ერაყი. ბაღდადში შიგა გადაადგილების ალტერნატივა. სექტემბერი, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ საერთო ჯამში, ძალადობრივმა ინციდენტებმა ქალაქ ბაღდადსა და ე.წ „ბაღდადის ქამრის“ ზონაში იკლო 2017 წლის შემდეგ. 2018 წელს ბაღდადი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“  და მათი აქტივობა ქალაქ ბაღდადსა და ქამრის ზონაში შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაჯგუფება ინარჩუნებს წარმომადგენლობას ქამრის ზონაში და აქვს უნარი განახორციელოს იერიშები. ბაღდადის პროვინცია ძირითადად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ის თავდაცვისა და სამართალდამცავ ფუნქციებს ინაწილებს სახალხო მობილიზაციის ძალებთან. წყაროების ცნობით სახალხო მობილიზაციის ძალები, პერიოდულად, ჩართულები არიან უსაფრთხოების ძალებთან ძალადობრივ დაპირისპირებებში ტერიტორიული და პოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლის პროცესში.

ბაღდადის პროვინციაში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 392 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელთაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის ინტენსიურობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 7.4 იყო. 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 13.4 შეადგენდა (ინციდენტების რაოდენობა – 487). გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის მონაცემებით, 2018 წელს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობა 1124 იყო (2017 წელს – 2975). სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, სიკვდილით დასჯა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ადამიაში დაფიქსირდა (78), ასევე, რესაფაში, ტავრა 1 და ტავრა 2-ის ჩათვლით (77 ინციდენტი). სამოქალაქო პირებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ტარმიასა და მადაინში. 2018 წელს, ბაღდადში, ძალადობის უმეტესობა იყო პოლიტიკური ხასიათის, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის დაშინებები, შეიარაღებული შეტაკებები და მიზნობრივი მკვლელობები 2018 წლის არჩევნების კონტექსტში. კრიმინალური ხასიათის ძალადობა ძირითადად დაკავშირებული იყო დაჯგუფებებთან და მოიცავდა გატაცებებს, გამოძალვას, დაშინებას და მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ასევე ადგილი ჰქონდა ძარცვასა და რეკეტს. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იყენებდა მცირე ზომის ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მათ სამიზნეს წარმოადგენდა მშვიდობიანი მოსახლეობა ბაზრებში, ავტობუსებსა და მაღაზიებში. თემთა ლიდერები ასევე იყვნენ დაჯგუფების სამიზნეები, რაც ლიდერების მხრიდან არჩევნების მხარდაჭერასთან იყო დაკავშირებული.

2018 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ბაღდადში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 604 140-დან (2016 წელი) 69 2014-მდე იყო შემცირებული. თავად ბაღდადის პროვინციიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც ძირითადად პროვინციის შიგნითვე იყვნენ გადაადგილებულნი შემცირებული იყო 8 550-დან 486-მდე.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ინდიკატორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ განურჩეველ ძალადობას ბაღდადში ადგილი აქვს, თუმცა არა  მაღალი დონით, შესაბამისად, მაღალი ხარისხის ინდივიდუალური ელემენტის არსებობა საჭიროა, რომ დადგინდეს მყარი საფუძველი იმის სარწმუნოდ, რომ პირი, ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი დირექტივის მე-15 მუხლის განმარტებით, სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ბაღდადის ქამრის ზონა“, განსაკუთრებით ტარმიას რაიონი, შედარებით, მეტად არის დაზარალებული განურჩეველი ძალადობით.

სურსათის უსაფრთხოება – ყველა საკვები საქონელი, რომელსაც მოსახლეობას აწვდის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, ფართოდაა ხელმისაწვდომი ბაბილში, ბაღდადში, ნაჯაფში, ქადისიასა და სალაჰადინში; ასევე, კირკუკსა და ნინევაში.

განსახლება და თავშესაფარი – წყაროების ცნობით, ქვეყანაში განსახლების შესაძლებლობების დიდი დეფიციტია. ფასები გაზრდილია განსაკურებით იმ რეგიონებში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა. განსახლების საშუალებები ძირითადად არაფორმალურია და დაგეგმარების გარეშეა ნაშენები. ქირის ფასი უკიდურესად მაღალია ბაღდადში.

