რუსეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება. ივნისი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით აკრძალულია წამება და ძალადობა აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ბევრი სანდო წყარო ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები მსგავს ქმედებებში ჩართულნი არიან და ხელისუფლება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აგებინებს პასუხს დამნაშავეებს.

პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია და მსგავს ქმედებებს ძირითადად ადგილი აქვს დაკავების პირველ დღეებში წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და ყოფილი პოლიციები აცხადებენ, რომ ძირითადად გამოიყენება ელექტროშოკი, მხუთავი აირი, გაჭიმვა ან ხდება ზეწოლა სახსრებსა და მყესებზე, რადგან ასეთი მეთოდი ნაკლებად ტოვებს ხილულ კვალს. აღნიშნული სახის პრობლემა განსაკუთრებით აქტიურად დგას ჩრდილოეთ კავკასიაში.

მრავლად ვრცელდება ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მხრიდან წამების გამოყენების შესახებ ახალგაზრდა ანარქისტი და ანტიფაშისტი აქტივისტების წინააღმდეგ, რომელთაც ედავებიან სხვადასხვა სახის ტერორისტულ და ექსტრემისტულ შემთხვევებში ჩართულობას. აღიარებითი ჩვენების მისაღებად, სავარაუდოდ, წამება (ცემა და ელექტროშოკი) გამოიყენეს აქამდე უცნობი ორგანიზაციების „ქსელის“ და „ახალი დიდების“ წევრების წინააღმდეგ.

მრავლად ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილებზე ზეწოლის მიზნით, მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 30 დღით ან მეტი ვადით დაკავების და მათი დასჯის მეთოდად ფსიქიატრიულ დაწესებაში გამწესების შესახებ.

ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობები განსხვავებულია, მაგრამ ხშირად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია. გადატვირთულობა, ბადრაგისა და პატიმრების მხრიდან ძალადობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვების დეფიციტი და არასათანადო სანიტარული მდგომარეობა გავრცელებულია ციხეებში, კოლონიებსა და სხვა დაკავების დაწესებულებებში.

ციხეების გადატვირთულობა კვლავ სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს ქალთა და მამაკაცთა, არასრულწლოვანთა და ზრდასრულთა, წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და მსჯავრდებულთა განცალკევებას სხვადასხვა ბლოკებში, ყველა საპატიმრო დაწესებულება არ იცავს აღნიშნულ წესს. არასამთავრობო ორგანიზაცია სასჯელაღსრულების საერთაშორისო რეფორმა ამტკიცებს, რომ ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში, ზოგადად, უკეთესი პირობებია, ვიდრე მამაკაცთა ციხეებში, თუმცა ქალთა საპატიმროებშიც პირობები სტანდარტზე დაბალია.

ბადრაგის მხრიდან ფიზიკური ძალადობა სისტემურია. მედია საშუალებამ „ნოვაია გაზეტა“ 2018 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო ვერდიქტმა“ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, 2017 წლის ივნისში, იაროსლავის ოლქის ციხეში „IK-1“ 17 ბადრაგი როგორ აწამებს პატიმარ ევგენი მაკაროვს. მინიმუმ 11 თანამშრომელი და ასევე, გამომძიებელი, რომელმაც სათანადო რეაგირება არ მოახდინა საჩივარზე, ასევე 5 პატიმარი დააპატიმრეს მაკაროვის წინააღმდეგ ძალადობის გამო. 24 ივლისს მაკაროვის ადვოკატმა ირინა ბირიუკოვამ, მას შემდეგ რაც სიკვდილის მუქარები მიიღო, ქვეყანა დატოვა, თუმცა მოგვიანებით ის სამშობლოში დაბრუნდა. ვიდეოს გამოქვეყნების დროს, მაკაროვი გადაყვანილი იყო იაროსლავი ოლქის ციხეში „IK-8“, სადაც, მისი მტკიცებით, მას ციხის პერსონალი სხვადასხვა მიზეზების გამო მძიმედ ცემდა. 19 სექტემბერს საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკაროვის „IK-8“ ციხეში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 1-ელ ოქტომბერს მაკაროვი ციხიდან გაათავისუფლეს. მაკაროვის საქმეს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და ბევრ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით (პატიმრების წამება) ციხის პერსონალის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პატიმრების მხრიდან პატიმრებზე ძალადობა ასევე წარმოადგენს პრობლემას. 2018 წლის 5 ივლისს, მაგალითად, უკრაინელი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში ფეხების მოტეხილობითა და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, პავლო ჰრიბი როსტოვი დონზეში გადაყვანის დროს პატიმრებმა ცემეს.

