ირანი. მხატვრების მიმართ დამოკიდებულება. აპრილი, 2018

ისლამურ რესპუბლიკაში ხელოვნება წარმოადგენს სადავო სივრცეს, სადაც ადგილი აქვს შიდა კულტურულ ბრძოლებს. ირანში მხატვრებს უწევთ ორიენტირება ბევრი ცენზურის მიმართ. ნებისმიერი პროდუქტი ხელოვნების კუთხით, რაც გამიზნულია საზოგადოებისთვის, გამოქვეყნებამდე, საჭიროებს წინასწარ ავტორიზაციას ირანის კულტურისა და ისლამური განათლების სამინისტროსგან. ამასთანავე, აკრძალულია ნებისმიერი პიესა, გამოფენა ან ფილმი, რომელიც ითვლება, რომ დაკავშირებულია პოლიტიკასთან, რელიგიასთან ან სექსუალურ საკითხებთან. ხელოვანების დიდი ნაწილი განიცდის შევიწროებას ან დაპატიმრებულია.[1]

2015 წლის ივნისში, თავის ადვოკატთან ერთად, დააკავეს ხელოვანი ათენა ფარღადანი (Atena Farghadani), რომელიც თავისი ნახატების მეშვეობით იცავდა ადამიანის უფლებებს. მათ ბრალად ედებათ „უკანონო სქესობრივი ურთიერთობა, მრუშობა და გარყვნილი ქმედება“.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Heinrich-Böll-Stiftung“-ის 2016 წლის თებერვლის ანგარიშის მიხედვით, ირანელი მხატვრების, მწერლებისა და სოციალური აქტივისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის რეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ და მწერალმა პარისპურმა ღია წერილში გამოხატა უკმაყოფილება ხელოვანებზე გაზრდილი რეპრესიების გამო. ღია წერილში ნახსენები იყო, რომ ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მომუშავე პირებისთვის მუშაობა არის რთული, ნამუშევრებზე აკრძალვებისა და მკაცრი შეფასებების გამო.[3]

გაეროს გენერალური ასამბლეის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი ხელოვანი და ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, რომლებიც საჯაროდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს, არიან მუქარის, შევიწროების, დაკავებისა და დაპატიმრების მსხვერპლნი.[4]

ACCORD-ის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ თვეებში დაკავებები შეეხო ხელოვანებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც ჩართულნი არიან აკრძალულ აქტივობებში.[5]

ირანის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს სტუდენტების, ჟურნალისტების, ადვოკატების, პოლიტიკური აქტივისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ხელოვანებისა და რელიგიური უმცირესობების წევრების დაკავებას, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე. მთავრობამ შეზღუდა საზღვარგარეთ მოგზაურობა ზოგიერთი რელიგიური ლიდერისთვის, რელიგიური უმცირესობის წევრებისთვისა და სენსიტიურ სფეროებში მომუშავე მეცნიერებისთვის. აღნიშნული აკრძალვა შეეხო რამდენიმე ჟურნალისტს, აკადემიკოსს, ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსს, ადამიანის უფლებათა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებსა და ხელოვანებს, ზოგიერთს პასპორტიც ჩამოერთვა წლის განმავლობაში.[6]

„Heinrich-Böll-Stiftung“-ის 2017 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ხელოვანები და მწერლები დაექვემდებარებიან ხანგრძლივ პატიმრობას. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ანგარიშის წერის მომენტში, ციხეში იმყოფებოდა 24 ავტორი.[7]

ირანის შესახებ „Amnesty International“-ის 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება განაგრძობს უხეშად დაარღვიოს გამოხატვის თავისუფლება. ამ კუთხით ანგარიშში გამოყოფილია სამიზნე ჯგუფები: მშვიდობიანი პოლიტიკური დისიდენტები, ჟურნალისტები, ონლაინ-მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, რეჟისორები, მუსიკოსები, მწერლები და ადამიანის უფლებათა დამცველები.[8] ანგარიშში არ ფიქსირდება არანაირი ინფორმაცია მხატვრების შესახებ.

ირანის შესახებ „Freedom House“-ისა და „Human Rights Watch“-ის 2018 ანგარიშებშიც აღნიშნულია, რომ რეჟიმი ინარჩუნებს შეზღუდვებს გამოხატვის თავისუფლებაზე.[9] [10] ამავე ანგარიშებშიც არ ფიქსირდება დევნის ფაქტები კონკრეტულად მხატვრების მიმართ.

იმის მიუხედავად, რომ გავლენიან წყაროებზე დაყრდნობით ირანში ადგილი აქვს ხელოვანების შევიწროების ფაქტებს, რაც ნაწილობრივ გამომდინარეობს ირანში გამოხატვის თავისუფლების მიმართ არსებული მკაცრი შეზღუდვებიდან, აღიარებულ საერთაშორისო და ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, მხატვრების დევნის ფაქტები არ ფიგურირებს ისეთი ორგანიზაციების უახლეს ანგარიშებში, როგორიცაა: „Amnesty International“; „Freedom House“; „Human Rights Watch“ და ა.შ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებსა და სხვა ქვეყნების ანგარიშებშიც არ იყო ინფორმაცია მხატვრების, ან კონკრეტულად იმ პირების დევნის ფაქტის შესახებ, რომლებიც ხატავენ ქალებს და ზოგადად ადამიანებს სამოსის გარეშე. ასევე ecoi.net; refworld.org. და Google-ს საძიებო ველშიც ვერ მოიძებნა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

[1] Article 19, Iran: We Must Protect the Right to Artistic Expression, 23 June 2015, available at:

[accessed 23 April 2018]

[2] Amnesty International, Caught in a Web of Repression: Iran’s Human Rights Defenders Under Attack, 2 August 2017, available at:

[accessed 23 April 2018]

[3] Heinrich-Böll-Stiftung: Iran-Report 02/16, 4 February 2016

[accessed 23 April 2018]

[4] UN General Assembly, Situation of human rights in the Islamic Republic of Iran, 31 October 2017, A/72/562, available at:

[accessed 23 April 2018]

[5] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Query Response: Iran: Capacity and Methods of Authorities to Monitor Online Activities and Religious Activities of Iranians Living Abroad, 12 June 2017, available at:

[accessed 23 April 2018]

[6] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 23 April 2018]

[7] Heinrich-Böll-Stiftung: Iran-Report 04/2017, April 2017

[accessed 23 April 2018]

[8] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iran, 22 February 2018, available at:

[accessed 23 April 2018]

[9] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 23 April 2018]

[10] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 23 April 2018]