ჰიგიენა – 2010 წლის შემდეგ წყალზე წვდომა გაუმჯობესებულია, თუმცა ბევრი ერაყელი კვლავ დამოკიდებულია არაფორმალურ ჭებზე, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებასა და არასაიმედო მომარაგების სისტემაზე, რადგან ერაყის სასმელი წყალი განაგრძობს გაფუჭებას. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2.3 მილიონი ერაყელი წყალზე და სანიტარიაზე წვდომის საჭიროების წინაშეა. ქვეყნის სამხრეთში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, სადაც წყალზე წვდომა კვირაში 6 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველაზე ცუდი ვითარებაა ნინევასა და კირკუკში (კვირაში 3 დღე).

საბაზისო ჯანდაცვა – კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ძირითადი გარემოებები ბაღდადში, ზემოაღნიშნული ფაქტორების შეფასებით, არ გამორიცხავს ქალაქში განსახლების მიზანშეწონილობას. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური გარემოებები.[1]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ სხვადასხვა რეგიონში, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს, ძირითადად სუნიტ არაბს, მოეთხოვება სპონსორის ყოლა ან ადგილობრივი საბჭოდან ან მუხტარისგან (სოფლის ლიდერი) დასტურის/რეკომენდაციის წერილის ქონა რათა მიიღოს განსახლების უფლება. დამატებით, ყველა რეგიონში, პირი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება. ბაღდადში განსახლებისთვის, ადრე ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წამოსულ პირს ესაჭიროება ორი სპონსორი სამეზობლოდან, სადაც აპირებს განსახლებას და ადგილობრივი მუხტარის მხარდაჭერის წერილი.[2]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ 2018 და 2019 წელს უსაფრთხოების კუთხით ვითარების გამოსწორების პარალელურად, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მეტწილად სტაბილური გახდა ბაღდადშიც. 2018 წლის განმავლობაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აქტიური რჩებოდა „ქამრის ზონის“ პატარა ქალაქებში და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ახორციელებდა იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მათი შესაძლებლობები, განახორციელონ ისეთი იერიში, რომელიც მასობრივ მსხვერპლს გამოიწვევს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წლის დასაწყისში დაჯგუფება დიდწილად განდევნეს, იმის ფონზე, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გააფართოვეს საკუთარი კონტროლი „ქამრის ზონაზე“; ამან თავის მხრივ ინციდენტების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის აპრილში, დაჯგუფება ფიქრობდა თავისი მხარდაჭერის ზონის გაფართოებას ბაღდადის „ქამრის ზონის“ სამხრეთ-დასავლეთით. მაშინ, როცა ანგარიშები ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნავდნენ პოლიტიკური მოტივებით თუ გამოსასყიდის მისაღებად განხორციელებული გატაცებების შესახებ, 2018 და 2019 წლებში აღნიშნული მიმართულებითაც კლებას ჰქონდა ადგილი. ბაღდადში კვლავ ადგილი აქვს მაღალი პროფილის მქონე პირების მიზნობრივ მკვლელობებს.[3]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ერაყელთა საერთაშორისო დაცვის საჭიროების შესახებ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფართომასშტაბიანი ნგრევის, საბაზისო ინფრასტრუქტურის და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზიანის, საბაზისო სერვისებსა და შემოსავლის წყაროებზე წვდომის შეზღუდულობის, მიწებისა და სახლებში ნაღმების არსებობის, მიმდინარე ტერიტორიული დაძაბულობის, მათ შორის ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებული პირების მიმართ რეპრესიული აქტების და ლოკალიზებული არამდგრადი უსაფრთხოების გათვალისწინებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ იმ პირთა დაბრუნებისგან, რომლებიც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ტერიტორიიდან არიან; ასევე, იმ ტერიტორიიდან, სადაც დაჯგუფებას ახლაც ჰყავს წარმომადგენლობა. გლუკი ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის სხვა რეგიონებში იმ პირთა იძულებით დაბრუნებას, ვინც დგას რისკის წინაშე, რომ ვერ შეძლებს განსახლებაზე წვდომას ან აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომ არ დარჩებათ სხვა ვარიანტი, გარდა საკუთარი წარმოშობის რეგიონში დაბრუნებისა. გლუკი აქვე აღნიშნავს, რომ მოსაზრება ეხება იმ პირებს, რომელთა მიმართაც არ დადგინდა ლტოლვილის სტატუსით საერთაშორისო დაცვის საჭიროება.[4]

