ავღანეთი. თალიბანი; უსაფრთხოება; ჰაზარები; ქალთა უფლებები. ნოემბერი, 2021

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის და თავშესაფრის კვლევის და დოკუმენტაციის ცენტრი 2021 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს, რომ „თალიბანი“ ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ამბოხებულ ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც ლიდერთა ჯგუფისა და ავღანეთის ისლამური საამიროების იდეის მიმართ ერთგულების სხვადასხვა დონით ხასიათდება. „თალიბანის“ ორგანიზაციული სტრუქტურა მკაცრად იერარქიულია, რომლის სათავეშიც ამირ ულ-მუმინინი (ჭეშმარიტ მორწმუნეთა მეთაური [Commander of the Faithful]) დგას. ის გასცემს მორალურ, რელიგიურ და პოლიტიკურ განცხადებებს, აკონტროლებს მოსამართლეებს, სასამართლოს და პოლიტიკურ კომისიებს, ნიშნავს ჩრდილოვან მმართველებს და არის სამხედრო ორგანიზაციის მეთაური.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ამბოხისა და საკუთარი თავის ჩრდილოვან მთავრობად პოზიციონირების შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში, მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი დაამყარა. 15 აგვისტოს, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანმა ქვეყანა დატოვა, ხოლო პოლიცია და სხვა სამთავრობო ძალები დანებდნენ და საკუთარი პოზიციები დატოვეს; „თალიბანმა“ აიღო დედაქალაქი ქაბული, დაიკავა პრეზიდენტის სასახლე და ომი დასრულებულად გამოაცხადა.[2]

უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი ვითარება – 2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ნატოს ეგიდით მომსახურე შეიარაღებული ძალები სექტემბრამდე დატოვებდნენ ავღანეთის ტერიტორიას. 15 აგვისტოს, ავღანეთის დედაქალაქი ქაბულის აღების შემდეგ, მოძრაობა „თალიბანმა“, ვინც 1996-2001 წლებში ავღანეთის მმართველი ძალა იყო, ქვეყანაზე კონტროლის დამყარება დაიწყო. „თალიბანმა“ დროებითი კაბინეტი 7 სექტემბერს ჩამოაყალიბა და გაჟღერდა პირველი ნიშნებიც იმისა თუ როგორი ფორმით აპირებს მოძრაობა ავღანეთის მართვას. კაბინეტი „თალიბანის“ საკვანძო ფიგურებითაა დაკომპლექტებული. წინა ხელისუფლების კოლაფსის პირობებში, ამჟამად, „თალიბანი“ ქვეყნის მასშტაბით დე ფაქტო მმართველი ძალაა.

საკუთარი უფლებების, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შიშით, ათასობით პირი მიაწყდა ქაბულის აეროპორტს იმედით, რომ შეძლებდა ქვეყნის დატოვებას. ყველა კომერციული ფრენა შეჩერებული იყო და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები უზრუნველყოფდნენ აეროპორტის დაცვას, ვიდრე დიპლომატები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მაღალი საფრთხის რისკის ქვეშ მყოფი ავღანელები შეძლებდნენ ქვეყნის დატოვებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდებოდა ინფორმაცია, „თალიბანის“ მიერ დაწესებული აკრძალვების შესახებ, რომლებიც ეხებოდა პირად და სოციალურ თავისუფლებებს, ქალთა უფლებებს, მათ შორის განათლების უფლებას.

2021 წლის საწყის თვეებში უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი მოკლეს და ნახევარ მილიონზე მეტი ავღანელი იძულებით გადაადგილდა; მათ შორის 120 ათასამდე პირი ქაბულის მიმართულებით, რათა გაქცეოდა „თალიბანის“ კონტროლს. 16 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, გაერომ 6 ათასზე მეტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი აღრიცხა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 25%-ით მეტი იყო. შეიარაღებული შეტაკებების რაოდენობა 37%-ით, საჰაერო იერიშები კი 236%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ბევრ იერიშსა და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთში მოქმედმა „ისლამური სახელმწიფოს“ ფრთამ; მათ შორის, ბევრ თავდასხმაზე, რომელთა სამიზნე ჰაზარათა შიიტური საზოგადოება იყო. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის 2021 წლის ნოემბრის შეფასებით, ავღანეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა კვლავ მაღალი ხარისხით ძალადობრივია. ამასთან, „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების პროცესის დამთავრებასთან ერთად, ვითარება, შედარებით დამშვიდებულია. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ავღანეთის მხარდაჭერის გაეროს მისიამ 5 ათასზე მეტი სამოქალაქო პირისთვის მიყენებული ზიანის (1659 მკვლელობა და 3524 დაშავება) ფაქტი აღირცხა.