გასული წლის განმავლობაში, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია ციხის ადმინისტრაციის მიერ პატიმრების წინააღმდეგ ძალადობის ჩადენისთვის პატიმრების გამოყენების შესახებ. პირველ აგვისტოს, ვლადიმირში, ორი პატიმარი და 6 თანამშრომელი წამებისთვის გაასამართლეს, მას შემდეგ, რაც წინასწარი დაკავების დაწესებულებაში წამებისთვის განკუთვნილი პალატა აღმოაჩინეს. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებს ამყოფებდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოსაყენებლად, რათა სხვა პატიმრებს მოეხდინათ თვით-ინკრიმინირება.

გადატვირთულობის დონე, კვების, ვენტილაციის, გათბობისა და სანიტარული სტანდარტები სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვაგვარია, თუმცა, ზოგადად, ცუდია. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ გადაადგილებისა და ვარჯიშის მინიმალურ შესაძლებლობებზე. სასმელი წყალი ხანდახან ნორმირებულია და საკვების ხარისხი დაბალია. ბევრი პატიმარი დამოკიდებულია ოჯახისგან ან არასამთავრობო სექტორისგან მიწოდებულ საკვებზე. ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ პრობლემაა.

2017 წლის ანგარიშში „Amnesty International“ წერს, რომ ქვეყნის საპატიმრო ტრანსპორტირების პრაქტიკა „გულაგების ეპოქის მემკვიდრეობაა“. პატიმრები კვირების მანძილზე გადაყავთ ვიწრო მატარებლებით, სადაც არაა ვენტილაცია, ბუნებრივი სინათლე, შეზღუდულია წყალი და საპირფარეშოებზე წვდომა.

არასამთავრობო სექტორი ამტკიცებს, რომ აივ ინფექციის მქონე პატიმრებს არ უწევენ ადექვატურ მკურნალობას.

გავრცელებული ცნობებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს ამყოფებენ განსაკუთრებით მძიმე საპატიმრო პირობებში და ისინი არიან ისეთი სადამსჯელო ქმედებების ობიექტები, როგორიცაა სამარტოო საკანში ან ფსიქიატრიულ განყოფილებაში გამწესება. 2018 წლის 21 სექტემბერს უკრაინელი პატიმარი ოლექსანდერ კოლჩენკო სამი დღის განმავლობაში სამარტოო საკანში გაამწესეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიება დაკავშირებული იყო პატიმრის თხოვნასთან, რომ იგი უკრაინის კონსულს მოენახულებინა.

მსჯავრდებულებს და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ ვიზიტორების მიღება უფლება, თუმცა მათი ეს უფლება სხვადასხვა გარემოებების გამო შეიძლება შეიზღუდოს ციხის ადმინისტრაციის მიერ. კანონით, შედარებით მძიმე სასჯელის მქონე პატიმრებს აქვთ ნაკლები დრო ვიზიტორებისთვის, მოსამართლეს, კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლია პატიმარს ვიზიტები აუკრძალოს. ციხის ადმინისტრაციამ, ასევე, შეიძლება ვიზიტი არ დაუშვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მიზეზით.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს საჩივრების წარდგენის უფლება აქვთ როგორც საჯარო ზედამხედველობის კომისიაში, ასევე ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის ოფისში, ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლების გამოყენებას, რადგან ეშინიათ შემდგომი რეპრესიების. ციხის რეფორმის აქტივისტების მტკიცებით, მხოლოდ ის პატიმრები, ვინც მიიჩნევს, რომ სხვა გზა აღარ აქვთ, რისკავენ საჩივრების დაწერას. საჩივრები, რომლებიც საჯარო ზედამხედველობის კომისიამდე აღწევს, როგორც წესი, ფოკუსირებულია მცირე პირადი ხასიათის თხოვნებზე.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ბევრი პატიმარი, რომელთაც წამების შესახებ განაცხადეს, მოგვიანებით, ცრუ ბრალდებაში დაადანაშაულეს, რაც ხშირად სასჯელის დამატებით დასრულდა. 2018 წლის 11 იანვარს კიროვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა ცრუ ბრალდების მუხლით საქმე აღძრა ერთერთი პატიმრის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა, რომ იგი აწამეს (ცემა და ელექტროშოკი) საპატიმრო დაწესებულებაში „IK-1“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საპატიმროში ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც პატიმარმა დაწესებულების წინააღმდეგ წამების გამო საჩივარი შეიტანა.

