ერაყი. ქ. ბაღდადში არსებული ვითარება; განათლება და დასაქმება. მარტი, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.[1]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  2020 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია შკალა, სადაც აღწერილია ბაღდადის რეგიონში,  უკანაკნელი 2 წლის განავლობაში დაფიქსირებული უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები.

როგორ შკალიდან ჩანს, როგორც დედალაქში, ასევე – მთლიანი ერაყის მასშტაბით, უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.  აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში, ბაღდადის რეგიონში, შესაბამისად, 1 და 2 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა. ხოლო ოქტომბერი-ნოემბრის შუალედში – 5 და 6 შემთხვევა.[2]

რაც შეეხება ქვეყანაში და, მათ შორის – დედაქალაქში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ზოგად ვითარებას, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ერაყი არის პარლამენტარული ტიპის რესპუბლიკა, სადაც 2018 წელს ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ექსცესების გარეშე არ ჩავლილა, მეტ-ნაკლებად თავსებადი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ახლადარჩეული პრემიერი – აბილ აბდ ალ-მაჰდი 2019 წლის 1 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების საპასუხოდ, თანამდებობიდან გადადგა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არაერთი ორგანო თუ დაჯგუფება მოქმედებს. გვხვდება ერაყის სამთავრობო უსაფრთხოების ძალები, რომელიც კომპეტენციების მიხედვით გაყოფილია შესაბამის ორგანოებში და ყველა მათგანი ექვმდებარება პრემიერ-მინისტრსსა და ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამას გარდა, ერაყში ასევე არსებობს ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (Popular Mobilization Forces (PMF))  – სახელწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 60-მდე შეიარაღებულ ჯგუფად არის დაყოფილი. მათი უმრავლესობა არის შიიტი არაბი. კანონის მიხედვით, ყველა PMF პასუხისმგებელია ერაყის პრემიერ-მინისტრის წინაშე, თუმცა, პრაქტიკაში, ზოგიერთი დანაყოფი ირანსა და ირანის რევოლუციური გუშაგების კორპუსს ექვემდებარებოდა. ქურთისტანის რეგიონში, ერაყის კონსტიტუციის თანახმად, „ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობა“ -ს გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების აპარატი და ჯარი. თუმცა, ამას გარდა, ორი წამყვანი პოლიტიკური პარტია – ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP) და „ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება“ (PUK) ინარჩუნებდნენ საკუთარ, დამოუკიდებელ სამხედრო ფრთებს – ე.წ. „ფეშმერგა“ ერთეულებს. ანგარიშის მიხედვით, ერაყის სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. აღნიშნული, განსაკუთრებით სახეზე იყო ირანთან აფილირებული PMF დაჯგუფებების შემთხვევაში.

ქვეყანაში, ოქტომბრის დასაწყისიდან, ფიქსირდებოდა მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები, ძირითდად, ბაღდადსა და სხვა შიიტურ რეგიონებში. დემონსტრანტები მოითხოვნდნენ მთავრობის რესტრუქტურიზაციას და კორუფციის აღმოფხვრას. სამოქალაქო სამსახურებმა მალევე  მალევე დაკარგეს კონტროლი სიტუაციაზე და, შედეგად, უსაფრთხოების ძალებმა და, ასევე  – PMF ერთეულებმა დაიწყეს დემონსტრაციების ძალადობრივი გზით დაშლა. მათ შორის, გამოყენებული იყო რეალური ამუნიცია. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დემონსტრაციების დარბევის დროს, 479-ზე მეტი სამოქალაქო პირი გაირდაცვალა, ხოლო სულ მცირე 20 000 – დაშავდა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; პირთა იძულებითი გაუჩინარება; წამება; თვითნებური დაკავების შემთხვევები; მძიმე და სიცოხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები;  პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; მნიშვნელოვანი ჩარევა შეკრებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებაში; იძულებით გადაადგილებულ პირთა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდოდ აფილირებული პირთა მიმართ მუქარა; ფართოდ გავრცელებული სამთავრობო კორფუცია; ზოგიერთი ელემენტის, მათ შორის – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) და ირანისამდი ლოიალურად განწყობილი PMF ერთეულების მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება; ლგბტი პირთა მიმართ მიზანმიმართული ძალადობა და ა.შ.

მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევებს, თუმცა, იშვიათად თუ აყენებდა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს. დაუსჯელობის სინდრომი ხშირი იყო როგორც სამთავრობო, ასევე – უსაფრთხოების ძალების რიგებში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა უკანსკნელ პერიოდში ძლიერ დასუსტდა, ტერორისტული ორგანიზაცია კვლავ აგრძელებდა სერიოზული დანაშაულების, მათ შორის – მკვლელობების, ჩადენას.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ერაყის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ერაყის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის – ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ერთეულები“ (Popular Mobilization Units (PMU)) იყენებდნენ გადამეტებულ ძალას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობის დროს. აღნიშნულ ძალადობას 500-ზე მეტი დემონსტრანტის სიცოცხლე ესმხვერპლა, ხოლო ათასობით – დაშავდა. ბევრი მოკლული გარდაცვლილი იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან რეალური ტყვიების გასროლით, რაც აკრძალულია. პროტესტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა  სპექტრის წარმომადგენელი პირების, მათ შორის – დემონსტრანტთა ადვოკატების, დაშავებულთა მკურნალი ექიმების და პროტესტების საკითხზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ, უსაფრთოების ძალების მხრიდან, ადგილი ჰქონდა დაკავებების, გატაცებების, გაუჩინარებებისა და სხვა დაშინების მეთოდების გამოყენებას. ერაყის შესაბამისმა სამსახურებმა, გარკვეული პერიოდით დაბლოკეს წვდომა ინტერნეტზე, რათა არ გავრცელებულიყო დემონსტრანტთა მიმართ გადამეტებული ძალადობის ამსხაველი ფოტო-ვიდეო მასალა. ქვეყანაში კვლავ რჩებოდა დაახლოებით 1.55 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც გადაადგილების თავისუფლების კუთხით უმკაცრეს შეზღუდვებს აწყდებოდნენ. ანბარისა და ნინევას პროვინციებში, დროებითი ბანაკების რღვევამ ზოგიერთი ოჯახი მეორადი ტიპის იძულებით გადაადგილებასაც კი დაუქვემდებარა. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან გამოქცეული ათასობით მამაკაცი და ბიჭი დაკარგულად ითვლებოდა,  რაც სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალებისა და  „სახალხო სამობილიზაციო ერთეულები“ მხრიდან მათ იძულებით გაუჩინარებას უკავშირდებოდა. ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, როგორც ცენტრალური ერაყის, ასევე – ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა, იყენებდა წამებას თუ სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას დაკავებულთა მიმართ, განსაკუთრებით იმ პირთა შემთხვევაში, რომელთა მიმართ არსებობდა ვარაუდები მათი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ. ერაყის სასამართლოები კვლავ აგრძელებდნენ სიკვდილით დასჯის სასჯელების გამოტანას მსჯავრდებულთა მიმართ. ქვეყანაში კვლავ ოპერირებდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ხშირად სამიზნედ აქცევდა სამოქალაქო მოსახლეობას, ბომბების საშუალებით თავს ესხმოდა ქალაქებს და კლავდა ადგილობრივი თემის ლიდერებს.[4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ერაყის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვითაც,  ბაღდადსა და სამხრეთი ერაყის ბევრ ქალაქში, ოქტომბერ-ნოემბერში დაწყებულ პროტესტებს მთავრობა ძალის გამოყენებით ახშობდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეკემბერის დასაწყისის მდგომარეობით, გარდაცვილი იყო სულ მცირე 350 დემონსტრანტი. აქციების დაშლისას, უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ რეალურ ტყვიებს და ცრემლსადენი გაზის კარტრიჯებს.  ქვეყანაში ფიქსირდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების, ასევე – ქალთა უფლებების კუთხით. მთავრობა კვლავ აქტიურად იყენებდა სიკდვილით დასჯას. მასშტაბური პროტესტების საპასუხოდ, 29 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – ადილ აბდ ალ-მაჰდი, თანამდებობიდან გადადგა.[5]

რაც შეეხება უშუალოდ დასაქმებისა და განათლების მიღების კუთხით არსებულ ვითარებას ერაყში, ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ერაყის შესახებ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 22 (1) მუხლის მიხედვით, ერაყის მოქალაქეებისთვის გარანტირებულია დასაქმების უფლება იმ ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ანგარიშის მიხედვით, ერაყში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია (11 %), ხოლო შრომითი სეგმენტის ბაზარზე მონაწილეობის დონე (Labour force participation rate) – 48.7 %, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დასაქმების კუთხით, განსაკუთრებით პრობლემებს აწყდებიან ქალები, ახალგაზრდები და ის პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ წვდომა საჯარო დასაქმებაზე.

ერაყში დასაქმებულთა დაახლოებით 40 % (ხოლო დასაქმებულ ქალთა – 60 %) საჯარო სამსახურში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ერაყის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ნავთობზე, აღნიშნული ინდუსტრიაში დასაქმებულია მხოლოდ 1 %. ამას გარდა, ნავთობის სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რაც ადგილობრივებში სიძულვილს იწვევს. სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის სექტორები, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში კონტრიბუციით არ გამოირჩევიან, ერაყელთა საკმაოდ დიდ რაოდენობას ასაქმებენ. Transparency International-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით,  ერაყი 180 გამოკვლეული ქვეყნიდან, კორუფციის ინდექსის კუთხით, 162-ე ადგილს იკავებს, რაც კორუფციის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

