ირანი. ცეკვის და ცურვის მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2022

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ქალები კვლავ აწყდებიან შეზღუდვებს კულტურული აქტივობების მიმართულებით. ქალებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საჯარო წარმოდგენებში, თუმცა მხოლოდ ქოროს შემადგენლობაში ან მხოლოდ ქალთა აუდიტორიის წინაშე. წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შემსრულებლები აწყდებიან შეზღუდვებს და დაპატიმრებებს ქალებთან ერთად წარმოდგენის გამართვის გამო. 2019 წლის მაისში, ირანელი ქალი მუსიკოსი ნეგარ მოაზამი სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ისპაჰანში, ტურისტებისთვის სოლო შესრულების გამო. მთავრობის განცხადების მიხედვით, მას 1 წლით პატიმრობა მიესაჯა; თუმცა, მოგვიანებით ის გაამართლეს და გაათავისუფლეს. ირანელი მუსიკოსი ალი ღამსარის აუკრძალეს წარმოდგენის გამართვა, მას შემდეგ, რაც მის 2020 წლის 7 იანვარს გამართულ კონცერტზე ქალმა მომღერალმაც იმღერა. 2020 წლის აგვისტოში მუსიკოსი მეჰდი რაჯაბანი მორალური წესების დარღვევეისთვის დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მის ნამუშევარში ქალი მოცეკვავეები და მომღერლები გამოჩნდნენ. მთავრობის განცხადებით, მას ფულადი ჯარიმა დაეკისრა.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2020 წლის 19 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნათესაური კავშირის არ მქონე ქალსა და მამაკაცს ეკრძალებათ ერთობლივი საქმიანობა საჯაროდ. დაქორწინებული წყვილისთვის, მორალის პოლიცია, როგორც წესი, იყენებს გამაფრთხილებელ ორდერს „მიუღებელი ყოფაქცევისთვის“. სტატიის მიხედვით, გასულ წლებში ათობით ირანელი დააკავეს სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების, მათ შორის ცეკვის ამსახველი და სამოდელო საქმიანობის ამსახველი ვიდეოების გამო.[2]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2016 წლის 19 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის ხელისუფლებამ დახურა საბავშვო ბაღი, სადაც საცურაო აუზი ერთდროულად იყო ხელმისაწვდომი როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგოებისთვის.[3]

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სექსუალური სეგრეგაცია ბევრ საჯარო ადგილას ერთერთი საბაზისო მოთხოვნაა ისლამური რევოლუციის შემდეგ. ირანში, ოჯახს გარეთ ქალებსა და მამაკაცებს ერთობლივი საქმიანობა ეკრძალებათ.[4] ირანში კანონით აკრძალულია შერეული გენდერის წვეულებები. ასეთ წვეულებებზე დასწრება ჯარიმით ან გაროზგვით ისჯება. ავსტრალიის საგარე საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2020 წლის ანგარიშში წერს, რომ 2019 წლის მაისში, ირანის გოლესტანის პროვინციაში 30 პირი დააპატიმრეს შერეული გენდერის იოგა სესიაზე. ზოგადად, ირანში პროფესიული დონის იოგა სწავლება აკრძალულია. ხელისუსფლების განცხადებით, გარდა იმისა, რომ ინსტრუქტორს არ ჰქონდა ლიცენზია, მონაწილეებს „შეუსაბამოდ“ ეცვათ და „მიუღებლად“ იქცეოდნენ. 2017 წელს დააპატიმრეს ზუმბა ცეკვის 6 ინსტრუქტორი; მათ ცხოვრების წესის შეცვლისა და ჰიჯაბის გარეშე სიარულის წახალისებას ედავებოდნენ.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აკრძალულია სქესთა შერევა ნებისმიერ საჯარო საქმიანობაში. ნათესაური კავშირის არ მქონე ქალისა და მამაკაცის ერთობლივი საქმიანობა აკრძალულია. ირანში მიუღებელი და აკრძალულია ოჯახს გარეთ სქესთა შერევა საჯარო სივრცეებში. აკრძალულია შერეული გენდერის წვეულებები. ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ირანელები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ფარულად ახერხებენ ორგანიზება გაუწიონ სხვადასხვა სახის წვეულებებსა და შეკრებებს, რომელსაც ესწრებიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. თავის მხრივ, მორალის პოლიცია და ბასიჯები აწყობენ რეიდებს და ცდილობენ მსგავსი შეკრებების დაშლას. შერეული სქესის აქტივობების აღმოჩენის, გამოვლენის შემთხვევაში, სამართალდამცავები მონაწილეებს აპატიმრებენ.

[1] გაეროს გენერალური ასამბლეა; ადამიანის უფლებათა საბჭო; ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; 2021 წლის 11 იანვარი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 მარტს]

[2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; ირანელი პარკურის ათლეტი, სავარაუდოდ, დააპატიმრეს სოციალურ ქსელში რომანტიკული ფოტოების გამოქვეყნებისთვის; გამოქვეყნებულია 2020 წლის 19 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 მარტს]

[3] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; თეირანში ხელისუფლებამ დახურა საბავშვო ბაღი, რომელსაც შერეული სქესის საცურაო აუზი ჰქონდა; გამოქვეყნებულია 2016 წლის 19 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rferl.org/a/persian-letters-tehran-mixed-gender-swimming-pool-shut-down/27867419.html [ნანახია 2022 წლის 7 მარტს]

[4] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; თეირანში ხელისუფლებამ დახურა საბავშვო ბაღი, რომელსაც შერეული სქესის საცურაო აუზი ჰქონდა; გამოქვეყნებულია 2016 წლის 19 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rferl.org/a/persian-letters-tehran-mixed-gender-swimming-pool-shut-down/27867419.html [ნანახია 2022 წლის 7 მარტს]

[5] ავსტრალიის მთავრობა; საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ირანი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 14 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 მარტს]