საუდის არაბეთი. სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება. თებერვალი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ საუდის არაბეთის სამეფო მონარქიაა, რომელსაც მართავს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, რომელიც არის როგორც სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაური. 1992 წლის საბაზისო კანონი, რომელიც განსაზღვრავს მმართველობის სისტემას, ადამიანის უფლებებს და მთავრობის მოვალეობებსა და ძალაუფლებას, ადგენს, რომ ყურანი და სუნა (წინასწარმეტყველ მუჰამედის ტრადიციები) ქვეყნის კონსტიტუციის როლს ასრულებს. კანონით დადგენილია, რომ მეფე აბდულაზიზის მამრობითი სქესის მემკვიდრეები არიან ქვეყნის მმართველები.

მთავრობა და მისი სახელით მოქმედი პირები ჩართულები არიან თვითნებურ და უკანონო მკვლელობებში. ვრცელდება ინფორმაციები გაუჩინარებების შესახებ, სადაც ასევე ხელისუფლების აგენტების ხელი ურევია. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ადგილობრივი აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, საუდის არაბეთში ასობით და ათასობით პოლიტიკური პატიმარია. სანდო წყაროების მტკიცებით, ხელისუფლება პირებს აკავებს მშვიდობიანი აქტივობებისა და პოლიტიკური ოპოზიციონერობისთვისაც.

კანონი არ უზრუნველყოფს გამოხატვის, მათ შორის პრესის თავისუფლებას. საბაზისო კანონი განმარტავს, რომ „მასმედია და გამოხატვის ყველა სხვა საშუალება უნდა იყენებდეს თავაზიან ლექსიკას, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის განმანათლებლობას და აძლიერებდეს ერთიანობას. მედიას ეკრძალება ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს უწესრიგობას და განხეთქილებას, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას ან შელახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას“. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, განსაზღვროს რა სახის ტექსტი ან გამოხატვა უქმნის საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას. მთავრობას შეუძლია აკრძალოს ან შეაჩეროს მედიასაშუალების საქმიანობა თუ ჩათვლის, რომ ის არღვევს პრესისა და პუბლიკაციების შესახებ კანონს. ხელისუფლება კრძალავს ასობით ინტერნეტ საიტს და აწარმოებს ათასობით ონლაინ რესურსის მონიტორინგს. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვების შესახებ.

ხელისუფლება ახდენს აზრის საჯაროდ გამოხატვის მონიტორინგს და აწესებს სამართლებრივ კონტროლს გამოხატვის თავისუფლებაზე და უკრძალავს პირებს, ჩაერთონ პოლიტიკური სფეროს საჯარო კრიტიკაში. მთავრობამ არაერთი პირი მისცა სამართლებრივ პასუხისგებაში მათი სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო. მწერლები, ჟურნალისტები და ბლოგერები ხშირად ხდებიან დაპატიმრების, თავისუფლების აღკვეთისა და ძალადობის ობიექტები. კანონი არ უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებას, რასაც ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის აბსოლუტური მონარქია ზღუდავს თითქმის ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებას. პოლიტიკური პარტიები აკრძალულია და განსხვავებული პოლიტიკური აზრი ეფექტურადაა კრიმინალიზებული. მთავრობა აკონტროლებს მედიის შინაარსს და დომინირებს რეგიონული ბეჭდვითი და სატელიტური-სატელევიზიო დაფარვის კუთხით. ჟურნალისტები შეიძლება გახდნენ თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლნი სხვადასხვა სახის ბუნდოვანი ბრალდებების გამოყენებით.

2011 წელს პრესის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნებისმიერი კრიტიკა რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის უზენაესი მუფტის, მაღალი რელიგიური მქადაგებლების საბჭოს ან მთავრობის წარმომადგენლებისკენ. აღნიშნული წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დაჯარიმება და მედია საშუალების დახურვა. ყველა ბლოგსა და ინტერნეტ გვერდს ან პირს, რომელიც წერს ამბავს ან კომენტარს ონლაინ სივრცეში, უნდა ჰქონდეს ინფორმაციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია; წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ-გვერდი შეიძლება დაჯარიმდეს ან დაიხუროს.