ხელისუფლება ნებას რთავს საჯარო ზედამხედველობის კომისიის რეგულარულად მოინახულოს საპატიმრო დაწესებულებები და შეამოწმოს იქ არსებული პირობები. ოფიციალური ინფორმაციით, კომისიის 1154 წევრმა ვიზიტები განახორციელა 81 რეგიონში. ადამიანის უფლებათა აქტივისტები აცხადებენ, რომ კომისიის ბევრი წევრი ახლო კავშირშია ხელისუფლებასთან და მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც წარსულში სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა.

2018 წლის 19 ივლისს მიღებული კანონის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის კომისიის წევრებს უფლება აქვთ, პატიმრების თანხმობის საფუძველზე, აწარმოონ პატიმრების ფოტო და ვიდეო გადაღება. კომისიის წევრებს, ასევე, უფლება აქვთ აიღონ ჰაერის სინჯები და აწარმოონ სხვა გარემოსდაცვითი ინსპექტირება; ასევე, შეისწავლონ უსაფრთხოების და ფსიქიატრიულ დაწესებულებაზე წვდომის შესაძლებლობები.

ხელისუფლება ნებას რთავს წამების პრევენციის კომიტეტს, მოინახულონ ციხეები, თუმცა არ თანხმდება კომიტეტის მიერ ანგარიშის გამოქვეყნებას. უკანასკნელად კომიტეტმა ანგარიში 2013 წელს გამოაქვეყნა (ვიზიტი განხორციელდა 2012 წელს).[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში რუსეთის შესახებ წერს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ფართოდაა გავრცელებული და სამართალდამცველები იყენებენ ელექტროშოკს და გაჭიმვას, რადგან ასეთი მეთოდი ნაკლებად ტოვებს ხილულ კვალს. ციხეები გადატვირთულია და დგას სანიტარიის პრობლემა; პატიმრებს არ აქვთ სათანადო წვდომა ჯანდაცვაზე და ბადრაგის მხრიდან შევიწროვების ობიექტები არიან. 2018 წლის აგვისტოში მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, ბადრაგი ორგანიზებულად როგორ ცემს პატიმარს იაროსლავლის ციხეში. ხელისუფლებამ, სახალხო გამოძახილის შემდეგ, დააპატიმრა 12 ბადრაგი. გასული წლის დეკემბერში, არასამთავრობო სექტორი კვლავ საუბრობდა ამავე რეგიონის სხვა ციხეში არსებულ სისტემატურ ძალადობაზე.[2]

2018 წლის აგვისტოში მედია საშუალებაში „მედუზა“ გავრცელდა ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში წამების საჯაროდ გახმაურებული 50-ზე მეტი შემთხვევის შესახებ. დამნაშავეებს შორის იყვნენ პოლიციელები, გამომძიებლები, უსაფრთხოების აგენტები და პენიტენციური სისტემის თანამშრომლები. ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და მხოლოდ ერთი საქმე მივიდა სასმართლომდე.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Russia, 13 March 2019

 (accessed on 21 June 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Russia, 4 February 2019

 (accessed on 21 June 2019)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Russia, 17 January 2019

 (accessed on 21 June 2019)

თურქეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. თებერვალი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ საპატიმრო დაწესებულებები, ზოგადად, ბევრ ასპექტში თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. გადავსებულობა (განსაკუთრებით, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ) და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად.

იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, სამთავრობო საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა საერთო რაოდენობა იყო 224 878, ხოლო მთლიანი პენიტენტიცალური სისტემა გათვლილი იყო მაქსიმუმ 202 676 პატიმარზე. შესაბამისად, სულ მცირე 22 000 დაკავებული ან პატიმარი იძულებული იყო, დაეძინა იატაკზე ან ცვლებში.

მთავრობამ განაცხადა, რომ შესაძლებლობის მიხედვით, ბავშვები განთავსებული იყვნენ ცალკე საპატიმროში, ხოლო სხვა შემთხვევაში – ზრდასრულთა ციხეების განცალკევებულ ნაწილებში. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები განთავსებულნი იყვნენ მსჯავრდებულ პირებთან ერთად ციხეებში.

სექტემბერში იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის, დაახლოებით 69 000 რეგისტრირებული სტუდენტი იყო დაპატიმრებული, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად დიდი მაჩვენებელია. ამას გარდა, აგვისტოში საპატიმროთა და დაკავების ცენტრების გენერალურმა დირექტორატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 12-დან 18 წლამდე დაკავებული 2767 დაპატიმრებული პირიდა, 197 სასჯელს იხდიდა ტერორიზმთან დაკავშირებული მსჯავრდებით.

მთავრობამ უარი განაცხადა, გამოექვეყნებინა სტატისტიკა საპატიმრეობში ბუნებრივი მიზეზებით ან სუიციდის გამო დაღუპულ პატიმართა რაოდენობის თაობაზე.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირად ხაზს უსვამდნენ, რომ არ გააჩნდათ სათანადო წვდომა სასმელად ვარგის წყალზე, შესაბამის გათბობაზე, ვინტილაციასა თუ განათებაზე. მაგალითად, 5 ივლისს ელბისტანის ციხეში 61 წლის პატიმარი – კამილ უნგუთი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, მისი გარდაცვალების მიზეზი გაუარესებული პირობები და საპატიმროში მაღალი ტემპერატურა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ირწმუნებოდა, რომ თითოეულ ციხეს ჰყავდა საკუთარი ექიმი, იუსტიციის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა,  რომ 2016 წლის მარტისთვის ყველა საპატიმროს მხოლოდ 11 ექიმი ემსახურებოდა, რაც პროპორციულად ერთი ექიმს უდრის ყოველ 33 ციხესა თუ 16. 830 პატიმარზე. უფლებადამცველი ასოციაციები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ციხეებში ჯანდაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, ციხის ექიმთა არასაკმარისი რაოდენობის შესახებ.

უფროს პროკურორებს კანონი საშუალებას აძლევს, წინასწარ დაკავებაში ამყოფონ მათი აზრით საზოგადოებისთვის საშიში პირი, მიუხედავად მისისამედიცინო ჩვენებისა სერიზოული ავადმყოფობის შესახებ.

გარკვეულ შემთხვევებში, შესაბამისი სამსახურები, მართალია, იძიებდნენ ისეთ საჩივრებს, სადაც საფუძვლიანად ჩანდა სავარაუდო კანონდარღვევისა თუ დამამცირებელი ან არაადამიანური პირობების ფაქტები, თუმცა ისინი საჯაროდ არ აქვეყნებდნენ აღნიშნული გამოძიების შედეგებს და ხშირად არც ნაბიჯებს დგამდნენ, დამნაშვე პირების დასჯის კუთხით.

მთავრობის მიერ საპატიმროების მონიტორინგზე ნებადართული ორგანიზაციები იყვნენ ეროვნული ადამიანის უფლებათა და თანასწორების ინსტიტუცია და ომბუდსმენის ოფისი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისიას და სახალხო დამცველის ოფისს გააჩნდათ უფლებამოსილება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შესულიყვნენ ციხეებში, მათ შორის – სამხედრო ტიპის ციხეებში, და შეესწავლათ სიტუაცია.

დამოუკიდებელი სამონიტორინგო ჯგუფების კუთხით სიტუაცია შემდეგია: თურქეთის მთავრობა ნებას რთავდა ზოგიერთ საერთაშორისო ორგანოს, განეხორციელებინათ ვიზიტები საპატიმროებში. მაგალითად, მაისში, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია ეწვია თურქეთს და მოინახულა დაკავებულთა სოლიდური რაოდენობა რამდენიმე ციხეში. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, მთავრობა საჯაროდ არ ავრცელებდა კომისიის მიერ გამოკვლეული ფაქტების შესახებ ანგარიშს.