[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 16 September 2019)

[2] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: Iraq: Country of Origin Information on Access and Residency Requirements in Iraq: Ability of Persons Origination from Formerly ISIS-Held or Conflict-Affected Areas to Legally Access and Remain in Proposed Areas of Relocation, 25 April 2019

 (accessed on 16 September 2019)

[3] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019

 (accessed on 16 September 2019)

[4] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019

 (accessed on 16 September 2019)

უკრაინა. იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. თებერვალი, 2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) უკრაინის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მთავრობა თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა, დაბრუნებულ ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა დაცვისა და დახმარების უზრუნველსაყოფად.

მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირებს სოციალურ დახმარებას უხდის. აღნიშნულ დახმარებას იღებენ მხოლოდ ის პირები, ვინც რეგისტრირებულები არიან დევნილებად. კანონის თანახმად, დევნილები ყოველთვიურად იღებენ 880 გრივნას (32 აშშ დოლარი) ბავშვებისთვის და შშმ პირებისთვის და 440 გრივნას (16 აშშ დოლარი) შრომისუნარიანი პირებისთვის. საერთო ჯამში, ოჯახს მაქსიმუმ შეუძლია მიიღოს 2 400 გრივნა (89 აშშ დოლარი) თვეში. კანონის თანახმად, მთავრობა ვალდებულია დევნილები უზრუნველყოს განსახლებით, თუმცა აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა არ ხდება. ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებს აქვთ კარგი ხელმისაწვდომობა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

სოციალური პოლიტიკის სამინისტრო აჩერებს შემწეობების გაცემის პროცესს იმ დევნილებისთვის, რომლებიც 2 თვეზე მეტი ხნით გადიან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. შემწეობის აღდგენა ხდება პირის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნის დადასტურების შემდეგ. შემწეობის შეჩერების პროცესი შეეხო ბევრ დევნილს, როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებად ასევე რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. განსაკუთრებით მოწყვლადი ამ პროცესის მიმართ აღმოჩნდნენ მოხუცები და შშმ პირები, რომელთაც გადაადგილების შეზღუდული რესურსის გამო, უჭირდათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, დევნილთა 59% მთავრობისგან მიღებულ დახმარებაზეა დამოკიდებული და სოციალური შემწეობა მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. გამოკითხულ დევნილთა 20% აღნიშნავდა, რომ მათთვის სოციალური შემწეობის გაცემა შეუჩერებიათ.

დევნილთა ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს, რაც გამოწვეულია სამთავრობო სტრატეგიის ნაკლებობითა და ფინანსური რესურსების არ არსებობით. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს დევნილთა ეკონომიკურ და სოციალურ მარგინალიზაციას. არა სამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობები, დაეხმარონ დევნილებს, შეზღუდულია. გაეროს სააგენტოების ინფორმაციით, დევნილების ნაკადებმა გაზარდა დაძაბულობა რესურსებისთვის ბრძოლის გამო. კრიტიკოსები დასავლეთში გადაადგილებულ პირებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ედავებიან; კიევსა და ლვოვში იზრდება კონკურენცია განსახლების, დასაქმებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. სამუშაო ადგილების დეფიციტი და ზოგადად სუსტი ეკონომიკა განსაკუთრებით გავლენას ახდენს დევნილებზე და აიძულებს მათ უმეტესობას იცხოვრონ არა ადეკვატური განსახლების პირობებში, როგორიცაა კოლექტიური ცენტრები და სხვა დროებითი საცხოვრისები. სხვა დევნილები რჩებიან მასპინძელ ოჯახებში, მოხალისეებთან და კერძო საცხოვრებლებში, სადაც ხანდახან, ასევე ცუდი პირობებია.