რაც შეეხება განათლებაზე წვდომას, ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციის 34-ე მუხლით უფასო განათლებაზე წვდომა გარანტირებულია. ამას გარდა, იმავე მუხლით პირველადი განათლების დონე სავალდებულოდაა გამოცხადებული და ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა წერა-კითხვის უცოდინრობის წინააღმდეგ ბრძოლა. საჯარო განათლება უფასოა ყველა დონეზე და სავალდებულოა მე-9 კლასის ჩათვლით ერაყის ქურთისტანის რეგიონში, ხოლო დანარჩენ ერაყში – მე-6 კლასის ჩათვლით. ქვეყანაში არსებული კერძო სკოლები და სასწავლო დაწესებულებები ხშირად გაცილებით უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე სათანადო რესურსის არმქონე საჯარო სისტემას, თუმცა, როგორც წესი, იმდენად ძვირია, რომ მასზე წვდომა განსაკუთრებით მდიდარი ერაყელთა მცირე ნაწილის გარდა, არავის აქვს. 2017 წლის მდგომარეობით, ერაყში 35 საჯარო, ხოლო 55 – კერძო უნივერსიტეტია.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის ათწლეულებმა  და ეკონომიკურმა სიძნელეებმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ერაყის საგანმანათლებლო სისტემას. ძალადობამ, ინფრასტრუქტურის დაზიანებამ და ბავშვთა და ოჯახების მასობრივმა იძულებითმა გადაადგილებამ მნიშვნელოვნად შეაფერა საგანმანათლებლო სერვისებზე წვდომა. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტის პერიოდში, ერაყის ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით კი – სალაჰ-ალ-დინისა და დიილას პროვინციებში, სკოლის ასაკის ბავშვთა 90 %-ს არ გააჩნდა წვდომა განათლებაზე. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ სკოლის ასაკის ბავშვთა ნახევარი (რამდენიმე ასეული ათასი) არ დადის სკოლაში. გოგონები არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი ერაყის როგორც  დაწყებით ასევე – საშუალო სკოლებში. გავრცელებული ცნობებით, ქვეყანაში არსებული ყოველი ორიდან ერთი სკოლა დაზიანებულია და რემონტს საჭიროებს. კვალიფიციურ მასწავლებელთა რაოდენობა და პროცენტული გადანაწილებაც შემცირებულია განათლების ყველა დონეზე, გარდა სკოლამდელი განათლების დონისა.[6]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის მთავარი სოციო-ეკონომიკური ინდიკატორების შესახებ წერდა, რომ “ერაყის განვითარების ეროვნული გეგმა 2018-2022-ის” მიხედვით, შრომით ბაზარში ქალთა ჩართულობა განსაკუთრებით სუსტი იყო (14.5 %). მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე 2019 წლის აგვისტოში განთავსებულ სტატიაში ავტორები წერდნენ, რომ ერაყში დასაქმებული ქალები 15 წელს ზემოთ მდედრობითი სქესის მოსახლეობის მხოლოდ 19 %-ს წარმოადგენდნენ. მსოფლიო ბანკიც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ვარაუდობდა, რომ ქალთა უმუშევრობის დონზე მშრომელ ქალთა რაოდენობის 30.4 %-ს შეადგენდა.

“ერაყის განვითარების ეროვნული გეგმა 2018-2022“  მოცემული იყო ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლიდა ქალებს, შრომით ბაზარზე სათანადო ჩართულობაში. აღნიშნულ გამოწვევებს შორის იყო: სოციალური და კულტურული ფაქტორებით განპირობებული ქალის დაკნინებული როლი; ქალთა საკითხების და ადამიანის უფლებათა სამინისტროების გაუქმება; ბავშვთა ქორწინებები და ა.შ. ამას გარდა,  ისეთი საკითხები, როგორიცაა – სახელმწიფო ბიუჯეტში გენდერულ საკითხებზე განკუთვნილი რესურსის სიმცირე; ქალის როლის  სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებში დისკრიმინაცია; ქვრივთა და ობოლთა რაოდენობის ზრდა და ქალთა არასათანადო ხარისხის განათლება ასევე ხელს უშლიდა მათ  დასაქმებაში.

UNAMI-ს მიხედვით, ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ძალადობა; უსაფრთხოების არაარსებობა; საზოგადოებრივი შეხედულებები ქალებზე და სახელმწიფო ორგანოების არასათანადო ჩართულობამ ნეგატიური გავლენა იქონია „ერაყელ ქალთა როლზე ქვეყნის აღმშენებლობაში“.

რაც შეეხება უშუალოდ ბაღდადში განათლებისა და დასაქმების კუთხით ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, ბაღდადის პროვინციაში ერაყში უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – 6-10 %. ხოლო 15-დან 24 წლამდე ასაკობრივ სეგმენტში, უმუშევრობის დონე 5-7 %-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება განათლებას, სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი ბაღდადში შემდეგი იყო: დაწყებით სკოლებში – 97 %; საშუალო სკოლებში – 67.7 %, ხოლო სკოლის ბოლო ეტაპზე (High School) – 66.3 %. ეროვნული განვითარების გეგმის მიხედვით, ბაღდადს კიდევ ესაჭიროება დამატებით 2908 საბავშვო ბაღი; 2849 დაწყებითი სკოლა და 353 საშუალო და დამამთავრებელი სკოლა, რათა ქალაქის რეზიდენტების რაოდენობა დააკმაყოფილოს. ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც კერძოდ სკოლები თითქმის არაა, ბაღდადში მათი რაოდენობა 5 %-ს უტოლდება. ბაღდადში მდებარე კერძო და საერთაშორისო სკოლებში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის განათლების მიღებაა შესაძლებელი, თუმცა, საფასური საკმაოდ ძვირია და მათზე წვდომა მხოლოდ მდიდარ ოჯახებს გააჩნიათ.[7]