წარმოდგენილ ფოტოზე ასახულია ინფორმაცია წლების მიხედვით, ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ინფორმაცია მომზადებულია ავღანეთში გაეროს მხარდაჭერის მისიის მიერ 2021 წლის ივლისში.

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი შეშფოთების საფუძველი გაჩნდა. აღნიშნული შეშფოთება ორი მიმართულებით წარმოიშვა – ის მიღწევები, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა ხელშესახები, განსაკუთრებით, ქალთა უფლებების მიმართულებით, ჩამოიშალა; და იმის მიუხედავადაც, რომ „თალიბანი“ დე ფაქტო მმართველი ძალაა, განაგრძობს იგივე მეთოდების გამოყენებას, რასაც ამბოხებულ დაჯგუფებად ყოფნის პერიოდში. წყაროების შეფასებით, აღნიშნული შიშები საფუძვლიანია. და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები არიან – პირები, ვინც უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებისთვის და დიპლომატიური მისიებისთვის მუშაობდნენ, მაგალითად, მძღოლები, თარჯიმნები, უსაფრთოების კერძო სამსახურის თანამშრომლები და სხვა; ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრები და პოლიტიკური პასუხისმგებლობების მქოპნე პირები; ქალები და გოგონები – განსაკუთრებით შემაშფოთებელია განათლების, გადაადგილების, დასაქმების, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებებზე წვდომა; ბავშვები, რომელთა ნაწილი სამხედრო რეკრუტირების რისკის წინაშეა; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები; ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები. 2021 წელს ავღანეთში 681,332 პირი იძულებით გადაადგილდა; ეს 100 ათასზე მეტი ოჯახია. იძულებით გადაადგილებულთა 59% ბავშვია.

„თალიბანმა“ დახურა ქალთა საკითხების დეპარტამენტი და ჩაანაცვლა ის მკაცრი რელიგიური დოქტრინების აღსრულების დეპარტამენტით. ქალთა უფლებების კუთხით ვითარების გაუარესება და თანმდევი შიშები გაამძაფრა იმ ფაქტმაც, რომ ახალ დროებით მთავრობაში არცერთი ქალია წარმოდგენილი. ქაბულის ახალმა მერმა მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულ ქალებს სახლში დარჩენა მოსთხოვა; სამსახურებში მხოლოდ ის ქალები დაბრუნდებიან, ვისი მამაკაცებით ჩანაცვლებაც ვერ მოხდება. ამასთან, ჰამდულა ნომანიმ განაცხადა, რომ „თალიბანი“ აუცილებლად მიიჩნევს, ქალთა დასაქმების საერთოდ აკრძალვას. ამჟამად, ავღანეთში 230 ქალი მოსამართლე რჩება და ყველა მათგანი იმალება. ერთერთი ქალი მოსამართლე [რომელიც ასევე იმალება] აცხადებს, რომ ერთი კაცი, რომელიც მან ტერორიზმის მუხლით გაასამართლა, არა მხოლოდ გაათავისუფლეს და ახლა ის მას ემუქრება, არამედ მოსამართლედაც დანიშნეს. ერთერთმა ქალმა მოსამართლემ კი განაცხადა, რომ ჩანიშნული საკეისრო კვეთის ნაცვლად, ბუნებრივი გზით იმშობიარა სახლის პირობებში, რადგან საავადმყოფოში მისვლისა და საკუთარი ვინაობის გამჟღავნების შეეშინდა. „თალიბანმა“ სკოლებიდან გამოდევნა ქალი მასწავლებლები და გოგო მოსწავლეები და საკლასო ოთახები გაიღო მხოლოდ ბიჭებისთვის და კაცი მოსწავლეებისთვის. „თალიბანის“ მებრძოლებმა, ღაზნის პროვინციის აღების შემდეგ, 9 ეთნიკურად ჰაზარა დახოცეს [6 მათგანი ჩაცხრილეს, ხოლო 3 წამებით მოკლეს]. მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ ეთნიკური უმცირესობების მიმართ პატივისცემის პირობას იძლეოდა, ასობით ეთნიკურად ჰაზარა გამოასახლეს საკუთარი სახლებიდან და დაატოვებინეს ფერმები. ბევრი ახლა კარვებში ცხოვრობს ან თავს ხეებს აფარებს. ავღანური მედია საშუალებების „არიანა“, „ტოლო“ და „ეტილაატ-ე-როზ“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს „თალიბანის“ მებრძოლებმა სცემეს და შემდეგ ისინი დააკავეს, აპარატურა ჩამოართვეს და გადაღებული მასალა გაანადგურეს. ჟურნალისტები ცდილობდნენ „თალიბანის“ საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებას.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, „თალიბანი“ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის უფლებებს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. ქალთა და გოგონათა უფლებები ძლიერი რეპრესიების ქვეშაა მოქცეულია, ადამიანის უფლებათა დამცველებს ემუქრებიან და აშინებენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მკაცრად იზღუდება, ყოფილი სამთავრობო პერსონალი მძიმე რეპრესიების მსხვერპლია. „თალიბანის“ მებრძოლები, სხვადასხვა პროვინციის დაკავების დროს, მასობრივად ხოცავდნენ დაკავებულ ჯარისკაცებს. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, „თალიბანმა“ უკიდურესად ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა.[3]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ ჰაზარა მოსახლეობის უმეტესობა ჰაზარაჯატში ცხოვრობს; თუმცა, ისინი, ასევე, წარმოდგენილნი არიან ავღანეთის უმეტეს ქალაქში, მათ შორის ქაბულში. ეთნიკურად ჰაზარები, როგორც წესი, საკუთარი გარეგნობით ამოიცნობიან.