პარლამენტის ზოგიერთ წევრს, ასევე, შეეძლო, მოენახულებინა საპატიმროები და გასაუბრებოდა იქ მყოფ პირებს. მაგალითად, მაისში, პარლამენტის წევრმა CHP პარტიიდან – საფაკ პავეიმ, რომელმაც 2016 წლის შემდეგ რამდენიმე ციხეში განახორციელა ვიზიტი, განაცხადა, რომ შესაძლებელია საპატიმროებში ადგილი ჰქონოდა ციხის ადმინისტრაციის მიერ პატიმრების მასობრივ არასათანადო მოპყრობის, შეურაცხყოფისა და წამების ფაქტებს.

მთავრობა არ რთავდა ნებას არასამთავრობო ორგანიზაციებს, განეხორციელებინათ მონიტორინგი ციხეებში.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch თურქეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ ქვეყანაში არსებულ ციხეებში პატიმართა საერთო რაოდენობა იყო 246 426, რომელთაგან 48 924 სასჯელს იხდიდა ტერორიზმის ბრალდებით.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ გრძელდებოდა სავარაუდო ბრალდებები საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში პირთა წამების, არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე, თებერვალში, საკუთარ წერილობით ანგარიშში ყურადღება გაამახვილა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმაც.[2]

[1] United States Department of State – TURKEY 2017 HUMAN RIGHTS REPORT available at

[accessed 25 January 2019]

[2] Human Rights Watch – World Report 2019 – Turkey available at

[accessed 25 January 2019]

სერბეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ნოემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) სერბეთის შესახებ წერს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას კანონი კრძალავს, პოლიცია დრო და დრო ცემს დაკავებულებს; როგორც წესი, წინასწარი მოთავსების დაწესებულებაში დაპატიმრების დროს. აღნიშნული ქმედების მიზანი აღიარების მოპოვებაა; თუმცა, ასეთი წესით მიღებული ნებისმიერი მტკიცებულება არ დაიშვება სასამართლოში. მსგავსი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა, ასევე, წარმოადგენს პრობლემას.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრი ციხე ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს – მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხეებში მძიმე პირობებია, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით, არა ადექვატური სანიტარული და ჯანდაცვის პირობებით და ფიზიკური ძალადობით. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებების ტევადობა 9,800-მდე გაიზარდა; თუმცა საანგარიშო პერიოდში პატიმართა რაოდენობა 10,600 იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთულობა მაინც პრობლემად დარჩა, ახალი ციხეების აშენებამ და ალტერნატიული სასჯელის ზომების ფართოდ გამოყენებამ, შეამცირა გადატვირთულობის დონე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში სტაციონარული ჰოსპიტალის რეკონსტრუქციისა და ახალი ოთახების მშენებლობის დასრულებას. ასევე, დასრულდა ახალი მისაღები დეპარტამენტის მშენებლობა სერბეთის სიდიდით მესამე ქალაქ ნისის პრობაციის დაწესებულებაში.

კანონმდებლობით აკრძალულია თვითნებური დაპატიმრება და დაკავება და მთავრობა ძირითადად იცავს აღნიშნულ დადგენილებას. მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, გააპროტესტონ სამართალდამცავების ქმედება და მიიღონ კომპენსაცია თუ დადგინდება გადაცდომა პოლიციის მხრიდან.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ სერბები, ზოგადად, დაცულები არიან ფიზიკური უსაფრთხოების მხრივ; საპატიმრო დაწესებულებები გადატვირთულია და ჯანდაცვის სერვისი არა ადექვატურია.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს ბოშების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა, ჟურნალისტების შევიწროვება, ციხეების გადატვირთულობა და მუქარები ლგბტ თემის მიმართ.[3]

[1] US Department of State; 2017 Country Report on Human Rights Practices; Serbia; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/eur/277215.htm [accessed 15 November 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Serbia, 28 May 2018, available at:

[accessed 15 November 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Serbia, 18 January 2018, available at:

[accessed 15 November 2018]