Freedom House-ს ერაყის შესახებ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ქალთა გადაადგილება შეზღუდულია საკანონმდებლო რეგულაციებით. კერძოდ, ქალებს ესაჭიროებათ მამრობითი სქესის „მზრუნველის“ ნებართვა, რათა აიღონ პასპორტი და სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც აუცილებელია ისეთი სერვისებზე წვდომისთვის, როგორიცაა – დასაქმება;  განათლება; სოციალური და საჯარო სერვისები და ა.შ. [8] იგივე ინფორმაციაა მოცემული ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოაღნიშნულ ანგარიშშიც. [9]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 22 March 2021]

[2] Joel Wing; Blog Musings on Iraq – article “Security In Iraq November 2020”; published on 3 December 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/12/security-in-iraq-november-2020.html [accessed 22 March 2021]

[3] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iraq; published in March 2020; available at

[accessed 22 March 2021]

[4] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Iraq; published in February 2020; available at

[accessed 22 March 2021]

[5] Human Rights Watch – World Report 2020 – Iraq; published in January 2020; available at

[accessed 22 March 2021]

[6] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAQ; published in August 2020; available at

[accessed 22 March 2021]

[7] EASO – Iraq Key socio-economic indicators For Baghdad, Basra and Erbil; published in September 2020; available at

[accessed 22 March 2021]

[8] Freedom House – Freedom in the World 2021 – Iraq; published in March 2021; available at

[accessed 22 March 2021]

[9] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iraq; published in March 2020; available at

[accessed 22 March 2021]

რუსეთი. მენტალური პრობლემების მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულება. ოქტომბერი, 2020

ა.შ.შ. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე მოცემულია 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნებული სტატია რუსეთში მენტალური ჯანდაცვის მიწოდების შესახებ. სტატიის მიხედვით, მენტალური და ფსიქიატრიული ხასიათის ჯანდაცვა რუსეთში გარანტირებულია „მენტალური ჯანდაცვის შესახებ კანონით“, თუმცა, ამ კუთხით არსებობს კიდევ დამატებითი ფედერალური და სხვა ტიპის აქტები. კანონი შემუშავებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებთან თანხვედრაში და ძალაში შევიდა 1993 წლის 1 იანვარს. კანონის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „მენტალური ჯანმრთელობა  თითოეული პირისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის მქონე საკითხია“.

კანონის მიხედვით, მენტალური დარღვევის დიაგნოზს მხოლოდ შესაფერისი კვალიფიკაციის ფსიქიატრი და სხვა პროფილის ნებისმიერი ექიმის მოსაზრება მხოლოდ პირველადი ხასიათისაა. ამას გარდა, მკურნალობა, როგორც წესი, ტარდება მხოლოდ პაციენტის გამოხატული თანხმობის შემთხვევაში, მას შემდეგ, რა ისი მიიღებს სრულ და ობიექტური ინფორმაციას როგორც უშუალოდ პროცედურის, ასევე – მისი ალტერნატივების ან დაკავშირებული გართულებების შესახებ. თუ პაციენტს არ შეუძლია გამოხატოს თანხმობა, მაშინ მესამე პირი (მეურვე; მშობელი) აკეთებს ამას.

ამას გარდა, კანონი ასევე ითვალისწინებს იძულებითი ჰოსპიტალიზაციის წინაპირობებსაც, როდესაც:

  • პირის ჩადის საკუთარი თავისთვის ან გარშემომყოფთათვის პოტენიურად საშიშ ქმედებებს;
  • პირი უძლურია და არ შეუძლიათ საკუთარი თავის ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფა;
  • არსებობს პირის მენტალური ჯანმრთელობისთვის „სერიოზული ზიანის“ მიყენების რისკი, თუ ის არ დაქვემდებარება შესაბამის მკურნალობას;

აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ფსიქიატრი, რომელიც დეტალურად და სიღრმისეულად აღწერს პაციენტის მენტალურ  კონდიციას. შესაბამის სამკურნალო მანიპულაციებს  ატარებს მხოლოდ სამედიცინო პერსონალი, რომელიც ასევე სიღრმისეულად უნდა აღწერილი და გამართლებული სამედიცინო ისტორიაში.

ამას გარდა, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, იძულებითი ხასიათის მკურნალობას ექვემდებარება მენტალურად დაავადებული ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებებს სჩადის. იმ საკითხზე, თუ რამდენად საჭიროებს ესა თუ ის გონებრივი დარღვევა აღნიშნული ტიპის მკურნალობას, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მკურნალობა ჩატარებულ იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი ღონისძიებები მის გარეთ ვერ განხორციელდება.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ფუნდამენტალური ჯანდაცვის შესახებ  ფედერალური კანონის“ მიხედვით, ფედერაციის სუბიექტებში (წევრ რესპუბლიკებში) მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან „სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებებით“ (მათ შორის – მენტალური დაავადებებით) დაავადებული მოქალაქეებისთვის ჯანდაცვითი სერვისებისა და „სოციალური მხარდაჭერის“ მიწოდებაზე. ამას გარდა, მათ, ასევე, ევალდებულებათ აღნიშნული კატეგორიის პაციენტების შესაბამისი მედიკამანტებით უზრუნველყოფა. „სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებებით“ დაავადებული პირები უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ადექვატური მკურნალობა და რეგულარული სამედიცინო შემოწმების სერვისები რელევანტურ სამედიცინო დაწესებულებებში (ე.წ. დისპენსერებში).