დევნილთა ნაწილს, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუჰანსკის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არ აქვთ შესაბამისი სანიტარული პირობები, თავშესაფარი და წვდომა სასმელ წყალზე. დევნილები კვლავ აწყდებიან პრობლემებს განათლების, ჯანდაცვის და დოკუმენტაციაზე წვდომის კუთხით. არა სამთავრობო ორგანიზაციები დასაქმებისას დევნილთა მიმართ დისკრიმინაციაზეც საუბრობენ.[1]

2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში 1 355 375 იძულებით გადაადგილებული პირია. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მათ დასახმარებლად 2019 წელს 165 მილიონ აშშ დოლარამდე დახმარების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირება ხდება ექვსი ჯგუფის მეშვეობით: თავშესაფრისა და არა საკვები ნივთებით დახმარების ჯგუფი; დაცვის ჯგუფი; ჯანდაცვისა და კვების ჯგუფი; განათლების ჯგუფი; წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ჯგუფი და სურსათის უსაფრთხოებისა და შემოსავლის წყაროების ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფებში გაერთიანებული ორგანიზაციები ერთობლივად ახდენენ სიტუაციის ანალიზს და კოორდინირებულად გეგმავენ ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამებს. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისთვის ხდება საკვები და არა საკვები ნივთების, თავშესაფრისთვის საჭირო მოწყობილობების, სამედიცინო, ფსიქო-სოციალური დახმარების, საგანმანათლებლო და ჰიგიენური კომპლექტების დარიგება. გარდა ამისა, ხდება სასმელი წყლითა და ნაღდი ფულით დახმარების გაწევაც. სხვა ჰუმანიტარული დახმარება გულისხმობს ფერმერული საქმიანობის ხელშეწყობას, ნაღმებისგან ტერიტორიების გასუფთავებასა და ნაღმების მიმართულებით არსებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.[2]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 2019 წლის იანვრის ანგარიშში წერს უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარების შესახებ. 2019 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია 300 ათასამდე დევნილს, 15 ათასზე მეტ დევნილს დაეხმარა შემოსავლის წყაროების გაჩენის კუთხით და 4 500-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს დაეხმარა თემის განვითარების პროექტებით. აღნიშნული დახმარება ორგანიზაციამ განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Ukraine, 20 April 2018

 [accessed on 20 February 2019]

[2] UN Office for the Coordination of Humanitarian Affairs OCHA; Situation Report: Ukraine – 18 February 2019; available at: https://reliefweb.int/report/ukraine/situation-report-ukraine-18-feb-2019 [accessed 20 February 2019]

[3] International Organization for Migration; IOM’s assistance to Conflict-Affected People in Ukraine – Monthly Report (January 2019); 31 January, 2019; available at: https://reliefweb.int/report/ukraine/iom-s-assistance-conflict-affected-people-ukraine-monthly-report-january-2019 [accessed 20 February 2019]

ერაყი. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2018

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – 2017 წლის ბოლოს ერაყის მთავრობამ, გასამხედროებულმა შენაერთებმა, ქურთულმა და კოალიციურმა ძალებმა ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, მათ შორის მოსული, ტალ-აფარი და ჰავიჯა დაიბრუნეს და ისლამურ სახელმწიფოზე საბოლოო გამარჯვება გამოაცხადეს.[1] 10 დეკემბერი ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა. 2018 წლის 10 დეკემბერს ერაყში ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების ერთი წლისთავი აღნიშნეს. ბაღდადში გამართულ ღონისძიებას ერაყის პრემიერ მინისტრი ადელ აბდელ მაჰდი მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.[2]

ისლამური სახელმწიფოს კონტროლისგან ერაყის გათავისუფლების შემდეგ ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა შემცირდა, თუმცა დაჯგუფებამ მაინც შეძლო და რამდენი ფართო მასშტაბის იერიში მიიტანა კონფლიქტის ძირითადი ზონის მიღმა მდებარე ქალაქებზე; დაბომბვებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ თავდასხმას კი ათობით ადამიანი ემსხვერპლა ბაღდადში, ბასრასა და სხვა ადგილებში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა სიტუაცია კვლავაც ცვალებადი და ძნელად პროგნოზირებადია.[3] [4]

