ირანი. რელიგიური მიმდევრობის Eckankar მიმდევართა მიმართ დამოკიდებულება. აპრილი, 2022

Eckankar ახალი რელიგიური მოძრაობაა, რომელიც 1965 წელს პოლ ტვიჩელმა [Paul Twitchell] დააფუძნა. ეს არის არა-კომერციული რელიგიური ჯგუფი, რომელსაც წევრები მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. მოძრაობის სულიერი სახლი [Temple of Eck] მინესოტაში [ამერიკის შეერთებული შტატები] მდებარეობს. Eckankar არ არის აფილირებული სხვა რომელიმე რელიგიასთან. მოძრაობა მარტივ სასულიერი [spiritual] სავარჯიშოებს იყენებს, როგორიცაა, მაგალითად, სიმღერა „Hu“ – „ღმერთისადმი სიყვარულის სიმღერა“. ამით, მოძრაობის მიმდევრები შეიგრძნობენ ღმერთის სინათლეს და ხმას და აღიქვამენ წმინდა სულის არსებობას.

Eckankar-ის ლექსიკონის მიხედვით, ტერმინი „Eckankar“ ღმერთის „თანამშრომელს“ [Co-Worker] ნიშნავს. ასევე, ECK წმინდა სულის კიდევ ერთი სახელია. რელიგიური ჯგუფის მთავარი ოფისი, თავდაპირველად, ნევადაში, ლას ვეგასში მდებარეობდა. მოგვიანებით, ორგანიზაცია კალიფორნიაში გადავიდა. 1986 წელს კი ჰაროლდ კლემპმა საოპერაციო ბაზა მინესოტაში, მინეაპოლისში გადაიტანა. Eckankar-ის ლიდერი ცნობილია, როგორც „წმინდა სულის ცოცხალი ოსტატი“ [The Living ECK Master]. ზოგიერთი ლიდერი, მაგალითად ტვიტჩელი და კლემპი, ასევე ატარებდნენ ტიტულს „მაჰანტა“, რომელიც სწავლების შიდა ასპექტზე ახორციელებს რეფერირებას. ლიდერის ფუნქციები თითოეული წევრის ინდივიდუალური სულიერი პროგრესისკენ წინამძღოლობაა. ტვიტჩელი [სულიერი სახელი: პედდარ ზასკქი] ლიდერი იყო მის გარდაცვალებამდე [1971]. ის ჩაანაცვლა გროსმა [სულიერი სახელი: დაპ რენი], რომელიც ლიდერი იყო 1981 წლის 22 ოქტომბრამდე. მის შემდეგ კი მოძრაობის სულიერი ლიდერი გახდა კლემპი [სულიერი სახელი ვაჰ ზი].

Eckankar რელიგიური მოძრაობის ერთერთი საბაზისო პრინციპი/დებულება უკავშირდება სულს; რომ შესაძლებელია სულის სხეულისგან განცალკევებით შეგრძნება და რომ სულს თავისუფლად შეუძ₾ია იმოგზაუროს რეალობის სხვა სივრცეებში. მანტრები ან საგალობლები სულიერი ზრდის ხელშეწყობისთვის გამოიყენება. უმნიშვნელოვანესი სულიერი სავარჯიშოა „Hu“ სიმღერის მღერა, რომელიც მიმდევრების რწმენით, სულის უმაღლეს სულიერ წერტილს აბრუნებინებს. მოძრაობის მიმდევართა საბოლოო სულიერი მიზანია, გახდნენ ღმერთის თანამშრომლების [Co-Workers]. Shariyat-Ki-Sugmad, რაც მარადიულობის გზას ნიშნავს, Eckankar-ის წმინდა წერილია. ის ორი წიგნისგან შედგება და საუბრობს სულის მნიშვნელობასა და არსზე, როგორც ეს დაწერილია მაჰანტის მიერ. რამდენიმე ძირითადი სწავლება, ასევე, მოიცავს სულის მოგზაურობას, კარმას და რეინკარნაციას.

Eckankar გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებულია რელიგიური მიზნებით მოქმედ არა-კომერციულ ორგანიზაციად. მოძრაობის ათასობით წევრი, რომელთაც ეკისტებს [ECKists] უწოდებენ, მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მარჯან დავარის 2017 წლის მარტში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მას ბრალად ედებოდა „დედამიწაზე კორუფციის გავრცელება“. ბრალდება კავშირში იყო დავარის რელიგიური ჯგუფის Eckankar წევრობასა და აღნიშნული ჯგუფის მასალების თარგმნასთან. უზენაესმა სასამართლომ შემდგომში გააუქმა სასიკვდილო განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად თეირანის რევოლუციური სასამართლოში დააბრუნა.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „International Federation for Human Rights“ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის ფაქტების შესახებ წერს, რომ 2018 წლის 30 იანვარს სიკვდილით დასაჯეს [ჩამოახრჩეს] კარიმ ზარგარი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის კოლეჯის ყოფილი დირექტორი იყო და ამავე ინსტიტუციაში სხვადასხვა პოზიციასაც იკავებდა. ის ასევე იყო სულიერი ჯგუფის დამფუძნებელი ირანში. ის სიკვდილით დასაჯეს Eckankar სულიერი სწავლებების პროპაგანდისა და გავრცელებისთვის. კარიმ ზარგარი 2015 წლის მიწურულს დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს მისი ყოფილი ცოლი მარჯან დავარი. ისლამური რევოლუციის სასამართლომ ზარგარი „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებისთვის“ გაასამართლა. კიდევ ერთმა სასამართლომ კი ის დამნაშავედ ცნო გაუპატიურების საქმეში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მარჯან დავარის სიკვდილით დასჯა ორჯერ [2015 და 2018 წლებში] მიუსაჯეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებისა“ და Eckankar-ის წევრობისთვის. 2020 წლის იანვარში დავარი Eckankar-ის სექტის წევრობისა და „დედამიწაზე კორუფციის გავრცელების“ ნაწილში უდანაშაულოდ ცნეს; თუმცა დამნაშავედ ცნეს გაუპატიურების სამი ფაქტის თანამონაწილეობისთვის და 75 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.[3]

აღნიშნული ფაქტების გარდა, ირანში Eckankar რელიგიური მიმდინარეობის წევრების შესახებ განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ინფორმაცია არ მოიძებნა. Eckankar რელიგიური ჯგუფის და მისი მიმდევრების მიმართ დამოკიდებულების შესახებ არაფერი წერია, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ავტორიტეტული სახელმწიფო უწყებების [USDOS, Amnesty International, Human Rights Watch, Freedom House] 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშებში.

[1] Eckankar ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eckankar.org/ [ნანახია 2022 წლის 19 აპრილს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2017 წელი; გამოქვეყნებულია 2018 წლის 22 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 19 აპრილს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „International Foundation for Human Rights“; ფართოდ გავრცელებული სასიკვდილო განაჩენები ირანში; გამოქვეყნებულია 2020 წლის ოქტომბერი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 19 აპრილს]