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43243414

[6] Arabian Business; Saudi Arabia hosts first marathon for women; 5 March, 2018; available at: http://www.arabianbusiness.com/sport/391432-saudi-arabia-hosts-first-marathon-for-women

[7] The Wall Street Journal; U.S. Says Taliban Must Talk to Kabul, Not Washington; By Chris Gordon; 5 March, 2018; available at: https://www.wsj.com/articles/u-s-says-taliban-must-talk-to-kabul-not-washington-1520294802

[8] The Guardian; Sri Lanka declares state of emergency after communal violence; By Michael Safi in Colombo, and Amantha Perera; 6 March, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/mar/06/sri-lanka-declares-state-of-emergency-after-communal-violence