ანალიტიკოსი ჯოელ უინგი, რომელიც თავის ბლოგზე ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოს ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა ერაყის ტერიტორიის ბოლო კონტროლირებადი ნაწილი, დაჯგუფება მაინც ცდილობს, აღადგინოს კონტროლი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და პარალელურ რეჟიმში ზრდის უსაფრთხოების ძალებთან პირდაპირი კონფრონტაციის ხარისხს. 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარი სიხშირის იყო (დღიურად საშუალოდ 8-9 ინციდენტი); აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა (დღიურად საშუალოდ 6 ინციდენტი), რაც 2003 წლის შემდეგ ინციდენტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.[5]

2018 წლის მაისში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (აპრილი – 204 ინციდენტი, მაისი 218), ხოლო ივნისში ჯამში 239 ინციდენტი დაფიქსირდა. ინციდენტების ძირითად ნაწილს ადგილი ჰქონდა კირკუკში, დიალასა და სალაჰადინში. ივნისში მომხდარი ინციდენტების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა დიდი ნაწილი თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრებს შორის დაპირისპირებას შეეწირა.

2018 წლის დასაწყისისთვის ძალადობის ზრდა შეინიშნებოდა ანბარსა და ბაბილში, თუმცა შემდეგომ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობამ მნიშვნელოვნად იკლო.  ბაბილსა და ანბარში 0.2-ს გაუთანაბრდა. 2017 წლიდან მოყოლებული იკლებდა ინციდენტების რაოდენობა ნინევაში და 2018 წლის ივნისისთვის დღიურად 0.4-ს გაუტოლდა. ამ დროისთვის ისლამური სახელმწიფო აქტიურობდა დიალაში, კირკუკსა და სალაჰადინში. დაჯგუფება მოქმედებდა დიალას ქალაქგარე ტერიტორიაზე, კირკუკში ჰავიჯასა და დაქუქში. სალაჰადინის მსგავსად, აღნიშნულ ტერიტორიებზე გაიზარდა ინციდენტების რაოდენობა. ადგილი ჰქონდა გატაცებებს და გატაცებულთა მოკვლის ფაქტებს.[6]

2018 წლის იანვარში ბაღდადში საშუალოდ 3.3 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი ფიქსირდებოდა. აღნიშნული მაჩვენებელი ივნისში 1.1-მდე შემცირდა.[7] 2017 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდის მონაცემებისა და 2018 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდის მონაცემების შედარება აჩვენებს, რომ ბაღდადში იკლო როგორც ინციდენტების რაოდენობამ, ასევე მსხვერპლთა რაოდენობამ; 2017 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა 4 544 ინციდენტი, ხოლო 2018 წლის იგივე პერიოდში 1 941; 2017 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაღუპულთა რაოდენობამ 18 443 შეადგინა, ხოლო 2018 წლის იგივე პერიოდში 3 345. არსებული მონაცემების თანახმად, ცენტრალურ ერაყში ინციდენტების კლების ფონზე, ბაღდადში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ინციდენტი ფიქსირდება, მაგალითად: ივლისში – 49 და აგვისტოში – 58; თუმცა, ანალიტიკოსი ჯოელ უინგი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მოცულობის, მოსახლეობის რაოდენობისა და წინა წლებში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ინციდენტების ასეთი რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულად არ უნდა ჩაითვალოს.[8] ამასთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) მონაცემებით, ინციდენტებისა და მსხვერპლის რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 2018 წელს ფიქსირდება.[9]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიურო ერაყში კრიმინალისა და უსაფრთხოების შესახებ 2018 წლის  ანგარიშში წერს, რომ ერაყის მთავრობასა და ისლამურ სახელმწიფოს შორის ბრძოლამ ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ გაზრდილია ორგანიზებული დანაშაული და ქუჩის კრიმინალი. ბიურო მიიჩნევს, რომ ბაღდადში არსებული ვითარება ტერორიზმის კუთხით საფრთხის შემცველია. შიიტური დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს ადგილობრივების, უცხოელი მუშაკების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გატაცებებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის ფაქტებს. რელიგიურად შერეულ რაიონებში ხშირია ძალადობა რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე.[10]