მენტალური ჯანდაცვის შესახებ კანონის 16 მუხლში ჩამოთვლილია ის სამკურნალო სერვისები და სოციალური მხარდაჭერის ზომები, რომლებიც გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ. ესენია:

  • გადაუდებელი მენტალური ჯანდაცვა;
  • კონსულტაცია დიაგნოსტიკურ, სამკურნალო, ფსიქოპრევენციულ და სარეაბილიტაციო სერვისებთან დაკავშირებით როგორც უშუალოდ დაწესებულებაში, ასევე – პაციენტთან ვიზიტით;
  • მენტალურად დაავადებული პირების სოციალური მხარდაჭერა და მათი დახმარება დასაქმების კუთხით;
  • მეურვეობასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა;
  • იურიდიული კონსულტაცია და სხვა ტიპის იურიდიული დახმარება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში;
  • მენტალური პრობლემების მქონე მოხუცებულთა და შ.შ.მ. პირთა მოვლა;
  • მენტალური პრობლემების მქონდე არასრულწლოვნების და მოხუცებული პირების განათლება;
  • ბუნებრივი კატასტროფების დროს ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

მენტალური ჯანდაცვის მიწოდება რუსეთში ხდება როგორც უშუალოდ რესპუბლიკის, ასევე – ფედერალურ დონეზე.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში ადამინის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დაცულია ფიზიკური, ინტელექტუალური და მენტალური შეზღუდვების მქონე პირთა წვდომა ისეთ მნიშვნელოვან სერვისებზე, როგორიცაა – განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა, ინფორმაცია, კომუნიკაცია და ა.შ. თუმცა, ზოგჯერ, მთავრობა ეფექტურად არ აღასრულებდა აღნიშნულ დანაწესებს.

სასამართლოს მიერ მენტალური პრობლემების მქონე პირების მეურვეობისთვის  განკუთვნილი წინაპირობები თითქმის სრულად ართმევდა მათ პირად უფლებებს. აქტივისტების ინფორმაციით, სასამართლოებმა ათობით ათასი პირი გამოაცხადეს, როგორც „სამართლებრივად ქმედუუნარო“ და აიძულებდნენ მათ, საკუთარი ელემენტარული უფლებები განეხორციელებინათ მეურვეების საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავადვე, დამოუკიდებლად შეეძლოთ აღნიშნული უფლებების რეალიზება. სასამართლოები ასევე, იშვიათად თუ აღუდგენდნენ შ.შ.მ. პირს ქმედუნარიანის სტატუსს.

ანგარიშის მიხედვით, იყო შემთხვევები, როდესაც მენტალური ან ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები განწესებული იყვნენ კონკრეტულ დაწესებულებებში, სადაც ისინი ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას ან დაუდევრობას.  ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნული დაწესებულებები „გულაგებს“ შეადარა, სადაც პაციენტები დიდ დროს შებოჭილები ატარებენ და ზოგჯერ, ექვემდებარებიან არასათანადო სამედიცინო მომსახურებასა და კვებას.[2]

[1] US National Library of Medicine – “Legal regulation of mental healthcare provision in Russia” by N. G. Neznanov and V. Vasileva; published on 1 February 2015; available at https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5619598/ [accessed 6 October 2020]

[2] United States Department of State – Annual report on human rights in 2019 – Russia; published in March 2020; available at

[accessed 6 October 2020]

ერაყი. ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება და ხელმისაწვდომობა. აპრილი, 2019

2017 წლის განმავლობაში ერაყის ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა „ისლამური სახელწმიფოს“ იერიშების და სამთავრობო სუბიექტების საპასუხო ოპერაციების შედეგად. 2017 წლის განმავლობაში მინიმუმ 35 იერიში განხორციელდა სამედიცინო პერსონალსა და დაწესებულებებზე; „ისლამური სახელმწიფო“ იყო მთავარი დამნაშავე სუბიექტი.

ერაყის სამედიცინო პერსონალის 57% ვერბალური, ფიზიკური ან ტომთა შორის ძალადობის ობიექტი გამხდარა. ერაყში, სამედიცინო პერსონალის მიმართ საფრთხე ცდება უშუალოდ კონფლიქტთან დაკავშირებულ ძალადობას. ადგილი აქვს სამედიცინო პერსონალის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას, ასევე, გატაცებებს და ხანდახან მკვლელობებსაც კი. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბევრმა ქვეყანა დატოვა.[1]

2018 წლის 11 თებერვალს, ერაყის რეკონსტრუქციის კუვეიტის საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძონ ინვესტირება ერაყის განადგურებულ ჯანდაცვის სექტორში. 3 წლის განმავლობაში, კონფლიქტის შედეგად, ანბარში, ნინევაში, სალაჰადინსა და კირკუკში 14 ჰოსპიტალი და ჯანდაცვის 170-ზე მეტი დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა. წყალი და ელექტროენერგია, როზეც ჯანდაცვის დაწესებულებების ფუნქციონირებაა დამოკიდებული, ასევე საჭიროებს სასწრაფო შეკეთებას.

