იემენი. სექსუალურ უმცირესობათა მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2020

ისლამური ტრადიციების მიხედვით ხდება თუ არა გეი მამაკაცების დასჯა და თუ კი რა ფორმით? – BBC სტატიაში „ჰომოსექსუალიზმი და ისლამი“ წერს, რომ ზოგადად, ისლამში ჰომოსექსუალიზმი დაგმობილია, რადგან ყურანის ზოგიერთი პასაჟის მიხედვით, შესაძლებელია ივარაუდებოდეს, რომ ის ალლაჰის ნების საწინააღმდეგოა. მაგალითად, ყურანის 4:16-ში წერია, რომ „თუ ორი მამაკაცი ავხორცობაშია ბრალდებული, ორივე უნდა დაისაჯოს, თუ ისინი ამას მოინანიებენ და გამოსწორდებიან, აპატიეთ.  ალლაჰი მოწყალეა“.

სტატიის მიხედვით, ისლამური სამართლის – „შარიათის“ სკოლათა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობა იმსახურებს ისეთივე სასჯელს, რასაც მრუშობა, მეუღლის ღალატი. აღნიშნული დანაშაულისთვის, შარიათი სასიკვდილო სასჯელს აწესებს. შესაბამისად, ზოგიერთი თანამედროვე ისლამური სახელმწიფო ჰომოსექსუალიზმს დანაშაულად მიიჩნევს და ამისთვის სიკვდილით დასჯასაც კი ითვალისწინებს.[1]

მედია საშუალება The Guardian მიხედვით, არაერთ მუსლიმურ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი დასჯადია. მაგალითად, ირანში „ლავათი“ (სოდომური ცოდვა) სიკვდილით დასჯად ქმედებას წარმოადგენს და ამის გამო, პრაქტიკაშიც არაერთი პირი დაქვემდებარებულა სასიკვდილო სასჯელს. საუდის არაბეთში, სუდანში, იემენსა და მავრიტანიაშიც „სოდომია“ სასიკვდილო დანაშაულია, თუმცა, ათწლეულებია რაც, აღნიშნულ ქვეყნებში ჰომოსექსუალობის გამო სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. ამას გარდა არსებობს მთელი რიგი არაბული ქვეყნებისა, სადაც ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით, პირი შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობას დაექვემდებაროს. ესენია: ალჟირი, ბაჰრეინი, კუვეითი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ომანი, კატარი, სომალი, ტუნისი და სირია. ზოგ ქვეყანაში, მართალია, კანონი უშუალოდ არ კრძალავს ჰომოსექსუალიზმს, თუმცა, ამ შემთხვევაში, გეი ადამიანებს მაინც დევნიან სხვა მუხლებით. მაგალითად, ეგვიპტეში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ კვლავაც აქტიურად გამოიყენება კანონი „გარყვნილების“ შესახებ.[2]

2. იემენის რესპუბლიკაში გეი მამაკაცების მდგომარეობა: აკრძალულია თუ არა ჰომოსექსუალიზმი, უსაფრთხოების მხრივ გეი მამაკაცებისთვის რა მდგომარეობაა, არის თუ არა დაცული მათი უფლებები, დასჯადია თუ არა ჰომოსექსუალიზმი სახელმწიფოს მიერ, გეი მამაკაცებს ვისგან ემუქრებათ საფრთხე იემენში და რა ფორმით. იემენში დაბრუნების შემთხვევაში, თუ გამჟღავნდა, რომ მამაკაცი გეია, რა საფრთხე დაემუქრება მას?

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იემენში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, იემენში კონსესუალური ხასიათის სექსუალური ურთიერთობა იგივე სქესის პირებს შორის დასჯადია. აღნიშნული დანაშაულისთვის, ისლამური შარიათის სამართლის იემენისეული ინტერპრეტაციის თანახმად, სასჯელის სახით განსაზღვრულია სიკვდილით დასჯა. ანგარიშის მიხედვით, 10 წელზე მეტი ხანია, რაც არ გავრცელებულა ინფორმაცია იემენში ლგბტი სეგმენტის წარმომადგენელი პირის სიკვდილით დასჯის თაობაზე.

იემენის მთავრობა არ მიიჩნევდა ლგბტი პირების მიმართ დისკრიმინაციის ან ძალადობის ფაქტებს „რელევანტურ“ საკითხებად და ამაზე სტატისტიკას არ აწარმოებდა. ანგარიშის თანახმად, გამომდინარე ქმედების უკანონობიდან და შედეგად სავარაუდოდ მძიმე სასჯელისგან თავის აცილების მიზნით, ლგბტი პირთა უმრავლესობა საკუთარ ორიენტაციას მალავდა. ღიად ლგბტი პირები ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას.

ქვეყანაში არ არსებობს ლგბტი საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო მთავრობა ბლოკავდა ისეთ საიტებზე წვდომას, სადაც განთავსებული იყო ლგბტი პირებთან დაკავშირებული მასალა.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House იემენის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ იგივე სქესის მქონე პირთა შორის სექსუალური ურთიერთობა კანონის აკრძალულია, ხოლო სასჯელის სახით გათვალისწინებულია ისეთი სანქციები, როგორიცაა: გამათრახება, დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა. გამომდინარე მათდამი არსებული ძალადობრივი მუქარებისა, ლგბტი იემენელთა უმრავლესობა იძულებულია, საკუთარი ორიენტაცია დამალოს.[4]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ იემენში კონფლიქტის დაწყებიდან, ზოგიერთ პროვინციაში სექსუალური ორიენტაციის მოტივით პირთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბჭოს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნულ დანაშაულების 2016-2020 წლების განმავლობაში ჩადიოდნენ როგორ ჰუსიტი ამბოხებულები, ასევე – უსაფრთხოების ძალები. მათ მიერ გამოკითხულმა 9 პირმა ისაუბრა თუ როგორ გადაურჩნენ ისეთი ტიპის უფლებადარღვევებს, როგორიცაა: თვითნებური დაკავება, არასათანადო მოპყრობა, წამება, სექსუალური ძალადობა და ა.შ. დამნაშავეები მათ ბრალს სდებდნენ, რომ ისინი ხელს უწყობდნენ პროსტიტუციისა და ჰომოსექსუალიზმის გავრცელებას, რითაც დახმარებას მტერს უწევდნენ.[5]

[1] BBC – What does Islam say about homosexuality?; available at https://www.bbc.co.uk/bitesize/guides/z8kjpv4/revision/5 [accessed 10 November 2020]

[2] The Guardian – article “Everything you need to know about being gay in Muslim countries”; published on 21 June 2016; available at https://www.theguardian.com/world/2016/jun/21/gay-lgbt-muslim-countries-middle-east [accessed 10 November 2020]

[3] United States Department of State – “Country Report on Human Rights Practices 2019 – Yemen”; published in March 2020; available at

[accessed 9 November 2020]

[4] Freedom House – Freedom in the World 2020 – Yemen; published in March 2020; available at

[accessed 10 November 2020]

[5]  UN Human Rights Council – Situation of human rights in Yemen, including violations and abuses since September 2014 Comprehensive report of the Group of Eminent International and Regional Experts on Yemen*, **; published on 14 September 2020; available at

[accessed 10 November 2020]