საუდის არაბეთში ქალებს რესტორანში მუშაობის უფლება მისცეს – პირველ ეტაპზე ქალები გამოსაცდელი ვადით მუშაობას ქვეყნის 16 რესტორანში დაიწყებენ. გარდა ამისა შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ამ სფეროში ქალების დასაქმების საკითხზე იმუშავებს. ამ დროისთვის საუდის არაბეთში ქალთა უმუშევრობის მაჩვენებელი 33%-ია. საუდის არაბეთში 13 იანვარს ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმობების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ.[1]
ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს – ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაზვერვის უწყების ოპერაციის შედეგად, სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში 83 თალიბი მებრძოლი მოკლეს. ოპერაციის დროს გაანადგურეს ექსტრემისტების ათობით ავტომანქანა და მოტოციკლი. უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი ავღანელი ჯარისკაცების რიგებში. თალიბანი ოპერაციას არ გამოხმაურებია. 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიომ თალიბანის და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.[2]
2018 წელს ავღანეთში სამხედრო ოპერაციები აშშ-ს 45 მილიარდი დოლარი დაუჯდება – ამის შესახებ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რენდალ შრივერმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა, მათ შორის მოიცავს ავღანეთში ამერიკული ჯარის ხარჯებს – 13 მილიარდს, ავღანელი სამხედროების ხარჯებს – 5 მილიარდს და ეკონომიკური დახმარებისა და ლოგისტიკისთვის გამოყოფილ 780 მილიონ დოლარს.[3]
ირანის პოლიციამ ჰიჯაბის აქციის გამო 29 ქალი დააკავა – საპროტესტო გამოსვლები ახალგაზრდა ქალებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისლამური ტრადიციების წინააღმდეგ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში თავსაბურავები მოიხსნეს და ამ ფორმით 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ ამოქმედებული კანონის გაუქმება მოთხოვეს, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. პოლიციამ აქტივისტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ რეგულაციები უნდა გაუქმდეს და ქალებს მეტი თავისუფლება მიენიჭოთ. ჰიჯაბის ტარების გამო ირანში რამდენიმე ქალი მანამდეც დააკავეს.[4]
ეთნიკურ დაპირისპირებას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 26 ადამიანი ემსხვერპლა – შეტაკება „ჰემა“ და „ლენდუ“ თემებს შორის ქვეყნის აღმოსავლეთით, იტურის პროვინციაში მოხდა; თავს დაესხნენ ქალაქ ბუნიას. იტურის ადგილობრივმა მთავრობამ ინციდენტი დაადასტურა და განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად სოფლის რამდენიმე მოსახლე დაიღუპა და რამდენიმე სახლი დაიწვა.[5]
აშშ-მა ერაყიდან ჯარის გაყვანა დაიწყო – ბაღდადის მიერ ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ აშშ-მა ქვეყნიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ბოლო დღეებში ერაყიდან ავღანეთში თვითმფრინავებით ათობით ჯარისკაცი გადაიყვანეს. მედიის ცნობით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და ერაყის ხელისუფლებამ ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ 4000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს მოამზადებენ. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ერაყის შეიარაღებული ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია. აშშ-მა პირველი ავია იერიში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ერაყში 2014 წლის აგვისტოში მიიტანა და მომდევნო წლებში სერიოზულ მხარდაჭერას უწევდა ერაყის არმიას ყველა მთავარ გამარჯვებაში, მათ შორის მოსულის გათავისუფლებაში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია.[6]
ყაზახეთში ათეისტებისა და მორწმუნეების გრძნობები გაათანაბრეს – ყაზახეთის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ათეისტების გრძნობების შეურაცხყოფის მუხლის შეტანას გულისხმობდა. იდეის ავტორი, ყაზახეთის რელიგიის სამინისტროა. რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში უკვე არსებობს მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ, თუმცა მათში არ არიან ნახსენები ათეისტები. ათეისტების, ისევე როგორც მორწმუნეების გრძნობების შემლახველი პირი უნდა დაისაჯოს 120 ათასი ტენგეს ოდენობის ფულადი ჯარიმით (327 ამერიკული დოლარი); იურიდიული პირებისთვის ჯარიმის თანხა 481 ათასი ტენგეს ოდენობით განისაზღვრება (1500 ამერიკული დოლარი). რელიგიისა და საზოგადოებრივი კავშირის სამინისტროს ვიცე-მინისტრმა ბერიკ არინმა განაცხადა, რომ მორწმუნეების და ათეისტების გრძნობები უნდა გათანაბრდეს, რადგან საქმე ეხება „პიროვნების ღირსების დაფასებას, მიუხედავად რელიგიის მიმართ მისი დამოკიდებულებისა“. „ეს მოქალაქეების პირადი თავისუფლებაა – სწამდეს ან არ სწამდეს, – და არავის აქვს უფლება მათ შეურაცხყოფა მიაყენოს“, – ამბობს ვიცე-მინისტრი, რომლის თქმითაც, ყაზახეთში უამრავი ადამიანია, რომელიც რელიგიასთან დაკავშირებით ხმამაღლა ვერ ლაპარაკობს.[7]
[1] Khaleej Times; Saudi Arabia; Soon, Saudi Arabia plans to employ women in restaurants; 1st February, 2018; available at: https://www.khaleejtimes.com/region/saudi-arabia/soon-saudi-arabia-plans-to-employ-women-in-restaurants
[2] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს; 1-ელი თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/46609/avganetshi-atobit-talibi-mebrdzoli-mokles
[3] The Hill; Afghan war will cost $45B in 2018; By Ellen Mitchel; 2 February, 2018; available at: http://thehill.com/policy/defense/overnights/372659-overnight-defense-latest-on-spending-fight-house-passes-stopgap
[4] CNN; Iranian police arrest 29 for involvement in hijab protests; By Eliza Mackintosh; 3 February, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/02/02/middleeast/iran-arrests-29-women-after-hijab-protest-intl/index.html
[5] Xinhuanet; Africa news; At least 26 killed in inter-ethnic fighting in eastern DRC; 4 February, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-02/04/c_136948646.htm
[6] ABC News; Iraqi spokesman confirms US forces drawing down; By The Associated Press; 5 February, 2018; available at: http://abcnews.go.com/International/wireStory/latest-iraqi-spokesman-confirms-us-forces-drawing-52842400
[7] იმედი; ახალი ამბები; ყაზახეთში ათეისტებისა და მორწმუნეების გრძნობები გაათანაბრეს; 7 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/47465/kazakhetshi-ateistebisa-da-mortsmuneebis-grdznobebi-gaatanabres