2021 წლის პირველ ნახევარში, გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიის ინფორმაციით, განახლდა კონფესიური ნიშნით მოტივირებული თავდასხმები შიიტ უმცირესობაზე, უმეტესად ჰაზარა მოსახლეობაზე. აღნიშნულ პერიოდში აღწერილი 20-მდე ინციდენტი უმეტესად სწორედ ჰაზარათა წინააღმდეგ იყო მიმართული. ინციდენტები მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას [მათ შორის, ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით], რასაც მოჰყვა მსხვერპლი ჰაზარა მოსახლეობას შორის [143 მოკლული და 357 დაშავებული]. აღნიშნულ პერიოდში, მსგავს თავდასხმებს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა პროვინციაში, მათ შორის, ბაღლანში, დაიკუნდში, ღაზნიში, ღორში, ჰელმანდში, ნანგარჰარში, სამანგანსა და ქალაქ ქაბულში. თავდასხმების ორგანიზება მიეწერება როგორც ავღანეთში მოქმედ ისლამური სახელმწიფოს ფრთას, ასევე მოძრაობა „თალიბანს“. ყველაზე მძიმე თავდასხმა 2021 წლის 8 მაისს ქაბულში მოხდა, როდესაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა ქაბულის ერთერთი სკოლის მახლობლად, უმეტესად ჰაზარებით დასხლებულ უბანში. ინციდენტის შედეგად 85 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 216 დაშავდა.[4]

[1] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი; განახლებული ინფორმაცია ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 15 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ecoi.net/en/countries/afghanistan/featured-topics/overview-of-recent-developments-and-key-players-in-afghanistan/ [ნანახია 2021 წლის 19 ნოემბერს]

[2] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; სახელმძღვანელო პრინციპები ავღანეთთან მიმართებაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 19 ნოემბერს]

[3] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფრომაციისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი [ACCORD]; ავღანეთში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენების მიმოხილვა; გამოქვეყნების თარიღი: 2021 წლის 15 ნოემბერი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ecoi.net/en/countries/afghanistan/featured-topics/overview-of-recent-developments-and-key-players-in-afghanistan/ [ნანახია 2021 წლის 22 ნოემბერს]

[4] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; სახელმძღვანელო პრინციპები ავღანეთთან მიმართებაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 19 ნოემბერს]