ბანგლადეში. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ნოემბერი, 2018

საერთაშორისო საზოგადოება „Amnesty International“ 2017/18 წლების ანგარიშში წერს, რომ ბანგლადეშის საპატიმრო დაწესებულებებში წამება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა კვლავ ფართოდ გავრცელებულია და ასეთი ფაქტების გამოძიება იშვიათად ხდება. 2013 წელს მიღებული წამებისა და საპატიმროებში სიკვდილიანობის პრევენციის აქტი კვლავ არასათანადოდ მუშაობს, რაც გამოწვეულია სამართალდამცავ სისტემაში ცნობიერებისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობით.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ ბანგლადეშში საპატიმრო პირობები კვლავ მძიმე და ხანდახან სიცოცხლისთვის საშიშია, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით, არასათანადო ინფრასტრუქტურით და შესაბამისი სანიტარული პირობების ნაკლებობით. აღნიშნული გარემოებები ხელშემწყობი იყო ციხეებში სიკვდილიანობის, რის 53 ფაქტიც 2017 წელს დაფიქსირდა. ციხეების დეპარტამენტის ინფორმაციით, 36 614 პატიმარზე გათვლილ ციხეებში 76 025 პატიმარი იმყოფება. ციხის ადმინისტრაცია ხშირად ერთად ამყოფებს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებსა და მსჯავრდებულებს.

გადატვირთულობის გამო პატიმრებს მონაცვლეობით სძინავთ და არ აქვთ სათანადო ინფრასტრუქტურა ტუალეტებისთვის. 2016 წლის ანგარიშში გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო წერს, რომ ბანგლადეშის ციხეები ვერ აკმაყოფილებს  განათების, ჰაერის, ღირსეული ყოფისა და პირადი სივრცის მინიმალურ სტანდარტებს. 2016 წელს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები წერდნენ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პატიმრები ვერ იღებდნენ სამედიცინო დახმარებას და წყალს; მაშინ როდესაც ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ყველა პატიმარს ჰქონდა წვდომა წყალზე. ციხეებში არსებული წყალი განსხვავდებოდა დანარჩენ ქვეყანაში არსებული წყლისგან და ხშირ შემთხვევაში სასმელად უვარგისი იყო.

ამავე ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ პირობები განსხვავდება როგორც ციხეებს შორის, ასევე ხანდახან ციხის შიგნით, ბლოკებს შორისაც. ციხის ხელმძღვანელობა პატიმრების ნაწილს ამყოფებს მაღალი ტემპერატურის, ცუდი ვენტილაციისა და გადატვირთულობის პირობებში. კანონი აძლევს უფლებას ე.წ. „VIP“ პატიმრებს მოხვდნენ „ა ბლოკში“, სადაც გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი და საკვები პირობებია და უფრო ხშირადაა დასაშვები ოჯახთან პაემანი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოითხოვს არასრულწლოვნების განცალკევებას, ციხის ადმინისტრაცია ხშირად არასრულწლოვან პატიმრებს სრულწლოვან პატიმრებთან ერთად ამყოფებს. ბავშვებს ხშირად ციხეში სვამდნენ მშობლებთან ერთად მაშინაც, როდესაც ამას კანონი და სასამართლო გადაწყვეტილება კრძალავდა.

დაკას ცენტრალური ციხე ადაპტირებულია მენტალური პრობლემების მქონე პირებისთვის, თუმცა სხვა ციხეებში ასეთი პირობები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს. მოსამართლეებს აქვთ უფლება, შეამცირონ სასჯელი ჰუმანიტარული საფუძვლებით, შეზღუდული შესაძლებლობების გამო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრებისთვის ასევ არსებობს ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შესაძლებლობა.

ციხეებს არ ჰყავს ომბუდსმენი, ვისაც პატიმრები საჩივრებით მიმართავდნენ. ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ისინი კადრების ნაკლებობას განიცდიან; გადამზადებისა და რეაბილიტაციის პროგრამები უკიდურესად შემცირებულია. მთავრობა ციხეებში ვიზიტის ნებას რთავს წითელ ჯვარს.[2]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Bangladesh, 22 February 2018, available at:

[accessed 1 November 2018]

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Bangladesh, 20 April 2018

(accessed on 1 November 2018)