ირანი. ენერგიებით მკურნალობა – ჰილინგი. აგვისტო, 2019

მედია საშუალება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFERL) 2015 წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა ირანში მოქმედ სულიერ ლიდერზე, ვინმე  მოჰამედ ალი ტაჰერიზე, რომელიც მისტიკური სიყვარულის და გონების ენერგიით მკურნალობის შესახებ ქადაგებდა. სტატიის მიხედვით, მან დაარსა „მისტიციზმის წრე“ (Circle of Mysticism; Erfan-e Halqeh) – ჯგუფი, რომლის მიზანიცაა  სამყაროს იდუმალების შეცნობა და ხალხის რწმენის საშუალებით განკურნება (Faith healing).  თავდაპირველად, მას საზოგადოებაში ქადაგება და სწავლება ნებადართული ჰქონდა, ხოლო მის კლასებსა და სამკურნალო სესიებს ესწრებოდნენ სხვადასხვა სოციალური სფეროს, მათ შორის მთავრობის, წარმომადგენლები. ტაჰერის რამდენიმე წიგნიც კი დაიბეჭდა კულტურის სამინისტროს ნებართვით.

2010-2011 წლებში ტაჰერი რამდენჯერმე დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის – ირანის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, სიწმინდეების შეურაცხყოფა, არანათესავი ქალი პაციენტების მაჯებზე შეხება და ა.შ.  მის წინააღმდეგ კონსერვატიულმა ჯგუფებმა წამოიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებშიც მას და მის ჯგუფს „ურწმუნოთა სექტას“ უწოდებნენ. 2015 წლის დასაწყისში ტაჰერის მიმართ მორიგი გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქალაქ კომის სამმა უხუცესმა მოძღვარმა მისი ნაწერები და ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შეისწავლა და ტაჰერი „მწვალებლად“ შერაცხა.

ივლისში დადასტურდა, რომ იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი “სამყაროში სულიერი ხრწნის გავრცელებისთვის” (spreading corruption on Earth). აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ ბრალდებას, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა ისლამური რესპუბლიკის საწყის წლებში, როგორც რეჟიმის მოწინააღმდეგეების დევნის ერთ-ერთი მეთოდი.[1]

მედია საშუალება New York Times 2017 წლის 28 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ მოჰამედ ალი ტაჰერის, რომელიც ირანში შიიტური ისლამის მისტიკური, „ახალი თაობის“  (New Age) განშტოების დამაარსებელია, საკულტო სექტის დაარსებისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამას გარდა, გასული კვირების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელად ტაჰერის მიმდევართა მასობრივი დაპატიმრებები, განსაკუთრებით – ქალაქ ისფაჰანში.

ამას გარდა, გასულ კვირას, მისმა ათეულობით მიმდევარმა გააპროტესტა ტაჰერის სასიკვდილო განაჩენი თეირანის რევოლუციური სასამართლოს შენობის წინ. უცნობია, დააკავეს თუ არა რომელიმე მათგანი. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, თეირანში მდებარე ევინის ციხის წინ გამართული მსგავსი პროტესტის დროს,  რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რაც შეეხება ტაჰერის სწავლებებს, სტატიის მიხედვით, მისი თეორიების ამსახველ ვიდეოში, ბატონი ტაჰერი ამბობს, რომ ”ადამიანები ისეთივე უსაზღვრონი არიან, როგორიც თავად, და რომ  ისინი უსასრულო ნაწილებისგან შედგებ.” ის ამბობს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია განკურნოს და განკურნოს სხვა, ე.წ. ”ულტრა მკურნალობის“ გამოყენებით, რომლის მუშაობის პრინციპის შეცნობაც ადამიანის გონებას აღემატება“

”მან მასწავლა, თუ როგორ  დაუკავშირდე ღმერთს ბედნიერების და არა მწუხარების საშუალებით”, – აცხადებს საბა მოტემანი, 27 წლის ვებ – ადმინისტრატორი და ბატონი თაჰერის მიმდევარი. მიუხედავად იმისა, რომ ის ტაჰერის პირადად არასდროს შეხვედრია, საბას განცხადებით, ის სულიერი სამყარო, რომელიც მას სწორედ ტაჰერიმ დაანახა, მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი ცხოვრება. ”ის არის შესანიშნავი მასწავლებელი, რომელმაც მასწავლა მეც და სხვებსაც, თუ როგორ დავამყაროთ კავშირი ღმერთთან”, – თქვა მან.[2]

 

რაც შეეხება აღნიშნული საკითხის კანონმდებლობის კუთხით რეგულირებას, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, არ ფიქსირდება კონკრეტული აკრძალვა უშუალოდ ე.წ. „ჰილინგის“ ან სხვა ალტერნატიული სამკურნალო მეთოდების მიმართ. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ირანის ხელისუფლებამ აღნიშნული პრაქტიკის ფუძემდებელს – ბატონ მოჰამედ ალი ტაჰერის “სამყაროში სულიერი ხრწნის გავრცელებაში” (spreading corruption on Earth) დასწამა ბრალი და რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესების შემდგომ, სიკვდილით დასჯაც მიუსაჯა. (RFERL მიხედვით, საბოლოოდ, ა.შ.შ სახელმწიფო დეპარტამენტის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმული შეშფოთების შემდეგ,  ტაჰერის სიკვდილით დასჯა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს.[3]) ამას გარდა, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ასევე დაპატიმრებული იქნენ მისი მიმდევრები ირანის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – ისფაჰანში.

[1] RFERL – article of 14 August 2015; available at https://www.rferl.org/a/iran-faith-healer-who-scared-the-regime/27189544.html [accessed 22 August 2019]

[2] New York Times  – article of 28 August 2017; available at https://www.nytimes.com/2017/08/28/world/middleeast/mohammad-ali-taheri-iran-death-sentence-mystic-healer-shiite-mystic.html [accessed 22 August 2019]

[3] RFERL – article of 7 March 2018; available at https://en.radiofarda.com/a/iran-taheri-five-year-prison-/29085475.html [accessed 23 August 2019