„თითქმის 2.5 მილიონი ერაყელი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საჭიროებს პირდაპირ ჯანდაცვას; თითქმის 3.5 მილიონი ერაყელი, რომელიც უკვე დაბრუნდა საკუთარ სახლებში, აღმოჩნდა რეალობის წინაშე, რომ ჯანდაცვის სისტემა თითქმის სრულად საჭიროებს აღდგენას. ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ერაყელი ცდილობს დანგრეული ცხოვრების აღდგენას და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სურვილია მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას, მიაწოდოს თავის ხალხს სათანადო და ღირსეული ჯანდაცვის სერვისები“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერაყში ალტაფ მუსანმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და პარტნიორები მხარს უჭერენ ერაყის მთავრობას გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და მოწყვლადი კატეგორიების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის კუთხით. 2017 წლის განმავლობაში პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ჯანდაცვის დეპარტამენტებმა 6 მილიონზე მეტი სამედიცინო კონსულტაცია გაწიეს ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული შესაძლებელი გახდა როგორც მინიმუმ 29 სტატიკური კლინიკისა და 64 მობილური კლინიკის დაფუძნებით. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი გაეწია 24 ტასზე მეტ ადამიანს 5 საველე ჰოსპიტალში მოსულში, ჰავიჯასა და ალ-ქაიმში.[2]

2018 წლის 21 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერდა, რომ ორგანიზაციის პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ნინევაში დაბრუნებული მოსახლეობისთვის. პროვინციაში ჯანდაცვის 2 დაწესებულება აშენდა – ერთი სოფელ შანდოკაში და მეორე ქალაქ ტალაფარში.

ორივე დაწესებულება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ნინევის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ერთობლივად აღიჭურვა პერსონალითა და შესაბამისი ტექნიკით. ორივე დაწესებულების მართვას ნინევის ჯანდაცვის დეპარტამენტი ახორციელებს. ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაწესებულებებს აწვდის მედიკამენტებს და ეხმარება დაავადებების დიაგნოსტიკის კუთხით.

ჯანდაცვის ბევრი დაწესებულება, მათ შორის 6 მთავარი ჰოსპიტალი დასავლეთ მოსულში კვლავ დაზიანებული და დახურულია. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავარ ამოცანად ჯანდაცვის სერვისების ხალხისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ასახელებს.[3]

2018 წლის 13 ივნისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ნინევის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად ერაყი-სირიის საზღვართან სტატიკური პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრი გახსნა; ასევე, ამოქმედდა რამდენიმე მობილური კლინიკა. ჯანდაცვის დაწესებულებები განთავსდა ქალაქ ბაიჯის შორეულ უბნებში, რომელიც ქალაქ მოსულიდან 120 კილომეტრის მოშორებითაა. დაწესებულებები მოემსახურება 20 ათასზე მეტ ადამიანს, რომლებიც გადაუდებელ მკურნალობას, ლაბორატორიულ კვლევებს, მედიკამენტებს და სხვა სახის სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.[4]

2018 წლის 24 ივლისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერდა, რომ ჰავიჯას რაიონი, რომელიც კირკუკის დასავლეთით, 45 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, საკვების, წყლის და მედიკამენტების მძიმე ნაკლებობას განიცდიდა. რაიონის სამედიცინო დაწესებულებებმა სერიოზული ზიანი განიცადა კონფლიქტის შედეგად და ამას ისიც დაემატა, რომ სამედიცინო პერსონალი იძულებული გახდა რაიონიდან იძულებით გადაადგილებულიყო. ალ ჰავიჯას მთავარი ჰოსპიტალი, რომელიც ერთადერთი დიდი სამედიცინო დაწესებულება იყო და 300 ათასამდე პირს ემსახურებოდა, სერიოზულად დაზიანდა 2017 წლის სექტემბერში პროვინციის გათავისუფლებამდე პერიოდში.

აღნიშნული საჭიროებების საპასუხოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაახლა გადაუდებელი მიმღები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაწესებულებას მიაწოდა დიდი რაოდენობით მედიკამენტები, აღჭურვილობა და ავეჯი. ორგანიზაციის დახმარებით, ჰოსპიტალს გადაეცა ორი საოპერაციო აღჭურვილობა, რომელიც 200 ოპერაციის მხარდაჭერისთვის იყო საკმარისი და 5 ტრავმატოლოგიური აღჭურვილობა 500 დაზიანების მხარდასაჭერად; ასევე, 500 პაციენტისთვის საკმარისი მეორე კატეგორიის 5 ტრავმატოლოგიური აღჭურვილობა. ჰოსპიტალს ასევე გადაეცა სხვა სახის სამედიცინო ავეჯი.[5]