ჰუმანიტარული ვითარება – გაეროს მონაცემებით, ერაყში ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი უბრუნდება წარმოშობის ადგილებს. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ადგილებში ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის სისტემების აღდგენა და სახელმწიფო სოციალური დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება. 2018 წლის 6 მარტს ერაყის მთავრობამ გაეროსთან და სხვა ჰუმანიტარულ პარტნიორებთან ერთად დაიწყეს 2018 წლის ჰუმანიტარული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს 9 მილიონამდე ერაყელის დახმარებას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებს და მოწყვლად ერაყელებს, რომ მათ შეძლონ სათანადო დახმარების მიღება.[11]

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სამსახურის მკვლევარი კრისტოფ ბლანჩარდი 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება რთულია; თუმცა, 2013 წლის შემდეგ, 2017 წლის დეკემბერში პირველად საკუთარ წარმოშობის ტერიტორიებზე დაბრუნებულთა რაოდენობამ იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობას გადააჭარბა. 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, 3.5 მილიონი ერაყელი დაუბრუნდა საკუთარ წარმოშობის რეგიონს, ხოლო 2.3 მილიონი კვლავ იძულებით გადაადგილებულია.[12] იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთი წარმოშობის ადგილებში დაბრუნების მაღალ მაჩვენებლზე საუბრობს, ასევე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში.  მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი ერაყში მსხვერპლის მაჩვენებელი კვლავ მცირდება. მარტის ბოლო კვირას 1 400-მდე დევნილი დაუბრუნდა ალ-ქაიმს ანბარის პროვინციაში. 900-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა კირკუკი დატოვა და ჰაჯივაში დაბრუნდა. 800-მდე დევნილი დაბრუნდა სალაჰადინში, ძირითადად ბალადასა და ბაიჯიში. 1 600-მდე პირმა დატოვა ბანაკები ნინევასა და ერბილში და დაუბრუნდა მოსულის ირგვლივ ტერიტორიებს. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში 1 500-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულ პირმა დატოვა ბანაკები ანბარში, ბაღდადში, ერბილში, ნინევასა და სალაჰადინში. საპირისპიროდ, ბანაკებში ჩასახლდა 300-მდე პირი. ერაყელებმა ბანაკში დაბრუნების მიზეზად დანგრეული სახლები, ფინანსური პრობლემები, უსაფრთხოება, დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა დაასახელეს.[13] [14]

შიდა გადაადგილება – ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ შიდა გადაადგილება განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის რეგიონებში შესაძლოა, გახდეს დაძაბულობის საბაბი. სამხრეთით მდებარე რეგიონები, მათ შორის ბასრა, ქარბალა, ვასიტი, ქადისია, მაისანი, დიქარი, მუთანა და ნაჯაფი შედარებით უსაფრთხო რეგიონებია, თუმცა პერიოდულად ბასრაში მდგომარეობა იძაბება ხოლმე. ზოგადად ქვეყანაში კრიმინალს ადგილი აქვს, თუმცა შიიტურ რეგიონებში კრიმინალის გაცილებით დაბალი დონეა, ვიდრე თუნდაც ბაღდადში. გარდა ამისა, ადგილი აქვს შიდა შიიტურ დაპირისპირებებსაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი დაპირისპირებებს მსხვერპლი შეიძლება გახდეს ის, ვინც შეიარაღებულ ძალებშია ჩართული. ნებისმიერი უმცირესობისთვის, რომელთაც სამხრეთ რეგიონებში ოჯახური ან სხვა სახის კავშირები არ აქვთ, გადაადგილება სამხრეთ პროვინციებში დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სირთულეებთან; მაგრამ ის პირები, ვინც საზღვარგარეთ თავშესაფარს ითხოვდნენ, ერაყის სამხრეთ რეგიონებში უპრობლემოდ ბრუნდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ერაყში დასაქმებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემებია. მიუხედავად ამისა, შიიტების შიიტურ პროვინციებში შიდა გადაადგილება შესაძლებელია, განსაკუთრებით თუ მათ იქ კავშირები აქვთ. სუნიტებისთვის და სხვა უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სამხრეთ რეგიონებში გადაადგილება მაინც დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან.[15]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი ერაყის შესახებ 2018 წლის ანგარიშში შიდა გადაადგილებას, ზოგადად, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად; თუმცა უსაფრთხო რეგიონებად მოიხსენიებს სამხრეთის პროვინციებს, კერძოდ ქარბალას, ბაბილს, ბასრას, ნაჯაფს, მუთანას, დიქარს, მაისანს, ქადისიასა და ვასიტს. აღნიშნულ რეგიონებში შიდა გადაადგილებისთვის საშინაო საქმეთა ოფისი მიიჩნევს, რომ შესასწავლია ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ შეუძლია პირს ბაღდადიდან სამხრეთის პროვინციებში გადაადგილება.[16]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iraq, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] The Wall Street Journal; Iraq marks anniversary of ISIS defeat amid public discontent; By Ghassan Adnan and Isabel Coles; 10 December, 2018; available at: https://www.wsj.com/articles/iraq-marks-anniversary-of-isis-defeat-amid-discontent-over-corruption-governance-1544452820 [accessed 18 December 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iraq, 5 April 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[4] Congressional Research Service; Christopher M. Blanchard; 4 October, 2018; available at:

[accessed 18 December 2018]

[5] Musings on Iraq; April 2018 large drop in violence in Iraq; Joel Wing; 2 May, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/05/april-2018-large-drop-in-violence-in.html [accessed 18 December 2018]

[6] Musings on Iraq; June 2018 Islamic State rebuilding in rural areas of central Iraq; Joel Wing; 3 July, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/07/june-2018-islamic-state-rebuilding-in.html [accessed 18 December 2018]

[7] Musings on Iraq; June 2018 Islamic State rebuilding in rural areas of central Iraq; Joel Wing; 3 July, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/07/june-2018-islamic-state-rebuilding-in.html [accessed 18 December 2018]

[8] Musings on Iraq; Violence remained steady in Iraq August 2018; Joel Wing; 3 September, 2018; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2018/09/violence-remained-steady-in-iraq-august.html [accessed 18 December 2018]

[9] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 10 May 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-10-may-2018 [accessed 18 December 2018]

[10] US Department of State; OSAC Bureau of Diplomatic Security; Iraq 2018 Crime and Safety Report: Baghdad; 12 February, 2018; available at: https://www.osac.gov/pages/ContentReportDetails.aspx?cid=23505 [accessed 18 December 2018]

[11] UN Security Council; Report of the Secretary-General pursuant to security council resolution 2367; 17 April, 2018; available at:

[accessed 18 December 2018]

[12] Congressional Research Service; Christopher M. Blanchard; 4 October, 2018; available at:

[accessed 18 December 2018]

[13] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 12 April 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-12-april-2018 [accessed 18 December 2018]

[14] UNHCR; Iraq Situation: UNHCR Flash Update – 10 May 2018; available at: https://reliefweb.int/report/iraq/iraq-situation-unhcr-flash-update-10-may-2018 [accessed 18 December 2018]

[15] Australian Government; Department of Foreign Affairs and Trade; DFAT Country Information Reports – Iraq; 26 June, 2017; available at:

[19 December 2018]

[16] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Iraq: Internal relocation, civil documentation and returns , September 2018, Version 7.0, available at:

[accessed 19 December 2018]

უკრაინა – უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ვითარება – იანვარი, 2017

მინსკი II-ის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ყველა მონაწილე მხარის მიერ ძლიერი ტექნიკის გაყვანას გულისხმობდა, 2016 წელი აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბული იყო. დაკავებული მოქალაქეები, როგორც უკრაინელების, ასევე პრო-რუსი სეპრატისტების მხრიდან განიცდიდნენ უდიერ მოპყრობას. კონფლიქტურ ზონებში უდიერი მოპყრობა გავრცელებულია და მასზე რეაგირება არ ხდება. მთავრობამ ადეკვატურად არ უპასუხა ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს. ყირიმში ყირიმელი თათრები განიცდიან დევნას ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ოკუპაციისადმი მათი დამოკიდებულების (მშვიდობიანი ოპოზიცია) გამო.