სამეცნიერო თავისუფლება შეზღუდულია. ხორციელდება კლასების მონიტორინგი, რათა პროცესი შეესაბამებოდეს დადგენილ კურიკულუმს. იკრძალება სეკულარული ფილოსოფიის ან ისლამის გარდა, სხვა რელიგიის სწავლება. აკადემიკოსები აწყდებიან სხვადასხვა სახის სასჯელს მთავრობის პოლიტიკის საჯარო კრიტიკული ანალიზისთვის.

საუდელებს აქვთ საშუალება, გარკვეული დოზით, ჩაერთონ კერძო საუბრებში პოლიტიკურ ან სხვა საკითხებზე, მათ შორის გააკრიტიკონ მთავრობის საქმიანობის ესა თუ ის ასპექტი. მიუხედავად ამისა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი სასჯელები აფერხებს რეჟიმის უფრო კონკრეტულ კრიტიკას და თავისუფალ დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია და სამეფო ოჯახი. კანონმდებლობა გამოხატვის სფეროში ისე ბუნდოვნადაა შედგენილი, რომ ხელისუფლებას დისკრეციის საკმაოდ დიდ საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვროს, რა არის კანონის დარღვევა.

გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება კიდევ უფრო შეირყა 2018 წელს, როდესაც დააპატიმრეს ქალთა უფლებების აქტივისტები და მთავრობის პოლიტიკის სხვა კრიტიკოსები, რასაც დაემატა ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა[2] სტამბოლში. ყოველივე ამან რიგით საუდელებს აიძულა განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოხატვისგან თავის შეკავება. ჰაშაღის გაუჩინარების შემდეგ, სამართალდამცავებმა საუდის არაბეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შეახსენეს, რომ ჭორებისა თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, შესაძლოა დასჯილიყვნენ 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. საუდის არაბეთში ფართოდაა გავრცელებული თვალთვალი და ჯაშუშობის მიმართ მოწყვლადი არიან ის საუდელებიც, რომლებიც უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება ძალადობს, აპატიმრებს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს, მათ შორის, მთავრობის კრიტიკოსებს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ქვეყნის ანტი-ტერორისტულ კანონს იყენებს იმ პირების მიმართაც, ვინც მშვიდობიანად შეეცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლოს. კიბერ-დანაშაულის შესახებ კანონით კი ისჯება მთავრობის პოლიტიკის კრიტიკა. ადამიანის უფლებათა აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის მრავალწლიან სასჯელს იხდიან საპატიმროებში. ყველა სახის შეკრება, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრაცია, კვლავ აკრძალულია შსს სამინისტროს 2011 წლის ბრძანებულებით.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანა უპრეცედენტო კრიტიკის ობიექტი გახდა 2019 წელს, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარებით და საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმით. 2019 წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ხელისუფლება განაგრძობდა ადამიანის უფლებათა აქტივისტების, დამოუკიდებელი რელიგიური პირებისა და განსხვავებული აზრის დევნას. საუდელი პროკურორები კვლავ ითხოვდნენ სიკვდილით დასჯის გამოყენებას იმ პირების მიმართ, ვისაც აპატიმრებდნენ მშვიდობიანი აქტივობებისა და განსხვავებული აზრის გამო.[5]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 6 February 2020)

[2] ცნობილი საუდელი ჟურნალისტი და ხელისუფლების კრიტიკოსი ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარდა. მოგვიანებით, მისი მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთმა ხუთი პირი გაასამართლა. გავრცელებული მოსაზრებით, ჰაშაღის მკვლელობის ორგანიზება საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მოახდინა.

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Saudi Arabia, 4 February 2019

 (accessed on 6 February 2020)

[4] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Saudi Arabia [MDE 23/9902/2019], 26 February 2019

 (accessed on 6 February 2020)

[5] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Saudi Arabia, 14 January 2020

 (accessed on 6 February 2020)