2018 წლის 25 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გახსნა და აღჭურვა ჯანდაცვის ჯგუფი და ამბულატორიული ცხელი ხაზის ცენტრი ანბარის პროვინციის ანას რაიონში. ანას ჰოსპიტალს მიბმული გადაუდებელი დახმარების ჯგუფი 40 ათასზე მეტ მოსახლეს ანას და რავას რაიონებიდან და მეზობელი სოფლებიდან სთავაზობს როგორც გადაუდებელ, ასევე ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. აღნიშნული ინიციატივით შეივსო ის ნაპრალი, რომელიც მოსახლეობის მეორეული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის კუთხით არსებობდა – სამედიცინო მომსახურება უფრო ახლოს მივიდა მოსახლეობასთან და ამასთან, ცხელი ხაზი რეაგირებას ახდენს იმ პაციენტების საჭიროებაზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებენ.[6]

2018 წლის 28 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერდა, რომ როგორც ორგანიზაციისთვის და მისი პარტნიორი დონორებისთვის, ასევე ნინევის, ანბარის, სალაჰადინის და კირკუკის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ჯანდაცვის სისტემის და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება რჩებოდა უმთავრეს პრიორიტეტად. მოსულის ალ ატბას საველე ჰოსპიტალი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ააშენა და 2016 წლის გათავისუფლების ოპერაციის დროს დაზარალებულებს კურნავდა, ამჟამად ახალი სიცოცხლით აგრძელებს ფუნქციონირებას. ჰოსპიტალს ახლა ალ ჯუმჰორის ჰოსპიტალი ქვია და დასავლეთ მოსულში მოსახლეობას სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. კლინიკის შესაძლებლობები გაიზარდა და ახლა აქ შესაძლებელია ლაპარასკოპიული ოპერაციების ჩატარება, ასევე, ფართო სპექტრის სპეციალური კონსულტაციების გაწევა, მათ შორის ოფთალმოლოგიური, კარდიოვასკულარული და სხვა სერვისები.[7]

2019 წლის 3 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა სისხლის უსაფრთხოების და სისხლის გადასხმის სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რაც იყო საპასუხო ნაბიჯი გადაუდებელი მიზნებისთვის სისხლის გაზრდილი საჭიროებების მიმართ. სამინისტროს მხარდაჭერის ფარგლებში, მასოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ერაყში რამდენიმე ტექნიკური დახმარების მისია განახორციელა. უკანასკნელი მათგანი იყო 2019 წლის იანვარში, რასაც თებერვალში სამუშაო შეხვედრა მოყვა. მისიის მიზანია სისხლის მარაგების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, ძირითადი საჭიროებების იდენტიფიცირება და სისხლის გადასხმის პროგრამის რეფორმირება; ასევე მხარდაჭერა სპეციალური საოპერაციო პროცედურებისა და ტექნიკური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების პროცესში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე ახორციელებს რეგულარულ სადამკვირვებლო მისიებს სისხლის გადასხმის ეროვნულ ცენტრში და ხვდება სფეროში დასაქმებულ პერსონალს ბაღდადსა და სხვა პროვინციებში, მათ შორის ქურთისტანის რეგიონში, განიხილავს მათთან ერთად გამოწვევებს და ეხმარება მათ რეკომენდაციების იმპლემენტაციაში.[8]

2019 წლის 12 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და კირკუკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გახსნეს პედიატრიული განყოფილება და ამბულატორიული დეპარტამენტი კირკუკის პროვინციის ჰავიჯას მთავარ ჰოსპიტალში. ჰოსპიტალი სერიოზულად დაზარალდა 2014-2017 წლებში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად. მას შემდეგ ჰოსპიტალი სრულად განახლდა და ახლა უკვე იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო პედიატრიულ ჯანდაცვის სერვისებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, დახმარების პროექტის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებას გადასცა სამედიცინო ტექნიკა, მათ შორის გადაუდებელი დახმარების და საოპერაციო აღჭურვილობა, 30 ტონა მედიკამენტები და სხვა სახის საჭირო ნივთები.[9]

[1] EASO; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 10 April 2019]

[2] WHO – World Health Organization: Investments in health can contribute to peace dividends, 11 February 2018

 (accessed on 10 April 2019)

[3] WHO – World Health Organization: WHO prioritizes the delivery of health care to communities in areas of return, 21 May 2018

 (accessed on 10 April 2019)

[4] WHO – World Health Organization: More primary health care reach returnees in remote areas of Ninewa, 13 June 2018

 (accessed on 10 April 2019)

[5] WHO – World Health Organization: WHO provides essential lifesaving medicines and kits to Hawija General Hospital, 24 July 2018

 (accessed on 10 April 2019)

[6] WHO – World Health Organization: Restoring specialized medical care for returnee communities in west Anbar districts, Iraq, 25 October 2018

 (accessed on 10 April 2019)

[7] WHO; Laparoscopic surgeries available in Mosul thanks to OFDA; 28 December, 2018; available at: http://www.emro.who.int/irq/iraq-news/laparoscopic-surgeries-available-in-mosul-thanks-to-ofda.html [accessed 10 April 2019]

[8] WHO – World Health Organization: WHO supports Ministry of Health of Iraq to improve blood safety and transfusion services, 3 March 2019

 (accessed on 10 April 2019)

[9] WHO – World Health Organization: Paediatric unit and outpatient departent open for patients in Hawija General Hospital, 12 March 2019