2015 წლის მინსკი II-ის შეთანხმებამ მნიშნელოვნად შეამცირა საომარი მოქმედებები, თუმცა მცირე შეტაკებები და საარტილერიო ცეცხლის გახსნა ორივე მხრიდან მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის (UNHRMMU) თანახმად, 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, ნაღმტყორცნით, სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად 9 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 21 ათასზე მეტი კი დაიჭრა ორივე მხარეს, როგორც მებრძოლები, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა. UNHRMMU-ს ანგარიშის თანახმად, მაისიდან აგვისტომდე პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგი 66%-ით გაიზარდა 2016 წლის დასაწყისთან შედარებით; ზაფხულში 28 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა არტილერიის მხრიდან ცეცხლის გახსნისა და ნაღმების შედეგად.

უკრაინის სამთავრობო ძალებმა და პრო-რუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ათობით მშვიდობიანი მოსახლე დააკავეს მეორე მხარესთან თანამშრომლობის გამო; დაკავებულებს ჩამორთმეული ჰქონდათ ადვოკატებთან და ოჯახთან შეხვედრის უფლება. დაკავებულთა უმეტესობას აწამებდნენ ან სხვა ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ; ზოგიერთ მათგანს არ აძლევდნენ სამედიცინო დახმარებით სარგებლობის უფლებას. ორივე მხარე ჩართული იყო სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იქნა დოკუმენტირებული, ვინაიდან მსხვერპლებს არ ჰქონდათ საქმის გახმაურების სურვილი.

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები კანონის უზენაესობის ტოტალურ ვაკუუმში მოქმედებენ; ხალხს კი ჩამორთმეული აქვს უფლებები და ცხოვრობენ ყველანაირი საშუალების გარეშე.

რუსეთი ასამართლებს ყველა იმ ადამიანს, ვინც საჯაროდ ეწინააღმდეგება ყირიმის ოკუპაციას, რითიც უფრო მეტად ამცირებს სიტყვის თავისუფლებისა და ასაოციაციის თავისუფლების უფლებებს.[1]

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) თანახმად, დაახლოებით 3.8 მილიონი ადამიანი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, ხოლო 2.2 მილიონს არ გააჩნია ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა.

კრიზისის დასაძლევად OCHA და პარტნიორები დონორებისგან 214 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ, რათა დაიფაროს ყველაზე მოწყვლადი 2.6 მილიონი ადამიანის საჭიროებები. 2017 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა მოიცავს 94 პროექტსა და 215 პარტნიორს, რომელთა უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციაა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ბოლო ბიულეტინის თანახმად, 2016 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, 9598 ადამიანი იქნა მოკლული, 22311 დაიჭრა, 1.1 მილიონმა კი ქვეყანა დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის მოსვლასთან ერთად, უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. საცხოვრებლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ზიანდება; ინციდენტების უმეტესობა მარიუპოლში, ჩრდილო-დასავლეთ დონეცკსა და ლუგანკის ოლქებში ხდება.

უსაფრთხოების საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოსახლებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში, დაფიქსირდა როგორც უბედური შემთხვევები, ასევე  დაშავებები. ზამთრის პირობებში, როცა დღე დიდხანს არ გრძელდება, მხოლოდ ერთეული ადამიანები ახერხებენ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გადაკვეთას. მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, აღნიშნულ ადგილებში კვლავ არ არსებობს ადეკვატური ჯანმრთელობის, სანიტარიისა და თავშესაფრის პირობები; რიგში მდგომ ხალხს კი უწევს მოცდა ქარში, თოვლსა და ყინვაში.[2]

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Ukraine, 12 January 2017, available at:

[accessed 25 January 2017]

[2] UN News Service, Millions in Ukraine are in need of humanitarian assistance, UN relief wing reports, 30 December 2016, available at:

[accessed 25 January 2017]