 (accessed on 10 April 2019)

არაბთა გაერთიანებული საამიროები. პალესტინელების მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2019

ავსტრიის წარმოშობისა და თავშესაფრის საკითხთა კვლევების და დოკუმენტირების ცენტრი – ACCORD 2018 წლის 25 ივნისს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პალესტინელთა ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

1.1 მდგომარეობა გადაადგილების თავისუფლების კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების კუთხით, მოქალაქეობის არმქონე პირებს გარკვეული შეზღუდვები ექმნებათ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა გადაადგილებასთან დაკავშირებით, რაც ხშირად გამოწვეულია პასპორტისა თუ სხვა ტიპის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არ ქონით. თუმცა, დუბაის ერთ-ერთი იურიდიული ფირმის უფროსმა წარმომადგენელმა კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითების საბჭოს (შემდგომში – IRB) განუცხადა, რომ „პალესტინელებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ პალესტინის მიერ გაცემული შესაბამისი ვიზა“.

1.2 განათლებაზე, ჯანდაცვასა და დასაქმებაზე წვდომა.

დუბაის ბინადრობისა და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორატის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო სკოლებზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა შვილებს, „სპარსეთის ყურის ურთიერთანამშრომლობის საბჭოს“ (Gulf Cooperation Council) წევრთა შვილებს და იმ პირთა შვილებს, რომლებიც ფლობენ ქვეყნის პრეზიდენტის ან ვიცე პრეზიდენტის მიერ გაცემულ დეკრეტს. კერძო სკოლებში განათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ ბავშვს, ხოლო სწავლის წლიური ღირებულება მერყეობს 5000-დან 70 000 დირჰამამდე (1164-დან 16 296 ევრომდე).

IRB პალესტინურ არასამთავრობო ორგანიზაცია BADIL-ის მკვლევარზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებულ საამიროებში იმ პალესტინელებს, რომელთაც გააჩნიათ სამუშაო ნებართვა, არ აქვთ წვდომა ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, შესაბამისად, ამ კუთხით, ისინი დამოკიდებულნი არიან კერძო სექტორზე. თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელიც საშუალებას აძლევეს უცხო ქვეყნის საჯარო სექტორში მომუშავე პირის ორ შვილს, უფასოდ ისწავლონ საამიროების საჯარო სკოლებში.

რაც შეეხება დასაქმებაზე წვდომის კუთხით მდგომარეობას, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ დასაქმების ბაზარზე პირის წვდომა, მეტწილად დამოკიდებულია მისი, როგორც კანონიერი რეზიდენტის სტატუსზე. ლტოლვილთა სტატუსის მქონე პირებს, ასევე იმათ, ვისაც გააჩნიათ დროებითი ან ვადაგასული ვიზა, ზოგადად, შეზღუდული წვდომა აქვთ შრომით ბაზარზე. ამას გარდა, განათლებასა და სხვა საჯარო სერვისებზე, მათ შორის – ჯანდაცვაზე წვდომა, ასევე დამოკიდებულია პირის, როგორც კანონიერი რეზიდენტის სტატუსზე. შესაბამისად, გავრცელებული ცნობების მიხედვით, ზოგიერთ ერაყელ ან სირიელ ლტოლვილს და მათ ოჯახებს, არ გააჩნდათ წვდომა ჯანმრთელობის დაცვასა თუ განათლებაზე. მთავრობა, ხშირად გლუკი-ს ჩარევის შემდეგ, ნებას რთავდა ზოგიერთ ოჯახს, ესარგებლა კონკრეტული სერვისებით, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა. ზოგიერთი საავადმყოფო მზად იყო, ემკურნალა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დაზღვევა არ გააჩნდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, პაციენტებს მკურნალობის თანხა წინასწარ, სრულად უნდა გადაეხადათ.

ორგანიზაცია Gulf  Labour Markets and Migration (GLMM) მიხედვით, ფედერალურ დონეზე, სადაზღვევო პროგრამებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ხოლო აბუ დაბის საამიროში, დამსაქმებელი ვალდებულია ჯანმრთელობის დაზღვევით დააზღვიოს მასთან მომუშავე ყველა დასაქმებული და მათი ოჯახის წევრებში, რომელშიც შედის მეუღლე და 18 წელს ქვემოთ მაქსიმუმ სამი შვილი.

2013 წლის კანონი N11 მიხედვით, დუბაის საამიროში დამსაქმებელი ვალდებულია მის მიერ დასაქმებული უცხოელებისთვის უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. ამას გარდა, დასაქმებულის გარანტორიც ასევე ვალდებულია, მიაწოდოს მას სადაზღვევო სერვისები, იმ შემთხვევაში, თუ მას დამსაქმებლისგან აღნიშნული დაზღვევა უკვე არ აქვს.[1]

[1] ACCORD – Query response on the United Arab Emirates: 1.) Residence status and possibilities of return; 2.) General situation of Palestinians [a-10656] available at

[accessed 13 February 2019]

მოჰამედ ემ ბოჯი ბელგიის სამეფოს წინააღმდეგ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (დიდი პალატა). გადაწყვეტილების თარიღი: 18/12/2014